Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №499აპ-14 ქ. თბილისი

მ-ი ი, 499აპ-14 24 აპრილი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით:

ი. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ი. კ-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხ. რ-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ი. ვ-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 29 ნოემბრიდან.

დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. კ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ხ. რ-ს ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (იანფენგ ვანგის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენით (2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შემცირებული) დ. მ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 6 თვე ნაწილობრივ დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დ. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 29 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ი. მ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი