Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-868(კ-24) 03 დეკემბერი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ.ბ-ვ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ფ.ბ-ვმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 26.12.2023 წლის N1000920199 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 121-136). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 184-191). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. სასამართლოს მიერ დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, კასატორმა 27.11.2025 წელს განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ.: განცხადება, ს.ფ.226).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

7. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

10. 27.11.2025 წელს კასატორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე (იხ.: განცხადება, ს.ფ.226). აღნიშნული სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

11. სასკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი (იხ.: სუსგ №ბს-1109(კ-23), 08.07.2024 წელი; №ბს-489(კ-23), 27.09.2024 წელი; №ბს-859(2კ-24), 09.10.2024 წელი; ბს-588(კ-24), 28.01.2025 წელი).

12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა მისი დასაშვებობის შემოწმებამდე, არსებობს მისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნების საფუძველი (შდრ №ბს-489(კ-23), 27.09.2024 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სსსკ-ის მე-3, 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.ბ-ვის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ფ.ბ-ვის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2024 წლის განჩინებაზე.

3. ფ.ბ-ვის (პასპორტის ნომერი: ...) უკან დაუბრუნდეს დ.თ-ის (პირადი ნომერი: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (საგადასახადო დავალება ..., გადახდის თარიღი 25.07.2024 წელი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე