Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-946(კ-25) 04 ნოემბერი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს. ღ-ჰ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. ღ-ჰმა (შემდეგში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში - „მოპასუხე“, „მოწინააღდეგე მხარე“, „სააგენტო“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 ოქტომბრის N1000908725 გადაწყვეტილება;

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ს. ღ-ჰის მიმართ გაიცემა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, ს. ღ-ჰის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, ს. ღ-ჰის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №1000908725 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ს. ღ-ჰს უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

6.2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით, მე-15 მუხლის „ა“ ქ/პუნქტით, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქ/პუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტით და დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, პირდაპირ პასუხობდა კანონის მიზნებს.

6.3. გარდა ამისა, პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქ/პუნქტზე, ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტა, რომ უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, ერთმანეთს შეუპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მიიღოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის, თუ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

6.4. პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში, უფლებას ანიჭებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, პალატის მითითებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო ვალდებულია, გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. პალატამ მიუთითა ამავე კანონის პირველ მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი, წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.

6.5. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 06 ოქტომბრის SSG 9 23 00221011 წერილით, სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 06 ოქტომბრის SSG 9 23 00221011 წერილი, რომელიც მომზადებული იყო ოპერატიული საქმიანობის შედეგად და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №1000908725 გადაწყვეტილება, რომლითაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქ/პუნქტების საფუძველზე, ს. ღ-ჰს უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე.

6.6. პალატის განმარტებით, სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდებოდა იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 06 ოქტომბრის SSG 9 23 00221011 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას.

6.7. პალატამ მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე და განმარტა, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი წარმოდგენილი ინფორმაცია გაეცნო მხარეებისათვის და მისი შინაარსი აესახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. პალატის განმარტებით, მითითებული ტიპის ინფორმაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ემოქმედა კანონიერების ფარგლებში, კანონის საფუძველზე და მასთან შესაბამისობაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში, მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაციის ნამდვილობა და ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი მომზადების ფაქტობრივი საფუძვლები.

6.8. პალატის მოსაზრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის არსებობის პირობებში, რომელიც წარმოადგენდა ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით და ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.

6.9. ასევე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და განმარტა, რომ, რამდენადაც სახეზე იყო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მითითება დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მისი უფლების დარღვევის თაობაზე. პალატის დასკვნით, კონკრეტულ შემთხვევაში, ს. ღ-ჰის უფლება შეიზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით.

7. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ს. ღ-ჰის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 06 ოქტომბრის SSG 9 23 00221011 წერილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა; ამასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სავიზო რეჟიმი იყო დაწესებული, მოსარჩელეს არაერთხელ მიეცა ვიზა; მას შემდეგ კი, რაც მოსარჩელემ ბიზნეს საქმიანობა დაიწყო, ორჯერ - უპრობლემოდ მიიღო ბინადრობის ნებართვა და მულტი ვიზა. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სასამართლომ უგულვებელყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს, 2021 წლიდან დღემდე, თავის საქმიანობის ფარგლებში, 1165510.26 ლარიანი ბრუნვის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 92801.42 ლარი. კასატორის განმარტებით, კომპანია დღემდე, აბსულუტურად გამჭირვალედ განაგრძობს მუშაობას და მისი საქმიანობა არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ქვეყნისთვის ან/და საზოგადოებისთვის. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში, სააპელაციო პალატამ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაწორად მიიჩნია კანონიერად, რამეთუ სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული საიდუმლო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ს. ღ-ჰის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №1000908725 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ (არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ) და „გ“ (იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს) ქ/პუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

15. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქ/პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად კი, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად, შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის“ წინააღმდეგ, II-13). ამასთან, „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

17. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-5 მუხლის „ბ“ ქ/პუნქტის (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია საქართველოს კანონის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ, კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, რა დროსაც, საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი/გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იქნეს მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.

19. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე.

20. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქ/პუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

21. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილი). საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 ნაწილის (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია მთავრობის მიერ დადგენილი წესის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. მითითებული საფუძვლები ემსახურება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებს.

22. სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად.

23. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში, რიგ შემთხვევებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ავალდებულებს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან და მასზე დაყრდნობით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

24. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რომელმაც 2023 წლის 22 სექტემბერს, N1000908725 განცხადებით მიმართა სააგენტოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. საკითხის განხილვის ფარგლებში, სააგენტომ 2023 წლის 25 სექტემბერს, №1000908725/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 06 ოქტომბრის №SSG 9 23 00221011 წერილით, სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №1000908725 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 06 ოქტომბრის №SSG 9 23 00221011 წერილი, წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად და რასაც სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობისა და საბოლოო ჯამში, გაზიარების თვალსაზრისით, მისი შინაარსის გათვალისწინებით, გააჩნია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული გაითვალისწინოს ბინადრობის მაძიებელი პირის კონკრეტული მახასიათებლები.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო უშიშროების საფრთხე ფარდობითი კატეგორიის ცნებაა, მას არ ახასიათებს აბსოლუტური განსაზღვრულობა, თუმცა იმისთვის, რომ მასზე მითითებით, უცხოელს საქართველოში ყოფნაზე ეთქვას უარი, აუცილებელია მოსალოდნელობის გარკვეული ვარაუდი შეიქმნას (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-959(კ-21), 29.07.2022წ.). ნასამართლობის სტატუსის ან სამართალდამცავ ორგანოებთან კონფლიქტის არ არსებობა, არ გამორიცხავს პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული დავის განხილვისას, სასამართლომ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურებების მხედველობაში მიღებით, უნდა იმსჯელოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობისა და მისი გაზიარების შესაძლებლობის საკითხზე (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-631(კ-21), 06.04.2023წ.). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შეფასება ხდება სასამართლოს მიერ, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მისი შინაგანი რწმენით, აღწერილი საფრთხის რეალიზების ალბათობის შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობის, გონივრულობისა და სანდოობის შემოწმებით, აგრეთვე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-397(კ-24), 16.07.2024 წ.).

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 06 ოქტომბრის №SSG 9 23 00221011 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. საკასაციო პალატა გაეცნო რა, მოსარჩელის თაობაზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (ეს ინფორმაცია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რის გამოც, მისი შინაარსი სასამართლო აქტში ვერ აისახება, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლისა), მასში ასახული მონაცემების შინაგანი რწმენით შეფასების შედეგად, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

28. ზემოაღნიშნულ დასკვნას ვერ გააქარწყლებს კასატორის მითითება მასზედ, რომ მოსარჩელეს თავის საქმიანობის ფარგლებში, 2021 წლიდან დღემდე, 92801.42 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აქვს გადახდილი. პალატა აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი, იმთავითვე არ ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველს. სააგენტოში წარდგენილი განცხადების ფორმალური გამართულობის, ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-782(კ-23), 27.02.2024 წ.), რამეთუ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად, მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-401(კ-22), 05.02.2025 წ.).

29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი კასატორის ვერც ის არგუმენტი გახდება, რომ წარსულში მოსარჩელეს არაერთხელ მიეცა ვიზა ანდა ბინადრობის ნებართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის დროებითი ხასიათის გამო, პირი ვადის გასვლის შემდგომ, ხელახლა ახდენს განცხადების წარდგენას, რასაც შედეგად მოჰყვება სააგენტოს მიერ, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და წარმოების შედეგების გათვალისწინებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, წარსულში არათუ ვიზის, არამედ, თვით ბინადრობის ნებართვის გაცემის ფაქტიც კი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუშობს ყოველი შემდგომი მოთხოვნისას, იმავე ან სხვა სახის ნებართვის გაცემის ვალდებულებას.

30. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებსა და საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტზე სათანადო, ეფექტიანი, სამინსტანციური სასამართლო კონტროლის განხორციელების პირობებში, საკასაციო პალატა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მიზნებისათვის, არარელევანტურად მიიჩნევს კასატორის მითითებას მასზედ, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული საიდუმლო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის გამო, სააგენტო მოკლებული იყოს შესაძლებლობას სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მართალია, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან სააგენტოს დაშვება არ ხდება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ და შეფასებულ იქნა სასამართლოების მიერ. მაშასადამე, სადავო გადაწყვეტილება დაექვემდებარა სამინსტანციურ, სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. უკეთუ სასამართლო, მათ შორის საკასაციო პალატა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოში შრომითი საქმიანობის განხორციელებისა და წარსულ პერიოდში გაცემული ვიზების/ბინადრობის ნებართვების მიუხედავად, მოსარჩელესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა, ქმნიდა გონივრულ ეჭვსა და დასაბუთებულ ვარაუდს, მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ.

31. მართალია, მოცემულ შემთხვევაში იზღუდება მოსარჩელის შრომითი უფლებები, როგორც ამას კასატორი მიუთითებს, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ შეზღუდვას საფუძვლად უდევს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გამოიხატება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებითაც, მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Case of Leander v. Sweden).

32. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ხოლო კასატორმა ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები. ამასთან, ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განხილვა.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. ასევე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ღ-ჰის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება;

3. ს. ღ-ჰს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით, თ. ქ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება N1754391665; რეფერენსი №436244191; გადახდის თარიღი 05/08/2025 წ.) სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე

თამარ ზამბახიძე