საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-797(კ-25) 4 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიზო უბილავა, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 18 აპრილს ს. ე-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 7 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე - სევ. ე-ითან, ჰყავთ შვილი - სე. ე-ი. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ჰქონდა ბინადრობის ნებართვები. 2024 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაზედაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ეთქვა უარი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან, იგი სრულად აკმაყოფილებდა მუდმივი ცხოვრების ნებართვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით აიძულებს დატოვოს საქართველო, აშორებს ოჯახს და ბავშვს მამის გარეშე ტოვებს, რითაც არსებითად ირღვევა მოსარჩელისა და მისი ოჯახის, მცირეწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 10 აპრილის №1000940126 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - ს. ე-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ე-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით ს. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია, დეტალურად გაეცნო მას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 10 აპრილის №1000940126 გადაწყვეტილების კანონიერებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ვინაიდან მოსარჩელე მუშაობს საქართველოში, მისი მეუღლე და შვილი არიან საქართველოს მოქალაქეები, ოჯახის ერთიანობის პრინციპისა და მისი არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მის სახელზე უნდა გაიცეს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი აპელანტს ეთქვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილი არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს საქართველოში, არ გულისხმობს, რომ უპირობოდ უნდა მიეცეს ბინადრობის ნებართვა მის მშობელს. სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარო და კერძო ინტერესების, მათ შორის არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის უპირატესი საჯარო ინტერესი მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ე-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე იქნა მიჩნეული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად და მისი საქმიანობა საფრთხის შემცველად, მაშინ როდესაც კასატორი არასდროს ყოფილა რაიმე კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში შემჩნეული, ასევე არ არის ნასამართლევი. კასატორის მითითებით, მას ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და არასრულწლოვანი ბავშვი, რომლის კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებაა მამის გვერდით ყოფნა. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, მასზედ, რომ არ დასტურდება ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით სადავო გადაწყვეტილების მიღების ფაქტი. სადავო გადაწყვეტილებით მოხდა ბავშვის მამასთან იძულებით განშორება, რაც სასამართლოსთვის წარმოადგენს მხოლოდ ფაქტს. კასატორმა მიუთითა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-7 მუხლზე და განმარტა, რომ ბავშვის უფლება - გაიზარდოს ოჯახურ გარემოში - არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი. მართალია, უპირატესია სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფა, საქართველოში მყოფი პირების უსაფრთხოების შენარჩუნებისა და დაცვისთვის, თუმცა აღნიშნული არ უნდა მოხდეს მოქალაქეების უფლებებისა და არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით, დაცული უნდა იქნეს თანაზომიერება. კასატორის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაირღვა და შეილახა ს. ე-ის უფლებები, არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესები, საქმეში არსებული მასალები არ იქნა სრულად შესწავლილი, რის შედეგადაც დაირღვა ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, რამაც განაპირობა უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ე-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ს. ე-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე ,,სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის“ წინააღმდეგ, II-13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა. აღსანიშნავია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. ე-ი (დაბადების თარიღი: ... წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. იგი 2018 წლის 7 ივნისიდან ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან - სევ. ე-ითან. სე. ე-ი დაიბადა ... წლის ...ს, დედა - სევ. ე-იი, მამა - ს. ე-ი. სსიპ სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2024 წლის 18 მარტის N7020624006019 საინფორმაციო ბარათის მიხედვით, სე. ე-ი (დაბადების თარიღი: ... წელი საქართველოში) არის საქართველოს მოქალაქე. ს. ე-იმა 2024 წლის 15 მარტს N1000940126 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა. საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ს. ე-ისათვის საქართველოში მუდმივად ცხოვრების ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 10 აპრილის N1000940126 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ე-ის 2024 წლის 15 მარტის N1000940126 განცხადება და მას უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც ასახულია კონტრდაზვერვის 2024 წლის 28 მარტის SSG 7 24 00069450 წერილში. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ 2025 წლის 5 სექტემბრის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის არსებობის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესთა შეპირისპირებისა და მათ შორის გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის ხარჯზე, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის ინტერესების მომეტებული მოცულობით შეზღუდვას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ზოგადად ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებების არსებობაზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების მაღალი რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას“(სუსგ №ბს-1248(კ-20), 30.09.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი და განცხადების განხილვის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას ბავშვის ინტერესების დაცვის უგულებელყოფასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ერთი მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის პირის ამ უფლებაში ჩარევის თანაზომიერება და აუცილებლობა. ამდენად, სასამართლო ვალდებულია ყველა მსგავს შემთხვევაში გადაწყვეტილება სწორედ ამ ორი საკითხის ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიიღოს, რაც ერთ შემთხვევაში გულისხმობს ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში თანაზომიერი და აუცილებელი ჩარევის კანონიერად მიჩნევას, ხოლო მეორე შემთხვევაში - მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის არათანაზომიერად/არააუცილებელ ღონისძიებად მიჩნევას (Jeunesse v. The Netherlands, დიდი პალატა, №12738/10, 3 ოქტომბერი, 2014წ. ; Liu v. Russia №42086/05, 6 დეკემბერი, 2007წ. ; Nunez v. Norway, №55597/09, 28 ივნისი, 2011წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსთვის და მათ შორის სასამართლოსთვის პრიორიტეტულია. განსახილველ შემთხვევაში კი დასტურდება, რომ მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს საქართველოში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო აქტის არასრულწლოვანი პირის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით მიღების ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილი არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს საქართველოში, არ გულისხმობს, რომ უპირობოდ უნდა მიეცეს ბინადრობის ნებართვა მის მშობელს. სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარო და კერძო ინტერესების, მათ შორის არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ინტერესების გათვალისწინებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ბს-490(კ-22)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოს მოქალაქესთან დაოჯახებისას, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.). ამდენად, სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა ინდივიდთა უფლებებში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (21.06.1988წ. „Berrehab v. The Netherlands“ (§28)), უცხოელის ოჯახური კავშირების არსებობის შემთხვევაში კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა უნდა გამართლდეს უკიდურესი სოციალური საჭიროებით და იყოს მისაღწევი მიზნის თანაზომიერი (24.04.1996წ. „Boughanemi v. France“ (§41)). ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“), სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია იმის დასადგენად თუ რა წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო უშიშროებისთვის (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§57)). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის უპირატესი საჯარო ინტერესი მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით და მართებულად ეთქვა მოსარჩელეს უარი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. ე-ის საკასაციო საჩივარზე ჯ. მ-ის (პ/ნ ...) მიერ 08.07.2025წ. №2939 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. მ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება;
3. ჯ. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. ე-ის საკასაციო საჩივარზე 08.07.2025წ. №2939 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. უბილავა
გ. აბუსერიძე