Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-116(კ-25) 28 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ო.ბ-ი, ე.ბ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო.ბ-იმ და ე.ბ-ამ 2024 წლის 4 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის (...) 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების (ო.ბ-ის მიმართ) ბათილად ცნობა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის (...) 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების (ე.ბ-ას მიმართ) ბათილად ცნობა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2024 წლის 22 მარტის MIA 3 24 00869450 ბრძანების ბათილად ცნობა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2024 წლის 22 მარტის MIA 3 24 00869711 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათი შვილი საქართველოში იმყოფება მშობლების გარეშე. სადავო აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევით და დაუსაბუთებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი (კონკრეტული სამართლებრივი აქტი და მისი ნორმა(ები)), რაც უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. მოსარჩელეების განმარტებით, ოჯახს აქვს ერთადერთი საცხოვრებელი საქართველოში და მათ დაუსაბუთებლად ერთმევათ შესაძლებლობა შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ო.ბ-ისა და ე.ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის (...) მიერ სასაზღვრო გამტარ პუნქტში განხორციელდა უკრაინის მოქალაქეების ო.ბ-ის ( O.B-I) და ე.ბ-ას (Y.O-A) ინსპექტირება და შესაბამის სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეები - ო.ბ-ი და ე.ბ-ა საქართველოში შემოსვლისას გადამოწმდნენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ პროცედურის დაცვით, შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მინიჭებული ჰქონდა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიეღო გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე გადაწყვეტილების მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო.ბ-იმ და ე.ბ-ამ. მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.ბ-ისა და ე.ბ-ას სააპელაციო საჩივარი (ასევე სარჩელი) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის (...) 2024 წლის 05 მარტის და 06 მარტის გადაწყვეტილებები, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2024 წლის 22 მარტის MIA 3 24 00869450 და MIA 3 24 00869711 ბრძანებები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის ასახვა გადაწყვეტილებაში, მისი საიდუმლოდ მიჩნევის გამო, არ მოხდა. პალატის მითითებით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოში შემოსვლის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააპელაციო პალატამ გამოითხოვა და გამოიკვლია ინფორმაცია თუ რა დაედო საფუძვლად უკრაინის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე უარს და აღნიშნა, რომ მითითებული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და არ დაერთო საქმეს თუმცა, მოცემული მტკიცებულებების გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ, მის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურმა მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, სადავო შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეების არასრულწლოვანი შვილი სწავლობს და ამჟამადაც იმყოფება საქართველოში. პალატამ ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე და იმ დადგენილ გარემოებაზე მითითებით, რომ ბავშვი ამჟამად საქართველოში იმყოფება მშობლების გარეშე, აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ აქტებში არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა მოსარჩელეების არასრულწლოვანი შვილის ინტერესები და ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმით, არასრულწლოვანი საქართველოში დარჩა მშობლების გარეშე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსთვის და მათ შორის სასამართლოსთვისაც, პრიორიტეტულია. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო უგულებელყოფილი მოსარჩელეების არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დამატებით უნდა მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მიღებული ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელეების არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, მოსარჩელეებს ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოიცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით განსაზღვრულ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.

კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან, არასწორად არის მითითება გაკეთებული ფაქტობრივ გარემოებებზე. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს სადავოა ქტების ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სარჩელზე სრულად უარის თქმის მოთხოვნით, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, შესაფასებელია სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესაძლებლობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო.ბ-ი და ე.ბ-ა არიან უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის (...) 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ო.ბ-ის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის (...) 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით - ე.ბ-ას უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2024 წლის 22 მარტის MIA 3 24 00869450 ბრძანებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2024 წლის 22 მარტის MIA 3 24 00869711 ბრძანებით კი, არ დაკმაყოფილდა ო.ბ-ის და ე.ბ-ას ადმინისტრაციული საჩივრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის (...) 2024 წლის 5 მარტის და 2024 წლის 6 მარტის გადაწყეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, შემოსვლაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძვლად მიეთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი (უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში).

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში (კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტ.), ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რის შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში დაშვებაზე და უკან აბრუნებს მას (კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი.).

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით (მუხლი 33.3).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი, რაც გულისხმობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არ დაკმაყოფილების მოტივით, სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას. საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესზე“, რომლის 26-ე მუხლის თანახმად, ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სამინისტრო ან/და ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების საქართველოში შემოსვლაზე უარი ეფუძნება გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“), სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია იმის დასადგენად თუ რა წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო უშიშროებისთვის (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§57)), მაგრამ ეს არ გამორიცხავს აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხებზე მსჯელობის, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელსაც აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე (დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს). საკასაციო პალატა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილში მოცემული ინფორმაციის არსებობის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სამმართველოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე მითითებით შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელეების შვილის საუკეთესო ინტერესები, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად უპირატესობა მიანიჭა მოსარჩელეების ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება აკონტროლონ თავიანთ ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები (ევროპული სასამართლოს 16.05.2024წ. გადაწყვეტილება საქმეზე, Mirzoyan v. the Czech Republic, App. Nos. 15117/21 და 15689/21, §76). ევროკონვეცია არ უზრუნველყოფს უცხოელის უფლებას კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე ან მასში ბინადრობაზე (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 15.10.2020წ. საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე Case of Muhammad and Muhammad v. Romania, App. No. 80982/12, §114.), იგი არც სახელმწიფოს აკისრებს რაიმე თანმდევ ზოგად ვალდებულებას დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინადრობა (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 03.10.2014წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Jeunesse v. The Netherlands, App. No. 12738/10, §100). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის აუცილებლობა მაშინ არსებობს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაშინ არის იგი გამართლებული, დასაბუთებული და თანაზომიერი, თუ დაცულია სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის ევროკონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებასა და იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებს შორის (სუს 2025 წლის 12 ივნისის საქმე Nბს-202(კ-23), რომელიც საფუძვლად უდევს პირის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას.

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში განხილვა, ამავდროულად, სადავო აქტის მართლზომიერების გამოკვლევის მიზნით, განხორციელდა სასამართლოს რეალური და ქმედითი კონტროლიც. მოსარჩელეებს მიეცათ უარყოფითი გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, სახეზეა ასევე სადავო აქტის მიმართ სასამართლო კონტროლის წინაპირობები: როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, აგრეთვე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, ზოგიერთ შემთხვევაში კი, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სწორედ ისეთი კონკრეტული შინაარსის გარემოებებს, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეების საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობას, გამოკვეთილია საქართველოს ტერიტორიაზე მოსარჩელეთა შემოსვლის დამაბრკოლებელი გარემოებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებითია საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა ქმნიდეს სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§34)). მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ საკასაციო პალატა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, მოსარჩელეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელეების სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც აღინიშნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი მართებულია. ამასთან, მართალია, კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს, პირის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სათანადო პოზიციის წარმოდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება (სუს 2025 წლის 12 ივნისის საქმე Nბს-202(კ-23).

საქმის მასალების მიხედვით, მართალია, ერთმნიშვნელოვნად დგინდება მოსარჩლეთა კერძო ინტერესის არსებობა, თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული საქმის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, უნდა გაირკვეს სამართლიანი ბალანსის დაცულობის საკითხი კონკურენციაში მყოფ შემდეგ ინტერესებს შორის: ერთი მხრივ, ოჯახური ცხოვრების, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლებით გამოხატულ კერძო ინტერესსა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს საჯარო ინტერესს შორის ქმედითი საიმიგრაციო კონტროლის გატარებას შორის, რათა არ იქნეს დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი პირის ცხოვრება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების შვილთან ერთად ოჯახური ცხოვრების კერძო ინტერესით დაცული სიკეთე არ აღმოჩნდა საკმარისი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოტივით მოსარჩელების საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმით დაცული საჯარო ინტერესის გადასაწონად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების კერძო ინტერესის დაცვის აღმატებული აუცილებლობა ვერ იჩენს თავს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მოტივით იდენტიფიცირებული საჯარო ინტერესი იმდენად არსებითია, რომ მისმა უგულვებელყოფამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესის დაცვას (სუს 2025 წლის 12 ივნისის საქმე Nბს-202(კ-23).

ამდენად, საკასაციო პალატა, მართალია იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას განსახილველ საქმეზე კერძო ინტერესთა (მოსარჩელეების ოჯახური ცხოვრების, ბავშვის საუკეთსო ინტერესები) არსებობის თაობაზე, თუმცა, აღნიშნული ვერ გადაწონის საჯარო ინტერესით დეტერმინირებული სახელმწიფო უსაფრთხოების ისეთ მოტივებს, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხის საკმარისი სიზუსტით არის იდენტიფიცირებული მოცემულ საქმეში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ...ის სამსახურის (...) 2024 წლის 5 მარტის და 6 მარტის გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2024 წლის 22 მარტის MIA 3 24 00869450 ბრძანების და MIA 3 24 00869711 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები სასამართლოს მიერ გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ო.ბ-ისა და ე.ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 200 (ორასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 300 (სამასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე