საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1181 (კს-24) 26 ნოემბერი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ. თ-ა, ნ. ლ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2024 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ. თ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და ნ. ლ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“ პირველ მოსარჩელესთან ერთობლივად - „მოსარჩელეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) სარჩელი წარადგინეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „მერია“) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „გამგეობა“) მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ საბოლოოდ მოითხოვეს:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 15.06.2022 წლის №10-0122166237 წერილი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გამგეობის 11.05.2022 წლის №36-01221313615 ბრძანება ქ. თბილისში, ...ს ... №...-ში, ... სართულზე მდებარე ბინა ...-ის (57,4 კვ.მ.) პირველი მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისში, ...ს ... №...-ში, ... სართულზე მდებარე ბინა ...-ის (26,46 კვ.მ.) მეორე მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს გამგეობას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს ... №...-ში, ... სართულზე მდებარე ბინა ...-ის (57,4 კვ.მ.) პირველი მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და ქ. თბილისში, ...ს ... №...-ში, ... სართულზე მდებარე ბინა ...-ის (26,46 კვ.მ.) მეორე მოსარჩელისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2023 წლის განჩინებით საქმის წარმოება, მერიის 15.06.2022 წლის №10-0122166237 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2024 წლის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ასევე აპელანტებს დაუბრუნდათ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 20.08.2024 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2024 წლის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი; ხარვეზის შევსების მიზნით, მოსარჩელეებს ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 07 დღის ვადაში დაევალათ 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.
5.2. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 05.08.2024 წელს.
5.3. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების მიზნით, 20.08.2024 წელს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა იმავე დღეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
5.4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-60-61-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 12.08.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსოთ, ხოლო აპელანტების წარმომადგენლმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 20.08.2024 წელს. ამდენად, ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2024 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. კერძო საჩივარი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ მოსარჩელეებმა მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს განჩინებით დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე მიუთითეს სსსკ-ის 59-ე, 64-ე და 66-ე მუხლებზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2024 წლის განჩინებით მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და განესაზღვრათ 7-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ასევე განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ.208-210).
13. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2024 წლის განჩინების ასლი მოსარჩელეების წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა, ს.ფ.26-28) გაეგზავნა თავად მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ.190; გზავნილი, ს.ფ.211) და ჩაჰბარდა პირადად 05.08.2024 წელს (იხ. გზავნილის ჩაბარების დასტურ(ებ)ი, ს.ფ.213-216). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 06.08.2024 წელს და ამოიწურა 12.08.2024 წელს, თუმცა აპელანტებს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა მითითებულ ვადაში არ შეუსრულებიათ. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ მატერიალური მდგომარეობის გამო განჩინებით დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ამდენად, სააპელაციო საჩივარზე დაწესებული ხარვეზის შევსების ვადის გასაგრძელებლად აუცილებელია თავად აპელანტის ნების გამოვლენა - ვადის გაგრძელების თხოვნა. მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებს ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოუსწორებიათ და არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის (შდრ. №ბს-1196(კს-24), 13.05.2025 წ.). პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2024 წლის გაჩინებით აპელანტს დავალებული ჰქონდა ან დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა, ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიებულებების წარმოდგენა. შესაბამისად, თუ აპელანტები მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო (როგორც თავად აღნიშნავენ, „მათი მატერიალური მდგომარეობა არ იყო სახარბიელო“ (იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ.231)) ვერ იხდიდნენ სახელმწიფო ბაჟს, მათ სასამართლოსთვის უნდა წარედგინათ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა.
14. რაც შეეხება კერძო საჩირის ავტორების მიერ სსსკ-ის 66-ე მუხლზე (განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ) აპელირებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. სუსგ №ას-366-366-2018, 18.05.2018წ.; №ბს-473-468(კს-12), 11.07.2012წ.). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ №ას-1023-2019, 25.09.2019წ; №ას-229-2021, 18.05.2021წ; №ას-1402-2023, 19.12.2023წ). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის ხარვეზის შევსების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე (სუსგ №ას-1184-2020, 21.12.2020წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საჩივრის დასაშვებობის პირობებს, რადგან თავისი ბუნებით აღნიშნული საკითხი მოითხოვს სახელმწიფოს მიერ რეგულირებას, რომელიც ამ მხრივ გარკვეული შეფასების ზღვარით სარგებლობს (Luordo v. Italy, №32190/96, 17.07.2003წ. §85). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. თ-ას და ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2024 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე