Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-347(კ-25) 18 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.ფ-ი

თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

გ.ფ-მა 2022 წლის 30 მარტს სარჩელით, ხოლო 2022 წლის 6 დეკემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 11 მარტის №...9 ბრძანებულებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 თებერვლის №1000770050 დასკვნის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გ.ფ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის მომზადების და საქართველოს პრეზიდენტისთვის განსახილველად გადაგზავნის თაობაზე.

გ.ფ-მა 2023 წლის 6 მარტს ასევე სარჩელით მიმართა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სააგენტოს 2023 წლის 06 თებერვლის №1000852117 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გ.ფ-ისთვის საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

წარმოდგენილი სარჩელების მიხედვით, გ.ფ-ი დაიბადა სომხეთში, თუმცა 2 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში. მისი შვილებიც საქართველოში ცხოვრობენ და მათ საკუთრებაში აქვთ ქ. რუსთავში მდებარე ბინა. გ.ფ-ი რუსეთში წავიდა სამუშაოდ და სამშობლოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, შესაბამისად, მის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები მიღებულია უკანონოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (06.03.2023წ. სარჩელი).

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ფ-მა (დაბ. ... ... ...წ.) 2023 წლის 10 იანვარს №1000852117 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით დადგინდა, რომ 2023 წლის 11 იანვრის მდგომარეობით გ.ფ-ი იძებნება 08.06.2020 წლიდან რუსეთის ინტერპოლის მიერ. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 06 თებერვლის №1000852117 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ.ფ-ის 2023 წლის 10 იანვრის №1000852117 განცხადება, რაც სასამართლოს შეფასებით შესაბამისობაშია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით (30.03.2022 წ. სარჩელი) გ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 11 მარტის №...9 ბრძანებულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 თებერვლის №1000770050 დასკვნა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.ფ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დასკვნის მომზადების და საქართველოს პრეზიდენტისთვის განსახილველად გადაგზავნის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ ზემოხსენებულ საქმეზე მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ. გ.ფ-ის შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი დასკვნის საფუძვლად მითითებული გარემოება: განმცხადებლის საქართველოსთან სარწმუნო სამართლებრივი კავშირის დაუდგენლობა, რადგან ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული, რომ მას საქართველოში ჰყავს ოჯახის წევრები და აქვს უძრავი ქონება მდებარე, ქალაქი რუსთავი, .... №..., ს.კ.... ამასთან, სასამართლოს შეფასებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გ.ფ-მა საშუალო განათლება მიიღო საქართველოში, მას საქართველოში ჰყავს დედა და ძმა, რომლებიც ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა აღნიშნული გარემოებები მაშინ, როდესაც მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას ერთ-ერთი მხედველობაში მისაღები გარემოებაა საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, ასევე, ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, საქართველოში საქმიანობა და ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ფ-მა, ხოლო 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, №3ბ/2705-23 და №3ბ/1734-24 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. გაერთიანებულ საქმეს სარეგისტრაციო ნომრად მიენიჭა №3ბ/2705-23.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით გ.ფ-ის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის და 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებები.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონსა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაზე მითითებით, განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლები, რაც მოსარჩელესთან მიმართებით სარწმუნოდ არ იქნა გამოკვლეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის ავტორის მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე სეკუნდა მუხლის მე-6 პუნქტზე, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაზე და აღნიშნავს, რომ გ.ფ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის მიზნით, 2022 წლის 3 თებერვალს კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველ პირს გ.ფ-ის, რის შესაბამისად დაადგინა, რომ გ.ფ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა სომხეთის რესპუბლიკაში, საშუალო განათლება საქართველოში მიიღო, 1992 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც დასაქმებული არის მშენებლობის სფეროში, დედა და ძმა საქართველოში ცხოვრობენ, გეგმავს მომავალში საქართველოში დამკვიდრებას. კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეფასება მისცა მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას და მიიჩნია, რომ გ.ფ-ი არ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და გ.ფ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 პრიმა მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ საქართველო/რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გ.ფ-ის მიმართ არ არსებობდა 21-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული პირობა, შესაბამისად სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა (აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 06 თებერვლის №1000852117 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის წინაპირობები კი ამომწურავად არის მითითებული დასახელებული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი რეგულირდება აგრეთვე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით“, რომლის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, ხოლო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ...საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - განკარგულებას.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლებს დეტალურად აწესრიგებს ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-40 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. ამრიგად, საკასაციო პალატის შეფასებით, მართალია, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად წყდება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხები. თუმცა, ფიზიკური პირისათვის დამდგარი იურიდიული შედეგი გათვალისწინებით, მითითებული ორი სახის წარმოებების მკაცრად ფორმალურად გამიჯვნა არ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილ რეალიზებას, რაც განაპირობებს სადავო საკითხის კომპლექსური შეფასების საჭიროებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 15 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ფ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. განცხადებაში გ.ფ-ი აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახის წევრები: დედა, და-ძმა, ასევე ძმისშვილები იმყოფებიან საქართველოში. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოში აქვს უძრავი ქონება. გ.ფ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მასთან ჩატარდა გასაუბრება. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა გ.ფ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი და ჩატარებული გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. შესაბამისად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულება და განმარტოს, თუ რა გარემოებებმა განაპირობა მისი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება უარყოფითი გადაწყვეტილების მისაღებად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არც სადავო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 თებერვლის №1000770050 დასკვნით და არც მის საფუძვლად არსებული ოქმით არ ირკვევა, თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ არ არსებობდა გ.ფ-ის შემთხვევაში საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი და შესაბამისად, მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გაცემის საფუძველი, რამდენადაც დამატებით შეფასებას საჭიროებდა გ.ფ-ის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოობა, როგორც მისი ბიოგრაფიული ცნობების, ასევე მისი განათლების/დასაქმების, საცხოვრებლის და ოჯახის წევრების საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის გათვალისწინებით. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა