Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1020 (კ-25) 17 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ბ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ბ-ემ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 01 მაისის №2023/3 გადაწყვეტილება ა. ბ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის № SSA 9 24 00319250 გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 31 ოქტომბრის №SSA 9 23 01157494 გადაწყვეტილება საპენსიო დავალიანების დარიცხვის შესახებ; გ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს პენსიის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან, პენსიის აღდგენამდე - 2023 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის 2023 წლის 28 ივლისის №2023/4 გადაწყვეტილება გასაცემლიდან თანხის დაქვითვის შესახებ და დაევალოს სააგენტოს აუნაზღაუროს ა. ბ-ეს 2023 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაქვითული პენსია, რაც ყოველთვიურად შეადგენს 83 ლარს.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის №2023/3 გადაწყვეტილება ა. ბ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის №SSA 9 24 00319250 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 31 ოქტომბრის №SSA 9 23 01157494 გადაწყვეტილება ა. ბ-ეზე საპენსიო დავალიანების დარიცხვის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს დაევალა ა. ბ-ეისათვის პენსიის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან, პენსიის აღდგენამდე - 2023 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის 2023 წლის 28 ივლისის №2023/4 გადაწყვეტილება გასაცემლიდან თანხის (20%) დაქვითვის შესახებ და დაევალა სააგენტოს აუნაზღაუროს ა. ბ-ეს 2023 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაქვითული პენსია.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე ა. ბ-ე დასაქმებული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე. სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტს.

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდა და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-8 მუხლის თანახმად, სააგენტოს მმართველობის სფეროში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები სხვა სამსახურებთან ერთად წარმოადგენენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაფუძნდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებით და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №3/331 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოსარგებლე სხვადასხვა მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ჩამოყალიბდნენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების პირველი პუნქტის თანახმად, (ძალადაკარგულია 04.01.2022წ. №05/01 ბრძანებით), ამავე სააგენტოს შემადგენლობაში შედიოდნენ: ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი და დავით გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელთა უფლებამონაცვლედ ასევე განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, აღნიშნული მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები 2008-2019 წლებში აღარ სარგებლობდნენ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით და ისინი წარმოადგენენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დებულების თანახმად, სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვას, მოვლა-პატრონობას, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადებას, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულებების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ერთ-ერთ ასეთ ნორმას მიეკუთვნება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებული პირობა, რომ სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მიზნებისთვის (მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) საჯარო საქმიანობა განმარტებულია როგორც, „სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში (მათ შორის მოიაზრება საჯარო საქმიანობის განხორციელება) პენსიის გაცემა შეწყდება ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება ზემოაღნიშნული კანონისა და ამ წესის შესაბამისად, რაც გულისხმობს განცხადებით მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნას.

სამტრედიის სერვის ცენტრს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 26 აპრილის №439858 წერილით მიეწოდა ინფორმაცია ა. ბ-ეის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების შესახებ, რომ ის დასაქმებული იყო ...ის სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე. შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით იზღუდებოდა სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ბ-ეს სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის №447543 შეტყობინებით ეცნობა სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ და განემარტა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. მითითებული შეტყობინება გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, თუმცა გზავნილი უკან დაუბრუნდა სამტრედიის სერვის-ცენტრს. მოსარჩელე 2023 წლის 22 მაისს თავად გამოცხადდა სერვის-ცენტრში და ხელზე ჩაბარდა სამტრედიის სერვის-ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის №447543 შეტყობინება გასაჩივრების ვადის მითითებით. ამასთან, ა. ბ-ემ სამტრედიის სერვის-ცენტრში 28.06.2023წ. №672552 განცხადებით წარმოადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 26 ივნისის №01/381 ბრძანება 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ მისთვის უკვე ცნობილი იყო 2023 წლის 1 მაისიდან პენსიის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2024 წლის 19 მარტს მიღებულ იქნა №319250 გადაწყვეტილება ა. ბ-ეის განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე.

კასატორის განმარტებით დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ...ის სახლ-მუზეუმი, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, წარმოადგენს სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების თანახმად, მუზეუმი (მუზეუმ-ნაკრძალი) მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას და ამავდროულად სააგენტოს ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დებულების თანახმად, სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვას, მოვლა-პატრონობას, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადებას, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. მოსარჩელე ა. ბ-ე დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმში. შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით იზღუდება სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა. ბ-ე 2019 წლის 20 ივნისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე დასაქმებული იყო ...ს ...ის სახლ-მუზეუმში, ...ის პოზიციაზე (ს.ფ. 83); ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის №5 23 0447543 წერილით ა. ბ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ა. ბ-ე დასაქმებული იყო შრომითი ხელშეკრულებით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება იზღუდებოდა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, რის გამოც მას 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდებოდა სახელმწიფო გასაცემელი. ასევე ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ საჯარო საქმიანობის დაწყების/დასრულების თარიღის დაზუსტების შემდეგ დაეკისრებოდა ვალდებულება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 24); გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის №5 23 0447543 წერილი ა. ბ-ეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მაგრამ არ ჩაბარდა ადრესატს; დ) სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 01 მაისის №2023/3 გადაწყვეტილებით, ა. ბ-ეს ზემოაღნიშნული საფუძვლით შეუწყდა სახელმწიფო პენსია (ს.ფ. 19); ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 31 ოქტომბრის SSA 9 23 01157494 წერილით ა. ბ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას. ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადლობის გამო ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გასაცემლის არასწორად გაცემას და დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა 4 760 (ოთხი ათას შვიდას სამოცი) ლარს (ს.ფ. 20); ვ) 2024 წლის 07 თებერვალს ა. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დარიცხული თანხის ჩამოწერა (ს.ფ. 21); ზ) 2024 წლის 29 მარტს ა. ბ-ეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ჩააბარეს 19 მარტის SSA 9 24 00319250 გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ გასაჩივრების ვადის გასვლის გამო განუხილველად დარჩა მისი განცხადება (ს.ფ. 22); თ) სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2023 წლის 28 ივლისის 2023/4 გადაწყვეტილებით, ა. ბ-ეს ექვითება პენსიის 20%. გეგმა-გრაფიკის მიხედვით, დაქვითვა დაიწყო 2023 წლის 1 აგვისტოდან. 2024 წლის 14 აგვისტოს SSA 8 24 00866423 წერილის მიხედვით დაქვითვა გაგრძელდება დავალიანების სრულად დაფარვამდე (ს.ფ. 84, 78); ი) 2024 წლის 16 აპრილს ა. ბ-ემ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტაციის გადმოცემის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა, სააგენტოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გადაუცია (ს.ფ. 76); კ) 2024 წლის 1 აგვისტოს განცხადების საფუძველზე (რა საფუძველით ექვითებოდა ა. ბ-ეს პენსიის ნაწილი და როგორი იყო გრაფიკი) ა. ბ-ეის წარმომადგენელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიეწოდა დოკუმენტები, მათ შორის, დაქვითვის შესახებ გადაწყვეტილება და განხორციელებული დაქვითვის გრაფიკი, რომელიც ადასტურებს დაქვითული პენსიის ოდენობას (ს.ფ. 77-78);

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტია და მისი მე-12 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა; შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს; მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ქარტიის 23-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან საზოგადოებრივ ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან წაახალისონ შესაბამისი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ კერძოდ: - საშუალება მისცენ ხანდახმულ პირებს დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს, შემდეგი საშუალებებით: ა) ადეკვატური სახსრებით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; ბ) ინფორმაციის მიწოდებით იმ მომსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ხანდაზმულთათვის და ამ უკანასკნელთა მიერ მათი გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.

პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს პენსია შეუწყდა 2023 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ასევე, სააგენტოს შემადგენლობაშია უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი, გრემის მუზეუმი, მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი და ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი.

ზემოხსენებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ მითითებულია, რომ სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისგან და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მუზეუმია ...ის სახლ-მუზეუმი. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სააგენტოს სამსახურებია: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ) საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).

მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკასაციო პალატა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სააგენტო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს აერთიანებს, მათ ბაზაზეა შექმნილი და მათ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე, რომელიც დასაქმებული იყო ...ის სახლ-მუზეუმში, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში დასაქმებულ პირს წარმოადგენდა. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულთან. შესაბამისად, მოსარჩელის ...ის სახლ-მუზეუმში მუშაობა არ ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში და მუზეუმში დასაქმებულ პირად ითვლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე არ ითვლება საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ არსებობდა მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა