Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-614(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) – ნ. წ-ა

მოპასუხე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 9 დეკემბერს ნ. წ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 9 აგვისტოს №000262 დადგენილების და ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1459 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, ქ. თბილისში, ..., ...ს ქ. №..., კორპუსი №...-ის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული ორი შენობა-ნაგებობის მშენებლობის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის №000262 დადგენილებით, ნ. წ-ა დაჯარიმდა 25 000 ლარით და დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ არ განხორციელებულა სადავო შენობა-ნაგებობების მშენებლობა, შესაბამისად მან ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, ნ. წ-ას საჩივარი დატოვა განუხილველად.

მოსარჩელის განმარტებით, მას კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია ადმინისტრაციული აქტები და ინფორმაცია მიიღო შემთხვევით, საჯარო რეესტრიდან, მის მიმართ სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აქტების ჩაბარების პერიოდში იგი არ ცხოვრობდა შესაბამის მისამართზე, რაც ცნობილი იყო მერიის თანამშრომლებისთვის, შესაბამისად მათ მიერ სადავო შენობის შესასვლელ კარზე 2019 წლის 12 სექტემბრის დადგენილების განთავსების ნ. წ-ასთვის აქტის გაცნობის თარიღად მიჩნევით დაირღვა სსსკ-ის 70-ე მუხლის მოთხოვნა, მხარის სავალდებულო ინფორმირებულობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. წ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1459 ბრძანება ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 9 აგვისტოს №000262 დადგენილებით ნ. წ-ა დაჯარიმდა 25 000 ლარით, ქ. თბილისში, ..., ...ს ქუჩა №..., კორპ. №...-ის მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე უნებართვოდ აშენებული ორი შენობა-ნაგებობისათვის. დასახელებული დადგენილების ჩაბარება პირდაპირი წესით ვერ მოხერხდა და განთავსდა ობიექტზე. ამასთან, დადგენილება გაგზავნილი იქნა ფოსტით 2019 წლის 21 აგვისტოს და ჩაუბარებელი სახით დაბრუნდა უკან გამგზავნთან. სასამართლომ ასევე მიუთითა ნ. წ-ას განმარტებაზე, რომ იგი არის დევნილი და მის ფაქტობრივ მისამართს წლებია წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ს ქ. №....

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს ნ. წ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01202553775-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 9 აგვისტოს №00262 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1459 ბრძანებით განუხილველად დარჩა ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, და სწორედ აქტის ძალაში შესვლით, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფორმალურად დაცული იქნა ნ. წ-ასათვის დადგენილების ჩაბარების სამართლებრივი წინაპირობები, თუმცა იმგვარად, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი. ამასთან, პალატის მითითებით, ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სატელეფონო კომუნიკაცია დაემყარებინა მოსარჩელესთან დადგენილების ჩაბარების მიზნით და მოეხდინა მისი ინფორმირება, ფორმალურად დაიცვა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ობიექტზე სამართალდამრღვევის არყოფნისას მის ფასადზე დადგენილების განთავსებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჰქონოდა საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ ობიექტზე დადგენილების განთავსებით, მოსარჩელე მხარე მის გაცნობას ვერ შეძლებდა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1459 ბრძანება ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დავალებოდა ნ. წ-ას საჩივრის არსებითი განხილვა. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 9 აგვისტოს №000262 დადგენილება არსებითად განხილული უნდა იქნას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო მისი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლზე, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებები სამშენებლო სამართალდარღვევების თაობაზე, პირველ რიგში, უნდა ჩაბარდეს პირადად სამართალდამრღვევს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება შესაბამის დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე, რომელსაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 და მე-20 ნაწილების შესაბამისად შეიძლება წარმოადგენდეს ობიექტის ფასადი.

მერიამ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 9 აგვისტოს №000262 დადგენილების მხარისათვის გაცნობის თარიღად მიჩნეულ უნდა იქნას აღნიშნული დადგენილების სადავო მშენებარე ობიექტის შესასვლელ კარზე კანონით დადგენილი წესით განთავსების დრო, კერძოდ, 2019 წლის 12 სექტემბერი. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 9 აგვისტოს №000262 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ნ. წ-ამ №19/01202553775-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2020 წლის 11 სექტემბერს წარმოადგინა, მოცემულ შემთხვევაში, გაშვებული იყო მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი 15 დღიანი ვადა, რის გამოც არსებობდა წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილების ჩაბარების წესების ფორმალურად დაცვასთან დაკავშირებით არსებული მსჯელობის საპირისპიროდ, კასატორი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არაერთი მცდელობა გამოიყენა დადგენილების პირადად ჩაბარებისთვის, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია საფოსტო გზავნილები, რითაც ცალსახად დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მზაობა დადგენილების ჩაბარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს არაერთი მცდელობის შემდგომ კი გამოყენებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილების ჩაბარების წესი. ამდენად, კასატორი ხაზს უსვამს, რომ დადგენილება განთავსდა ობიექტის შესასვლელ კარზე, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი წარმოდგენილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, ამასთან, მხარეს ვადის აღდგენის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ მიუმართავს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. წ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1459 ბრძანება, ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო მოსარჩელეს - ნ. წ-ას იგი არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1459 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. ამავე მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია – ბინის მთავარი შესასვლელი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმით განსაზღვრული კორესპონდენციის ჩაბარების სპეციალური წესის გამოყენებას (აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება), კანონმდებელი უკავშირებს არა ნებისმიერ, არამედ, კონკრეტული პირობების არსებობას; კერძოდ, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობის მიუხედავად ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, შესაძლებელია სამშენებლო ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსებით მისი ჩაბარება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ორგანოს მხრიდან დადგენილების ჩაბარების მცდელობას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი და ჩაბარების ყველა სხვა შესაძლო გზის გამოყენების შემდეგ არის დაშვებული თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით, მისი ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ხოლო, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო, 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 9 აგვისტოს №000262 დადგენილებით ნ. წ-ა დაჯარიმდა 25 000 ლარით, ქ. თბილისში, ..., ...ს ქუჩა №..., კორპ. №..., ს/კ №...-ის (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი) მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე უნებართვოდ აშენებული ორი შენობა-ნაგებობისათვის. აღნიშნული დადგენილების ჩაბარება ნ. წ-ასათვის პირდაპირი წესით ვერ მოხერხდა, რის გამოც იგი განთავსდა ობიექტზე. დადგენილება გაგზავნილი იქნა ფოსტით 2019 წლის 21 აგვისტოს მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ...ს ქუჩა №..., კორპ. №... და ჩაუბარებელი სახით (მიზეზი: შენახვის ვადის გასვლა „მოუკითხაობის გამო“) დაბრუნდა უკან გამგზავნთან (ერთ-ერთ გზავნილში ჩაუბარებლობის მიზეზად არასრული მისამართია მითითებული, ასევე ცალკეული გზავნილი ჩაბარებული აქვს კანცელარიის თანამშრომელს, თუმცა არ არის მითითებული ორგანიზაციის დასახელება). სადავო შენობა-ნაგებობის შესასვლელ კარზე განთავსების ამსახველი ფოტოსურათებით კი დგინდება, რომ მას შემდეგ რაც სადავო დადგენილების სამართალდამრღვევისთვის პირადად ჩაბარება ვერ მოხერხდა, აღნიშნული დადგენილება 2019 წლის 12 სექტემბერს განთავსებულ იქნა ობიექტის შესასვლელ კარზე (ფასადზე).

საქმის მასალებში წარმოდგენილია 2019 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული ოქმი ადმინისტრაციული წარმოების ჩაბარების შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ..., ...ს ქუჩა №..., კორპ. №...-ის ობიექტზე მისვლისას მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა ნ. წ-ასათვის პირდაპირი წესით №000262 დადგენილების ჩაბარება ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ „ვერ მოხერხდა მოქალაქესთან დაკავშირება და შეხვედრა“, შესაბამისად დადგენილება განათავსა ობიექტის ფასადზე, თუმცა რა ფორმით ცდილობდა ნ. წ-ასთან დაკავშირებას, ოქმში მითითებული არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 21 იანვრის დათვალიერების ოქმში დასათვალიერებელი ობიექტის მესაკუთრედ მითითებულია ნ. წ-ა და ასევე მითითებულია მისი მობილურის ნომერი, თავად მოსარჩელის განმარტებით კი, იგი არის დევნილი და მის ფაქტობრივ მისამართს წლებია წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ს ქ. №7. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 29 აპრილის №05/02-12/32050 წერილი, რომლის თანახმად, ნ. წ-ას დაუკანონდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართი.

ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს ნ. წ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01202553775-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 9 აგვისტოს №000262 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 12 ოქტომბრის №1459 ბრძანებით განუხილველად დარჩა ნ. წ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად განმარტავს, რომ მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებები სამშენებლო სამართალდარღვევების თაობაზე, პირველ რიგში, უნდა ჩაბარდეს პირადად სამართალდამრღვევს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება შესაბამის დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე, რომელსაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება წარმოადგენდეს ობიექტის ფასადი. ამასთან, მართალი გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც პირს მიეცემა აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, ამასთან, კანონმდებლობა უშვებს გამოქვეყნების გზით ადრესატისთვის აქტის ჩაბარებულად მიჩნევის შემთხვევას. თუმცა, ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად არ უნდა მიუდგეს პირისთვის შესაბამისი აქტის ჩაბარების და გასაჩივრების ვადის ათვლის საკითხს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ (ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეეხებოდა უწყების გაგზავნის შესაძლებლობას მისი გამოქვეყნების გზით), დაადგინა რა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა, აღნიშნა, რომ „ეროვნულმა სასამართლომ აირჩია საჯარო შეტყობინების საშუალება, წინასწარ იცოდა რა, რომ ეს მიდგომა არაეფექტური იქნებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ განმცხადებელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა...“ (Gakharia v. Georgia, N30459/13; §42, 17 იანვარი, 2017). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით „წინამდებარე პროცედურა არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სხვა პროცედურული გარანტიების საზიანოდ, კერძოდ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ. იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო უწყებების დაგზავნის შესაძლებლობა მათი გამოქვეყნების გზით, უნდა მომხდარიყო კეთილსინდისიერად და როგორც უკიდურესი საშუალება მოცემულ საქმეში ამ წესის ხისტი გამოყენება არყევდა განმცხადებლის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოებაში და დაეცვა საკუთარი ინტერესები...“ (იქვე, §44) ამდენად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ეროვნულ სასამართლოებს აკლდათ გულისხმიერება დაუსწრებელი სამართალწარმოებების დროს, რაც გულისხმობდა იმას, რომ განმცხადებელს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, მოცემული საქმე ხელახლა განხილულიყო მისი მონაწილეობით“ (იქვე, §50).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადასტურებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილების ობიექტზე გაკვრა უპირობოდ არ უნდა განხილულიყო როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობა (გადაცემა/ჩაბარება). კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფორმალურად იქნა დაცული ნ. წ-ასათვის დადგენილების ჩაბარების სამართლებრივი წინაპირობები და არ იქნა მხედველობაში მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიც არის მოსარჩელის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანო ფორმალურად დაიცვა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ობიექტზე სამართალდამრღვევის არყოფნისას ობიექტის ფასადზე დადგენილების განთავსებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო წინაპირობების არსებითად დაცვის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა