Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1045 (კს-25) 3 ნოემბერი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ლ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება.

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა - ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 დეკემბრის №3367 განკარგულება; ბ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ლ. ქ-ე ცნობილ იქნება უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ..., 996 კვ.მ) მესაკუთრედ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ქ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. აპელანტს ასევე დაევალა მიეთითებინა რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 7 დღე, რომელიც აითვლებოდა მისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან.

4. 2025 წლის 2 ივნისს ლ. ქ-ეის წარმომადგენელმა - გ. კ-ეემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით ლ. ქ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის - გ. კ-ეის 2025 წლის 2 ივნისის განცხადება დარჩა განუხილველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 63-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2025 წლის 1 მაისის განჩინება, გაეგზავნა აპელანტ - ლ. ქ-ეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ..., ზ/პ, კვარტალი ..., ბინა №... (ს.ფ. 77) და ჩაბარდა პირადად ლ. ქ-ეს 2025 წლის 16 მაისს (ს.ფ 78-79). აპელანტს შეეძლო შეევსო ხარვეზი 2025 წლის 17 მაისიდან 2025 წლის 23 მაისის ოცდაოთხ საათამდე, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლის - გ. კ-ეის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ქ-ემ.

კერძო საჩივრის თანახმად, ლ. ქ-ეს პირველ ინსტანციაში წარმოადგენდა შესაბამისი ცოდნის მქონე წარმომადგენელი, რომელსაც არ გააჩნია ადვოკატის მოქმედი სტატუსი. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ მას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება ეწარმოებინა საქმე, ჩაებარებინა ან გაეგზავნა დოკუმენტაცია. ლ. ქ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა შესაძლებლობა დროულად მოეხდინა რეაგირება მიღებულ დოკუმენტაციაზე.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე პუნქტზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში ლ. ქ-ემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა დადგენილი ხარვეზის შევსება, რაც საპატიოა და სასამართლოს მიერ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება ლ. ქ-ეს გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მის მიერ მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისთვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმის მასალებში დაცული მხარისთვის განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარდა ლ. ქ-ეს პირადად 2025 წლის 16 მაისს, რაც დადასტურებულია აღნიშნული პირის ხელმოწერით (ს.ფ. 78). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ უკუგზავნილზე მითითებული ინფორმაცია აკმაყოფილებს სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო პირობას და არ არსებობს მის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ლ. ქ-ეისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადა ამოიწურა 2025 წლის 23 მაისს 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი, თუმცა, ლ. ქ-ეის წარმომადგენლის - გ. კ-ეის განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა 2025 წლის 2 ივნისს (ს.ფ. 80), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი 7 დღიანი ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპასუხოდ საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტ ლ. ქ-ეს ჩაბარდა პირადად. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში განმარტებულია, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. შესაბამისად, იგულისხმება, რომ იგი ინფორმირებული იყო მის საპროცესო უფლება-მოვალეობებზე, მისთვის ცნობილი იყო განჩინების შინაარსი, თუმცა არ მიიღო შესაბამისი ზომები მოსალოდნელი შედეგის თავიდან ასაცილებლად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. პალატა აღნიშნავს, რომ ლ. ქ-ეს თავადაც შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, იმაზე მითითებით, რომ არ ჰყავდა კვალიფიციური წარმომადგენელი და მოეთხოვა დამატებითი დრო აღნიშნული გარემოების აღმოფხვრამდე, თუმცა მას ეს უფლება არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს მასზედ, რომ ლ. ქ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი დროულად მოეხდინა რეაგირება მიღებულ დოკუმენტაციაზე, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო პერიოდში მისი ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტს. წარმოდგენილი ცნობა (ფორმა 100) კი, აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება, ვინაიდან გაცემულია 2024 წლის 21 აგვისტოს და მას შემდეგ სადავო პერიოდამდე გასულია 9 თვე.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2019წ. №ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილება). ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 17).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ეის მიერ დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით მართებულია, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ქ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა