საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-636(კ-25) 2 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. ნ-იმა 2023 წლის 07 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 19 მაისის №1573 განკარგულების ბათილად ცნობა; ასევე მოპასუხისათვის, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, „ე...ს“ ქარხნის მოპირდაპირე ტერიტორიაზე მდებარე 1967.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა მოწმეთა ჩვენებები, დაუსაბუთებლად დაეყრდნო ორთოფოტოებსა და ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას. კასატორის განმარტებით სასამართლომ არ იმსჯელა მოწმის ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მან სადავო მიწაზე 1985 წელს აუშენა სახლი ა. ნ-ის, შენობა იყო განთავსებული ხის ქვეშ და ამან განაპირობა ის გარემოება, რომ არ ჩანდა ორთოფოტოზე, რაც ასევე დაადასტურეს მოწმეებმა და რაც არ გამოუკვლევია ადმინისტრაციულ ორგანოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გთვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 12 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა. ნ-ის N... განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, „ე...ს“ ქარხნის მოპირდაპირე ტერიტორიაზე მდებარე 1967.00 მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: - დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; - ორთოფოტო; - ბ. კ-ის, ბე. კ-ასა და მ. კ-ის განცხადებები, რითაც დასახელებულმა პირებმა სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერებით დაადასტურეს განმარტება მასზე, რომ ა. ნ-ი 2005 წლიდან ფლობდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, „ე...ს“ ქარხნის მოპირდაპირე ტერიტორიაზე მდებარე 1967.00 მიწის ნაკვეთს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის N... წერილით ა. ნ-ის N... განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 1 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებითა (სხდომის ოქმი N28) და მის საფუძველზე 2023 წლის 19 მაისს გამოტანილი N1573 განკარგულებით ა. ნ-ის უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, „ე...ს“ ქარხნის მოპირდაპირე ტერიტორიაზე არსებული 1967.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ არ დადასტურდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით - აეროგადაღებებით და ფოტოსურათებით დადგინდა, რომ განსახილველ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა განთავსდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, რაც დაადასტურა თავად დაინტერესებულმა პირმა 2023 წლის 1 მაისის სხდომაზე, როცა განმარტა, რომ ნაკვეთზე შენობა ააშენა 2014 წელს. ამავე განკარგულების მიხედვით, კომისიის მიერ, ასევე, დადგენილ იქნა, რომ განსახილველი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა საკუთრების უფლების აღიარებისათვის აკეთებს იმპერატიულ დათქმას იმის შესახებ, რომ დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე, ამასთან უნდა დასტურდებოდეს 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის არსებობაც, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა, უპირველე ყოვლისა, ცხადად უნდა დასტურდებოდეს შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, ამასთან ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი უწყვეტად - კანონის ამოქმედებამდე პერიოდიდან მოყოლებული, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტის ჩათვლით.
საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად კასატორის მითითებისა, არ დასტურდება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობის ფაქტი. კერძოდ, მართალია, მოსარჩელე მიუთითებს სადავო მიწის ნაკვეთის დაკავების თაობაზე 1985 წლიდან, თუმცა არ დასტურდება დასახელებულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი 2007 წლამდე პერიოდში, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა განცხადებები, რომლებითაც აღნიშნულმა პირებმა სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერებით დაადასტურეს განმარტება მასზე, რომ ა. ნ-ი 2005 წლიდან ფლობდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, „ე...ს“ ქარხნის მოპირდაპირე ტერიტორიაზე არსებულ 1967.00 მიწის ნაკვეთს, თუმცა არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე სადავო ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მიუთითეს შენობის არსებობაზე, განსახილველი მიწის ნაკვეთის 2005, 2010 და 2014 წლების მდგომარეობის ამსახველი ორთოფოტოების მონაცემები გამორიცხავს ხსენებულ პერიოდში მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე