Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-805(კ-25) 15 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ლ. ხ-ე, ნ. ი-ა, ლ. ბ-ა, დ. ბ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 2 თებერვალს ლ. ხ-ემ, ნ. ი-ამ, ლ. ბ-ამ და დ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 03 ნოემბრის №03-3685/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხე მხარისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ეის, ნ. ი-ას, ლ. ბ-ასა და დ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 03 ნოემბრის №03-3685/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების - ლ. ხ-ეის, ნ. ი-ას, ლ. ბ-ასა და დ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენელი 2021 წლის 08 იანვარს გამოცხადდა თბილისში, სანატორიუმ „ქ...ს“ მე-7 სართულზე №... ოთახში. ადგილზე არ იმყოფებოდა ლ. ხ-ე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის №70 ოქმის თანახმად, ყოფილი სასტუმრო „ქ...დან“ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ლ. ხ-ეს (პ/ნ ...; ოჯახის №...), ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 03 თებერვლის №000474115 დასკვნის თანახმად, „ქ. თბილისში, ...ის სამხრეთ ნაპირის მახლობლად მდებარე ყოფილი სანატორიუმის „ქ...ს“ შენობის ვიზუალური საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგად შედგენილი დასკვნის მიხედვით, შენობა არ იყო მწვავედ ავარიული, მაგრამ მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის უკან ჩატარებული იქნა გამაგრებითი ღონისძიება, სათანადო სამუშაობის მოცულობამ და სამუშაობის შესრულების დონემ ვერ უზრუნველყო შენობის დაცვა არათანაბარი დაჯდომის დეფორმაციების განვითარებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 04 აპრილის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ. კ-ამ განმარტა, რომ 1992 წლიდან ცხოვრობდა ...აზე, სანატორიუმ ქ...ში. 1992 წლიდან მის სართულზე სტაბილურად ცხოვრობდა, ასევე, მოსარჩელეც - ლ. ხ-ე, მათ კედელი ჰყოფდათ. მოწმის თქმით, ლ. ხ-ესთან ერთად ცხოვრობდა მისი შვილი - ნ. ი-ა, შვილებით - დ. და ლ.. მოწმის განმარტებით, მონიტორინგის დროს იყო ნაწვიმარი და სადაც ბავშვი იწვა, ჭერი იყო სველი. ბავშვი ალერგიული იყო და გადაიყვანეს გადასხმებზე საავადმყოფოში. გასაღები მას დაუტოვეს, რომ სახლი სუფთად ყოფილიყო. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ. უ-ამ განმარტა, რომ სანატორიუმ „ქ...ში“ ცხოვრობდა 1994 წლის იანვრიდან 2022 წლამდე. მისი თქმით, მოსარჩელე მის მისვლამდე მივიდა იქ და მის სართულზე, მე-7 სართულზე ცხოვრობდა მოცემულ მომენტამდე, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ელექტრო ენერგიის აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე (დასახელება: ...; აბონენტის №...; მისამართი: ...ა, სახლი ..., ბინა ...), რომლითაც დგინდებოდა, რომ აბონენტს 30.06.2021 წლიდან 30.01.2022 წლის ჩათვლით უფიქსირდებოდა ჩვენება და აღნიშნულის შესაბამისად ხარჯი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელისა და მისი ოჯახის სადავო მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად პალატის შეფასებით, მოსარჩელე მხარეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მართალია აპელანტი უთითებდა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადების გაშვებაზე, თუმცა აპელანტს არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელისათვის ჩაბარების დასტური, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აქტი ვადის დარღვევით იქნა გასაჩივრებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებლებს. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის განმარტებებს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის სხდომის (ოქმი №70) გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობისთვის საშიში და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტიდან (ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ქ...“), კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართებით განსახლებას დაექვემდებარა მხოლოდ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები. კომისიამ იმსჯელა კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხზე. სააგენტომ სხდომაზე მოსარჩელეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი უთხრა სადავო ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. მოსარჩელე არ იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ ნგრევად ობიექტში შემოწმების დროს, ამის მიუხედავად სააგენტო ვერ ჩათვლიდა მოსარჩელეს ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებლად, რადგან ერთ-ერთი შემოწმებისას მაინც იქნებოდა ადგილზე და ამასთან, მეზობლებიც მიაწოდებდნენ ინფორმაციას, რომ იგი ცხოვრობდა სადავო ფართში. თუმცა, მითითებული გარემოება დადასტურებულ არ იქნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქმეზე წარმოდგენილი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2022 წლის 4 თებერვალს გაცემული №03/1996 ცნობის თანახმად, ლ. ხ-ე და ნ. ი-ა არიან დევნილები, რეგისტრირებული მისამართით - თბილისი, ..., ...ის დასახლება (ქ...).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2019 წლის 25 ოქტომბერს ლ. ხ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: თბილისი, ..., ...ის დასახლება. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: შვილი - ნ. ი-ა და შვილიშვილები - ლ. და დ. ბ-აები.

მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენელი 2021 წლის 08 იანვარს გამოცხადდა თბილისში, სანატორიუმ „ქ...ს“ მე-... სართულზე №... ოთახში. ადგილზე არ იმყოფებოდა ლ. ხ-ე. ოთახის კარი ღია იყო. მეზობელმა ლ. კ-ამ, რომელსაც დაკავებული აქვს №... ოთახი, განაცხადა, რომ ლ. ხ-ე იმყოფებოდა ქალაქში, ოთახის გასაღები მას დაუტოვეს, რადგან ოთახს განიავება სჭირდებოდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის №70 სხდომის ოქმის თანახმად, ყოფილი სასტუმრო „ქ...დან“ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ლ. ხ-ეს, ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 03 ნოემბრის №03-3685/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №70) ლ. ხ-ეის (პ/ნ ...) ოჯახს, ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში (ყოფ. სასტუმრო „ქ...“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 03 თებერვლის №000474115 დასკვნის თანახმად, „შენობა ამჟამად არ არის მწვავე ავარიული, მაგრამ მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის უკან ჩატარებული იქნა გამაგრებითი ღონისძიება, სათანადო სამუშაოების მოცულობამ და სამუშაოების შესრულების დონემ ვერ უზრუნველყო შენობის დაცვა არათანაბარი დაჯდომის დეფორმაციების განვითარებისგან, რადგან შენობის ზღვისკენ მიმართული ნაწილი ამჟამადაც განიცდის დაჯდომის დეფორმაციებს. საკვლევი შენობის მზიდ კონსტრუქციებს გადაუდებლად ესაჭიროება მასშტაბური რეაბილიტაცია-გამაგრება, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ფუძე-გრუნტის მასივში წყლის ჩადინების შესაძლებლობა იქნება აღკვეთილი. ფუძე გრუნტის მასივში წყლის ჩადინების ერთ-ერთი მიზეზი არის შიდა წყალ-კანალიზაციის მილსადენთა სისტემის გაუმართაობა. ამასთან ერთად ჩატარებული უნდა იქნას დეტალური კვლევა, რომლის საგანი უნდა იყოს ატმოსფერული ნალექების და კანალიზაციის მასების გარე საევაკუაციო მილსადენთა სისტემის დაზიანების და გრუნტის წყლების მონაწილეობა ზემოაღნიშნულ მრღვევ პროცესში. ყველა დასახული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებული უნდა იქნას სპეციალურად დამუშავებული პროექტის საფუძველზე“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის №14048 და 08 თებერვლის №22234 ცნობებით დადგინდა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, ლ. ხ-ეის და ნ. ი-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ იყო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქმეში წარმოდგენილი ელ. ენერგიის აბონენტის ბრუნვის ისტორიით (დასახელება: ...; აბონენტის №...; მისამართი: ...ა, სახლი 7, ბინა ...), აბონენტს 30.06.2021 წლიდან 30.01.2022 წლის ჩათვლით უფიქსირდებოდა ჩვენება და აღნიშნულის შესაბამისად ხარჯი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 04 აპრილის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ. კ-ამ განმარტა, რომ 1992 წლიდან ცხოვრობს ...აზე, სანატორიუმ ქ...ში. 1992 წლიდან მის სართულზე სტაბილურად ცხოვრობს, ასევე, მოსარჩელეც - ლ. ხ-ე, მათ კედელი ჰყოფთ. მოწმის თქმით, ლ. ხ-ესთან ერთად ცხოვრობს მისი შვილი - ნ. ი-ა, შვილებით - დ. და ლ.. მოწმის განმარტებით, მონიტორინგის დროს იყო ნაწვიმარი და სადაც ბავშვი წევს, ჭერი იყო სველი. ბავშვი ალერგიულია და გადაიყვანეს გადასხმებზე საავადმყოფოში. გასაღები მას დაუტოვეს, რომ სახლი სუფთად ყოფილიყო. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ. უ-ამ განმარტა, რომ სანატორიუმ „ქ...ში“ ცხოვრობდა 1994 წლის იანვრიდან 2022 წლამდე. მისი თქმით, მოსარჩელე მის მისვლამდე მივიდა იქ და მის სართულზე, მე-7 სართულზე ცხოვრობდა, სადაც ახლაც ცხოვრობს შვილთან და შვილიშვილებთან ერთად.

საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომ სათანადოდ არ დაუდგენია მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ადგილზე (ნგრევად ობიექტში), არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. გარკვეულ შემთხვევებში, პირი შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ნგრევად ობიექტში ცხოვრება თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ობიექტის გარკვეული დროით დატოვებასთან. პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ობიექტის დროებით მიტოვება და სხვა საცხოვრებელში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობის ქონა ან/და ოჯახის წევრის ან ნათესავისგან დროებითი თავშესაფრის მიღება კი, არ შეიძლება იქცეს სააგენტოს მხრიდან დევნილი პირ(ებ)ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისთვის თავის არიდების საშუალებად. საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).

ამასთან, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელე ლ. ხ-ესა და ნ. ი-ასთან ერთად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ასევე უარი ეთქვათ ნ. ი-ას შვილებს, რომელთაგან, სადავო აქტის გამოცემის დროს, ლ. ბ-ა (...) იყო არასრულწლოვანი, ხოლო დ. ბ-ა (...) დღემდე არასრულწლოვანია. შესაბამისად, მათი უპირატესი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადის გაშვების თაობაზე, რამდენადაც აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია