Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-649(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 13 თებერვალს ლ. ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ლ. ხ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 იანვრის №1000830294 დასკვნის ბათილად ცნობა და სააგენტოსთვის ლ. ხ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის მიხედვით, ლ. ხ-ი წარმოადგენს დაბადებით და ეროვნებით ქართველს, რომელმაც იცის ქართული ენა და ისტორია. მოსარჩელის განმარტებით, მას მშობლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოუწია საქართველოს დატოვება და საცხოვრებლად რუსეთში გადასვლა, სადაც სრულწლოვანების მიღების შემდგომ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა ნატურალიზაციის წესით. თუმცა, სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს არ გაუწყვეტია კავშირი საქართველოში მყოფ ახლობლებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან.

მოსარჩელის მითითებით, მან 2022 წლის 10 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა განცხადებით, თუმცა იურიდიული განათლების არ ქონის გამო, ადგილზე კონსულტაციის შედეგად, მიუთითა მოთხოვნა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოქალაქეობის მოპოვების ნატურალიზაციის საფუძვლით საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. 2023 წლის 20 იანვარს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გამოსცა დასკვნა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 იანვრის №1000830294 დასკვნა, ლ. ხ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. ხ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ხ-ი დაიბადა ... წლის ... საქართველოში და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს. 2022 წლის 10 ოქტომბერს, რომელმაც განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. 2023 წლის 20 იანვარს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ლ. ხ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი №1000830294 დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ლ. ხ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, ხოლო შსს მიგრაციის დეპარტამენტში მისი გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ იმ პირობებში გასცა უარყოფითი დასკვნა მოსარჩელე ლ. ხ-ისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, როდესაც მან დაადგინა მოსარჩელის სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ კომისიის ორი წევრი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უარყოფით დასკვნას, არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები. სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა მოსარჩელისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დადებითი დასკვნის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, ლ. ხ-ის უკანონოდ მიეცა უარყოფითი დასკვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა სასამართლოს განმარტებაზე, რომ მოსარჩელის საქართველოსთან სარწმუნო კავშირის დადგენის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს უარყოფითი დასკვნა არ უნდა გაეცა, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ აღნიშნა, რომ „სარწმუნო კავშირი“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დგინდებოდა მოქალაქეობის შენარჩუნებაზე და არა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე. ამასთან, სააგენტომ ხაზი გაუსვა, რომ მხარე პირველად 2019 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ მხოლოდ რამდენიმეჯერ და რამდენიმე დღით კვეთდა საქართველოს საზღვარს.

სააგენტო მიიჩნევს, რომ კანონის ჩანაწერი - „საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია“ აპრიორი არ წარმოადგენს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძველს, როდესაც კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საგამონაკლისო წესით მიანიჭოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც: 1. საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება; 2. ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. ამდენად, სააგენტო ხაზს უსვამს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება პირს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს ანიჭებს, ხოლო, სასამართლო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა მისი არასწორი განმარტება; კერძოდ, კანონის ჩანაწერს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მხედველობაში მიიღება გარკვეული გარემოებები, განიმარტება იმგვარად, რომ ამ გარემოებებიდან რომელიმეს არსებობა ავტომატურად ქმნის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძველს. ამით კი ხდება კანონის ძირითადი დანაწესის უგულებელყოფა, რომლის თანახმადაც, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესის არსებობისას. კასატორი ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებით საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებებს დაადასტურებს.

ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი, რამდენადაც მოსარჩელე პროფესიით არის ექიმი და დასაქმებულია რუსეთში კლინიკაში ექიმად, თუმცა მისი საქმიანობა არ უკავშირდება ისეთ სფეროებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ ან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოში იგი არც კი ცხოვრობს, რაც არ იძლევა იმის დასაბუთების საშუალებას, რომ იგი განეკუთვნება იმ პირებს, რომელთა საქართველოში მოქალაქედ ყოფნა წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოსთან მჭიდრო და გრძელვადიანი კავშირის ნაკლებობა, რამდენადაც მოსარჩელე დაიბადა საქართველოში, ქ. ბათუმში, საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთში, დასაქმებულია რუსეთში კლინიკაში ექიმად, მეუღლე და შვილები არიან რუსეთის მოქალაქეები, მეუღლე დასაქმებულია სავაჭრო სფეროში რუსეთში, საქართველოში ჰყავს და და ბიძაშვილები. მოსარჩელე, განცხადებაში უთითებდა, რომ არ აქვს საქართველოში უძრავი ქონება და არც მატერიალურად ეხმარება ნათესავებს, საზღვრის კვეთა აქვს 2019 წლიდან რამდენიმე დღიანი პერიოდებით. ამასთან, არ იკვეთება მოსარჩელის ინტეგრაციის მაღალი ხარისხი ქართულ საზოგადოებაში. არ მოიპოვება მონაცემები მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და აქტიური სამოქალაქო ჩართულობის შესახებ, რაც ასევე წარმოადგენს მოქალაქეობის მინიჭების შეფასების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს. კასატორი ხაზს უსვამს, რომ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი გულისხმობს სამართლებრივად გამონაკლისს. მოსარჩელეს არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ იგი პასუხობს იმ სტანდარტებსა და მიზნებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული უარი წარმოადგენს კანონიერ, დასაბუთებულ და პროპორციულ გადაწყვეტილებას.

კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინსტიტუტი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის პირობებში, როცა არსებობს სახელმწიფოს ინტერესის მაღალი ხარისხის დადასტურება. მოსარჩელე კი არ წარმოადგენს ასეთ შემთხვევას და მის მიერ მოქალაქეობის მოთხოვნა სავარაუდოდ ემყარება სუბიექტურ მოსაზრებებს (სხვადასხვა ტიპის მოსახერხებლობა, ყოფითი მიზნები), რაც ვერ ეწევა იმ სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც ითხოვს საგამონაკლისო წესით მინიჭების გასამართლებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის ლ. ხ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 იანვრის №1000830294 დასკვნას. შესაბამისად, სადავო საკითხს წარმოადგენს - არსებობს თუ არა ლ. ხ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტას.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, ნატურალიზაციის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, რომელიც მოწესრიგებულია დასახელებული კანონის მე-17 მუხლით. კერძოდ, ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების გამომრიცხველ გარემოებებსაც და ასეთად ასახელებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესაბამის პირს: ა) ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. (ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად: კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებით განსაზღვრული პირობებისა) არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.) ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს.

ზემოაღნიშნული დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 პუნქტი (ამჟამინდელი რედაქციის მე-7 პუნქტი) კი განსაზღვრავს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 21​1 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ხოლო დასახელებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 პუნქტის (ამჟამინდელი რედაქციის მე-8 პუნქტი) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ხოლო დასახელებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ხ-ი (გვარის ცვლილებამდე - ნ-ე) დაიბადა საქართველოში ... წლის ..., ამასთან ის არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 2022 წლის 10 ოქტომბერს, მან №1000830294 განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. მოსარჩელე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ ... წლის ... დაიბადა საქართველოში, ქ. ბათუმში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთში, დასაქმებულია რუსეთში, კლინიკაში, ექიმად. დაოჯახებულია, მეუღლე და შვილები რუსეთის მოქალაქეები არიან. საქართველოში ჰყავს სიძე და ბიძაშვილები. ამასთან, მოსარჩელემ განცხადებაში მიუთითა, რომ საქართველო არის მისი სამშობლო, სადაც დაიბადა და აიდგა ფეხი, რის გამოც სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

დადგენილია, რომ კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა რომ, ლ. ხ-ის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა) საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა) სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა).

კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ლ. ხ-ის მიმართ არ არსებობდა მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და ამავე დადგენილების მე- 19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უნდა მოემზადებინა უარყოფითი დასკვნა (მომხრე – 4 (ოთხი); წინააღმდეგი – 2 (ორი)). 2023 წლის 20 იანვარს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ლ. ხ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი №1000830294 დასკვნა. დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ განცხადების განხილვისას გამოკვლეულია ერთი მხრივ, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. დადგინდა, რომ ლ. ხ-ის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.

დადგენილია, რომ 2023 წლის 20 იანვარს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №1000818413/1 მიმართვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს გაუგზავნა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დასკვნა ლ. ხ-ის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 24 იანვრის №382 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №1000830294 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განცხადების განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შესაბამისი ინფორმაციები გამოითხოვა საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №00005615 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის №1000830297/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ლ. ხ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ოქტომბრის №MIA 6 22 02981368 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №01/237254 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ლ. ხ-ის მიმართ, შსს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს. ხოლო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 5 დეკემბრის №SSG 1 22 00240004 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის №1000830294/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ლ. ხ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობის ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ლ. ხ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა 2025 წლის 9 იანვრის №SSG 5 25 00002270 წერილი, რომლის მიხედვით, 2022 წლის 12 ოქტომბერს სუს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ იქნა რუსეთის მოქალაქე ლ. ხ-ის საქმე, რომელიც ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას. აღნიშნულ საქმეზე, სააგენტოში 2022 წლის 5 დეკემბერს გადაიგზავნა დადებითი რეკომენდაცია.

ამდენად, საქმის მასალებში არსებული შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ იმ პირობებში გასცა უარყოფითი დასკვნა მოსარჩელე ლ. ხ-ისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, როდესაც მან დაადგინა მოსარჩელის სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. უდავოა, რომ ლ. ხ-ის საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია, ამასთან ის დაიბადა საქართველოში, ჰყავს საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრები, გეგმავს საქართველოსთან მჭიდრო კავშირს. დადგენილია, ასევე, რომ ლ. ხ-ის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია არაერთი რეკომენდაცია, სადაც მოსარჩელე მოხსენიებულია, როგორც წესიერი, კარგი და პატრიოტი ადამიანი. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილებით დასტურდება, რომ მათ ლ. ხ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, ხოლო, შსს მიგრაციის დეპარტამენტში მისი გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს. ლ. ხ-ი არასრულწლოვანების პერიოდში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წაიყვანეს მშობლებმა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არსებობდა მოსარჩელისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დადებითი დასკვნის გაცემის სამართლებრივი საფუძველი და იკვეთება სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 22.05.2025წ. №09262 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს 22.05.2025წ. №09262 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა