საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-512(კ-25) 2 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ბ. რ-ა, ვ. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - შპს „ს...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ბ. და ვ. რ-ამა 2023 წლის 21 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 12 ოქტომბრის №3021 განკარგულების ბათილად ცნობა ასევე მოპასუხისთვის, ქ. თბილისში, ... 2 დასახლება, ...ს ქუჩა №...-ის (დაზუსტებული ფართობი - 556.00 კვ.მ; ს/კ: ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 149.00 კვ.მ.) ბ. და ვ. რ-აის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ბ. რ-ას და ვ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ბ. რ-ას და ვ. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლოს განჩინება გამოტანილია დაუსაბუთებლად. ისინი აღნიშნავენ, რომ მაგისტრალური მილსადენი, რომელზეც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანო, არის უფუნქციო და მასში არ გაედინება გაზი. ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებულია ფიზიკურ პირთა საკუთრებაში და ამავე საფუძვლით მათთვის უარი არ უთქვამთ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორები მიუთითებენ მიწის ნაკვეთის ორთოფოტოებზე. მათი მოსაზრებით, უსამართლობაა, როდესაც მეზობელ მიწის ნაკვეთზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული შეზღუდვა იმის გამო, რომ საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გთვალისწინებით, კასატორები მიიჩნევენ, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით ბ. და ვ. რ-აის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. და ვ. რ-აის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეებისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მილსადენის გავლის საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს ბ. რ-ამ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წერილი) საფუძველზე მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ს მე-2 დასახლება, ...ს ქუჩა №...; ს/კ: ...) საკადასტრო მონაცემების დაზუსტება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 ივლისის №... წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსახილველად გადაეგზავნა ბ. რ-ას მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე, სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს მე-2 დასახლება, ...ს ქუჩა №....
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 14 სექტემბრის №16- 01232573112 წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ს 2 დასახლება, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე; 705 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და აცნობა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-1) ზონა. მასზე გათვალისწინებულია სისტემური რეგისტრაცია (აღრიცხულია ბ. რ-აზე) და გაზსადენის 1 და 2 ზონის შეზღუდვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 28 სექტემბრის №61 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის №7 საკითხი), ბ. რ-ას და ვ. რ-ას უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს მე-2 დასახლება, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 149.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 12 ოქტომბრის №3021 განკარგულებით, ბ. რ-ას და ვ. რ-ას უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ...ს მე-2 დასახლება, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 149.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკლევის შედეგად, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა მილსადენის I და II ზონის შეზღუდვა. აღნიშნული გარემოება კი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2020 წლის 16 ივლისის №1-1529 წერილით ბ. რ-ას ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) მინიმალური დაშორება „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენიდან შეადგენდა 10 (ათი) მეტრს. აღნიშნული გაზსადენის მუშა წნევა მოცემულ მონაკვეთში დადგენილი იყო 0,3 მგპა-დან 1,2 მგპ-ს ჩათვლით. შესაბამისად, „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების თანახმად, ნაკვეთი გადიოდა მაგისტრალური გაზსადენის დაცვის მეორე ზონის საზღვარზე (ვრცელდება დაცვის პირველი ზონის გარე საზღვრიდან 6 მეტრზე ორივე მხარეს) და მდებარეობდა საკონსულტაციო მეოთხე ზონაში (ვრცელდება დაცვის მეორე ზონის გარე საზღვრიდან 490 მეტრზე ორივე მხარეს). მხარეს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, ბ. რ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ფართობით - 556 მ2) შეზღუდვები არ ვრცელდებოდა. რაც შეეხება, მხარის მიერ მოთხოვნილ დაურეგისტრირებელ მონაკვეთს, ის მდებარეობდა მაგისტრალური გაზსადენის დაცვის პირველ (ვრცელდება მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან 4 მეტრი ორივე მხარეს) და დაცვის მეორე (ვრცელდება დაცვის პირველი ზონის გარე საზღვრიდან 6 მეტრზე ორივე მხარეს) ზონებში. დაცვის პირველ და მეორე ზონებში მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან 10 (ათი) მეტრის მანძილზე ყოველგვარი სამშენებლო ან სხვა სახის საქმიანობა იკრძალება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური გაზსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. დაცვის პირველ ზონაში შესაძლებელია ერთწლიანი კულტურების და ბუჩქოვანი მცენარეების დარგვა, ხოლო დაცვის მეორე ზონაში - დაბალი ტანის ხეხილის გაშენება. ამავე ზონაში ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის (არაკაპიტალური) ღობის მოწყობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტი განიმარტება, როგორც მაგისტრალურ მილსადენთან უშუალოდ დაკავშირებული მიწისქვეშა ან მიწისზედა შენობა-ნაგებობა, დანადგარი, რომელიც დაკავშირებულია მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაციასთან, რაც მოიცავს: ონკანებს, სატუმბ, საკომპრესორო, გაზსაზომ და მანაწილებელ სადგურებს, კათოდური და ელექტროქიმიური დაცვის სისტემებს და ა.შ. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი დაცვის ზონა არის მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან გარკვეულ მანძილზე გავრცელებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, რომელზეც ოპერატორი ახორციელებს კონტროლს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაგისტრალურ მილსადენებს აქვთ დაცვის ორი ზონა, კერძოდ, I ზონა და II ზონა, ასევე უსაფრთხოების III ზონა და საკონსულტაციო IV ზონა. „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში იკრძალება შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა. დასაშვებია სხვა ხაზობრივი ნაგებობებით მაგისტრალური გაზსადენის გადაკვეთა. ამ ზონაში სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს ოპერატორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით და მისი წარმომადგენლის მეთვალყურეობით.
საქმეში დაცულია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2020 წლის 16 ივლისის №1-1529 წერილი, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის (ს/: ...) მინიმალური დაშორება „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700მმ- იანი მაგისტრალური გაზსადენიდან შეადგენდა 10 (ათი) მეტრს. აღნიშნული გაზსადენის მუშა წნევა მოცემულ მონაკვეთში დადგენილი იყო 0,3 მგპა-დან 1,2 მგპ-ს ჩათვლით. შესაბამისად, „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების თანახმად, ნაკვეთი გადიოდა მაგისტრალური გაზსადენის დაცვის მეორე ზონის საზღვარზე (ვრცელდება დაცვის პირველი ზონის გარე საზღვრიდან 6 მეტრზე ორივე მხარეს) და მდებარეობდა საკონსულტაციო მეოთხე ზონაში (ვრცელდება დაცვის მეორე ზონის გარე საზღვრიდან 490 მეტრზე ორივე მხარეს). ამავე წერილის თანახმად, მოთხოვნილი დაურეგისტრირებელი მონაკვეთი მდებარეობდა მაგისტრალური გაზსადენის დაცვის პირველ (ვრცელდება მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან 4 მეტრი ორივე მხარეს) და დაცვის მეორე (ვრცელდება დაცვის პირველი ზონის გარე საზღვრიდან 6 მეტრზე ორივე მხარეს) ზონებში. დაცვის პირველ და მეორე ზონებში მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან 10 (ათი) მეტრის მანძილზე ყოველგვარი სამშენებლო ან სხვა სახის საქმიანობა იკრძალება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური გაზსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. დაცვის პირველ ზონაში შესაძლებელია ერთწლიანი კულტურების და ბუჩქოვანი მცენარეების დარგვა, ხოლო დაცვის მეორე ზონაში დაბალი ტანის ხეხილის გაშენება. ამავე ზონაში ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის (არაკაპიტალური) ღობის მოწყობა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმისთვის არსებობდა კანონისმიერი საფუძველი. სწორედ ამიტომ, სადავო აქტი არ ექვემდებარება ბათილად ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ბ. და ვ. რ-აის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. ი. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბ. და ვ. რ-აის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 14 აპრილს №26822162247 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე