Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1082(კ-25) 9 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ.ო.ე.დ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ.ო.ე.დ-ამ 2025 წლის 4 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 15 იანვრის №03/00015177/2024-03 გადაწყვეტილებისა და მინისტრის 2025 წლის 3 თებერვლის №01-92 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ვ.ო.ე.დ-ას მიმართ ვიზის გაცემის თაობაზე.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე სუდანის მოქალაქეა, სწავლობს ...ის ...ის ფაკულტეტზე და სწავლის დასრულებამდე დარჩენილი აქვს სამი სემესტრი. მას სამჯერ ჰქონდა ბინადრობის ნებართვა მოპოვებული, პირველად 2020 წელს და ამჯერადაც სურს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნა და სწავლის გაგრძელება. საქართველოში კანონიერად ბინადრობის ვადის ამოწურვის შემდგომ, ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ მოსარჩელე საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას აკმაყოფილებდა.

იუსტიციის სამინისტროდან დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ვიზის მიღების მიზნით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით. განცხადებასთან ერთად წარადგინა ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი, რაც აუცილებელი იყო განაცხადის რეგისტრაციის დროს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 15.01.2025 წლის გადაწყვეტილებით (03/00015177/2024-03) უარი ეთქვა სავიზო განაცხადის დაკმაყოფილებაზე და საქართველოს ვიზის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ აღარ არსებობდა ან ვერ დასტურდებოდა მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო საქართველოს ვიზა. მოსარჩელე არ იზიარებს სამინისტროს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სურს დაასრულოს საბაკალავრო პროგრამა და აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს საშუალებით აღიდგენს საკუთარ უფლებას და მიიღებს ვიზას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.ო.ე.დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად მოიძია და გამოიკვლია სათანადო ინფორმაცია, შეამოწმა მტკიცებულებები და მიღებული ინფორმაციის შედეგად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მართებულად უთხრა უარი ვ.ო.ე.დ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით, ვ.ო.ე.დ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, 2024 წლის 17 დეკემბერს, ვ.ო.ე.დ-ამ №... განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და საქართველოს ვიზის გაცემა მოითხოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2025 წლის 15 იანვრის №03/15177/2024-03 გადაწყვეტილებით ვ.ო.ე.დ-ას უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე შემდეგი საფუძვლით - აღარ არსებობდა, ან ვერ დასტურდებოდა მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო საქართველოს ვიზა. ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 დეკემბრის №100999990 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სუდანის რესპუბლიკის მოქალაქის - ვ.ო.ე.დ-ას 2024 წლის 10 დეკემბრის №1000999990 განცხადება და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2025 წლის 16 თებერვლამდე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება მოიაზრებს იმას, რომ უცხოელს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა და ერთჯერადად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის შესაბამისად, გადაუვადდა გასვლა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეულ ობიექტურ მიზეზთა გამო ესაჭიროება დამატებითი დრო საქართველოდან გამგზავრების ორგანიზებისათვის და არა საქართველოში დარჩენის შესაძლებლობების მოძიებისათვის. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ცხადად განსაზღვრავს წესს, რომ უცხოელმა საქართველოს ვიზის მისაღებად შესაბამის ორგანოს უნდა მიმართოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ გაურკვეველ მიზეზთა გამო არ უზრუნველყო. შესაბამისად, პალატის შეფასებით არსებობდა საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ო.ე.დ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ ვერ განმარტა, თუ რა გარემოებებზე და რა სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ კასატორის მიმართ ვიზის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება იყო კანონიერი, რადგან მოცემულ საქმეზე იკვეთებოდა ორი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებების ურთიერწინააღმდეგობრიობა; კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კასატორის მიმართ დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის ვალდებულების გადავადების მოთხოვნა, რაც პირდაპირ გულისხმობს კასატორის საქართველოში დარჩენის მიზნის არსებობას (სწავლის გაგრძელება). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი უარი განაცხადა ვიზის გაცემაზე იმ მოტივით, თითქოს ეს მიზანი აღარ არსებობდა ან ვერ დასტურდებოდა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ მისცა იურიდიული შეფასება ამ წინააღმდეგობას და არ განმარტა, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე სახელმწიფოში მოქმედი ორი ორგანო ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდეს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გადაწყვეტილების არასაკმარისად დასაბუთებულობის არგუმენტს.

კასატორმა აღნიშნა, რომ იგი საქართველოში ჩამოვიდა სწავლის მიზნით და დღესაც აგრძელებს სწავლას. ეს გარემოება თავისთავად ადასტურებს, რომ ვიზის გაცემის მიზანი რეალურად არსებობს. მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ განაცხადი დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ იქნა წარმოდგენილი, მიზნის არქონა არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ მიზეზად. ვადის გასვლის ფაქტი არ შეიძლება ინტერპრეტირდეს ისე, თითქოს ავტომატურად აღარ არსებობს ვიზის გაცემის მიზანი. ეს მიდგომა არღვევს პრინციპს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არსებით გარემოებებს და არა მხოლოდ ფორმალურ საფუძვლებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვ.ო.ე.დ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ო.ე.დ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, უცხოელის საქართველოში კანონიერად შემოსვლის/ყოფნის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ვიზის მიღებაა, რომელსაც გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. ამასთან, კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვიზა არის დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ (შემდეგში - „წესი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ვიზის გაცემასთან, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე „წესის“ 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამინისტროს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემის მიზნით, სავიზო განაცხადი წარედგინება უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა.

მითითებული „წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, სავიზო განაცხადის განხილვის დროს ვიზის გამცემი ორგანო იკვლევს, არსებობს თუ არა ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. ამავე „წესის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ვიზის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას, თუ აღარ არსებობს ან ვერ დასტურდება მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო ვიზა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 დეკემბრის №1000999990 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სუდანის რესპუბლიკის მოქალაქის - ვ.ო.ე.დ-ას 2024 წლის 10 დეკემბრის №1000999990 განცხადება და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2025 წლის 16 თებერვლამდე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

2024 წლის 17 დეკემბერს, ვ.ო.ე.დ-ამ №... განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და მოითხოვა D3 კატეგორიის ვიზა, რომელიც ვიზის გაცემის წესის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ პირებზე, ასევე, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე. აღნიშნული მოთხოვნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2025 წლის 15 იანვრის №03/00015177/2024-03 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას საქართველოდან გასვლის გადავადების გამო, ქვეყნის დატოვების ვალდებულების წარმოშობის შესახებ, ვინაიდან საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება გულისხმობს იმას, რომ უცხოელს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა და ერთჯერადად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის შესაბამისად, გადაუვადდა გასვლა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეულ ობიექტურ მიზეზთა გამო ესაჭიროება დამატებითი დრო საქართველოდან გამგზავრების ორგანიზებისათვის და არა საქართველოში დარჩენის შესაძლებლობების მოძიებისათვის.

გარდა ამისა საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უცხოელმა საქართველოს ვიზის მისაღებად შესაბამის ორგანოს უნდა მიმართოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დარღვეულია; კერძოდ, მან ვიზის მიღების მოთხოვნით სამინისტროს მიმართა 2024 წლის 17 დეკემბერს, მას შემდეგ რაც 16 დეკემბერს უკვე წარმოეშვა ქვეყნის დატოვების ვალდებულება. მიუხედავად სწავლის გაგრძელების სურვილისა, მოსარჩელის სუბიექტური დამოკიდებულება და სურვილი ვერ იქნება კანონით იმპერატიულად დადგენილი წესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, შესაბამისად, არსებობდა საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი, განაცხადის ვადის დარღვევით წარდგენის გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ო.ე.დ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - ვ.ო.ე.დ-ას (პასპორტის №...) დაუბრუნდეს 30.09.2025წ. №... საგადახდო დავალებით შპს „...ის“ (ს/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მიქაუტაძე

ბ. სტურუა