საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ
საქმე №ბს-917(გ-25) 04 ნოემბერი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოქ. თ. ჯ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილ მასალებთან დაკავშირებით, გორის რაიონულ სასამართლოსა და ხაშურის რაიონულ სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2025 წლის 02 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მოქ. თ. ჯ-ის მიმართ, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით (იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას) გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
2025 წლის 14 აგვისტოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები, წარდგენილ იქნა გორის რაიონულ სასამართლოში.
გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 აგვისტოს დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე თ. ჯ-ის მიმართ, განსჯადობით გადაეგზავნა ქარელის მაგისტრატ სასამართლოს.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას) და აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, თ. ჯ-ის სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა ქარელის მუნიციპალიტეტში, რის გამოც, სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად, ეს უკანასკნელი უნდა მიჩნეულიყო.
2025 წლის 26 აგვისტოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გორის რაიონული სასამართლოდან გადაიგზავნა ქარელის მაგისტრატ სასამართლოში, ხოლო, ქარელის მაგისტრატი სასამართლოდან - ხაშურის რაიონულ სასამართლოში.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მოქ. თ. ჯ-ის მიმართ შედგენილ ელექტრონულ სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული, სავარაუდო სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტობრივი ადგილის გეოგრაფიული კოორდინატების (...– ...) საფუძველზე, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სავარაუდო სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილი ექცეოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული იმ უძრავი ქონების შემადგენლობაში, რომლის მისამართს წარმოადგენდა - რაიონი გორი, სოფელი .... სასამართლოს მითითებით, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოძიებულ იქნა ორთოგრაფიული ფოტო, რომელზეც, ნათლად ჩანდა, თუ სად მოხდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ავტომანქანის შეჩერება და, რომ ეს კონკრეტული ადგილი, ნამდვილად ექცეოდა ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდითა და მითითებულ მისამართზე რეგისტრირებული უძრავი ქონების შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ..., წინამდებარე საქმის განხილვაზე განსჯად სასამართლოს კი, გორის რაიონული სასამართლო.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მხედველობის მიღმა არ დატოვა ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლის განმარტება მასზედ, რომ „როგორც მისთვის იყო ცნობილი, გორის გვირაბიდან გამოსვლისთანავე იწყებოდა ქარელის მუნიციპალიტეტი“, თუმცა, ისეთი მოცემულობის პირობებში, როდესაც სამართალდარღვევის ოქმში მითითებული კონკრეტული ადგილი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში ექცეოდა, ხოლო, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი სხვა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება (მაგალითად, შესაბამისი ორგანოს ან ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება) წარმოდგენილი არ იყო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტოოდენ ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლის განმარტება ვერ გახდებოდა საფუძველი იმისა, რომ მოცემული სამართალდარღვევის საქმე ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯად საქმედ ჩათვლილიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას გორისა და ხაშურის რაიონულ სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვეციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 12 მაისის N1940 დადგენილებით) მე-6 მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე, რაც თავის მხრივ, პირველ რიგში, მოიცავს საქმის განხილვას უფლებამოსილი (განსჯადი) სასამართლოს მიერ და ამ თვალსაზრისით, მის ხელმისაწვდომობას.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა, თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-1394-1377(კ-11), 06.06.2012წ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. დასახელებული ნორმით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება, ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზეც. კონკრეტულ შემთხვევაში, გორისა და ხაშურის რაიონულ სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავა, სწორედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს შეეხება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა განსახილველი საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხი და მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ, მართებულად მიიჩნია გორის რაიონული სასამართლო.
სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლზე (რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია მათ შორის, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქ/პუნქტზე (მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით) და განმარტავს, რომ წინამდებარე საქმე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო, მოქ. თ. ჯ-ის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება, რაზედაც შედგენილია ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოებში წარმოების წესი დგინდება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ პუნქტის თანახმად კი, სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
დასახელებული კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 1151−1168, 118-ე–1184, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს ალტერნატიულ განსჯადობას და მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში (რაც საფუძვლად უდევს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს), უშვებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შესაძლებლობას როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ ხაშურის რაიონული სასამართლოს მსგავსად, შეამოწმა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული, სავარაუდო სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტობრივი ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები (... – ...) და დარწმუნდა, რომ სავარაუდო სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილი (იხ. ...) ნამდვილად ექცევა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (იხ. ...); შესაბამისად, სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, წინამდებარე საქმის განხილვაზე განსჯად სასამართლოს, გორის რაიონული სასამართლო წარმოადგენს, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი ქარელის მუნიციპალიტეტი იქნებოდა, როგორც ამას გორის რაიონული სასამართლო მიუთითებს, წინამდებარე საქმის ქარელის მაგისტრატ სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნის საფუძველი მაინც არ იარსებებდა, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მოქ. თ. ჯ-ის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს, საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილი უდევს, რა დროსაც კანონმდებლობა საქმის განხილვის შესაძლებლობას, დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის საცხოვრებელი ადგილია: კასპი, სოფელი ..., რაც „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით) თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი მასალები, მოქ. თ. ჯ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენის საქმესთან დაკავშირებით, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს. სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხის ამგავრი გადაწყვეტა, ხელს შეუწყობს მართლსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი მასალები, მოქ. თ. ჯ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენის საქმესთან დაკავშირებით, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე
თამარ ზამბახიძე