Facebook Twitter

საქმე №ბს-701 (კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ. ა-ი, ა. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ა-იმა და ა. მ-ემ 28.02.2024 წელს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024 წლის №IDP 7 24 00000107 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელე - ლ. ა-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2024 წლის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის და ა. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024 წლის №IDP 7 24 00000107 ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ლ. ა-ის და მისი არასრულწლოვანი შვილის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2025 წლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2024 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლ. ა-ი (დაბ. ... წელს) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ..., კორპუსი №.... სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელთან დაკავშირებით საქმეში დაცულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.09.2016 წლის №0055407 დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ორსართულიანი №... კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია. შენობის ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატება 70%-ს და არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებლად არის მიჩნეული. 2018 წლის 10 მაისს ლ. ა-იმა განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024 წლის №IDP 7 24 00000107 ბრძანებით ლ. ა-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სადავო აქტის გამოცემის და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა მათი თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე №... კორპუსში (...) ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ 1993 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე №... კორპუსში (...). მხარემ მიუთითა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (აქვს ...) ბოლო 4 წლის მანძილზე შვილთან ერთად ცხოვრობს ...ზე მდებარე №... კორპუსის №7 ბინაში, რომელიც წარმოადგენს ყოფილი დედამთილის და დედამთილის დის საკუთრებას. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე, დაახლოებით 3 დღეში ერთხელ მათთან მიდის მისი ყოფილი მეუღლე, რომელსაც უტოვებს ბავშვს და თვითონ ბრუნდება ...ის გამზირზე მდებარე ბინაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი, შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოებას თუ განცხადების წარდგენის შემდგომ მოსარჩელე რომელ მისამართზე ცხოვრობდა, არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა სადავო, ავარიულ შენობაში მუდმივი არცხოვრება გამოწვეული იყო ლ. ა-ის არასრულწლოვანი შვილის - ა. მ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2, მე-3, მე-8 მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იყო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს კონკრეტულ მისამართზე იძულებით გადაადგილებული პირის ყოფნის ფაქტის დადგენა. კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს კვლევის საგანას სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენს. მოსარჩელს მოცემულ შემთხვევაში უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ მიზეზით, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე №2 კორპუსში (...). კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემულ მისამართზე მდებარე შენობა იყო სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე და სააგენტოს ევალებოდა ზემოაღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს კვლევის საგანს სწორედ მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის დადგენა წარმოადგენდა. კასატორმა მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ პირთა დადგენის მიზნით განხორციელდა აღწერა, შედგა შესაბამისი ოქმები და მომზადდა ფოტომასალა.

კასატორმა მიუთითა, რომ 15.05.2023 წელს ლ. ა-ის ოჯახის მოკვლევის მიზნით, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე №2 კორპუსში. მოსარჩელე მისამართზე არ იმყოფებოდა. 19.05.2023 წელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელემ მომართა განცხადებით სააგენტოს და ითხოვა მონიტორინგის განმეორებით განხორციელება. 21.11.2023 წელს მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კორპ. №..., ბინა №7. შეივსო გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმად ადგილზე იმყოფებოდა ლ. ა-ი შვილთან - ა. მ-ესთან ერთად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბინის მესაკუთრე იყო მისი ყოფილი დედამთილი - მ. მ-ე, მისამართზე ცხოვრობდა მოსარჩელე თავის შვილთან ერთად, ხოლო 3 დღეში ერთხელ მისამართზე მიდიოდა განმცხადებლის ყოფილი მეუღლე - თ. მ-ე. ლ. ა-ის თქმით, ...ის გამზ. №...-ში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, დაახლოებით 4 წელია რაც ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად, რომელმაც 28.11.2023 წელს იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა მოსარჩელე არ დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით. კასატორი თვლის რომ სააგენტომ სათანადოდ და დამაჯერებლად დაასაბუთა ადმინისტრაციული აქტი მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების დარღვევას.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში ჰქონდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2023 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა კ. ა-იზე. კასატორის მოსაზრებით დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. კასატორის მითითებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის N01-30/ნ ბრძანება ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს, მასში გაწერილია საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები. კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულია ზემოაღნიშნული წესით განსაზღვრული პროცედურები, სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია, ამდენად, სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ლ. ა-ი და მისი არასრულწლოვანი შვილი - ა. მ-ე (დაბ.: ... წელს) არიან - დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ..., კორპუსი №2.

10.05.2018 წელს ლ. ა-იმა განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ..., კორპუსი №2. ლ. ა-იმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა არასრულწლოვანი შვილი - ა. მ-ე. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ლ. ა-ის ოჯახს მიენიჭა 2 ქულა შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია).

2023 წლის 15 მაისს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლებმა განახორციელეს ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე №2 კორპუსში მცხოვრებ დევნილთა აღწერა. გადამოწმებისას ადგილზე არ იმყოფებოდა ლ. ა-ი, რომელთანაც განხორციელდა სატელეფონო გასაუბრება. 2023 წლის 21 ნოემბერს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა თბილისში, ...ზე მდებარე №... კორპუსის ბინა №7-ში. ადგილზე დახვდათ ლ. ა-ი, შვილთან ა. მ-ესთან ერთად. ლ. ა-იმა განმარტა, რომ აღნიშნული ბინის მეპატრონე არის მ. მ-ე (მისი ყოფილი დედამთილი), ხოლო მითითებულ მისამართზე ცხოვრობს შვილთან ერთად. ამასთან, დაახლოებით 3 დღეში ერთხელ მათთან მიდის ყოფილი მეუღლე - თ. მ-ე. ლ. ა-ის თქმით, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ იმის გამო, რომ ...ის გამზ. №...-ში საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობებია, ასევე მის შვილს - ა.-ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის №86 სხდომის ოქმის თანახმად, ლ. ა-ის და ა. მ-ეს (სარეგ. №...) უარი ეთქვათ ქ. თბილისში, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (მის.: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ..., კორპუსი №2), ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024 წლის №IDP 7 24 00000107 ბრძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ლ. ა-ის (პ/ნ ...) ოჯახს, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (მის.: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., ..., კორპუსი №2), ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის ობიექტს, საიდანაც სახელმწიფომ განახორციელა დევნილი მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხოლო მოსარჩელის ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით ეთქვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), ხოლო ამავე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ...ის გამზ. №...-ში მდებარე შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო 15.05.2023წ. და 21.11.2023წ. განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, რა დროსაც მოსარჩელე ზემოაღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მონიტორინგის დროს დევნილის მისამართზე არ ყოფნა, არ ართმევს დევნილ ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, არ გამორიცხავს გრძელვადიანი განსახლების საჭიროებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.09.2016 წლის №0055407 დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ორსართულიანი №2 კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია, შენობის ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატება 70%-ს და არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებლად არის მიჩნეული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც მძიმე საცხოვრებელ პირობებზე მიუთითებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. მით უფრო ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს (იხ. სუსგ 21.05.25წ. Nბს-344(კ-25); 06.02.24წ. Nბს-712(კ-23); 29.09.2022წ. Nბს-855(2კ-22)). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ლ. ა-ის შვილის - ა. მ-ეის დიაგნოზია ..., რის გამოც იგი მუდმივად საჭიროებს მკურნალობას და შესაბამისად, სტაბილურ საცხოვრებელს. სწორედ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს მოსარჩელე დროებით, სხვა მისამართზე ყოფნას. ამასთან, ლ. ა-იმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი პერიოდულად, კვირაში რამდენიმე დღეს ატარებს ...ის გამზირზე მდებარე ბინაში. საქმეში დაცულია მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლებიც ადასტურებენ ლ. ა-ის 1993 წლიდან სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტს. საქმეში დაცულია აგრეთვე სს „თ...ს“ მიერ გაცემული სააბონენტო ბარათიდან ამონაწერები, რომელთა თანახმად სადავო მისამართზე აბონენტს ლ. ა-ის უფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარება 2012-2024 წლებში.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ აქვს საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება, ხოლო სადავო ავარიულ შენობაში სათანადო საცხოვრებელი პირობების არარსებობის და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი ცხოვრობს ყოფილი დედამთლის საკუთრებაში არსებულ ბინაში.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არის განქორწინებული და განაცხადს აკეთებს არასრულწლოვან შვილთან ერთად, რომელიც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საჭიროებს ადეკვატურ საცხოვრებელ პირობებს. საკასაციო პალატა "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნების განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა მისი დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, არ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება არ ათავისუფლებს აქტის გამომცემ სუბიექტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ საფუძვლიან, გულისხმიერ და კანონშესაბამის მიდგომას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სადავო ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტი ეფუძნება მხოლოდ ფორმალურად ჩატარებულ მონიტორინგს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის გარემოებები, თუ რამ გამოიწვია მონიტორინგის დროს, დევნილი ოჯახის რეგისტრირებულ მისამართზე არყოფნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე