Facebook Twitter

საქმე №ბს-852(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. კ-ა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება, თანხის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. კ-ამ 12.01.2024 წელს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 21 ნოემბრის №SSA52301243593 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 8 იანვრის №SSA72400012014 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან ზ. კ-ასათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის დავალდებულება, ასევე ამავე ფილიალისათვის ზ. კ-ას სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება, 2023 წლის 15 ნოემბრის №1219589 განცხადების წარდგენიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 21 ნოემბრის №SSA52301243593 გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 8 იანვრის №SSA72400012014 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. კ-ასათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს დაევალა ზ. კ-ას სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2023 წლის 15 ნოემბრის №1219589 განცხადების წარდგენიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ. კ-ა დასაქმებულია სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, შტატით გათვალისწინებულ კონკრეტულ თანამდებობაზე - ...ად. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების" თანახმად, ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აღნიშნული ანსამბლი წარმოადგენს კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია კულტურულ დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა კულტურული საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კულტურულ დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ კულტურულ დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ კულტურულ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, კულტურულ დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება კულტურული დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. კანონმდებელმა ზემოთ აღნიშნული გამონაკლისი კულტურული დაწესებულების საქმიანობის და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის ხასიათს დაუკავშირა. კანონმდებლის შესაბამისი განზრახვის შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის შესაბამის წინადადებაში დასაქმებულ პირთა კულტურული საქმიანობა იყოს მითითებული. ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე, ზ. კ-ა საქმიანობს კულტურულ დაწესებულებაში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას არ ეზღუდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, გადაწყვეტილება მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიერ.

კასატორებმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით აღნიშნეს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც - სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, სკოლა-პანსიონების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების, სკოლის გარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა, საუბნო საარჩევნო კომისიაში ან/და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა.

კასატორებმა მიუთითეს, რომ ზ. კ-ამ 2023 წლის 15 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს და წარმოადგინა 02.11.2023 წლის ცნობა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ ზ. კ-ა დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ...ის პოზიციაზე. კასატორის მოსაზრებით, სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობები, შესაბამისად, ზ. კ-ა აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს აჭარის ფილიალის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

კასატორებმა მიუთითეს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პენსიის ადმინისტრირების ფარგლებში, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებს წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება. კასატორის განმარტებით, აღნიშნული კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ამ კანონის მიზნებისათვის მოცემული განმარტება პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა) სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული, არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვა) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.

კასატორების მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში წარმოდგენილია იმავე დავის საგანზე სხვა პირის სასარგებლოდ გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო პრეცედენტის გათვალისწინებით, მსგავსი დავების ანალოგიურად გადაწყვეტის უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სხვა პირის ინდივიდუალურ დავაზე და როგორც ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოცემულ საქმეზე გავლენას ვერ იქონიებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, ზ. კ-ამ (დაბ. ... წელს) 15.11.2023 წელს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და სახელმწიფო პენსიის (ასაკით) დანიშვნა მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მიერ 02.11.2023 წელს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად ზ. კ-ა 2008 წლის 03 იანვრიდან მუშაობს სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, ...ის პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 21 ნოემბრის №SSA52301243593 გადაწყვეტილებით, ზ. კ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ. კ-ა დასაქმებული იყო სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და ის ახორციელებდა საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე- 5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ზ. კ-ას, როგორც სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დასაქმებული პირის საქმიანობის საჯარო საქმიანობად მიჩნევის და მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებით დამტკიცებულ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულებაზე,“ რომლის თანახმად ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს N22 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის" დებულების თანხმად, ცენტრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება. ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია: ა) საკონცერტო და სადადგმო მოღვაწეობა, სამუსიკო ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების შესრულება და მისი მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია; ბ) ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკალური კულტურის პოპულარიზაცია; გ) ქართული კლასიკური და მსოფლიო საგუნდო ხელოვნების შესწავლა და შესრულება; დ) საოპერო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანების ხელშეწყობა; ე) მუსიკალური განათლების მქონე ახალგაზრდების საოპერო, საგუნდო და საშემსრულებლო ხელოვნებაში დაოსტატებისა და მსახიობებად მათი ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა; ვ) რეგიონში მოქმედი სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობა; ზ) ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია და განვითარება; თ) ეროვნული ტრადიციების აღორძინება და განვითარება (მუხლი 2). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, არ არსებობდა ზ. კ-ასათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მუშაობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, მოსარჩელეს არ ეზღუდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით (იხ. სუსგ 21.07.25წ. №ბს-714(2კ-კს-25); 20.05.25წ. №ბს-1388(კ-24); 05.10.23წ. №ბს-631(კ-23)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე