Facebook Twitter

№58აპ-15 19 მაისი, 2015 წელი

ჩ-ე თ.- 58აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ – ფ. ქ-ის

ადვოკატების – რ. ხ-ას, ი. შ-ის

მსჯავრდებულების – თ. ჩ-ის, მ. გ-ის

მსჯავრდებულების კანონიერი წარმომადგენლების - ნ. ზ-ის, ი. ჩ-ის

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულების - თ. ჩ-ისა და მ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, რ. ხ-ასა და ი. შ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განაჩენით თ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

2. ამავე განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

3. თ. ჩ-ისა და მ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: თ. ჩ-ე მეგობარ მ. გ-სთან წინასწარი შეთანხმებით და მასთან ერთად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2013 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ის ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა ტაქსის მძღოლ მ. კ-ეს. მათ, თ. ჩ-ის მიერ დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვეს თანხის გადაცემა. ტაქსის მძღოლმა მათ გაუწია აქტიური წინააღმდეგობა, რის გამოც თ. ჩ-ე და მ. გ-ე გაიქცნენ. დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით მ. კ-ე გამოედევნა თავდამსხმელებს, რომელსაც მიახლობისას თ. ჩ-ემ დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებების მიუხედავად, მ. კ-ე გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

4. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის თ. ჩ-ეს მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 5 სექტემბრიდან.

5. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის მ. გ-ეს მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 28 აგვისტოდან.

6. ნივთიერი მტკიცებულებები: ვიდეომეთვალყურეობის კამერის ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე და შპს „მ-დან“ ამოღებული ინფორმაციის ამსახველი ერთი ცალი CD დისკი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; მ. კ-ის შარვალი, ორი მაისური, ტრუსი და პირსახოცი (ერთი პაკეტი), ავტომანქანიდან ამოღებული ბალიშისპირი (ერთი პაკეტი) და ავტომანქანიდან ამოღებული ცხვირსახოცი (ერთი პაკეტი), რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ა/რ-ის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ხელკეტი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება აჭარის ა/რ-ის მთავარ სამმართველოში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილიდან და ხელკეტიდან აღებული ანაწმენდები (ერთი პაკეტი) და მ. კ-ის სისხლის ნიმუში (ერთი პაკეტი), რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ა/რ-ის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - თ. ჩ-ისა და მ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-ამ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი საფუძვლებით: გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; თ. ჩ-ის ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 19,108-ე მუხლით არასწორია, ვინაიდან მტკიცებულებებით დადგენილია, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - თ. ჩ-ისა და მ. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რ. ხ-ამ და ი. შ-ემ. მათ ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; ასევე უკანონოა გასაჩივრებული განაჩენი თ. ჩ-ის მიმართ სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებასთან მიმართებით, ვინაიდან იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში; არ არის სწორი ის, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულების ჩვენებები; მტკიცებულებებს შორის, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მათი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. დაზარალებულ მ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა „მერსედეს–ბენცი“, სახელმწიფო ნომრით ..., რომლითაც სამსახურისგან თავისუფალ დროს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით ემსახურება კლიენტებს. 2013 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, მასთან მივიდა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც სთხოვეს ს-ში, „ბ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წაყვანა და შეთანხმდნენ მგზავრობის საფასურზე, 5 ლარზე. კლიენტებიდან დაბალი, როგორც შემდეგ გაირკვა მ. გ-ე, დაჯდა წინ, მძღოლის გვერდით სავარძელზე, ხოლო მაღალი, როგორც შემდეგ გაირკვა თ. ჩ-ე, - უკანა სალონში არსებულ სავარძელზე. მგზავრობისას, როდესაც გასცდნენ ე.წ. „ბ-ას“, ერთ–ერთმა მეორეს სამჯერ უთხრა „შენ ხომ არ გააფრინეო“. ს-ში ერთ–ერთი მოსახვევის გავლის შემდეგ მ. კ-ეს სთხოვეს ავტომანქანის გაჩერება, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა. იმავდროულად, თ. ჩ-ემ უკნიდან მიადო დანა და უთხრა „ფული ან სულიო“, ხოლო მ. გ-ემ კი – „შენ არ გესმის, ჩქარა ფულიო“. მ. კ-ემ დაიყვირა, სწრაფად ჩამოვიდა მანქანიდან და ავტომანქანის კარის გვერდიდან გადმოიღო ხის ჯოხი, რომელსაც ინახავდა თავდაცვის მიზნით. მისი გადმოსვლისთანავე უკანა სავარძელზე მჯდომი პირი სწრაფად გადმოვიდა ავტომანქანის უკანა ფანჯრიდან, ისე, რომ კარი არ გაუხსნია, ხოლო წინა სავარძელზე მჯდომი გახსნილი კარიდან გადმოვიდა მანქანიდან. უკანა სავარძელზე მჯდომ პირს (რომელსაც ჰქონდა დანა) მანქანიდან გადმოხტომისთანავე მ. კ-ემ შეშინებისა და მოგერიების მიზნით ზურგის არეში ძლიერად დაარტყა ჯოხი. ამის შემდეგ იგი გამოედევნა თავდამსხმელებს, რათა უკან არ მობრუნებულიყვნენ და ავტომანქანა არ დაეზიანებინათ. დევნისას მ. გ-ემ ქვა ორჯერ დაარტყა თავში, რა დროსაც დაეცა, იმავდროულად თ. ჩ-ემ დანა დაარტყა ფეხსა და მუცლის არეში. დაზიანებების მიყენების შემდეგ თ. ჩ-ე და მ. გ-ე გაიქცნენ. მ. კ-ე დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე დაბრუნდა ავტომანქანაში, ხოლო შემდეგ იქვე მცხოვრები ნაცნობების დახმარებით მოხვდა საავადმყოფოში. მ. კ-ემ ასევე განმარტა, რომ მან საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა და ამოიცნო თავდამსხმელები.

3. დაზარალებულ მ. კ-ის მიერ ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება 2013 წლის 25 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ფოტოტაბულით).

4. 2013 წლის 4 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ მ. კ-ემ ამოიცნო თ. ჩ-ე და მ. გ-ე.

5. მოწმე ლ. ზ-ის ჩვენებით, რომელიც არის თ. ჩ-ის ნათესავი დადგენილია, რომ 2013 წლის 2 ივნისს, დილის საათებში, მასთან ოჯახში მივიდა თ. ჩ-ე. მოგვიანებით ეს უკანასკნელი ტელეფონით ესაუბრებოდა ვიღაც პირს, რა დროსაც ლ. ზ-მა გაიგონა თ. ჩ-ის საუბარი, რომ ღამით ვიღაც პირთან კონფლიქტი მოუხდა.

6. 2013 წლის 2 ივნისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით ,, ... “, სხვადასხვა ნივთთან ერთად ამოიღეს ხელკეტი.

7. 2013 წლის 2 ივნისის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული და ამოღებულ იქნა მ. კ-ის ტანსაცმელი.

8. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, მ. კ-ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ქ. ბ-ის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში 2013 წლის 2 ივნისიდან. აღენიშნებოდა: ნაკვეთ–ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში, შუა ხაზიდან ოდნავ მარჯვნივ ღვიძლის მარჯვენა წილის გამჭოლი და კუჭის წინა კედლის დაზიანებით; ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში; ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში, ბარძაყის ღრმა არტერიისა და საჯდომი ნერვის ნაწილობრივი დაზიანებით; ნაფლეთოვანი ჭრილობა მარცხენა ყურის არეში; ექსკორიაციები თხემის მიდამოში. ნაფლეთოვანი ჭრილობა მარცხენა ყურის არეში და ექსკორიაციები თხემის მიდამოში განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედებით, ხოლო ჭრილობები მუცლის წინა ზედაპირზე, მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, მარჯვენა ბარძაყის არეში განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის/საგნების ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

9. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი მ. კ-ის ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ–მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ მ. კ-ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.

10. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია შემდეგი:

Ø მ. კ-ის სისხლი მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს და Rh (D+) რეზუს დადებით ფაქტორს;

Ø მ. კ-ის ორ მაისურზე, შარვალზე, ტრუსსა და პირსახოცზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს და Rh (D+) რეზუს დადებით ფაქტორს;

Ø ა/მანქანიდან ამოღებულ: ორ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს და Rh (D+) რეზუს დადებით ფაქტორს;

Ø ხელკეტსა და ხელკეტიდან აღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს და Rh (D+) რეზუს დადებით ფაქტორს;

Ø ბალიშისპირზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს და Rh (D+) რეზუს დადებით ფაქტორს;

Ø მ. კ-ის სისხლი და მ. კ-ის ორ მაისურზე, შარვალზე, ტრუსზე, პირსახოცზე, ა/მანქანიდან ამოღებულ ორ ანაწმენდზე, ბალიშისპირზე, ხელკეტსა და ხელკეტიდან არსებულ ანაწმენდზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Аβ /II/ ჯგუფს და Rh (D+) რეზუს დადებით ფაქტორს.

11. მოწმე ო. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში. საცხოვრებელ სახლში ყოფნისას გაიგონა ხმა – მოქალაქე ითხოვდა დახმარებას. ეს პირი აღმოჩნდა მ. კ-ე, რომელიც იყო დაჭრილი. მას დაეხმარა ავტომანქანის მობრუნებაში და გაჩერდნენ იქვე მცხოვრებ ლ. თ-ის სახლთან. ლ. თ-ემ დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, იმავდროულად კი მ. კ-ის ავტომანქანით გაემართნენ ქ. ბათუმში, საავადმყოფოში. გზაში შემოხვდათ სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, რომელშიც გადაიყვანეს დაჭრილი. ო. ა-ის ჩვენების თანახმად, მან ავტომანქანიდან აიღო ფული - ხუთლარიანი კუპიურა და ერთლარიანი რკინის მონეტა და იყიდა საწვავი, რომელიც ჩაასხა მ. კ-ის ავტომანქანაში.

12. მოწმე ლ. თ-ემ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მოწმე ო. ა-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. მსჯავრდებულებმა – თ. ჩ-ემ და მ. გ-ემ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ტაქსის მძღოლის, დაზარალებულ მ. კ-ის დაყაჩაღების განზრახვა არ ჰქონიათ. ისინი აპირებდნენ მეგობართან მისვლას, რომელსაც უნდა მიეცა ფული ტაქსის მძღოლისათვის გადასაცემად. გზაში მძღოლი გაბრაზდა, თუ ფული არ გქონდათ, რატომ წამომიყვანეთო, დაიწყო გინება, გააჩერა მანქანა, საიდანაც გადმოხტა, ისინიც გადმოხტნენ და გაიქცნენ. თ. ჩ-ემ ასევე განმარტა, რომ მ. კ-ე მათ დაედევნა და მას თავისა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელკეტი, რა დროსაც თ. ჩ-ემ მ. კ-ეს ფეხის არეში დაარტყა დანა, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ.

14. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ მ. კ-ის ჩვენების დამაჯერებლობაზე და მიაჩნია, რომ მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დასტურდება: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შემთხვევის ადგილზე ყოფნას და იმ გარემოებას, რომ თ. ჩ-ე და მ. გ-ე მგზავრობდნენ მ. კ-ის ტაქსით, თვითონაც არ უარყოფენ, თუმცა უარყოფენ დაყაჩაღების განზრახვის არსებობას. ამასთან, გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ ფიქსირდება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულების - თ. ჩ-ისა და მ. გ-ის მიერ დაზარალებულზე ჯგუფურად თავხასხმის ფაქტი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. მტკიცებულებათა ანალიზით ნათელია და სადავო არ არის, რომ თ. ჩ-ემ და მ. გ-ემ დაიქირავეს მ. კ-ის ტაქსი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ს-ში ,,ბ-ის“ მიმდებარე ტერიტორიისაკან. დაზარალებულ მ. კ-ის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოცნობის ოქმებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, რომელთა სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დგინდება, რომ დაზარალებულს გააჩერებინეს მანქანა, თ. ჩ-ემ უკნიდან მიადო დანა და მიმართა - ,,ფული ან სულიო“, ასევე მ. გ-მაც უთხრა, რომ ჩქარა მიეცა ფული. დაზარალებულმა მოახერხა ავტომანქანიდან გადმოსვლა, ავტომანქანის კარის გვერდიდან ამოიღო ჯოხი და თავდამსხმელების მოგერიების მიზნით ზურგში ძლიერად დაარტყა ერთ-ერთ მათგანს. პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი, თავდასხმა დაზარალებულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში რეალური მუქარა, რომლებიც მიმართული იყო დაზარალებულის კუთვნილი მოძრავი ნივთის დაუფლებისაკენ. ასევე ცალსახაა, რომ მ. კ-ზე თავდასხმაში ერთობლივად, ჯგუფურად მონაწილეობდნენ თ. ჩ-ე და მ. გ-ე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი თ. ჩ-ისა და მ. გ-ის მსჯავრდების თაობაზე სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში კანონიერია და ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

16. რაც შეეხება თ. ჩ-ის მსჯავრდებას განზრახ მკვლელობის მცდელობაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ამოცნობის ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ თ. ჩ-ემ განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულ მ. კ-ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, დანის დარტყმას დაზარალებულისათვის არ უარყოფს მსჯავრდებული თ. ჩ-ეც, თუმცა მიუთითებს, რომ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მითითებას, რომ თ. ჩ-ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

პალატა აღნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას ახასიათებს რამდენიმე ნიშანი, კერძოდ, სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამ შემთხვევაში არსებული მოცემულობა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული მ. კ-ე ქვის თავში დარტყმის შედეგად დაეცა და ამ დროს მას (წაქცეულ კაცს) სამჯერ დაარტყა დანა თ. ჩ-ემ, ვერ მიიჩნევა სამართლებრივი სიკეთის ხელყოფად, მით უმეტეს - რეალურად და იმწუთიერად, რაც თ. ჩ-ეს მისცემდა აუცილებელი მოგერიების - დანის დარტყმის უფლებას მ. კ-ისათვის. ამდენად, კასატორების აპელირება ამ გარემოებაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.

18. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მთითებას თ. ჩ-ისა და მ. გ-ის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი მათი მსჯავრდების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - თ. ჩ-ისა და მ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, რ. ხ-ასა და ი. შ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი თ. ჩ-ისა და მ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი