Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-885(კს-25) 04 ნოემბერი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე, განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. ბ-ი, ლე. ბ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ბ-იმა და ლე. ბ-იმა (შემდეგში - „მოსარჩელეები“, „მოწინააღმდეგე მხარეები“) სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში - „მოპასუხე“, „განმცხადებელი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის Nბ75.75221955 ბრძანება, ლ. ბ-ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის Nბ75.75221954 ბრძანება, ლე. ბ-ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ;

1.3. ლ. ბ-ი აღდგენილ იქნას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე;

1.4. ლე. ბ-ი აღდგენილ იქნას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე;

1.5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისროს ლ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, 2022 წლის 15 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1540 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და საკლასო დანამატის ანაზღაურება ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს 1% ოდენობით;

1.6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისროს ლე. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, 2022 წლის 15 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1100 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და საკლასო დანამატის ანაზღაურება ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს 1% ოდენობით;

1.7. ლ. ბ-ის მიმართ დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და დაევალოს მოპასუხეს დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრა; დაეკისროს მოპასუხეს მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

1.8. ლე. ბ-ის მიმართ დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და დაევალოს მოპასუხეს დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრა; დაეკისროს მოპასუხეს მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, ლ. ბ-ისა და ლე. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოს.

3. მოპასუხე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ისა და ლე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის Nბ75.75221955 ბრძანება, ლ. ბ-ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 14 ივლისის Nბ75.75221954 ბრძანება, ლე. ბ-ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ლ. ბ-ისა და ლე. ბ-ის მიმართ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ. ბ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო დაეკისრა მორალური ზიანის სახით, 5000 ლარის გადახდა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლე. ბ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო დაეკისრა მორალური ზიანის სახით, 5000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ლ. ბ-ისა და ლე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ისა და ლე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ. ბ-ისა და ლე. ბ-ის სასარგებლოდ, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, დაეკისრა მორალური ზიანის სახით 5000 – 5000 ლარის გადახდა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. – 1.5. პუნქტები) და ამ ნაწილში, ლ. ბ-ისა და ლე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, ლ. ბ-ისა და ლე. ბ-ის, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

9. 2025 წლის 11 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე მითითებით, ამავე სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა მისი აღსრულების წესთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება რეორგანიზაციის ფარგლებში, აპარატში შექმნილი ახალი საშტატო ერთეულების პროფესიული საჯარო მოხეელეებით დაკომპლექტების მიზნით, რაც სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა წარმართოს უკეთესის/საუკეთესოს/უპირატესის ამორჩევის პრინციპის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი და ობიექტური მექანიზმების გამოყენებით. განმცხადებლის მითითებით, გადაწყვეტილების სამოტივაცი ნაწილი, დეტალურად განმარტავს რეორგანიზაციის შემდეგ შემცირებულ საშტატო პოზიციებზე, მოხელეთა გადაყვანა/დანიშვნის შესაძლებლობას მობილობის ინსტიტუტის გამოყენებით, თუმცა, გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია აღარ მოიცავს პროფესიული საჯარო მოხელეთა მობილობის პროცესს, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის გაურკვევლობას გადაწყვეტილების აღსრულების წესთან დაკავშირებით.

10. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილზე (თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას), ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე (თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი) და განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება მიღებული იყო გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი კანონის ნორმების გამოყენებით. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილებები კი, ვერ გახდებოდა გადაწყვეტილების განმარტების ვერც ფაქტობრივი და ვერც პროცესუალური საფუძველი.

10.1.2. პალატის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებისას, სასამართლო არ შედის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებების ფუნქციებში, ანუ, სასამართლო მხოლოდ ზოგადი მითითებითა და ხელახლა საკვლევი არსებითი სახის გარემოებების ჩამონათვალით შემოიფარგლება, რაშიც არ შედის იმ პროცედურული ნაწილის და პროცესუალური ნორმების ჩამონათვალი, რომლის დაცვაც ადმინისტრაციულ ორგანოს ისედაც ევალება.

10.1.3. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რა არსებითი სახის გარემოებები იყო კვლევის საგანი, აღნიშნული პალატის მითითებით, ჩამოყალიბებული იყო შემაჯამებელი გადაწყველების სამოტივაციო ნაწილში. ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პირობებში მისაღები გადაწყვეტილების სავარაუდო შედეგებზე კი, სასამართლო მხარეს ვერ მიუთითებდა. სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოსთვის ვერ იქნებოდა ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესისთვის კონსულტაციის გამცემი, ვინაიდან ამ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული შემჯამებელი გადაწყვეტილება შესაძლებელი იყო მხარეთა შორის ახალი დავის საგანი გამხდარიყო.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, სააპელაციო პალატის მიერ, გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინების მიმართ, კერძო საჩივრის ავტორის შედავება წარმოდგენილია იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმით, უგულვებელყო ამ საპროცესო ინსტიტუტის მიზანი და დანიშნულება.

16. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით, კანონმდებელმა ნათლად და არაორაზროვნად დაადგინა გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის არსი, მისი მიზანი და ის წინაპირობები, თუ რა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია გადაწყვეტილების განმარტების წესი და განმარტების ობიექტი. კერძოდ, ნორმით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას (სსსკ-ის 262.1-ე მ.)

17. დასახელებული ნორმის ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვაზე განსჯად სასამართლოს. ნორმის დანაწესით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია იმ სასამართლოს, რომელმაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო (რომელი გადაწყვეტილებაც ექვემდებარება აღსრულებას) და არა იმას, რომელმაც გაიზიარა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე და ითხოვს სასამართლომ საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, განუმარტოს გადაწყვეტილების აღსრულების წესთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებები.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელით კი, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეების სასარგებლოდ, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, დაეკისრა მორალური ზიანის სახით 5000 – 5000 ლარის გადახდა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. – 1.5. პუნქტები); დანარჩენ ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში (ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 4.1., 6.1., და მე-8 აბზაცები). მაშასადამე, იმ ნაწილში, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოსარჩელეთა მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აღსასრულებელ გადაწყვეტილებას წარმოადგენს ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ მითითებულ ნაწილში, გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმღები - ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო წარმოადგენდა, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა განმცხადებლის მოთხოვნის შინაარსის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განხილვის პირობებშიც კი, მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპიროებები არ იარსებებდა.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, განმარტებას ექვემდებარება გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულებაუნარიანი, სამართლებრივი მართლწესრიგის დამდგენი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და არ შეიცავს ცხად და ერთმნიშვნელოვან პასუხს სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგი ზუსტად და ზედმიწევნით შესრულდეს, რათა გადაწყვეტილების არასწორი აღსრულებით, არ დაირღვეს მხარეთა უფლებები. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ მიჩნევის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას და ორაზროვნებას.

21. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაა და მისი მიზანია, არა მხარის ინტერესის დაკმაყოფილება - მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. ხსენებული პირობების დადგომისას, გადაწყვეტილება განიმარტება მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტება მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას, მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-161(კს-25), 15.05.2025 წ.)

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად წარდგენილ განცხადებაში, ისევე, როგორც წარმოდგენილ კერძო საჩივარში, შუამდგომლობისა და იმავდროულად კერძო საჩივრის ავტორი, გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიუთითებს არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე დებულების ბუნდოვანებაზე/ორაზროვნებაზე, არამედ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის გაურკვევლობას გადაწყვეტილების აღსრულების წესთან დაკავშირებით (ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 აბზაცი). ამდენად, განმცხადებელი, წარმოდგენილი შუამდგომლობითა და კერძო საჩივრით, სასამართლოსგან ფაქტობრივად ითხოვს მითითების მიცემას, საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით განსახორციელებელი ქმედებებისა და პროცედურის თაობაზე.

23. ზემოაღნიშნული მოტივაციის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობად მიიჩნევს არა ნებისმიერ ბუნდოვანებას, არამედ სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებული ორაზროვნება (ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც) არ არის გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი. დაუშვებელია გადაწყვეტილების განმარტება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთა თაობაზე მხარეებს შეიძლება შეკითხვები გაუჩნდეთ იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნათელი და გასაგებია. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ სხვა სახის განცხადება, რომელიც გადაწყვეტილების განმარტებას ეხება, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების აღმოფხვრას არ ემსახურება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის კონტექსტში, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის უფლება არ უნდა განიმარტოს, როგორც სასამართლო წესით იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა (სუსგ. საქმეზე №3-გან-3-03, 11.04.2003 წ.) (იხ. სუსგ. საქმეზე: №ა-3587-გან-19-2023, 08/09/2023 წ.). შესაბამისად, მხარის სურვილი, სასამართლომ საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, თავად მიუთითოს და განუსაზღვროს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას განსახორციელებელი ქმედებები და პროცედურა, არ შეესაბამება სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების საკანონმდებლო მიზნებს.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა, რის გამოც, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე

თამარ ზამბახიძე