Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-851(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „დ...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 24 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - შპს „დ...ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა შპს „დ...სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის 17 293,85 ლარის ოდენობით საფასურის გადახდის დაკისრება.

სარჩელის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №..., ს/კ: ... და ... (გაერთიანების შედეგად ს/კ ...) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც 2013 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრამდე არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს „დ...“, რაც დასტურდება შესაბამისი ფოტომასალით და თავად მოპასუხის წერილით. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მან შესაბამისი წერილებით აცნობა შპს „დ...ს“, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის, მას სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური და განუსაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რაც მას არ შეუსრულებია.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „დ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 6 544.56 ლარის გადახდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდა და თავად მოპასუხე მხარეც აღიარებდა 14 კვ.მ ფართით სადავო პერიოდში სარგებლობის ფაქტს. ხოლო, 11 კვ.მ ფართით სარგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა,რომ შპს „დ...“ ამ ფართის უძრავ ქონებას 2017 წლის ივნისიდან 2017 წლის 13 დეკემბრამდე (შეძენამდე) ფლობდა, 2015 წლის ნოემბრიდან კი ნებაყოფლობით შეწყვიტა არამართლზომიერი სარგებლობა, ხოლო 2017 წლის ივნისიდან დაუფლება დასტურდებოდა ექსპერტიზის დასკვნაზე წარმოდგენილი ფოტოსურათებით. 2017 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით კი, შპს „დ...მა“ სახელმწიფოსაგან შეიძინა ეს ფართი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელი წარდგენილი იყო 2018 წლის 24 ოქტომბერს. შესაბამისად მოპასუხეზე დასაკისრებელი თანხის მოცულობა უნდა დაანგარიშებულიყო 2015 წლის 24 ოქტომბრიდან. რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული განმეორებითი სასაქონლო ექსპერტიზის შედეგად გამოკვეთილი საიჯარო ღირებულებების მიხედვით კი, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოპასუხისთვის საერთო ჯამში 6 544.56 ლარის დაკისრების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მან მოწინააღმდეგე მხარეს გაუგზავნა არაერთი გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც აცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით მართლზომიერად სარგებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური, რაც მას არ შეუსრულებია. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „დ...ს“ ეკისრებოდა შესაბამისი საფასურის გადახდა 2013 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდზე, ჯამში 17 293, 85 ლარის ოდენობით.

ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით კი, კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ არამართლზომიერი მოსარგებლე ვალდებულია გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის, რაც თავის მხრივ უთითებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადაზე. ხანდაზმულობის სხვა ვადებს კი კასატორის მითითებით ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილიც. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი ფლობა 2013 წლის 11 ოქტომბრიდან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაკისრებოდა თანხა არამართლზომიერი სარგებლობის მთლიანი პერიოდისთვის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის გავრცელების წინაპირობები, ვინაიდან, აღნიშნული მუხლი ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „დ...ს“ არ აკავშირებდათ სახელშეკრულებო ურთიერთობა, ის წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების არამართლზომიერ მოსარგებლეს. ამასთან, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, ქონების ადგილზე დათვალიერებამდე, არ ყოფილა ცნობილი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის შესახებ. სააგენტომ 2015 წლის ოქტომბერში ქონების ადგილზე დათვალიერებისას დაადგინა მოპასუხის მიერ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და შესაბამისად, სწორედ ამ თარიღიდან წარმოეშვა სახელმწიფოს მოთხოვნის უფლება, ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და თავად მოპასუხე მხარეც აღიარებს სახელმწიფოს კუთვნილი 14 კვ.მ ფართით სადავო პერიოდში სარგებლობის ფაქტს, ხოლო რაც შეეხება 11 კვ.მ ფართით სარგებლობას, აღნიშნულს ადასტურებს 2015 წლის 23 დეკემბერს შპს „დ...ს“ წარმომადგენლის მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისადმი გაგზავნილი მიმართვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები ადასტურებს 2015 წლის ოქტომბერში მოპასუხის მიერ ამ ფართით სარგებლობას. თუმცა, მოპასუხის განმარტებით, ამ ფართის სახელმწიფოსადმი კუთვნილების შეტყობისთანავე, 2015 წლის ოქტომბერში მან შეწყვიტა სარგებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე, 2017 წლის ივნისიდან დაეუფლა, რაც ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტოსურათებით დასტურდებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „დ...“ 11 კვ.მ უძრავ ქონებას (ს/კ: ...) 2017 წლის ივნისიდან 2017 წლის 13 დეკემბრამდე (შეძენამდე) ფლობდა, 2015 წლის ნოემბრიდან კი ნებაყოფლობით შეწყვიტა არამართლზომიერი სარგებლობა. 2017 წლის ივნისიდან ამ ფართით დაუფლება დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაზე წარმოდგენილი ფოტოსურათებით, 2017 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებით კი სახელმწიფოსაგან შეიძინა ეს ფართი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 24 ოქტომბერს, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გათვალისწინებით, მოპასუხეზე დასაკისრებელი თანხის მოცულობა უნდა დაანგარიშდეს 2015 წლის 24 ოქტომბრიდან. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის სპეციალურ ვადასთან დაკავშირებით და ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების არამართლზომიერი მფლობელობისთვის თანხის გადახდასთან დაკავშირებით, 2015 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდთან მიმართებაში ხანდაზმული იყო. ამ მსჯელობის გასამყარებლად საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს წარმომადგენელთა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოწესრიგება ამ ქონების მართვისა და გამგეობის კომპეტენციის ქვეშ მოიაზრებოდა და არ წარმოადგენდა სამოქალაქო სამართალს და განმარტა, რომ ...ქონების ხელყოფის შედეგად გადასახდელი კომპენსაციის გამოთვლის წესის დადგენა წარმოადგენს ქონების ხელყოფის შედეგად მისი მესაკუთრისათვის წარმოშობილი სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნის განსაზღვრას. ამავე დროს, სადავო ნორმის მიზანი არ არის მოსარგებლე პირის დასჯა ქონებით სარგებლობისათვის, მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, ნორმის მიზანია განსაზღვროს ქონების მესაკუთრის მიერ მისაღების კომპენსაცია მისი ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვისათვის, შესაბამისად, სადავო ნორმა არეგულირებს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას“. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, II-32.)

რაც შეეხება შპს „დ...სთვის“ დასაკისრებელი თანხის ოდენობას, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დაინიშნა განმეორებითი სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის 2023 წლის 19 ოქტომბრის №0071339723 დასკვნით განსაზღვრული იქნა სადავო უძრავ ქონებათა საიჯარო ღირებულება ამ ქონებათა დანიშნულების, მათი ადგილმდებარეობის, დამოუკიდებლად გამოყენების, მომიჯნავე ობიექტების მესაკუთრის სტატუსის გათვალისწინებით და შეადგინა ს/კ: ... - 11 კვ.მ უძრავ ქონებაზე: 2015 წელს - 1890 ლარი, 2016 წელს - 1970 ლარი, 2017 წელს - 2080 ლარი, ხოლო, ს/კ: ... - 14 კვ.მ უძრავ ქონებაზე: 2015 წელს - 2400 ლარი, 2016 წელს - 2500 ლარი, 2017 წელს - 2650 ლარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „დ...ს“ 11 კვ.მ ქონებით (ს/კ: ...) არამართლზომიერი სარგებლობისათვის მართებულად დაეკისრა ჯამში 1 074.6 ლარი, ხოლო 14 კვ.მ ქონებით (ს/კ: ...) არამართლზომიერი სარგებლობისთვის ჯამში 5 469,96 ლარი, რამაც საბოლოოდ შეადგინა 6 544.56 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა