საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-410(2კ-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე.ა-ის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (ასკ 16.2) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 6 სექტემბერს, ე.ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდგომ, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 4 აგვისტოს N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღდგება ე.ა-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: გარდაბანი, ...ის ქუჩა, ს/კ ..., (601.00 კვ.მ).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ე.ა-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ე.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ე.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 აგვისტოს N... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე.ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი ამავე სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ე.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, მე-9, 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები და ყურადღება გაამახვილა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 25 ივნისის და 2021 წლის 09 ნოემბრის წერილებზე, სადაც მიეთითა, რომ ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი (...) ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (N...), ასევე ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N15/56514) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის. სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანო დაეყრდნო გამგეობის წერილებს, ხოლო წერილი თავის მხრივ არ მიუთითებდა, რომ დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი კონკრეტულ ადგილას არ მდებარეობდა, არამედ ადგილობრივი მმართველობის ორგანო აღნიშნავდა, რომ არასაკმარისი მონაცემების გამო ვერ დადგინდა იდენტურობა. ყურადღება გაამახვილა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ქონების ადგილმდებარეობაზე და განმარტა, რომ როგორც მტკიცებულება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია ე.ა-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა შეაფასოს მასთან დაცული მონაცემები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით. მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ე.ა-ის საკუთრების უფლება კონკრეტულ მიწის ნკავეთზე კონკრეტულ საზღვრებში უკვე იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 2008 წელს და შესაბამისად, დადგენილი იყო უფლების დამდგენ 1994 წლის 30 დეკემბრის N204 დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრებიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით არ გამოუკვლევია თუ სად მდებარეობდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, ხოლო კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებულმა ადმინისტრაციულმა წარმოებამ, თავის მხრივ, გამოიწვია მოსარჩელე ე.ა-ის საკუთრების უფლების შეზღუდვა. სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული საფუძვლით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა.
რაც შეეხება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 ივნისის N... გადაწყვეტილების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, მართებული იყო სააგენტოს უარი, ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, განმეორებით განეხილა სადავო საკითხი.
სადავო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 აგვისტოს N... გადაწყვეტილებაზე მსჯელობის ნაწილში კი სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი: ვინაიდან დადგინდა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და აღნიშნული გარემოებები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა სათანადოდ შეფასებული, სასამართლოს მსჯელობით აღნიშნული წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 აგვისტოს N... გადაწყვეტილების იმ ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე.ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი ამავე სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს უარი სააპელაციო სასამართლოს მიერ მართლზომიერად იქნა მიჩნეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე.ა-ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველ, მე-2 მუხლებზე, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და მიიჩნევს, რომ სადავო ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის რომ გარდაბნის გამგეობის 1994 წლის 30 დეკემბრის N204 გადაწყვეტილებით, ე.ა-ს, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დაუმაგრდა 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „...ის" გვერდით. მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების შინაარსზე და განმარტავს, რომ ტექ.ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მონაცემებით და 1994 წლის 30 დეკემბრის N204 გადაწყვეტილებით, ე.ა-სათვის მიმაგრებული მიწა წარმოადგენს მაღაზიის შემადგენელ ნაწილს. წარმომადგენლის მსჯელობით, გარდაბნის გამგეობის 1994 წლის 30 დეკემბრის N204 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს იმ ხარისხის დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდებოდა მიწის ნაკვეთის დამაგრების საკითხი ე.ა-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, ვინაიდან გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნულია - ეთხოვოს რაიონის გამგეობას დაამტკიცოს აღნიშნული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების შინაარსით, კასატორს გაურკვევლად მიაჩნია თუ სად გამოეყო მიწის ნაკვეთი. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ გარდაბანში, ...ის ქ.N...-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა - ნაგებობა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 7 მარტს, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 28 თებერვლის N99-2/101 მიმართვის საფუძველზე, ამასთან, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 29 მაისის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ. გარდაბანში, ...ის ქუჩის მიმდებარედ 601 კვ.მ.-ზე N... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ე.ა-ის საკუთრების უფლება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 მაისის N567 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ რეგისტრაციაში მოექცა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რის გამოც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისს გაცემული N567 საკუთრების უფლების მოწმობა გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. დავის ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N3/192-14), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ე.ა-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან ზედდების ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი აქტის გამოცემა. კომისიის 2016 წლის 01 ნოემბრის N7 ოქმის და N107/2016 განკარგულების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება ე.ა-ის საკუთრებად 601 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე და გაუქმდა 2008 წლის 27 მაისის N567 საკუთრების უფლების მოწმობა. წარმომადგენელი გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ ე.ა-ს სადავოდ არ აუხდია მის მიმართ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების და განკარგულების ბათილად ცნობის საკითხი. ასევე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია არც შემდგომ პერიოდში საკითხის ხელახალი განხილვის თაობაზე აღიარების კომისიის მიერ მიღებული უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებები. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში წარმომადგენელი ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.
კასატორი - ე.ა-ი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-19 მუხლებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-4, მე-12, 53-ე, 95-ე, 96-ე მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 247-253-ე მუხლებს და განმარტავს, რომ სარეგისტრაციოდ განკუთვნილ ქონებაზე დღესაც განთავსებულია შენობა - ნაგებობა, იგი შემოღობილია კაპიტალურად და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით ითხოვდა განახლებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იდენტურობის დადგენას მათი თანდასწრებით, რასაც მისივე მსჯელობით ითვალისწინებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ ახალი რეგულაცია.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 ნოემბრის N18-1821313138 წერილის შინაარსზე, სადაც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N15/56514) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის. წარმომადგენლის განმარტებით, იმავე მიწის ნაკვეთზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია სხვა შინაარსი მქონე პასუხიც, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, შესაბამისად მასზე იდენტურობის დადასტურება შეუძლებელია. წარმომადგენლისათვის გაუგებარია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა თუ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების სტატუსი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შეუძლებლობას, ვინაიდან მისივე მსჯელობით მოქმედი კანონმდებლობა იდენტურობის დადგენის საკითხის განხილვისას ასეთი ტიპის შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. კასაციის ავტორის განმარტებით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ევალება მხოლოდ იმის დადგენა, დაინტერესებული პირის საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ქონება რეალურად შეესაბამება თუ არა ფაქტობრივად არსებულ ქონებას. იმავდროულად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი მიმართვით ადგილობრივი თვითთმმართველობის ორგანოს უკვე აცნობა, რომ ფიქსირდება ზედდება ...(სახელმწიფო) საკადასტრო კოდთან. წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ ე.ა-ის ოჯახი წლების განმავლობაში ფლობს აღნიშნულ სადავო მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობა - ნაგებობას. ნაკვეთზე მის მიერ გაშენებულია ხე ნარგავები, ამოღებულია ჭა და შემოღობილია ტერიტორია. დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაინტერესებულ პირზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის წარდგენილი ყველა დოკუმენტი საკმარისი იყო მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა - ნაგებობის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის. მიუთითებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოდ არ გამხდარა, ასევე არ არსებობს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთ პირობებში ხორციელდება ობიექტის სხვა მესაკუთრეზე რეგისტრაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2008 წლის 27 მაისს ე.ა-ის მიმართ გაიცა №567 საკუთრების მოწმობა, ქალაქ გარდაბანში, ...ის ქუჩაზე მდებარე 600 კვ.მ ფართზე.
რეგისტრაციის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 29 მაისის N... გადაწყვეტილებით, ქალაქ გარდაბანში, ...ის ქუჩა №115, 601 კვ.მ ფართის უძრავი ქონება ს/კ ... საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ე.ა-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2008 წლის 27 მაისის №567 საკუთრების მოწმობა.
დადგენილია, რომ ქალაქ გარდაბანში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე ... არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და შენობა - ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი N...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 07 მარტს. საფუძველი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 28 თებერვლის N99-2/101 მიმართვა.
დადგენილია, რომ 2010 წლის 07 დეკემბერს სარეგისტრაციო განცხადებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ მოთხოვნილი იქნა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილებების რეგისტრაცია, რა დროსაც დადგინდა ზედდება N... საკადასტრო კოდით ე.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 09 მარტის №3192-14 გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისს ე.ა-ის სახელზე გაცემული №567 საკუთრების მოწმობა, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული 296,46 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობების (ყოფილი მაღაზია) ნაწილში და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 01 ნოემბრის №107/2016 განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება მოქალაქე ე.ა-ზე ქ. გარდაბანში ...ის ქუჩაზე მდებარე 600 კვ.მ (მთლიან ფართზე) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გაუქმდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2008 წლის 27 მაისს გაცემული საკუთრების მოწმობა №567.
დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით აღიარების კომისიის 2016 წლის 01 ნოემბრის №107/2016 განკარგულების შესაბამისად გაუქმდა ქალაქ გარდაბანში, ...ის ქუჩაზე მდებარე 601 კვ.მ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებული ე.ა-ის საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ 2020 წლის 12 თებერვალს ე.ა-მა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაცია 601 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 თებერვლის N... გადაწყვეტილებით, გამოთხოვილი იქნა დამატებითი დოკუმენტები სსიპ ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან. ამასთან დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ დგინდებოდა ზედდება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 09 მარტის N... გადაწყვეტილებით, ე.ა-ის განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 მაისის N... გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე.ა-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 09 მარტის N... გადაწყვეტილება და ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და გადაწყვეტილების მიღება, ფაქტობრივი დასაბუთების 3.1.13 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, დასახელებულ პუნქტში სააგენტომ მიუთითა ქალაქ გარდაბნის გამგეობის 1994 წლის 30 დეკემბრის N204 დადგენილებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ე.ა-ს დაუმაგრდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი, ქალაქ გარდაბანში ...ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,...ის“ გვერდით. სამსახურმა მიიჩნია, რომ დასახელებული დოკუმენტი სარეგისტრაციო სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია.
დადგენილია, რომ N... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ არ დგინდებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ 2022 წლის 31 მაისს საჯარო რეესტრს N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ე.ა-მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 601 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ე.ა-ს განემარტა, რომ განსახილველ საკითხზე უკვე არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება.
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... და 2022 წლის 06 ივნისის N... გადაწყვეტილებები, ე.ა-ის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით (04.07.2022 წ).
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ე.ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
საქართველოს ეროვნული არქივის 2021 წლის 21 მაისის N15/56514 წერილის მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული, გარდაბნის რაიონის ქალაქ გარდაბნის 1994 წლის 30 დეკემბრის N204 გადაწყვეტილებით, ე.ა-ს დაუმაგრდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი, ქალაქ გარდაბანში ...ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,, ...ის“ გვერდით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 25 ივნისის წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი (...) ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (N...).
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 09 ნოემბრის წერილის მიხედვით, ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N15/56514) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის.
პირველყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 აგვისტოს N... გადაწყვეტილება ნაწილობრივ და ახალი აქტის გამოცემის დავალება), ხოლო ე.ა-ის მიერ სასამართლს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ამდენად სადავო გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასების პირობებში, საკასაციო პალატა შეაფასებს რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილ მტკიცებულებებს რომელთა შეფასება, დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრების და შესაბამისად სარჩელის სამართლებრივ ბედს.
წარმოდგენილ საჩივრებზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონით განსაზღვრულია თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
საკასაციო საჩივრების შინაარსის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 25 ივნისის და 2021 წლის 09 ნოემბრის წერილებზე, სადაც მითითებულია, რომ ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი (...) ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (N...), ასევე, ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N15/56514) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის. აღნიშნულით ირკვევა, რომ გამგეობის მიერ ვერ იქნა დადასტურებული უფლების დამდგენ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. განსახილველ შემთხევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანო დაეყრდნო გამგეობის წერილებს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ წერილი თავის მხრივ, არ მიუთითებდა, რომ დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი კონკრეტულ ადგილას არ მდებარეობდა. ადგილობრივი მმართველობის ორგანო აღნიშნავდა, რომ არასაკმარისი მონაცემების გამო ვერ დაადგინა იდენტურობა.
საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. დავის საგნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობა. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2015 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებაზე. როგორც სადავო 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით ირკვევა, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დაუდასტურებლობა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით, დადგენილია ე.ა-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა შეაფასოს მასთან დაცული მონაცემები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. აღნიშნული კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 09 მარტის №3-192-14 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.ა-ის საკუთრების უფლების კანონიერება დადასტურდა სასამართლო განხილვის შედეგად ქონების იმ ნაწილზე, რომელ ნაწილშიც არ იქნა ბათილად ცნობილი აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 27 მაისს ე.ა-ის სახელზე გაცემული №567 საკუთრების მოწმობა (601-296,46=304,54). პალატა მიუთითებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გათვალისწინების სავალდებულოობაზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები სავალდებულოდ გასათვალისწინებელია სადავო საკითხის განხილვის დროს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია გასცდა სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული საკითხის ფარგლებს და სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონიერად მიჩნეულ ნაწილშიც ბათილად ცნო საკუთრების მოწმობა №567, აღნიშნული კი პალატის შეფასებით, ვერ გააქარწყლებს სადავო საკითხზე მიღებულ კანონიერ ძალაში მყოფ სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ მნიშვნელობას. აქვე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ე.ა-ის საკუთრების უფლება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ საზღვრებში უკვე იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 2008 წელს გარდაბნის გამგეობის 1994 წლის 30 დეკემბრის N204 გადაწყვეტილების საფუძველზე, ამდენად, კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ის მითითება, რომ გარდაბნის გამგეობის 1994 წლის 30 დეკემბრის N204 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს იმ ხარისხის დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდებოდა მიწის ნაკვეთის დამაგრების საკითხი ე.ა-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, ვინაიდან გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნულია - ეთხოვოს რაიონის გამგეობას დაამტკიცოს აღნიშნული გადაწყვეტილება, არ წარმოადგენს შედეგის შედავებისთვის საპირწონე არგუმენტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით არ გამოუკვლევია, თუ სად მდებარეობდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, ხოლო კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებულმა ადმინისტრაციულმა წარმოებამ, თავის მხრივ, გამოიწვია მოსარჩელე (კასატორი) ე.ა-ის საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამდენად, საკასაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით განმარტავს შემდეგს: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებლად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემის დავალებას. რაც შეეხება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სადავო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 ივნისის N... გადაწყვეტილებას, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე მითითებით, საკასაციო პალატა ეთანხმება საქმის განმხილველი სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, მართებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, განმეორებით განეხილა სადავო საკითხი. ამდენად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის - ე.ა-ის მსჯელობას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში კასატორის შედავება უსაფუძვლოა. რაც შეეხევა სადავო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 აგვისტოს N... გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე აპელირებით განმარტავს შემდეგს: ვინაიდან გაზიარებულია შედეგი - რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილების სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 აგვისტოს N... გადაწყვეტილების იმ ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე.ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი ამავე სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორებმა ვერ შეძლეს ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრების შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ე.ა-ის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე.ა-ის (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 17 სექტემბერს გადახდილი აქვს (N... გადახდის ქვითარი; ...) სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მასვე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ა-ის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ე.ა-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 17 სექტემბერს გადახდილი (N... გადახდის ქვითარი; ...) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე