Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-687(კ-25) 4 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ო. ქ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 13 იანვარს ო. ქ-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეები დაასახელა და მოთხოვნა საბოლოოდ ჩამოაყალიბა 2023 წლის 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ო. ქ-ას საკუთრებად ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 3 218 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების დავალება.

სარჩელის თანახმად, ო. ქ-ამ 1998 წლის 20 დეკემბრის №616 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 0,7 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლთან ერთად (სულ ფართობი 6 920 კვ.მ). 2012 წლის 25 მაისს სახელმწიფოს მიერ მოხდა ო. ქ-ას საკუთრებაში არსებული 294 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემა, რის შედეგად აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად - ს/კ: .... 2018 წლის ოქტომბერში ო. ქ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: ...) განახლებული ელექტრონული ვერსიით დარეგისტრირება მოითხოვა, რის შედეგად დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან - ს/კ: .... მოსარჩელის მითითებით, ამ ბრძანებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მიისაკუთრა ო. ქ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის შესახებ არც გაფრთხილება და არც შესყიდვის ხელშეკრულება დადებულა. ამასთან, მარეგისტრირებელმა ორგანომ ო. ქ-ას განუმარტა, რომ მის მიერ წარდგენილი ნახაზი მოიცავდა სავალ გზას-ბილიკს, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებით ო. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა (შეამცირა) თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2 146 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირება, საფუძვლად კი მიუთითა 1998 წლის 20 დეკემბრის №616 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. მისი განმარტებით, მითითებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტით მოსარჩელეს ეკუთვნოდა 6 920 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მან სახელმწიფოს მიჰყიდა 294 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დარჩა 6 626 კვ.მ, საიდანაც დარეგისტრირებული ჰქონდა 4 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო დასარეგისტრირებელი დარჩა 2 146 კვ.მ. №616 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იყო ორი ნაკვეთი, კერძოდ სახლთან 0.22 ჰა, ხოლო სახლის მიმდებარედ - 0,47 ჰა, რომელსაც ესაზღვრებოდა ზღვა. 2011 წელს, სწორედ ამ მეორე ნაკვეთზე, ზღვის მხარეს იყო ჩამოჭრილი სადავო მიწის ნაკვეთი და გაყვანილი იყო გზა-ბილიკი. მოსარჩელის მითითებით, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი სრულად იყო მოქცეული ღობეში. როდესაც სახელმწიფომ მას ჩამოაჭრა ეს ნაკვეთი, მოშალეს ღობე. ამის შემდეგ მოსარჩელემ შემოწია ღობე და დარჩენილი მიწის ნაკვეთი მოაქცია მასში. ო. ქ-ას მითითებით, სადავო ნაკვეთზე მათ გააჩნდათ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას დაუსაბუთებლად უთხრა უარი საკუთრების დარეგისტრირებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს ო. ქ-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, იზრდებოდა უძრავი ნივთის ფართობი (4480 კვ.მ-დან 6190 კვ.მ-მდე). დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სანახავად მიუთითა №..., №... და №... განცხადებებზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ქ-ას 2019 წლის 16 სექტემბრის №... განცხადებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი ფარავდა გზას და მას ასევე 1 710 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არ გააჩნდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მითითებული ხარვეზის აღმოფხვრა, რაც არ შეასრულა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელე ო. ქ-ას მიერ არ აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დადგენილი ხარვეზი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. იმ პირობებში კი, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი, ასევე კანონიერად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაც და სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს დავალდებულების საფუძველი ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული იყო, რომ მიღება-ჩაბარების აქტი წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, თუმცა საყურადღებო იყო, რომ მიღება-ჩაბარების აქტში ო. ქ-ას ეწერა 6920 კვ.მ მიწის ნაკვეთი და არა 4480 კვ.მ. ამასთან, განჩინებაში არ იქნა დასაბუთებული, რის საფუძველზე იქნა ჩამოჭრილი 2146 კვ.მ მიწის ნაკვეთი და როდის გახდა ო. ქ-ას 2146 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება. მოსამართლემ არც იმაზე იმსჯელა, თუ ვინ დაარეგისტრირა ეს მიწის ნაკვეთი პირველად. სადავო მიწის ნაკვეთი 1998 წელს იყო თუ არა სახელმწიფო საკუთრება, როცა მიღება-ჩაბარების აქტით ის გადაეცა არა სახელმწიფოს, არამედ ო. ქ-ას. კასატორი აღნიშნავს, რომ ზუგდიდის მერიის ინიციატივით, მას შესაბამისი საფუძვლის ან რაიმე აქტის გარეშე გადაეცა მიწის ნაკვეთი, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 3 აპრილს №1/4-91 ბრძანებით დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა ისე, რომ არც მოუთხოვია საჯარო რეესტრიდან ამ მიწის ნაკვეთის წარმომავლობა, ან მის მფლობელობაზე რაიმე დოკუმენტი.

ო. ქ-ამ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ საჯარო რეესტრმა ვერ დაადასტურა თუ როდის გაჩნდა ო. ქ-ას მიწის ნაკვეთზე სავალი ბილიკი, როდესაც იგი არ იყო აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტში. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან სადაო მიწის ნაკვეთის მიტაცების ფაქტი და ვერ ახსნა, თუ რატომ უნდა მიემართა ო. ქ-ას 1170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებაზე, როცა ეს მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო მიღება-ჩაბარების აქტში და მისი ჩამოჭრის რაიმე საფუძველთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა, ამასთან, არ იყო დარღვეული ზღვრული ნორმა, რომელიც დაწესდა 1992 წლის 18 იანვარს №48 დადგენილებით. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უარყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დაირღვა ო. ქ-ას საკუთრების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ო. ქ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველი შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების კანონიერება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ო. ქ-ას საკუთრებად ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 2146 კვ.მ (დაზუსტდა სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობის ეტაპზე) მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ამავე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. დასახელებული „მ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საკადასტრო მონაცემებთან.

ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. დასახელებული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს ო. ქ-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ: ...) საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, იზრდებოდა უძრავი ნივთის ფართობი (4480 კვ.მ-დან 6190 კვ.მ-მდე). დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სანახავად მიუთითა №..., №... და №... განცხადებებზე. მითითებულ განცხადებებზე განმცხადებელს დართული ჰქონდა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 6 184.8 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ს/კ: ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...), ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 4480 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, ო. ქ-ას მოთხოვნის შესაბამისად, რეგისტრირებულია ა. ქ-ას, ლ. ქ-ას, ლუ. ქ-ას, ნა. ქ-ასა და ო. ქ-ას თანასაკუთრების უფლება 1998 წლის 20 დეკემბრის №616 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (განცხადების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 20.12.1998, ხოლო ამონაწერის მომზადების თარიღად - 25.05.2012წ.). №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციური ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მოიცავდა გზის სავალ ნაწილს, ასევე ფიქსირდებოდა ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან (მესაკუთრე: სახელმწიფო). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ს/კ: ... ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 32 018 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, 2018 წლიდან რეგისტრირებულია ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებები.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №...-03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი ფარავდა გზას. ასევე, არ იყო წარდგენილი 1710 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი წარადგენდა კორექტირებულ ნახაზს. დაინტერესებული პირის მიერ თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო შუამდგომლობით მიმართავდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. უკანასკნელ შემთხვევაში წარსადგენი იქნებოდა როგორც მართლზომიერი, აგრეთვე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები. შედეგად, სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვინაიდან ო. ქ-ას მიერ არ აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დადგენილი ხარვეზი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების პირობებში, ასევე კანონიერი არის მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაც და არ არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოს დავალდებულების საფუძველი ახალი აქტის გამოცემის თაობაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შეთავაზების მიუხედავად, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სახელმწიფოსა და სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და შესაბამის უფლების დამდგენ დოკუმენტებს, ამ პირობებში კი არ არსებობდა სარჩელით მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. სუსგ საქმეზე ბს-585-572(4კ-14) 30.04.2015წ., ბს-30-30(2კ-15) 02.05.2015წ., ბს-193-189(2კ-15) 29.09.2015წ. და სხვა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ო. ქ-ას საკასაციო საჩივარზე 23.06.2025წ. №32656/2740 ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება;

3. ო. ქ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს 23.06.2025წ. №32656/2740 ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტით ხ. ხ-ის (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა