Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-549(კ-25) 4 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ. პ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 10 მარტს თ. პ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე საშტატო შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №404 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“.

სარჩელის თანახმად, თ. პ-ი მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის პოზიციაზე. დასახელებული ბატალიონის მეთაურის მიერ 2022 წლის 21 სექტემბერს მიღებულ იქნა №MOD 2 22 00000004 და №MOD 1 22 00000003 ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური და №MOD 6 22 00000404 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ხელფასიდან 10%-ის დაქვითვა 3 თვის ვადით. მოსარჩელის მითითებით, მან სამივე ბრძანება გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტროში, რომელმაც საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ძალაში იქნა დატოვებული მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №MOD 6 22 00000404 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე საშტატო შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №404 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“ და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 10 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. პ-ის შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაქტი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ №2442/20. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით. ამავე კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებად განისაზღვრა: 6.1.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, დასახული ამოცანები და განუხრელად დაემორჩილოს ზემდგომი უფროსების/მეთაურების ბრძანებასა და განკარგულებებს. ზუსტად და დროულად შეასრულოს ისინი. 6.1.2. მტკიცედ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის სამხედრო ფიცის, წინამდებარე კონტრაქტისა და საჯარისო წესდების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა.

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში ჩატარდა დისციპლინური წარმოება თ. პ-ის მიმართ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიხატა სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევაში, ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობასა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში. დისციპლინური წარმოების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ... ჯ. გ-ეს, ... გ. ჯ-ეს, ... დ. ფ-ის, ვ. რ-ის, გი. ჯ-ეს, თ. პ-ის.

სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნული პირების განმარტებებზე, კერძოდ, ... ჯ. გ-ეის ახსნა-განმარტების თანახმად, იგი 2022 წლის 4 აპრილს ასრულებდა ასეულის მეთაურის მოვალეობას 33-ე შერეული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ...ში. 2022 წლის 3 აგვისტოს, ...ს ჰქონდა გეგმური სროლა. ქვედანაყოფი სროლიდან დაბრუნდა დაახლოებით 18:00 საათზე. გაიცა ბრძანება იარაღის გაწმენდის შესახებ. მეორე დილით 4 აგვისტოს შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ რამდენიმე იარაღი სრულყოფილად არ იყო გაწმენდილი.

...ი ვ. რ-იის ახსნა-განმარტების თანახმად, 2022 წლის 5 აგვისტოს ასრულებდა ასეულის მეთაურის მოვალეობას. პარასკევი დღე არის სამეურნეო დღე, რაც ითვალისწინებს იარაღის გაწმენდას და მოწესრიგებას. იარაღის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ თ. პ-ის იარაღი არ იყო სათანადოდ გაწმენდილი. თ. პ-ი არ იმყოფებოდა საიარაღოში; მისი მოძიების შემდეგ, რიგითმა გ. ჯ-ემ დაშალა იარაღი და აჩვენა რომ იყო შესაბამისი დეტალი გასაწმენდი. თ. პ-იმა უარი თქვა იარაღის გაწმენდაზე. აღნიშნულის შემდეგ, ...მა ჯ-ემ თ. პ-ის ნება დართო დათხოვნაში გასვლის, რის შესახებაც ვ. რ-იი არ იყო ინფორმირებული. ვ. რ-იმა თ. პ-ი უკან დააბრუნა იგივე ბრძანებით, თუმცა თ. პ-იმა ისევ უარი განაცხადა იარაღის გაწმენდაზე და 13:31 საათზე, ზემდგომი მეთაურის ბრძანებით გავიდა დათხოვნაში.

რიგითი გ. ჯ-ეის ახსნა-განმარტების თანახმად, 2022 წლის 5 აგვისტოს, 11:00 საათიდან, ...ი ვ. რ-იისგან მიიღო იარაღის შემოწმების ბრძანება. იარაღის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ...ის რიგითი თ. პ-ის იარაღი არ იყო სათანადოდ გაწმენდილი. აღნიშნული ფაქტი თ. პ-იმა უარყო, თუმცა გ. ჯ-ემ აჩვენა, რომ იარაღი ჰქონდა გასაწმენდი. თ. პ-იმა ნახა და თავადაც დაეთანხმა. ამის შემდგომ ვ. რ-იი რამდენიმე წუთით გავიდა საიარაღო ოთახიდან, ხოლო გ. ჯ-ემ თ. პ-ის უთხრა, რომ მის ადგილას ჩანთას მოიხსნიდა და დაიწყებდა იარაღის გაწმენდას, რაზეც თ. პ-იმა უპასუხა, რომ ბავშვი ელოდებოდა სახლში და ორშაბათს გაწმენდდა. გ. ჯ-ემ სცადა დაეზუსტებინა, ბავშვი მარტო თუ იყო სახლში, ან თუ არსებობდა წასვლის სხვა აუცილებლობა, რათა შეეთანხმებინა მეთაურთან. ამაზე თ. პ-იმა უპასუხა, რომ მსგავსი მიზეზი არ ჰქონდა და ოთახიდან გავიდა.

რიგითი დ. ფ-იის ახსნა-განმარტების თანახმად, 2022 წლის 5 აგვისტოს, პარასკევ დღეს დაგეგმილი იყო იარაღის გაწმენდა. საიარაღოში ყოფნის დროს შეესწრო ინციდენტს, კერძოდ პირველი კლასის რიგითმა თ. პ-იმა არ შეასრულა ბრძანება იარაღის გაწმენდის შესახებ, ითხოვა დათხოვნაში გასვლა და განმარტა, რომ ორშაბათს გაწმენდა იარაღს, ვინაიდან შვილი ელოდებოდა სახლში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გ. ჯ-ემ დ. ფ-ის ჰკითხა რატომ არ მიდიოდა სახლში შვილი მასაც ხომ ელოდებოდა, რაზედაც დ. ფ-იმა განმარტა, რომ საქმე ჰქონდა. თ. პ-იმა აღნიშნული საუბარი მიიღო როგორც დაცინვა, არ გაწმინდა კუთვნილი იარაღი და არ შეასრულა ზემდგომიდან წამოსული ბრძანება.

...ი გი. ჯ-ეის ახსნა-განმარტების თანახმად, 2022 წლის 5 აგვისტოს, პარასკევ დღეს სრულდებოდა დღის განრიგი - იარაღის შემოწმება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ პირველი კლასის რიგითი თ. პ-იის იარაღი იყო გასაწმენდი. რიგითს დაევალა თ. პ-ისთვის აღნიშნულის შეტყობინება, თუმცა ინფორმაციის გადაცემის შემდეგ თ. პ-ი იარაღის გასაწმენდად არ გამოცხადებულა. თ. პ-ი 11:55 საათზე, სამოქალაქო ფორმით ჩამოვიდა დათხოვნაში გასასვლელად. ვ. რ-იმა და გ. ჯ-ემ თ. პ-ის მიუთითეს, რომ იარაღი იყო გასაწმენდი, ვინაიდან გასაწმენდ იარაღს ვერ ჩაიბარებდნენ. აღნიშნულზე, თ. პ-იმა განაცხადა უარი და მიზეზად დაასახელა შვილი, რომელიც სახლში ელოდებოდა. გ. ჯ-ემ დ. ფ-ის ჰკითხა სახლში ელოდებოდა თუ არა შვილი, რაზედაც დ. ფ-იი დაეთანხმა. აღნიშნული საუბარი თ. პ-იმა მიიღო დაცინვად. შემდგომ თ. პ-ი დაუკავშირდა მეუღლეს, რათა დაერეკა მეთაურთან. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გი. ჯ-ემ სთხოვა თ. პ-ის, რომ გაესაუბრებოდა მის მეუღლეს ტელეფონზე. სატელეფონო კომუნიკაციისას თ. პ-ის მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა თ. პ-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 9:00 საათზე გამოცხადდა სამსახურში. ასეულის მეთაურის ბრძანებით კანცელარიაში საქმის მწარმოებელს ეხმარებოდა დოკუმენტების შევსებაში. დათხოვნის და განაწესის წიგნის შევსების შემდეგ, ბატალიონის ექიმთან ავიდა პირად საკითხთან დაკავშირებით დაახლოებით 11:20 საათზე. აღნიშნულის შემდეგ, 11:55 წუთზე, მოემზადა დათხოვნის მოწყობაზე გასასვლელად, რა დროსაც ...მა ვ. რ-იმა კორიდორში გასვლისას უთხრა, რომ საიარაღო ოთახში ეძახდნენ. საიარაღო ოთახში თ. პ-ის დახვდა გ. ჯ-ე და დ. ფ-იი. გ. ჯ-ემ დაშალა იარაღი და თ. პ-ის ანახა, რომ იარაღის დეტალი იყო გასაწმენდი, რის შემდეგაც თ. პ-იმა ითხოვა იარაღის ორშაბათს გაწმენდა. გ. ჯ-ემ იკითხა რაიმე პრობლემა ჰქონდა თუ არა, რაზედაც თ. პ-იმა განუმარტა, რომ ბავშვი მარტო ჰყავდა სახლში დატოვებული და თუ შეიძლება რომ წასულიყო, ორშაბათს რომ დაბრუნდებოდა იარაღს მაშინ გაწმენდდა. აღნიშნულის პასუხად, ირონიული სიცილით, გ. ჯ-ემ გვერდზე მდგომ დ. ფ-ის ჰკითხა რატომ არ მიდიოდა სახლში, მასაც ხომ ჰყავდა შვილი? თ. პ-იმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ოთახი დატოვა, რათა თავისი სერჟანტი ენახა. აღნიშნულ დროს დაუკავშირდა მეუღლე, რომელსაც აუხსნა, რომ გარკვეული დროით შეიძლება დაგვიანებოდა გათავისუფლება. თ. პ-ის კორიდორში შეხვდა ოცმეთაური გი. ჯ-ე, რომელსაც აუხსნა არსებული სიტუაცია. გი. ჯ-ემ თ. პ-ის ნება დართო ორშაბათს გაეწმინდა იარაღი და გაათავისუფლა. თ. პ-იმა ყაზარმიდან გასვლის შემდეგ გაიგონა, რომ ეძახდნენ. მობრუნებისას ...მა ვ. რ-იმა უთხრა, რომ იარაღი უნდა გაეწმინდა, პასუხად თ. პ-იმა განმარტა, რომ ოცმეთაურმა გი. ჯ-ემ და ასეულის სერჟანტმა ლ-ამ გაათავისუფლეს. აღნიშნულ დროს თ. პ-ის კვლავ დაუკავშირდა ტელეფონით მეუღლე, რომელთან საუბარიც ითხოვა ...მა გი. ჯ-ემ. სატელეფონო კომუნიკაციის დროს ... ჯ-ესა და თ. პ-ის მეუღლეს შორის მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ...მა გი. ჯ-ემ დაიწყო ყვირილი. გ. ჯ-ე, დ. ფ-იი და გი. ჯ-ე გამოხატავდნენ აგრესიას თ. პ-ის მეუღლის მიმართ და იმუქრებოდნენ, რაზედაც თ. პ-იმა დაიწყო ტირილი. ფაქტს გამოეხმაურა ბატალიონის ექიმი და ასეულის სერჟანტი, რომელთაც სცადეს მხარეების დამშვიდება. თ. პ-ი შტაბის უფროსის ნებართვით წავიდა სახლში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №MOD 6 22 00000404 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 55-ე მუხლის (სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა) პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის ...ის რიგით თ. პ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „ხელფასიდან 10%-ის დაქვითვა 3 (სამი) თვის ვადით“.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 22 00000003 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 31-ე მუხლის (ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა) პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის ...ის რიგით თ. პ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „საყვედური“.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული 6 ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №MOD 2 22 00000004 ბრძანებით, საქართველო მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 37-ე მუხლის (არასწორი ინფორმაციის მიწოდება) პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის ...ის რიგით თ. პ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „საყვედური“.

2022 წლის 28 სექტემბერს, თ. პ-იმა №MOD 5 22 01123893 განცხადებით მიმართა თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. 2023 წლის 12 იანვარს, თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში ჩატარდა სადისციპლინო საბჭოს სხდომა. სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე გამოკითხულ იქნენ ...ი გ. ჯ-ე, ...ი დ. ფ-იი და ... გ. ბ-ე. ასევე შესწავლილ იქნა კაპიტანი ე. გ-ეის 2022 წლის 10 აგვისტოს და 19 სექტემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება, კაპიტანი დ. გ-ის 2022 წლის 15 აგვისტოს და 19 სექტემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება, რიგითი გ. მ-ას 2022 წლის 17 აგვისტოს წერილობითი ახსნა-განმარტება, ... ნ. ჩ-ეის 2022 წლის 17 აგვისტოს წერილობითი ახსნა-განმარტება და ...ი ვ. რ-იის წერილობითი ახსნა-განმარტება. შედეგად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №MOD 9 16 00000459 ბრძანებით განსაზღვრულის სადისციპლინო საბჭოს 2023 წლის 17 იანვრის №MOD 9 23 00041564 სხდომის ოქმის თანახმად, საბჭომ მიიჩნია შემდეგი: ა) ძალაში დარჩეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №404 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“. ბ) ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №3 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“; გ) ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №4 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №MOD 9 16 00000459 ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს რეკომენდაციის (2023 წლის 17 იანვრის №MOD 9 23 00041564 სხდომის ოქმი) გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის ...ის რიგით თ. პ-ის 2022 წლის 28 სექტემბრის №MOD 5 22 01123893 განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №404 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №3 ბრძანება და №4 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“ და ამ ნაწილში 33-ე შერეულ ჯავშანსატანკო ბატალიონს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანების აღსრულების მიზნით მიღებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2023 წლის 23 თებერვლის №MOD 8 23 0000081 ბრძანება და №MOD 8 23 0000080 ბრძანება, „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“.

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება უნდა ხდებოდეს დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკითხული პირები ადასტურებდნენ, რომ 2022 წლის 5 აგვისტოს თ. პ-ის სახელზე მიმაგრებული იარაღი არ იყო სათანადოდ გაწმენდილი, თუმცა სასამართლოს შეფასებით, მითითებულ დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებით, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია და არ გამოუკვლევია საკითხი, თ. პ-ის მიერ 2022 წლის 5 აგვისტოს იარაღის შესაბამისი ნაწილის გაწმენდა/არგაწმენდა, რამდენად წარმოადგენდა სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევას, რასაც შეიძლება გამოეწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება. მხოლოდ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეზე მიმაგრებული იარაღი (ნაწილი) არ იქნა გაწმენდილი, არ წარმოადგენდა შესაბამისი მუხლით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უპირობო საფუძველს. სადავო აქტში არ იყო დასაბუთება თ. პ-ის მიერ იარაღის მომდევნო სამუშაო დღეს გაწმენდა, რატომ იყო დაუშვებელი ან შეუძლებელი, მით უფრო მაშინ, როცა აღნიშნულის თაობაზე ნებართვა იქნა გაცემული თ. პ-ის ზემდგომის მიერ. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობის წინაპირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. პ-ი (...ის რიგით) დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის პოზიციაზე.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №MOD 6 22 00000404 ბრძანებით, საქართველო მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 55-ე მუხლის (სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა) პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის ...ის რიგით თ. პ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა - ხელფასიდან 10%-ის დაქვითვა 3 (სამი) თვის ვადით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 55-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა, თუმცა ამავე მუხლით დადგენილი მოწესრიგებით ასეთმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება და განმარტა, რომ პირის ქმედების აღნიშნულ დარღვევად კვალიფიკაციისათვის, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებაა იმ მოსალოდნელი ზიანის ნათლად ჩამოყალიბება, რაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია პირის ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია და არ გამოუკვლევია საკითხი, თ. პ-ის მიერ 2022 წლის 5 აგვისტოს იარაღის შესაბამისი ნაწილის გაწმენდა/არ გაწმენდა, რამდენად წარმოადგენდა სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის ისეთ დარღვევას, რასაც შეიძლება გამოეწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ვერ მოახდინა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 55-ე მუხლის სათანადოდ განმარტება და ვერ მიუთითა იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომელთა დარღვევით იქნა გამოცემული სადავო №MOD 3 23 00000112 ბრძანება. აღნიშნულის საპირისპიროდ, სამინისტრო განმარტავს, რომ დასახელებული ბრძანება გამოცემულია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა/შეფასება.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებაში დაფიქსირებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ რეალურად დაყენებულ მოთხოვნებს; კერძოდ, 2024 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ №404 ბრძანება უკვე ძალადაკარგული იყო, მოსარჩელეს ჰქონდა მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის კანონიერი ინტერესი, აღნიშნული დაფიქსირებულ იქნა სასამართლოს სხდომის ოქმშიც, თუმცა გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანების კანონიერებაზე, რაც კასატორის მოსაზრებით წარმოადგენდა მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, თ. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე საშტატო შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №404 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო თ. პ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნაზე იმსჯელებს მისი ნაწილობრივ, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე დაკმაყოფილების კანონიერების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი (ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გადაცდომისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო დისციპლინისა და მხედრული ღირსების შელახვასთან, სამხედრო მოსამსახურე პასუხს აგებს საერთო-საჯარისო წესდების საფუძველზე.

სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი (ძალადაკარგულია - 28.03.2024, №107) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების მე-12 მუხლზე, რომელშიც ჩამოთვლილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ერთ-ერთ ასეთ ზომად ითვალისწინებს ხელფასიდან დაქვითვას. ამავე წესდების 55-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა (რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 10 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. პ-ის შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ №2442/20. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. პ-ი (...ის რიგით) დასაქმებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის პოზიციაზე და იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში ჩატარდა დისციპლინური წარმოება თ. პ-ის მიმართ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევაში, ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობასა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში. დისციპლინური წარმოების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ სამხედრო მოსამსახურეებს: თ. პ-ის, გ. ჯ-ეს, დ. ფ-ის, ვ. რ-ის, გი. ჯ-ეს, ჯ. გ-ეს. მიღებული ახსნა-განმარტებების გაანალიზების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №MOD 6 22 00000404 ბრძანებით, საქართველო მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 55-ე მუხლის პირველი პუნქტის (სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა, გამოხატული იარაღის არასრულყოფილად გაწმენდაში) საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის ...ის რიგით თ. პ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „ხელფასიდან 10%-ის დაქვითვა 3 (სამი) თვის ვადით“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 22 00000003 ბრძანებითა და №MOD 2 22 00000004 ბრძანებით, საქართველო მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტის (ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა) საფუძველზე და ამავე წესდების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის (არასწორი ინფორმაციის მიწოდება) საფუძველზე, თ. პ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „საყვედური“ თითოეული გადაცდომისთვის.

2022 წლის 28 სექტემბერს, თ. პ-იმა №MOD 5 22 01123893 განცხადებით მიმართა თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. 2023 წლის 12 იანვარს, თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში ჩატარდა სადისციპლინო საბჭოს სხდომა. სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე გამოკითხულ იქნა ...ი გ. ჯ-ე, ...ი დ. ფ-იი და ... გ. ბ-ე. ასევე შესწავლილ იქნა კაპიტან ე. გ-ეის, კაპიტან დ. გ-ის, რიგით გ. მ-ას, კაპრალ ნ. ჩ-ეის და ... ვ. რ-იის წერილობითი ახსნა-განმარტებები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №MOD 9 16 00000459 ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს რეკომენდაციის (2023 წლის 17 იანვრის №MOD 9 23 00041564 სხდომის ოქმი) გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ...ის ...ის რიგითი თ. პ-ის 2022 წლის 28 სექტემბრის №MOD 5 22 01123893 განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №404 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“, ხოლო დანარჩენი აქტები ბათილად იქნა ცნობილი და აღნიშნულ ნაწილში 33-ე შერეულ ჯავშანსატანკო ბატალიონს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანების აღსრულების მიზნით მიღებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2023 წლის 23 თებერვლის №MOD 8 23 0000081 ბრძანება და №MOD 8 23 0000080 ბრძანება, „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებებით, გამოვლენილად იქნა მიჩნეული თ. პ-ის მიერ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა) და 37-ე მუხლის პირველი პუნქტით (არასწორი ინფორმაციის მიწოდება) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა და თითოეული ქმედებისთვის მოსარჩელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „საყვედური“.

საკასაციო სასამართლო საკითხის შეფასებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მასში დასაქმებული თითოეული პირის როლის, განსაკუთრებული ფუნქციისა და აღნიშნულიდან გამომდინარე მათი მომეტებული პასუხისმგებლობის ხაზგასმას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს თავდაცვის კოდექსის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს სამინისტროს მოსამსახურედ განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურე, სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან/და თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირი ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი და აღნიშნავს, რომ მაღალი თვითშეგნებით, კეთილსინდისიერებითა და პასუხისმგებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულება ევალებათ არა მხოლოდ უშუალო სამხედრო მოსამსახურეებს, არამედ თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ ნებისმიერ პირს, საშტატო კატეგორიის მიუხედავად, რამდენადაც თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული თითოეული პირი, თავისი ფუნქციების ფარგლებში, სწორედ თავდაცვის სამინისტროს სრულფასოვანი და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას, ხოლო შედეგობრივად საქართველოს სრულფასოვან თავდაცვას ემსახურება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება საკუთარი სამხედრო დისციპლინის სისტემის ორგანიზებისათვის და ამ მხრივ მათ გააჩნიათ თავისუფალი შეფასების ფარგლები. არმიის ჯეროვანი ფუნქციონირება ძნელად წარმოსადგენია სამართლებრივი წესების გარეშე, რომელთა მიზანია აღკვეთონ სამხედრო შემადგენლობის მიერ დისციპლინის დარღვევა. კონკრეტულ შემთხვევაში, სამხედრო კარიერის არჩევა იყო ნებაყოფლობითი - ის მოხდა სამხედრო მომსახურების კონტრაქტზე ხელის მოწერით და ერთგულების ფიცის დადებით. საქმეზე კალაჩი თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სამხედრო კარიერის არჩევით, მოსამსახურე საკუთარი ნებით თანხმდება სამხედრო დისციპლინის სისტემას, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს შეირაღებული ძალების წევრი პირების უფლებებზე და თავისუფლებებზე ისეთი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, რომელიც ვერ იქნება გამოყენებული სამოქალაქო პირების მიმართ (Kalaç v. Turkey; N 20704/92, §28; 1 ივნისი,1997). საქმეზე ჰადჯიანასტასსიოუ საბერძნეთის წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აუცილებელია სამხედრო ცხოვრებასთან დაკავშირებული სპეციალური გარემოებების და იმ განსაკუთრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინება, რაც ეკისრება სამხედრო პერსონალს (როგორც შეიარაღებული ძალების წევრებს) - პირებს, რომლებიც შებოჭილნი არიან თავშეკავებულობის ვალდებულებით ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეხება მათი მოვალეობების შესრულებას (Hadjianastassiou v. Greece; N 12945/87, §46; 16 დეკემბერი 1992).

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს აქვს დაკისრებული შესაბამისი უფლება-მოვალეობები, რომელთა შესრულებაზეც მათ უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს კი, სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის სათანადო მოვლა და შენახვა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის“ მე-15 მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ქვედანაყოფის მეთაური, აგრეთვე იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ქვედანაყოფში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის მოვლისა და შენახვის წესები. ამასთან, საველე სწავლებიდან, მეცადინეობიდან, განწესიდან, მივლინებიდან ან სხვა სამსახურებრივი დავალებიდან იარაღით დაბრუნებული მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღის ტექნიკური მომსახურება (გაწმენდა) და შემდეგ ჩააბაროს იგი ქვედანაყოფის მორიგეს. უშუალო და პირდაპირმა ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ პირადი შემადგენლობის მიერ იარაღის გაწმენდისა და ჩაბარების პროცესი. ღამის ან შეზღუდული ხედვის პირობებში იარაღს უტარდება მხოლოდ შემცირებული ციკლის მომსახურება. ამ შემთხვევაში მთელი მოცულობით იარაღის ტექნიკური მომსახურება (გაწმენდა) უნდა გაგრძელდეს მომდევნო დღეს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ბრძანების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესი კრძალავს შეუმოწმებელი და გასაწმენდი იარაღის შენახვას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილ ფაქტებზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ თ. პ-იმა სრულყოფილად არ გაწმინდა იარაღი და მისი დეტალი/ნაწილი კვლავ გასაწმენდი იყო, რომლის დაუყოვნებლივ აღმოფხვრასთან დაკავშირებით ზემდგომი ხელმძღვანელის მოთხოვნის შესრულებაზე თ. პ-იმა უარი განაცხადა. ამასთან, ზოგიერთი პირის ახსნა-განმარტების თანახმად, 2022 წლის 5 აგვისტოს (პარასკევი) მოსარჩელემ უარი თქვა იარაღის შესაბამისი ნაწილის გაწმენდაზე და განმარტა, რომ ორშაბათს გაწმენდდა იარაღს. აღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა თავად თ. პ-ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად - „გ. ჯ-ემ დაშალა იარაღი და თ. პ-ის ანახა, რომ იარაღის დეტალი იყო გასაწმენდი, რის შემდეგაც თ. პ-იმა ითხოვა იარაღის ორშაბათს გაწმენდა... გი. ჯ-ემ თ. პ-ის ნება დართო ორშაბათს გაეწმინდა იარაღი და გაათავისუფლა“. აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოების ეტაპზეც თ. პ-ის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მის მიერ გამოყენებული იარაღი არ იყო სრულყოფილად გაწმენდილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ თ. პ-იმა სრულყოფილად არ გაწმინდა იარაღი და მისი ნაწილი კვლავ გასაწმენდ მდგომარეობაში იყო. საყურადღებოა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაწესის საპირისპიროდ, თ. პ-იმა სრული მოცულობით იარაღის ტექნიკური მომსახურება (გაწმენდა) არც მომდევნო დღეს განახორციელა, რის შედეგადაც მიიღო სიტყვიერი ბრძანება იარაღის გაწმენდის აუცილებლობის თაობაზე, რაც მოსარჩელემ კვლავ არ შეასრულა. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 22 00000003 №MOD 2 22 00000004 ბრძანებებით, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანების აღსრულების მიზნით, საკითხის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის (ქ.ს.მ.) მეთაურის 2023 წლის 23 თებერვლის №MOD 8 23 0000081 და №MOD 8 23 0000080 ბრძანებებით გამოვლენილად იქნა მიჩნეული თ. პ-ის მიერ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა) და 37-ე მუხლის პირველი პუნქტით (არასწორი ინფორმაციის მიწოდება) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა და თითოეული ქმედებისთვის მოსარჩელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „საყვედური“. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ბრძანებები იმყოფება ძალაში, შესაბამისად მათში მითითებული ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება მიჩნეული უნდა იქნას დადასტურებულად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 55-ე მუხლის პირველი პუნქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებას. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დასახელებულ მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა, თუმცა ამავე მუხლით დადგენილი მოწესრიგებით ასეთმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება. შესაბამისად, პირის ქმედების აღნიშნულ დარღვევად კვალიფიკაციისათვის, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებაა იმ მოსალოდნელი ზიანის ნათლად ჩამოყალიბება, რაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია პირის ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია და არ გამოუკვლევია საკითხი, თ. პ-ის მიერ 2022 წლის 5 აგვისტოს იარაღის შესაბამისი ნაწილის გაწმენდა/არ გაწმენდა, რამდენად წარმოადგენდა სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის ისეთ დარღვევას, რასაც შეიძლება გამოეწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული განმარტების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 55-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება. ამდენად, დასახელებული მუხლის შემადგენლობა უშვებს შესაბამისი შედეგის (დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება) დადგომას, თუმცა დისციპლინური სახდელის დაკისრებისთვის იმპერატიულად არ განსაზღვრავს დასახელებული შედეგების დადგომის აუცილებლობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი შინაარსი იკითხება საკანონმდებლო ჩანაწერის როგორც სიტყვა-სიტყვითი განმარტებით („შეიძლება გამოიწვიოს“), ამასთან ნორმის მიზნიდან გამომდინარეც, რამდენადაც, დასახელებული მოწესრიგების მიზნად უნდა მივიჩნიოთ სწორედ შესაბამისი ქმედებისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა, რაც არ გულისხმობს შესაბამისი შედეგის (ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება) არ დადგომის პირობებში, ისეთი ქმედების სრულიად გათავისუფლებას ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, როგორიც არის სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში, დასაქმებულის მიერ შესაბამისი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ექცევა მისი დისკრეციული უფლებამოსილების სფეროში, თუმცა საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება და მასში ჩარევის შეუძლებლობა, არ აძლევს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის გარანტიას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ფარგლებში მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმით ხელმძღვანელობის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ ადასტურებს მის კანონიერებას და ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისგან. სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი ქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობა და მისი კანონიერება და გამორიცხოს შესაბამისი ორგანოს მიერ თვითნებური, მიკერძოებული ან კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება, ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული თუ რატომ გამოიწვია კონკრეტული გარემოებების ერთობლიობამ და მათმა შეფასებამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თ. პ-იმა ერთი მხრივ არ შეასრულა მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, უზრუნველეყო იარაღის ტექნიკური მომსახურება (გაწმენდა) ან აღნიშნული პროცესი დაესრულებინა მეორე დღეს, გარდა ამისა, მან პირდაპირი ბრძანების მიღების პირობებშიც თავი აარიდა მოვალეობის შესრულებას (პარასკევ დღეს) და გაწმენდის გადავადება მოითხოვა ორშაბათს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. პ-იმა კეთილსინდისიერად არ შეასრულა საკუთარი მოვალეობები და არ დაემორჩილა როგორც საკანონმდებლო დანაწესებს, აგრეთვე ხელმძღვანელობის მიერ მიცემულ დავალებებს, აღნიშნული ქმედებით კი, დამდგარი შედეგის მიუხედავად (ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება), მოსარჩელემ ცალსახად დაარღვია სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესი. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 8 თებერვლის №MOD 3 23 00000112 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე საშტატო შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №404 ბრძანება „სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ“ არის კანონიერი და დასაბუთებული, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების საფუძველზე და არ იკვეთება სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი გამოკვლევის შედეგად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების დავალების წინაპირობების არსებობა. ამდენადაც გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მსჯელობის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის მასალებში წარმოდგენილია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არა ნაწილობრივ, არამედ სრულად უარის თქმისთვის საკმარისი და მყარი მტკიცებულებები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. პ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა