საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-528(კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება,
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 12 ნოემბერს ნ. შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას უკანონოდ ჩამოერთვა დევნილის სტატუსი, რის გამოც მოითხოვა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის N03/2476ო ადმინისტრაციული აქტის (ბრძანების) ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელე ნ. შ-ეის სასარგებლოდ დევნილის სტატუსის შეწყვეტის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დაკისრება.
2021 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ნ. შ-ემ, რომლითაც დააზუსტა მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხედ მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საბოლოოდ მოითხოვა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის N03/2476ო ბრძანების ნ. შ-ეისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს აუნაზღაუროს მოსარჩელე ნ. შ-ეს მიუღებელი დევნილის შემწეობა, შეწყვეტის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის N03/2476ო ბრძანება ნ. შ-ეისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ნ. შ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა აუნაზღაუროს მოსარჩელე ნ. შ-ეს მიუღებელი დევნილის შემწეობა, დევნილის სტატუსის შეწყვეტის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ნ. შ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ნ. შ-ეს აუნაზღაუროს მიუღებელი დევნილის შემწეობა - 2020 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილების მიღების მტკიცებულებების გაცნობის შემდგომ, მიიჩნია, რომ არც ერთი მათგანი ცალსახად არ გამორიცხავს ნ. შ-ეის პირდაპირ და მჭიდრო კავშირს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, კერძოდ კი ქ.სოხუმთან. თავად მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ...ში, თუმცა მის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ.სოხუმი. საქმეში არსებული ცნობებიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ ნ. შ-ეის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რაც ასევე არ გამორიცხავს მოსარჩელის განმარტების მართებულობას. ის რომ შესაბამის ორგანოს არ გააჩნია ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, არ ადასტურებს დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უზუსტობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 13 ნოემბრის წერილით დასტურდება, რომ ნ. შ-ე (დაბ....წ. პ/...) ქ.სოხუმში მუდმივად მცხოვრები პირი იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 6 ივნისის N01/418 წერილის თანახმად, ჩატარებული სამუშაოებისა და ორგანოს ხელთ არსებული მასალების საფუძველზე ასევე დასტურდება, რომ ნ. შ-ე (დაბ....წ. პ/ნ...) 1986 წლის 24 იანვრიდან რეგისტრირებულია ქ.სოხუმში ...ს ქუჩა N..., ბინა N ...-ში. 2024 წლის 30 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ხ. უ-ამ ასევე დაადასტურა, რომ 1990 წლიდან ნ. შ-ე ქალაქ სოხუმში, ძმასთან ჯ. შ-ესთან და მშობლებთან ერთად მუდმივ მაცხოვრებელ პირს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მასზედ, რომ აფხაზეთის ომამდე ნ. შ-ე ნამდვილად წარმოადგენდა ქალაქ სოხუმის მუდმივ მაცხოვრებელს.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მართალია გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირს უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი შემწეობა, თუმცა მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს არა სრულად, არამედ ნაწილობრივ. კერძოდ, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელე - ნ. შ-ეს აუნაზღაუროს დევნილის მიუღებელი შემწეობა, 2020 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია თავდაპირველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის N472 ბრძანება დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შეწყვეტის პერიოდიდან შემწეობის ანაზღაურება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და მისი დაკისრება უნდა მოხდეს იმ დროის შემდგომი პერიოდიდან, როდესაც ნ. შ-ემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე და სააგენტოს 2019 წლის 7 ნოემბრის უკანონო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის განხილვაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება. უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე თავისი ყოველდღიური ცხოვრებით და საქმიანობით დაკავშირებული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან, სადაც სწავლობდა სკოლაში, ჰყავდა ოჯახი, მუშაობდა საბავშვო ბაღში, იყო აბიტურიენტი და 1988 წლიდან 2 წელი სწავლობდა თბილისში. ხოლო, პერიოდულად სიარული აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტს არ ადასტურებს. მეტიც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 21 ივნისის წერილით N01/720 დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ. შ-ეის შესახებ არანაირი სახის ინფორმაცია არ იძებნება და შესაბამისად, ვერ ადგენენ იყო თუ არა ის ნამდვილად ქ. სოხუმში მუდმივად მაცხოვრები პირი.
კასატორის მითითებით, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად კი, დასტურდება, რომ აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს ნ. შ-ე მუდმივად ცხოვრობდა ...ში. მისი აფხაზეთში მუდმივად ცხოვრება არ დასტურდება, არც მის მიერ გასაუბრების დროს დასახელებული გარემოებებით და არც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დაკისრებას, კასატორი ასევე არ იზიარებს და განმარტავს, რომ ,,დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის'' მიზნებიდან გამომდინარე დევნილის შემწეობა ეს არის − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი; ამდენად, დევნილის შემწეობის გაცემა დამოკიდებულია პირის დევნილის სტატუსზე. სტატუსის არ ქონა თავისთავად გამორიცხავს პირისთვის ამ მიზნობრივი შემწეობის გაცემას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - ,,დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის'' მე-11 მუხლით განსაზღვრულია დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები. მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა შეწყდება თუ პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი. მე-4 ნაწილის ,,ბ'' პუნქტის თანახმად კი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ანაზღაურებას შეწყვეტის მთელი პერიოდისათვის. გასულ წლებზე დევნილის შემწეობის სააგენტოსათვის დაკისრების მოთხოვნა სცდება დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ გამომდინარეობს ამ კანონის მიზნებიდან. ამდენად, მხარის მოთხოვნა ხანდაზმული რომც არ იყოს, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შემწეობის ანაზღაურებას სტატუსის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 29 ივნისის N03/2476ო ბრძანების კანონიერება, მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. შ-ე რეგისტრირებული იყო დევნილად 1996 წლიდან. მონაცემთა ბაზაში, დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებოდა ქ.სოხუმი, ...ს ქ.N... გ.24. ასევე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნ. შ-ეს ჰქონდა დევნილის სტატუსი და შემდგომ ჩამოერთვა. ამჟამად მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი აქვს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. შ-ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე, ვინაიდან, არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ნ. შ-ეისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული გასაუბრების დროს მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1967 წელს დაიბადა წალენჯიხაში, ... წელს სკოლა დაამთავრა ...ში, ... წლებში მუშაობდა ...ს საბავშვო ბაღში, შემდეგ 2 წელი იყო აბიტურიენტი და ემზადებოდა ქ.თბილისში, ხოლო აფხაზეთი დატოვა 1991 წელს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 13 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ნ. შ-ე (დაბ....წ. პ/...) ქ.სოხუმში მუდმივად მცხოვრები პირი იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს 2023 წლის 6 ივნისის N01/418 წერილის თანახმად, კი ჩატარებული სამუშაოებისა და ორგანოს ხელთ არსებული მასალების საფუძველზე დასტურდება, რომ ნ. შ-ე (დაბ....წ. პ/ნ...) 1986 წლის 24 იანვრიდან რეგისტრირებულია ქ.სოხუმში ...ს ქუჩა N..., ბინა N 24-ში. 2024 წლის 30 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ხ. უ-ამ დაადასტურა, რომ 1990 წლიდან ნ. შ-ე ქალაქ სოხუმში, ძმასთან ჯ. შ-ესთან და მშობლებთან ერთად მუდმივ მაცხოვრებელ პირს წარმოადგენდა, ხოლო აფხაზეთის ომის დაწყების მერე, ძმასთან, ჯ. შ-ესთან ერთად მოუწია ...ში წამოსვლა, სადაც ასევე დევნილებად ჩავიდნენ მოსარჩელის მშობლები. აღნიშნული მოწმის ჩვენება ასევე თანხვედრაშია ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ის გარემოებები და მტკიცებულებები რაც დაედო საფუძვლად სადავო აქტის გამოცემას, ცალსახად არ გამორიცხავს ნ. შ-ეის პირდაპირ და მჭიდრო კავშირს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, კერძოდ კი ქ. სოხუმთან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელე ნ. შ-ეის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის განმარტებას, მოსარჩელისათვის ზიანის სახით მიუღებელი შემწეობის დაკისრების თაობაზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე