Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-1205(ს-25) 18 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ.ბ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილებაზე.

2024 წლის 18 იანვარს ნ.ბ-მა მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2023 წლის 17 დეკემბრის #... ელექტრონული საჯარიმო ქვითრის, 2023 წლის 17 დეკემბრის #სდ... ელექტრონული დადგენილების და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის 2024 წლის 10 იანვრის MIA 42400065165 დადგენილების გაუქმება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით ნ.ბ-ის საჩივარი, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის #4/ა-20-24 დადგენილებით, ნ.ბ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის 2024 წლის 10 იანვრის MIA 42400065165 დადგენილება, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის მიერ შედგენილი 2023 წლის 17 დეკემბრის ელექტრონული დადგენილება სდ#... და 2023 წლის 17 დეკემბრის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი #... გაუქმდა ასკ-ის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სახდელის ნაწილში და ნ.ბ-ის ასკ-ის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. გასაჩივრებული აქტები ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის #4/ა-20-24 დადგენილება გაასაჩივრა ნ.ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის დადგენილებით ნ.ბ-ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის #4/ა-20-24 დადგენილებაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დადგენილება.

სააპელაციო პალატამ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ...ის საავტომობილო გზაზე ( ...ის მიმდებარედ) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ნ.ბ-ი, თავის მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალება "..." ნომრით ..., შეეჯახა ღობეს და შეჯახების შემდგომ მიატოვა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია არც თავად საჩივრის ავტორს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ნ.ბ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას; ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს დადგენილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის #4/ა-601-25 დადგენილება გაასაჩივრა ნ.ბ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებით თავისი საჩივრების სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ.ბ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან/და სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს დადგენილების კანონიერება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ბ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა