საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-74(კ-25) 18 ნოემბერი, 2025 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.ლ-ე
თავდაპირველი მოპასუხეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ.ლ-ემ 2023 წლის 25 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გ.ლ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
გ.ლ-ემ 2023 წლის 10 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხედ დამატებით მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 ივლისის №1/1-3808 ბრძანების, გ.ლ-ის ნაწილში 2022 წლის 04 ივლისის №157 კომისიის სხდომის ოქმის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 26 ივლისის №04/6875 აქტის ბათილად ცნობა და ს/კ ... ნაკვეთზე ზედდების გაუქმებასთან (მიწის ნაკვეთთან ს/კ ... მიმართებაში) და საზღვრის კორექტირებასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება.
სარჩელის მიხედვით, 2005 წლის 18 ივლისს საჯარო რეესტრში, ქ. რუსთავის გამგეობის 10.06.1992წ. №... გადაწყვეტილების შესაბამისად, საკუთრებაში დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი ფართობით 600 კვ.მ მდებარე ქ. რუსთავში, ... ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად გაიხსნა სააღრიცხვო ბარათი და მიენიჭა ს/კ .... 2020 წლის 27 იანვარს, №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მითითებულ მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემის დაზუსტება). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დადგინდა გ.ლ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ ...) სარეგისტრაციო მონაცემებს შორის ზედდება, რომლის რეგისტრაციაც განხორციელდა 2010 წლის 14.06. №... განაცხადით. ამასთან, საჯარო რეესტრმა 2020 წლის 20 მარტის №... წერილით მიმართა სააგენტოს და სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა მოითხოვა, რასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა რუსთავის მუნიციპალიტეტის წერილი და ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომ ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №226 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტური იყო მოქალაქე გ.ლ-ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. 2021 წლის 18 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №146) კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია უძრავ ნივთზე (ს/კ №...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, რაზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკითხის საფუძვლიანი შესწავლის და გამოკვლევის შემდგომ გამოსცა 2021 წლის 24 სექტემბრის №1-1/428 ბრძანება, სადაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო კომისიის 2021 წლის 18 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება (№146 სხდომის ოქმი) გ.ლ-ის ნაწილში და სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 18 მარტის №1/1-847 ბრძანება (გ.ლ-ის ნაწილში) და დაავალა სააგენტოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მიუხედავად ყველაფრისა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კვლავ მიზანშეუწონლად მიიჩნია კორექტირების განხორციელება, რის შესახებ გამოსცა 2022 წლის 11 ივლისის №1/1-3808 ბრძანება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით გ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 ივლისის №1/1-3808 ბრძანება და 2022 წლის 04 ივლისის №157 კომისიის სხდომის ოქმი გ.ლ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 26 ივლისის 04/6875 უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ს/კ... რეგისტრირებულ ნაკვეთზე ზედდების გაუქმებისა (მიწის ნაკვეთთან ს/კ ... მიმართებაში) და საზღვრის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მოსარჩელეს 2005 წლიდან კანონიერად აქვს რეგისტრირებული საკუთრება 1992 წლის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2020 წელს, სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტებისას გამოვლინდა ზედდება სახელმწიფოს სახელზე 2010 წელს რეგისტრირებულ ქონებასთან. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში 2010 წელს რეგისტრირებულია იგივე მიწის ნაკვეთი, რაც უკვე გადაცემული იყო მოსარჩელისთვის 1992 წლის აქტით, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სარეგისტრაციო მონაცემთა კორექტირებაზე იყო კანონიერი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - როგორც გადაწყვეტილებების დაუსაბუთებელი გამეორება და საქმის გაჭიანურება - არღვევდა როგორც მოსარჩელის უფლებებს, ისე ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონით დაწესებულ ვალდებულებებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (...ის ადმინისტრაციული ერთეულში) მიერ 2020 წლის 26 თებერვალს შედგენილ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმზე (№...), რომლითაც მიმდებარე მიწის ნაკვეთების (ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...) მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელები ადასტურებენ, რომ აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი იდენტურია ქონების უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა, ასევე საფუძვლად იყენებენ ქალაქ რუსთავის გამგეობის გადაწყვეტილებას №226 (1992 წლის 10 ივნისი). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ ქ. რუსთავის გამგეობის მიერ გაცემული 1992 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავ ნივთზე (ს/კ ...) მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაშია და არ არის არც გაუქმებული და არც ბათილად ცნობილი. იმის გათვალისწინებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის დაცვით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (2020 წლის 26 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი (№...), ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 26.02.2020 წლის №2234-02-05 წერილით ცალსახად დადასტურებულია ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №226 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და გ.ლ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე ტიპის რუკა არ არის დაცული, ვერ იქნება მიჩნეული დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის და სხვა შენობა ნაგებობების ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და საკადასტრო მონაცემებს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზედდების არსებობის ფაქტი წარმოადგენს ამავე ბრძანებით შექმნილი კომისიის განხილვის საგანს. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განსახილველად, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №... (სააგენტოში რეგისტრაციის №..., თარიღი: 20.03.2020 წ.) წერილით გაიგზავნა ფიზიკური პირის - გ.ლ-ის საკითხი, ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვეთი №...) არსებულ 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო №...) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ, ქალაქ რუსთავში მდებარე 1531490 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი №... ) დაფიქსირებული ზედდების გაუქმების თაობაზე.
ზემოაღნიშნული საკითხი განხილულ იქნა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 16.10.2012წ. №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 18 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №146). დასმულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ, ქალაქ რუსთავში მდებარე 1531490 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან წარმოდგენილ და მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 24 სექტემბრის №1-1/428 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (გ.ლ-ის საკითხის ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 მარტის №1/1–847 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე, საჯარო რეესტრის 2020 წლის 20 მარტის №... წერილით დასმული საკითხის ხელახალი განხილვა.
საკითხის ხელახლა განხილვისას, წარდგენილ იქნა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 მაისის №7 ბრძანება და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №..., რომლითაც დადგენილ იქნა მოქალაქე გ.ლ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განაცხადი №...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ქ. რუსთავის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისს გაცემულ №226 გადაწყვეტილება) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მიმდინარე წარმოების ფარგლებში, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან, განხორციელდა დაინტერესებული პირის მიერ №... განაცხადზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონების ადგილზე მოკვლევა/დათვალიერება. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ქონებას არ გააჩნია ფიქსირებული საზღვარი და რაიმე სახის სარგებლობის კვალი არ შეინიშნება. გარდა ამისა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 02 ნოემბრის №02/22034 მომართვის საფუძველზე დგინდება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში არ ინახება რაიმე ტიპის რუკა, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განაწილებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება. შესაბამისად, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით წარმოდგენილ და სააგენტოს მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დადასტურდა, რაც სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში კორექტირების შეტანის საფუძვლიანობა, გ.ლ-ისა და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს შორის ზედდების არსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2006 წლის 20 მარტამდე მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობდა გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებული და დოკუმენტირებული ყოფილიყო საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებისას გამოვლენილ ზედდებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფო ქონება, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის და სხვა შენობა ნაგებობების ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდეგში - „დებულება“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კომისია" კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის (მათ შორის მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობისას) შესახებ განცხადებებს და ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მომართვებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2005 წლის 18 ივლისის განაცხადის და ქ. რუსთავის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთი ფართობით 600 კვ.მ მდებარე ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შესაბამისად გაიხსნა სააღრიცხვო ბარათი და მიენიჭა ს/კ ... ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 26.02.2020 წლის №2234-02-05 წერილით დგინდება, რომ 2020 წლის 26 თებერვალს შედგენილია უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №..., სადაც მიმდინარე მიწის ნაკვეთების (ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...) მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელები ადასტურებენ, რომ აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი იდენტურია ქონების უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა.
2020 წლის 27 იანვარს, მოსარჩელემ ... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქალაქი რუსთავი, ...ის ქუჩა, ნაკვეთი №…) უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემის დაზუსტება). საჯარო რეესტრის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დადგინდა გ.ლ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ №... ) სარეგისტრაციო მონაცემებს შორის ზედდება, რომლის რეგისტრაციაც განხორციელდა 2010 წლის 14 ივლისს №... განაცხადით. განაცხადზე წარდგენილი იქნა რუსთავის მუნიციპალიტეტის წერილი და ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომ ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №226 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია გ.ლ-ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. ამასთან, საჯარო რეესტრმა 2020 წლის 20 მარტის №... წერილით მიმართა სააგენტოს და სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა მოითხოვა, რაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომისიის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო უძრავ ქონებას არ გააჩნდა ფიქსირებული საზღვარი და რაიმე სახის სარგებლობის კვალი არ შეინიშნებოდა. გარდა ამისა დგინდება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში არ ინახებოდა რაიმე ტიპის რუკა, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განაწილებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №226 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ.ლ-ეს „გაუფორმდა“ ...ის ქუჩაზე მდებარე №… მიწის ნაკვეთი, რომელიც დარეგისტრირდა 2005 წლის 18 ივლისს და ამ პერიოდიდან გახსნილია სააღრიცხვო ბარათი, ხოლო მიწის ნაკვეთს მინიჭებული აქვს ს/კ ... მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლის 26 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით (№...) დადასტურებულია ქალაქ რუსთავის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №226 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და გ.ლ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. შესაბამისად ის არგუმენტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რუკა არ არის დაცული, ვერ იქნება მიჩნეული დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გ.ლ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა და მის სახელზე საკუთრების უფლების დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხვა წინ უსწრებს სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების წარმოშობასა და საჯარო რეესტრში აღრიცხვას. ამდენად, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ისევე როგორც სახელმწიფოს უფლების აღრიცხვის თაობაზე განაცხადის წარდგენისას, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ყოველი შემდეგი რეგისტრაცია ისე უნდა განეხორციელებინა, რომ გამოერიცხა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო სახელმწიფოს მიერ განკარგული, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით საქმეზე №ბს-367-363(კ-12)) და განმარტა, რომ „პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია... საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა... საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი... უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.“
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, არ გამოიკვლია საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების საკითხი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ სადავო აქტები არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რაც თავის მხრივ ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის მართებულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა