საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1142(კ-24) 26 ნოემბერი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.დ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2024 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.დ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 10.10.2023 წლის №1000907269 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სახელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. მოსარჩელე დასაქმებულია საბაჟო პროცედურის მენეჯერის თანამდებობაზე შპს „ ...ში“ (ს/ნ...). აღნიშნულ საწარმოში არ არის დასაქმებული არც ერთი სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის წერილის თანახმად, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შპს „...ის“ ბრუნვა შეადგენდა 1137667.77 ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა - 1137667.77 ლარს.
2.3. მოსარჩელემ 12.09.2023 წელს განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
2.4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 02.10.2023 წლის SSG 6 23 00216258 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
2.5. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
2.6. სააგენტოს 10.10.2023 წლის №1000907269 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
2.7. მოსარჩელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოების შემცველობის გამო წარედგინა მხოლოდ სასამართლოს და არ დაერთო საქმეს. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ამ ნაწილში დახურულ სასამართლო სხდომაზე საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
2.8. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2024 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 10.10.2023 წლის №1000907269 გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, სააგენტოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, ერთმანეთს შეუპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის თუ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
4.2. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წერილი არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
4.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე მოსარჩელის დასაქმების ფაქტზე, დამსაქმებელ საწარმოში სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების არარსებობასა და დამსაქმებლის წლიური ბრუნვის ოდენობაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ არის ნასამართლევი.
4.4. საიდუმლო წერილის შინაარსის, ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერება.
9. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
10. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“). კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე. საქმის მასალებიდან, მათ შორის, სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა.
11. კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ისეთ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 02.10.2023 წლის SSG 6 23 00216258 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მოსარჩელისთვის, კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა (ს.ფ. 72).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
13. საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაში/განჩინებაში. ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ დაადგინა საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოში მოსარჩელის დასაქმების ფაქტი და დამსაქმებლის წლიური ბრუნვის ოდენობის კანონით დადგენილ მოთხოვნეთან შესაბამისობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელის სახელზე სააგენტოს ერთხელ უკვე ჰქონდა გაცემული ბინადრობის ნებართვა (იხ. ს.ფ. 14). მართალია, ბინადრობის ნებართვის წარსულში გაცემის ფაქტი არ ავალდებულებს ორგანოს ყოველი შემდეგი მოთხოვნისას დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს (სუსგ საქმე №ბს-1229(კ-22), 20.03.2025წ.). ამ შემთხვევაში სააგენტოს არ დაუსაბუთებია შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა, არ დგინდება კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო ურთიერთშედარება.
14. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება საკასაციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებაზე (სუსგ №ბს-815(კ-19), 16.04.2020წ; №ბს-207(კ-20), 07.10.2020წ; №ბს-311(კ-20), 07.10.2020წ.). ისინი არ შეიცავენ განმარტებას მასზე, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა იმთავითვე, ყოველგვარი შეფასების გარეშე, უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ: სუსგ №ბს-1197(კ-22),20.03.2025წ.). 15. სადავო აქტის მართლზომიერებას არ ადასტურებს კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ და „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (იხ. საკასაციო საჩივარი, ს.ფ.156-157). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. მითითებული გადაწყვეტილებებით არ გამოირიცხება აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროება. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, კონტროლი უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (Al-Nashif v. Bulgaria, №50963/99, 20.06.2002წ., §123,124; Chahal v. The United Kingdom [GC], №22414/93, 15.11.1996წ., §127, 145).
16. კასატორის მითითება იმაზე, რომ განცხადების განმხილველი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას მოიპოვოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ გასათვალისწინებელია, თუმცა არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების გაზიარებაზე უარის თქმა ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება (სუსგ №ბს-631(კ-21), 06.04.2023წ.). მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წერილის თანახმად უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად მიღებას.
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2024 წლის გადაწყვეტილება.
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №19880, გადახდის თარიღი 20.08.2024წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე