საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-937(კ-25) 27 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიუღებელი პენსიის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2024 წლის გადაწყვეტილებით მ. შ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „სააგენტო“) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის შესახებ მეორე მოპასუხის 18.08.2023 წლის №SSA 7 23 00873669 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი მოპასუხის 29.09.2023 წლის №SSA 1 23 01030801 გადაწყვეტილება, სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
3.1. მოსარჩელე ასაკით პენსიონერია, რომელსაც სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 01.10.2017 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მითითებული ნორმის თანახმად, პენსია ჩერდება იმ გარემოების არსებობისას, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება.
3.2. მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემელი შეუწყდა 01.11.2020 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის გამო.
3.3. მოსარჩელემ 15.08.2023 წელს განცხადებით მიმართა მეორე მოპასუხეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის/განახლებისა და 2017 წლის ოქტომბრის თვიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით.
3.4. მეორე მოპასუხის 18.08.2023 წლის №SSA 7 23 00873669 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 9.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ არსებობდა შეჩერებული და შემდგომ შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემელის ანაზღაურების კანონიერი საფუძველი.
3.5. აღნიშნული წერილი ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სააგენტოში. სააგენტოს 29.09.2023 წლის №SSA 1 23 01030801 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.6. მოსარჩელე 2016 წლის შემდგომ იმყოფებოდა საზღვარგარეთ და შეწყვეტილი პენსიის შესახებ ინფორმაცია 2023 წელს მიიღო.
3.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა წარმოებისას დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობის უფლებაზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-13 და 95-ე მუხლებით. პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ პირი ობიექტურად არ იყო ინფორმირებული მიმდინარე წარმოებისა და მისი შედეგების შესახებ, აღნიშნული მიუთითებს მის შეუძლებლობაზე კანონით დათქმულ ვადებში მოითხოვოს პენსიის შეჩერების გაუქმება ან/და აღდგენა. შესაბამისად, უარი შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემელის ანაზღაურების გაცემაზე წარმოადგენს უკიდურესად ფორმალურ მიდგომას, რა დროსაც მხედველობაში არ იქნა მიღებული მხარის სოციალური მდგომარეობა და პენსიის მიუღებლობის ობიექტური გარემოებები.
3.8. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს გარემოება საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წარმოების შესახებ მოსარჩელის ინფორმირების თაობაზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე იმ ობიექტური გარემოებების არსებობის გამოკვლევა, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ პენსიის მიღების ან მინდობილობის განახლების დამაბრკოლებელ გარემოებას (ჯანმრთელობის მდგომარეობა, პენსიონერის ფაქტობრივი ყოფნა ქვეყნის გარეთ ან რეგიონში, მოსარჩელესთან კომუნიკაციის შესაძლებლობის არსებობა და სხვ.). აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების სამართლებრივ წინაპირობებს.
3.9. ვინაიდან დადგინდა მეორე მოპასუხის 18.08.2023 წლის №SSA 7 23 00873669 გადაწყვეტილების კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღება, აღნიშნული წარმოშობს №SSA 1 23 01030801 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას, რაც სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ჯეროვნად არ განხორციელებულა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
7. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე არის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტი - პენსიონერი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით დაენიშნა სახელმწიფო პენსია ასაკის გამო. მან შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის ხელახალი დანიშვნის მიზნით, 15.08.2023 წელს, განცხადებით მიმართა მეორე მოპასუხეს, ასევე მოითხოვა გასული წლების მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. მეორე მოპასუხის 18.08.2023 წლის №SSA 7 23 00873669 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მინდობილობის განუახლებლობის გამო) მას 01.10.2017 წლიდან შეუჩერდა, ხოლო ამავე წესის 9.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 01.11.2020 წლიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მიუღებელი თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სააგენტოს 29.09.2023 წლის №SSA 1 23 01030801 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი 18.08.2023 წლის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია მოსარჩელისთვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის მართლზომიერება და პენსიის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, კერძოდ, მისი პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
10. საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს, უმთავრესი ამოცანაა ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007 წლის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18).
11. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28).
12. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას (შდრ. სუსგ №ბს-1176(2კ-22), 11.07.2023წ.).
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად და მისი შეწყვეტა შეიძლება წარმოადგენდეს ქონებით შეუფერხებლად სარგებლობაში ჩარევას, რაც დასაბუთებას საჭიროებს (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Grudić v. Serbia, №31925/08, 17.04.2012წ., §72; Philippou v. Cyprus, №71148/10, 14.06.2016წ., §59).
14. ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები (სუსგ №ბს-1108(კ-21), 20.06.2023წ.).
15. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა, ხოლო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია ამავე კანონის მე-16-მე-17 მუხლებით, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8-მე-9 მუხლებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პენსიის შეჩერება-შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისთვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, სამისდღემშიოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემელის მიღებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ; №ბს-1061(კ-18), 17.01.2019წ.). შესაბამისად, კასატორების მითითება მასზე, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-მე-17 მუხლებით განსაზღვრულ პირობებში პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში პირის უფლებები და ინტერესები არ იზღუდება, არ არის დასაბუთებული.
16. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან საჯარო გამოქვეყნების შემდეგ (სზაკ-ის 54.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში საუბარია სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 02.10.2017 წლის №04-14/7101 წერილის მოსარჩელისთვის გაგზავნის ფაქტზე, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება წერილის მოსარჩელისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი არ არის პენსიის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოსარჩელის მიერ ოფიციალურად გაცნობის/დაინტერესებული პირისათვის მათი ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულით დასტურდება მისი შინაარსის გაცნობა მხარის მიერ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა არამარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმია, არამედ მისი არსებობის წინაპირობაც. როგორც კანონი შედის ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებით, ისე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით (სუსგ №ბს-365-360(კ-16), 25.05.2017წ; №ბს-1265(კ-22), 24.05.2023წ.).
17. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს (სუსგ №ბს-365-360(კ-16), 25.05.2017წ; №ბს-1265(კ-22), 24.05.2023წ.).
18. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას არ ქმნის კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ ყოველთვიური სარგებლის - პენსიის გაცემის შეწყვეტის თაობაზე პირისთვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პენსიონერის მიერ საკუთარი საპენსიო ანგარიშის გადამოწმების შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილი წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ჩაბარების ვალდებულებისაგან. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-255(2კ-21), 08.07.2021წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, პენსიის შეჩერების/შეწყვეტის გადაწყვეტილების ფორმა (ს.ფ. 78-79) შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის, ადმინისტრაციული ორგანოს მისამართისა და გასაჩივრების ვადის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებიდან ათვლის შესახებ. შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული პირისთვის გაცნობის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში, პირს ერთმევა პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება.
19. ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვისათვის დავალების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
20. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე