Facebook Twitter

საქმე №ბს-564(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ა-ი

დავის საგანი - სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის მართლზომიერება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2024 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-იმა 08.05.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21.04.2023 წლის №1000880909 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2023 წლის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21.04.2023 წლის №1000880909 გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ა-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2024 წლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-13 მუხლის მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. სააგენტომ სწორედ საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21.04.2023 წლის №1000880909 გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც ქმნის მისი ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს, რომლითაც მ. ა-ის მიენიჭება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებული იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაცია გამოეთხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლის წერილითაც დადგინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელი იყო. კასატორმა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ასევე მე-7 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს. ბუნებრივია, რომ სააგენტო დაეყრდნო ამ კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავდროულად, განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

კასატორმა მიუთითა, რომ საქმეზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით, რის გამო იგი წინასწარ რთული განსასაზღვრია (§37). საქმეზე „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შვედების მთავრობას უფლება ჰქონდა დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით. კასატორმა აგრეთვე მიუთითა საკასაციო სასამართლოს 16.04.2020წ. (საქმე №ბს-815(კ-19)) და 07.10.2020წ. (საქმე №ბს-207(კ-20), №ბს-311(კ-20)) განჩინებებზე და აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება დაუსაბუთებელი აქტით მისი უფლების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში პირს უფლება შეეზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ა-იმა 13.04.2023 წელს განცხადებით მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტომ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომელმაც 20.04.2023 წლის №SSG 3 23 00091308 წერილით სააგენტოს აცნობა, რომ დეპარტამენტმა მ. ა-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21.04.2023 წლის №1000880909 გადაწყვეტილებით მ. ა-ის უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე იმაზე მითითებით, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. საქმის მასალებიდან, მათ შორის, სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 20.04.2023 წლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. საკასაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მ. ა-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი უნდა იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს. კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. საქმის მასალებში დაცულია შპს ,,ს...ს“ მიერ 07.04.2023 წელს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად მ. ა-ი არის ... (...) 2016-ის მიმდინარე სტუდენტი, სწავლის ხანგრძლივობაა ... წელი (... სემესტრი), პროგრამის დასრულებისთვის აუცილებელი 360 კრედიტიდან სტუდენტს მინიჭებული აქვს 94 კრედიტი, ხოლო სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია - 20.07.2027 წელი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელის სახელზე სააგენტოს უკვე ჰქონდა გაცემული სასწავლო ბინადრობის ნებართვა, კერძოდ საქმის მასალებში დაცული სააგენტოს 29.06.2022 წლის გადაწყვეტილებით მ. ა-ის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა მიეცა 2022 წლის 29 ივნისიდან 2023 წლის 29 ივნისამდე. მართალია, საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელის ჩარიცხვისა და ბინადრობის ნებართვის წარსულში გაცემის ფაქტი იმთავითვე არ ავალდებულებს ორგანოს დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას უნდა ეფუძნებოდეს.

უსაფუძვლოა კასატორის მიერ უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებაზე მითითება (სუსგ 16.04.2020წ. №ბს-815(კ-19), 07.10.2020წ. №ბს-207(კ-20), 07.10.2020წ. №ბს-311(კ-20)), ისინი არ შეიცავენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა იმთავითვე, ყოველგვარი შეფასების გარეშე უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის. მითითებულ დავებში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის საფუძვლად არსებულ დოკუმენტაციას და მიიჩნია, რომ სააგენტოს ჰქონდა უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება, საკასაციო პალატამ შეაფასა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შინაარსი, საფუძვლები და მიიჩნია, რომ იგი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ქმნიდა ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელ საკმარის წინაპირობას. აღნიშნული განმარტება არ გულისხმობს იმას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა მისი შინაარსისა და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად იმთავითვე, ყველა შემთხვევაში ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს (იხ. სუსგ 03.07.2025წ. №ბს-1(კ-25); 20.03.2025წ. №ბს-1197(კ-22); 06.04.2023წ. №ბს-631(კ-21)). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე („ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ და „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“) მითითება ასევე არ ადასტურებს სადავო აქტის მართლზომიერებას. ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. მითითებული გადაწყვეტილებებით არ გამოირიცხება აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროება. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§123, 124), 15.11.1996წ. „Chahal v. The United Kingdom“ (§127, 145)). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს არ დაუსაბუთებია სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა.

კასატორის მითითება იმაზე, რომ განცხადების განმხილველი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას მოიპოვოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, თუმცა არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების გაზიარებაზე უარის თქმა ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება (სუსგ 06.04.2023წ. №ბს-631(კ-21)). ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წერილის თანახმად უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად მიღებას. უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააგენტომ კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც მოითხოვს ყველა ინფორმაციის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას და შეფასებას. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. სზაკ-ის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სუსგ 28.09.2021წ. №ბს-429(კ-21)). მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება (სუსგ 15.02.2024წ. №ბს-991(კ-23)).

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, არ დასტურდება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა. ამასთანავე, არ დგინდება კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო ურთიერთშედარება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2024 წლის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფკაციო კოდი 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 08.05.2025 წლის №08946 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე