Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-839 (კ-25) 27 ოქტომბერი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ნ-ა, ი. ქ-ა, ნ. ნ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი. ქ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), ო. ნ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“), და ნ. ნ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“, პირველ და მეორე მოსარჩელეებთან ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სარჩელი წარადგინეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 04.11.2021 წლის №03-3726/ო ბრძანება; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. პირველი მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე - მეორე მოსარჩელე და შვილი - მესამე მოსარჩელე.

2.2. მოსარჩელეების ოჯახი დროებით საცხოვრებლად შესახლებულია ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილი სასტუმრო „ქ...ს“ შენობაში.

2.3. პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, პირველმა მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

2.4. პირველი მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 10 ქულა, მათ შორის, დადგინდა, რომ საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით) – 2.5 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მნიშვნელოვნად გამოხატული (პირველი და მეორე მოსარჩელე) – 4 ქულა, ომში მონაწილეობა (ომის ვეტერანი - მეორე მოსარჩელე) – 1.5 ქულა.

2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.10.2021 წლის გადაწყვეტილებით, მეორე მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ალტერნატიული საცხოვრებლის გამო.

2.6. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.10.2021 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხემ 04.11.2021 წელს გამოსცა №03-3726/ო ბრძანება მეორე მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

2.7. მეორე მოსარჩელემ 22.08.2007 წელს, 02.05.1997 წელს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების №2/122 საფუძველზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა საცხოვრებელი ბინა, მდებარე - ქ. თბილისში, ..., ... მიკრო/რაიონი, კორპ. №..., ბინა №..., ფართი - 59 კვ.მ.. აღნიშნული ბინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წელს გაასხვისა - ე. ჯ-აზე.

2.8. მონიტორინგის ჯგუფი არაერთხელ იმყოფებოდა ქ. თბილისში, „ქ...ში“ მე-2 სართულზე მდებარე №... ოთახში და ასევე, ქ. თბილისში, ..., ... მიკრო/რაიონი, კორპ. №..., ბინა №...-ში. ქ. თბილისში, „ქ...ში“ მე-2 სართულზე მდებარე №... ოთახში ვიზიტისას ადგილზე ხვდებოდათ მოსარჩელეთა ოჯახი, ხოლო ქ. თბილისში, ..., ... მიკრო/რაიონი, კორპ. №..., ბინა №...-ში ვიზიტისას მოსარჩელეთა ოჯახი არასოდეს დახვედრიათ. ამ უკანასკნელ მისამართზე ვიზიტისას ადგილზე ხვდებოდათ ნ. ტ-ი, ასევე ზ. მ-ა და გ. მ-ა, რომლებიც განმარტავდნენ რომ ფართში ცხოვრობდნენ ქირით და თანხას უხდიდნენ პირველ მოსარჩელეს.

2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, მას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე - მეორე მოსარჩელე და შვილი - მესამე მოსარჩელე. ამასთან, მოსარჩელეთა ოჯახი დროებით საცხოვრებლად შესახლებულია ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილი სასტუმრო „ქ...ს“ შენობაში. საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს.

2.10. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ქ. თბილისში, ..., ... მიკრო/რაიონი, კორპ. №..., №... ბინის მესაკუთრე - ე. ჯ-ა და აღნიშნული ბინის დამქირავებელი - ნ. ტ-ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელეებს ამ ეტაპზე არანაირი შემხებლობა არ აქვთ მითითებულ უძრავ ქონებასთან. ე. ჯ-ას განმარტებით, პირველი მოსარჩელე არის მისი მეუღლის დეიდა. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს მოსარჩელეების ოჯახისგან შეიძინა უძრავი ქონება, რისთვისაც ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადაიხადა 30 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა მას გააჩნდა დანაზოგის სახით. შეძენის დღიდან დღემდე ერთსა და იმავე პიროვნებაზე აქვს გაქირავებული ბინა და ყოველთვიურად დამქირავებელი მას უხდის 600 ლარს. მოწმე ნ. ტ-იმა დაადასტურა 2015 წლიდან დღემდე მითითებულ ბინაში ცხოვრების ფაქტი და განმარტა, რომ თავდაპირველად ბინა იქირავა პირველი მოსარჩელისგან, ხოლო 2018 წლიდან შეეცვალა მესაკუთრე და მას შემდეგ ქირის ფულს მუდმივად უხდის ე. ჯ-ას.

2.11. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს ჯანმრთელობისთვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში, მოსარჩელეებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს, დამატებით განმარტა შემდეგი:

4.1. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი. აღნიშნული დანართის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

4.2. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეებთან მიმართებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ ეტაპზე განმცხადებლის ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. დევნილი პირების სიცოცხლისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში ცხოვრებაზე მიუთითებს მონიტორინგის ის მასალები, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, „ქ...ში“ მე-2 სართულზე მდებარე №... ოთახში ვიზიტისას ადგილზე ხვდებოდათ მოსარჩელეთა ოჯახი. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა დღევანდელ მოცემულობაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ..., ... მიკრო/რაიონი, კორპ. №..., №... ბინას ჰყავს სხვა მესაკუთრე, ხოლო დამქირავებელი სამართალურთიერთობაშია უძრავი ქონების ახალ მესაკუთრესთან და ბინის ქირასაც მას უხდის.

4.3. ამრიგად, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ოჯახი, რომელთა წევრები არიან იძულებით გადაადგილებული - დევნილი პირები, მართლზომიერად, სახელმწიფოს მიერ განსახლების საფუძველზე ცხოვრობს ცალკე ოჯახად, ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილი სასტუმრო „ქ...ს“ შენობაში, რომელიც არის ჯანმრთელობისთვის საშიში და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტი, ხოლო ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და იგი არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება დადგენილ ფაქტებთან მიმართებით და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის მონიტორინგის პროცესში მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ გამორიცხავს მოსარჩელეთა ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება უზრუნველყოს მოსარჩელეთა ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაუყოვნებლივ, რამდენადაც ოჯახი ცხოვრობს ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობაში და მათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, დევნილის ოჯახისთვის, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).

10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).

12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

13. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი. მისი მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა განმარტებულია როგორც ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

14. პირველი მოსარჩელე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილია. მას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე - მეორე მოსარჩელე და შვილი - მესამე მოსარჩელე. ოჯახი დროებით შესახლებულია ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილი სასტუმრო „ქ...ს“ შენობაში. პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის საფუძველზე, ოჯახის მდგომარეობა შეფასდა და მიენიჭა 10 ქულა, მათ შორის დადგინდა, რომ საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს – 2 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით) – 2.5 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მნიშვნელოვნად გამოხატული (პირველი და მეორე მოსარჩელე) – 4 ქულა, ომში მონაწილეობა (ომის ვეტერანი - მეორე მოსარჩელე) – 1.5 ქულა (ს.ფ.69).

15. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.10.2021 წლის №70 ოქმით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული საცხოვრებლის გამო (ს.ფ.51-58). ამავე საფუძველს დაეფუძნა მოპასუხის 04.11.2021 წლის №03-3726/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ.50).

16. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის მასზე, რომ მონიტორინგის მასალებით დგინდება ქ. თბილისში, ყოფილ სასტუმრო „ქ...ში“ მე-2 სართულზე მდებარე №... ოთახში მოსარჩელეების ცხოვრების ფაქტი. საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს. ქ. თბილისში, ..., ... მიკრო/რაიონი, კორპ. №..., №... ბინას ჰყავს სხვა მესაკუთრე (მეორე მოსარჩელემ ბინა გაასხვისა 2017 წელს) და ამ ბინის პირდაპირი მფლობელი - დამქირავებელი სამართალურთიერთობაშია უძრავი ქონების ახალ მესაკუთრესთან, ბინის ქირასაც მას უხდის.

17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზე, რომ მოსარჩელეთა ოჯახი, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული - დევნილი, მართლზომიერად, სახელმწიფოს მიერ განსახლების საფუძველზე, ცხოვრობს ცალკე ოჯახად ფართში, რომელიც არის ჯანმრთელობისთვის საშიში და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტი, ხოლო ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოსარჩელეთა ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ქულათა მიუხედავად, დაუყოვნებლივ, რამდენადაც ოჯახი ცხოვრობს ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობაში.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ №ბს-965(კ-22), 12.01.2023წ; №ბს-363(კ-24), 24.06.2024წ; №ბს-11(კ-23), 09.03.2023წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე