Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-111(კს-25) 18 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ნ.ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - შპს „ ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელე ნ.ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების შესახებ 2018 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მოთხოვნით.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შპს „...ს“ განცხადების საფუძველზე, ნ.ფ-ის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის გამზ. №... -ში მდებარე იპოთეკით დატვირთული, უფლებრივად ნაკლოვანი უძრავი ნივთი - ბინა №.... მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი უფლებები, ვინაიდან მისი, როგორც კანონიერი მესაკუთრის ინტერესია ნივთი დაიბრუნოს პირვანდელი მდგომარეობით - ვალდებულების იპოთეკით უზრუნველყოფის გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 30 ივლისის №... სადავო გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №... -ში, მე-... სართულზე მდებარე №... ბინაზე (საკადასტრო კოდი...), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (საქმე №2/15811-17) 2017 წლის 30 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (საქმე №2ბ/298-17) 2019 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, განახლდა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და დარეგისტრირდა ნ.ფ-ის საკუთრების უფლება. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო განეხორციელებინა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, სასამართლო აქტში მითითებულ ფარგლებში. ამასთან, 2021 წლის 30 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავ ნივთზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა) რეგისტრირებული არ არის.

საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ფ-ემ, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 14 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 30 ივლისის №... გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აღსრულდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა სარეგისტრაციო მოთხოვნა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მესაკუთრედ კვლავ ნ.ფ-ე დარეგისტრირდა. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად აანაზღაურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის პირველი მარტის სააღსრულებო ფურცლით (საქმის ნომერი 3ბ/2410-21) გათვალისწინებული და აღსრულების საფასურის თანხა. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორმა მიიჩნია, რომ ნ.ფ-ეს არ ჰქონდა კანონიერი ინტერესი დავის საგანთან მიმართებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და ნ.ფ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი 3ბ/2410-21), რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ იმ დადგენილ გარემოებაზე მითითებით, რომ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 ივლისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ნივთის მესაკუთრეს კვლავაც ნ.ფ-ე წარმოადგენდა და ამასთან, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო იპოთეკის უფლება შპს „...ს“ სასარგებლოდ, მოსარჩელის (აპელანტის) - ნ.ფ-ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით უძრავი ნივთის ღირებულების - 158 290 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია, ხოლო უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შედეგად სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გადასახდელი თანხის ანაზღაურება მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 ივლისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე და მის შედეგად, ნ.ფ-ის სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულად იმსჯელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რაც, ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში, საკითხისადმი ნ.ფ-ის კანონიერი ინტერესის ამოწურვას ადასტურებს.

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ფ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რადგან მას სადავო საკითხისადმი ნამდვილად გააჩნია იურიდიული ინტერესი, რაც ფულადი თანხის - 224,081 ლარის ანაზღაურებაში გამოიხატება. თანხის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მოპასუხის ბრალეულობას მისი საკუთრების დაკარგვის და შემდგომში, უფლებრივად ნაკლოვანი სახით დაბრუნების იძულებითი რეგისტრაციის სახით. საჩივრის ავტორი სასამართლოს მხრიდან საჯარო რეესტრის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მისთვის ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას არ მიიჩნევს ამ დავის ფარგლებში სააგენტოს 2021 წლის 30 ივლისის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებად. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრის ფარგლებში ასევე განმარტავს, რომ არ ეთანხმება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთის მის სახელზე რეგისტრაციის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი არჩართვის თაობაზე. იგი მიუთითებს, რომ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ავტორი - შპს „...“ დავაში მხარეს არ წარმოადგენდა და რომ სწორედ ნ.ფ-ეა ის პირი, რომელსაც არსებული სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელეწიფება კანონმდებლობით განსაზღვრულ დროში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, მათ შორის, იძულებითი აღსრულების მოთხოვნა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებით პირის აღდგენილი უფლების აღსრულება მხოლოდ ამ პირის უფლებაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ.ფ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მიერ შესაფასებელია ნ.ფ-ის სარჩელზე, მოსარჩელის მხრიდან იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არსებულ საქმეზე ნ.ფ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 ივლისის №...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (სასკ-ის 22-ე მუხ.) და რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების შესახებ 2018 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (სასკ-ის 24-ე მუხ.). საკასაციო პალატა განმარტავს, როგორც შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.), ასევე მავალდებულებელი (სასკ-ის 24-ე მუხ.) სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაა მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენას არ აქვს დისპოზიციური ხასიათი, ასეთი ინტერესის არარსებობა იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის განსახილველად დაშვების, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობის შესაძლებლობას (სუსგ №ბს-764-764(2კს-18); 27.12.2019წ.).

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი. მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, თუკი ასეთი ზიანი პირდაპირი და უშუალოა მოსარჩელისათვის. საკითხის სწორად გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მოსარჩელეს არ წაერთვას ნამდვილი უფლება სარჩელზე და შესაბამისად, სამართლიან სასამართლოზე, ხოლო მეორე მხრივ, შეცდომით არ მოხდეს სარჩელზე მოსარჩელის არარსებული უფლების განხორციელება და ამით გაუმართლებლად არ შეილახოს მოპასუხის ინტერესები და სამართლიან სასამართლოზე მისი შესაბამისი უფლება. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, აღძრული აქვს თუ არა სარჩელი მოსარჩელეს „თავისი“ უფლების დასაცავად, ანუ არის თუ არა მოსარჩელე მოცემულ კონკრეტულ მოთხოვნასა და სამართალწარმოებაზე უფლების მქონე (შეად. სუსგ №ბს-764-764(2კს-18); 27.12.2019წ.).

მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა (სუსგ №ბს-764-764(2კს-18); 27.12.2019წ.). განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სომხეთის რესპუბლიკის ...ის სანოტარო ტერიტორიის ნოტარიუსის - ი.შ-ის მიერ 2016 წლის 3 ნოემბერს გაცემული მინდობილობა, რომლის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნიეს, რომ ნ.ფ-ემ ჯ.ბ-ს უფლებამოსილება მიანიჭა, თავის შეხედულებისამებრ, ფასის და პირობების მიხედვით, გაყიდოს, გააჩუქოს, გაცვალოს, მიაქირაოს ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, დადოს გარიგება თავის თავთან, გადაიფორმოს საკუთარ თავზე მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №…, მე-… სადარბაზო, მე-… სართული, ბინა №..., საკადასტრო კოდი ... დადგენილია, რომ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ჯ.ბ-მა, როგორც ნ.ფ-ის წარმომადგენელმა, 2016 წლის 22 ნოემბერს საკუთარ თავთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ.ფ-ემ (წარმომადგენელი ჯ.ბ-ი) გაყიდა, ხოლო ჯ.ბ-მა იყიდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №..., მე-… სადარბაზო, მე-… სართულზე მდებარე №... ბინა (ს/კ...). აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დამოწმებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

2016 წლის 22 ნოემბერს ჯ.ბ-მა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2016 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სააგენტოს 2016 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ.ბ-ის მოთხოვნა და უძრავ ნივთზე (ს/კ №...) დარეგისტრირდა ჯ.ბ-ის საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს ჯ.ბ-სა და შპს „...ის“ დირექტორს თ.ა-ეს შორის დაიდო პროდუქციის რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება. ფულადი ვალდებულების ზღვრული თანხა განისაზღვრა 76 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 15 იანვრის ჩათვლით. 2016 წლის 26 ნოემბერს ჯ.ბ-მა შპს „...ის“ დირექტორთან - თ.ა-ესთან პროდუქციის რეალიზაციის №01/2016 ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ფულადი ვალდებულების - 76,000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მისსავე საკუთრებად რეგისტრირებული ქ. თბილისში, ... ის გამზ. №... -ში მდებარე უძრავი ქონება - ბინა №.... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება.

პროდუქციის რეალიზაციის №01/2016 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ნოტარიუსმა - ჟ.ტ-მა 2017 წლის 24 იანვარს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც სარეალიზაციოდ მიექცა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №..., მე-… სადარბაზო, მე-… სართულზე მდებარე №... ბინა (ს/კ...). ამასთან, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო იძულებითი აღსრულება ჯ.ბ-ის მიმართ.

საქმის მასალებში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის ნოემბერში ჯ.ბ-მა დაამზადა 2016 წლის 3 ნოემბრით დათარიღებული, რუსულ და სომხურ ენებზე შედგენილი ყალბი მინდობილობები, რომელთა მიხედვითაც, ნ.ფ-ე მას ანიჭებდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №... -ში მდებარე თავისსავე კუთვნილი №... ბინის განკარგვის უფლებამოსილებას. 2016 წლის 22 ნოემბერს აღნიშნული მინდობილობები ათარგმნინა ქართულ ენაზე, რომლის სისწორეც ასევე დამოწმდა ნოტარიუსის მიერ. იმავე დღეს, ჯ.ბ-მა შეადგინა უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ყალბი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ხსენებული ბინის ახალი მესაკუთრე თავად გახდა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოახდინა საკუთრების უფლების მის სახელზე რეგისტრაცია. ამავე განაჩენით ჯ.ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ნ.ფ-ის ქონების მოტყუებით მითვისებასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით თაღლითობის ჩადენაში. ხსენებული განაჩენის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით შეჩერდა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/15811-17), ნ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ჯ.ბ-ის სახელზე ნ.ფ-ის მიერ 2016 წლის 3 ნოემბერს გაცემული მინდობილობა (რეესტრში რეგისტრაციის №...) ნოტარიუს ი.შ-ის მიერ უძრავი ქონების განკარგვის შესახებ და მის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ...ის გამზ. №..., მე-… სადარბაზო, მე-… სართულზე მდებარე №... ბინაზე (საკადასტრო კოდი ...) და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აღდგა ნ.ფ-ის საკუთრების უფლება. ასევე, იპოთეკის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ჟ.ტ-ის მიერ 2016 წლის 26 ნოემბერს (სანოტარო აქტი №...) რეგისტრირებული მიწოდებული პროდუქციის ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება, გაუქმდა ნოტარიუს ჟ.ტ-ის მიერ 2017 წლის 24 იანვარს გაცემული №170070468 სააღსრულებო ფურცელი და შეწყდა მის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/298-18) კი, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 პუნქტები სრულად და მე-4 პუნქტი შპს „...სათვის“ ნ.ფ-ის სასარგებლოდ ბაჟის დაკისრების ნაწილში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც 2016 წლის 26 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, 2017 წლის 24 იანვარს გაცემული №170070468 სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით ნ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ჟ.ტ-ის მიერ გაცემული 2017 წლის 24 იანვრის №170070468 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A 17012218-004/002. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით (საქმე №ას-1283-2019) ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

ქვედა ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 26 ივლისს შპს „...ს“ წარმომადგენელმა თ.ა-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოითხოვა ნ.ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის წერილი, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №2/15811-17 საქმეზე, სადაც მოსარჩელეა ნ.ფ-ე, ხოლო მოპასუხეები - ჯ.ბ-ი, შპს „...“ და ნოტარიუსი ჟ.ტ-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე, მეოთხე (გარდა შპს „...სათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა) და მეხუთე პუნქტები შესულია კანონიერ ძალაში.

რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 30 ივლისის №... სადავო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის გამზ. №... -ში, მე-… სართულზე მდებარე №... ბინაზე (საკადასტრო კოდი: ...), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (საქმე №2/15811-17) 2017 წლის 30 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (საქმე №2ბ/298-17) 2019 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განახლდა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და დარეგისტრირდა ნ.ფ-ის საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. მათ შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი.

საკასაციო პალატა მოსარჩელის მხრიდან იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს (1-ელი ნაწ.); სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე (მე-2 ნაწ.), ხოლო საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით (მე-5 ნაწ.). ხსენებული კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი: 1. პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას; 2. პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს; 3. უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი (სასამართლო დაცვის საგანი), უკანასკნელის გარეშე პროცესუალურ უფლებას არ ექნებოდა რაიმე ღირებულება. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. ამასთანავე, კანონიერი ინტერესი არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას, სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას. სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე ინტერესის არსებობა, როგორც სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა, გულისხმობს დავისადმი მოსარჩელის ინდივიდუალური, პერსონალური ინტერესის, როგორც ასეთის არსებობას. კანონიერ ინტერესში იგულისხმება, რომ დავა უნდა იყოს სამართლებრივი, დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია ამ უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სუსგ №ბს-764-764(2კს-18); 27.12.2019წ.).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). „შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „სასამართლო უფლება“, სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, განსაკუთრებით კი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი თავისი ბუნებით მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით შეფასების გარკვეული ფარგლებით სარგებლობს (ევროსასამართლოს 2000 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე García Manibardo v. Spain, App. No. 38695/97, §36; აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Zvolský and Zvolská v. the Czech Republic, App. No. 46129/99, §47). თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდოს ინდივიდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ ხარისხით, რომ შეილახოს თავად უფლების არსი. ამასთან, მსგავსი შეზღუდვები ვერ იქნება თავსებადი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან, თუკი ის არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს ან არ არსებობს გონივრული პროპორციულობის თანაფარდობა გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (ევროსასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Liakopoulou v. Greece, App. No. 20627/04, §17; აგრეთვე, ევროსასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nedzela v. France, App. No. 73695/01, §45 და 1998 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Guérin v. France, App. No. 51/1997/835/1041, §37).

საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (საქმე N3ბ/2410-21, სადაც მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენდა ნ.ფ-ის სასარგებლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერების შეფასება), რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ.ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 102 ლარისა და 76 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ სრული მოცულობით არ გაიზიარა მოსარჩელის (ნ.ფ-ე) მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით უძრავი ნივთის ღირებულების - 158,290 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნ.ფ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი არ არის რეალიზებული და კვლავ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, ამასთან, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო იპოთეკის უფლება შპს „...ის“ სასარგებლოდ, ხოლო კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულებას წარმოადგენს 76 000 აშშ დოლარისა და 102 ლარის გადახდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მატერიალური ზიანის ანაზღაურება სწორედ იმ მოცულობით უნდა დაკისრებოდა, რაც ჯ.ბ-ის მიერ უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შედეგად სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გადასახდელ თანხას (როგორც მატერიალური ზიანი) წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელიც გაიცა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იქმნება იმგვარი მოცემულობა, რომ სადავო ქონება, სასამართლო დავების შედეგად, კვლავ თავდაპირველი მესაკუთრის - ნ.ფ-ის საკუთრებაშია. ამასთან, მართალია, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქონებაზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება შპს „...ის“ სასარგებლოდ, თუმცა საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ სწორედ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გათვალისწინებით დაკმაყოფილდა ნ.ფ-ის მოთხოვნა (იხ. 14.02.2022 წლის გადაწყვეტილება N3ბ/2410-21) ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რამეთუ აღნიშნული ემსახურებოდა ნ.ფ-ის უფლებებში სრულ აღდგენას. შესაბამისად, სახეზეა ქონებაზე პირვანდელი მდგომარეობის (უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში) დაბრუნების პირობები. ამგვარ ვითარებაში კი, გაუგებარია, რაში მდგომარეობს მოსარჩელის სამართლებრივი, სუბიექტური ინტერესი წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილ სარჩელზე. მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, სამართალწარმოების ფარგლებში ზედმიწევნით დაიცვას საპროცესო ნორმატიული წესრიგი, პროცესუალურ-სამართლებრივი ღონისძიებები განახორციელოს სწორედ მათზე დაყრდნობით და ამ გზით, უზრუნველყოს პროცესის მონაწილეთათვის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების კომპონენტებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება (სუსგ №ბს-636(კს-24), 21.11.2024წ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები წარმოადგენენ საპროცესო წინამძღვრებს. არსებობს მხარეებთან მიმართებაში საპროცესო წინამძღვრები და დავის საგანთან არსებული წინამძღვრები. საპროცესო წინამძღვრები საჯარო ინტერესს გამოხატავს. საჯარო ინტერესი გამოიხატება იმაში, რომ სარჩელს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოჰყვეს შედეგი, როცა ყველა საპროცესო წინამძღვრები სახეზეა. სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად. ამდენად, სარჩელის დასაშვებობის საკითხი შესაძლოა დადგეს სასამართლოს მიერ სარჩელის დასაშვებად ცნობის შემდეგ, აგრეთვე ზედა სასამართლო ინსტანციებში (სუსგ №ბს-752-744(კს-16); 09.03.2017წ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახე, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას (სუსგ №ბს-854-836(კ-12); 10.10.2013წ.), ხოლო გადაწყვეტილება წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტს, რომელიც ორიენტირებულია მოდავე მხარის უფლების რეალიზებაზე და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიმართულია აღსრულებისკენ (სუსგ №ბს-1333(კ-24); 04.03.2025წ.). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ განსახილველ შემთხვევაში ვერ შეძლო უფლებადამცავი ინტერესის გამოკვეთა, მისი იურიდიული (კანონიერი) ინტერესი მოცემული დავის მიმართ არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით პალატამ სრულად იმსჯელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რაც, წინამდებარე დავის ფარგლებში, საკითხისადმი ნ.ფ-ის კანონიერი ინტერესის ამოწურვას ადასტურებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, ასევე არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს დამატებით განუმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა ინტერპრეტირდეს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე