Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-994(2კს-25) 05 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ბ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე - სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გ.ბ-ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებაში (კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, რომელიც წარდგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის დამატებით განჩინებაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ - არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გ.ბ-ის 2025 წლის 05 აგვისტოს განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრებით გასაჩივრდა გ.ბ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს, გ.ბ-ეს კერძო საჩივრებზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ხელმოწერილი კერძო საჩივრების დედანი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ გ.ბ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ-ის კერძო საჩივრებზე დადგინდა ხარვეზი (წარმოდგენილი იყო საჩივრების ასლი და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) და გ.ბ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხელმოწერილი კერძო საჩივრების საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის ან უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ გ.ბ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. მასვე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივრები დარჩებოდა განუხილველად. ხარვეზის შესახებ განჩინება გ.ბ-ეს გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 21 ოქტომბერს ჩაჰბარდა პირადად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 22 ოქტომბერს და ამოიწურა 2025 წლის 31 ოქტომბერს 24 საათზე (პარასკევი), თუმცა გ.ბ-ემ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. მართალია, გ.ბ-ემ 2025 წლის 04 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მომართა, თუმცა ამ დროისათვის ხარვეზის შევსებისთვის განკუთვნილი საპროცესო ვადა ამოწურული იყო, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოებები კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ბ-ის კერძო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებებზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა