საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-242(კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ი. ჩ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 8 ივნისს ი. ჩ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის №000800 დადგენილების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №632 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 26 თებერვლის №000800 დადგენილებით ი. ჩ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) უნებართვო მშენებლობისათვის და მასვე დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №632 ბრძანებით ძალაში იქნა დატოვებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე, არის დაუსაბუთებელი და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჩ-იმა ქ. თბილისში, ...ს ქ. №8-ში მდებარე ს/კ: №... მიწის ნაკვეთზე განახორციელა მიწისქვეშა ნაგებობის დემონტაჟი, ასევე, ბეტონის ფილის, მონოლითური კედლების, ლითონის კონსტრუქციებისა და თუნუქის ღობის მოწყობა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 8 ოქტომბერს შედგა №000800 მითითება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ი. ჩ-ის მიმართ 2020 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი №000800 შემოწმების აქტის თანახმად, 2020 წლის 8 ოქტომბრის №000800 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, ობიექტის ნაწილი მოექცა კუთვნილ საკადასტრო საზღვრებში. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 26 თებერვალს მიიღო №000800 დადგენილება, ი. ჩ-ის 8 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ნაგებობის დემონტაჟი, ასევე, ბეტონის ფილის, მონოლითური კედლების, ლითონის კონსტრუქციებისა და თუნუქის ღობის მოწყობა განხორციელებული იყო იმ მოთხოვნათა დაცვით, რაც დადგენილია სამშენებლო სამართალურთიერთობის წარმოებისთვის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შესაბამისი სახდელის - ჯარიმის მოსარჩელისთვის დაკისრება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს დაქვემდებარება განხორციელდა კანონიერად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-5, 53-ე, 60-ე და 96-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ სახეზე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინების ბათილად ცნობის და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის №000800 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №632 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა. მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.
ზემოაღნიშნული კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ხოლო, 124-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განსაზღვრავს, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამასთან, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ჩ-იმა, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განახორციელა მიწისქვეშა ნაგებობის დემონტაჟი, ასევე, ბეტონის ფილის, მონოლითური კედლების, ლითონის კონსტრუქციებისა და თუნუქის ღობის მოწყობა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 8 ოქტომბერს შედგა №000800 მითითება, რომლითაც სამშენებლო სამუშაოები დაფიქსირდა როგორც მიმდინარე და ი. ჩ-ის განესაზღვრა 20 კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (მათ შორის, დემონტაჟის განხორციელების) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით, უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟისათვის. ამასთან, მიეთითა, რომ მშენებარე ობიექტი ცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა როგორც სახელმწიფო ტერიტორიაზე, ასევე, №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ისიც დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ი. ჩ-ის მიმართ 2020 წლის 30 ოქტომბერს შედგა №000800 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 8 ოქტომბრის №000800 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, ობიექტის ნაწილი მოექცა კუთვნილ საკადასტრო საზღვრებში.
საქმის მასალებში არსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2021 წლის 26 თებერვლის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ობიექტის განმეორებითი გადამოწმებით გამოვლინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 8 ოქტომბრის №000800 მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა. კერძოდ, სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. ასევე, ბეტონის ფილა, მონოლითის კედლები, ლითონის კონსტრუქციები და თუნუქის ღობე არ იყო დემონტირებული, თუმცა ობიექტი მოექცა კუთვნილ საკადასტრო საზღვრებში. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 26 თებერვალს მიიღო №000800 დადგენილება ი. ჩ-ის 8 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნული დადგენილება ძალაში იქნა დატოვებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №632 ბრძანებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების შედეგად თავად მოსარჩელე მხარე არ უარყოფს სადავო სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელების ფაქტს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შესაბამისი სახდელის - ჯარიმის მოსარჩელისთვის დაკისრება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს დაქვემდებარება განხორციელდა კანონიერად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 თებერვლის №000800 დადგენილების კანონიერად მიჩნევის პირობებში, უსაფუძვლო იყო აღნიშნული დადგენილების უცვლელად დატოვების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 აპრილის №632 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე გ. კ-ის მიერ 21.11.2022წ. №1418784 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება;
3. ი. ჩ-ის (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. კ-ის (პ/ნ: ...) მიერ 21.11.2022წ. №1418784 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა