Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-568(კს-25) 3 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „ს...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს...”-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 აპრილის №10166 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება (საჩივარი №5886/2/2018); გ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გამოსცეს ერთი თვის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადის ნაწილში შპს „ს...-ზე“ დარიცხული ძირი თანხის და ჯარიმის კორექტირების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შპს „ს...”-ის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...”-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „ს...“-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „ს...-ის“ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი. კერძოდ, შპს „ს...“-ის წარმომადგენლის, ვ. კ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტ შპს „ს...-ს“ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სახელმწიფო ბაჟის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე მტკიცებულების სასამართლოსთვის წარსადგენად დაუდგინდა საპროცესო ვადა, სააპელაციო პალატის განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინება აპელანტ შპს „ს...-ის“ წარმომადგენელს - ვ. კ-ის გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №10 და ჩაბარდა ოჯახის წევრს, შვილს - ნ. კ-ის 2025 წლის 19 თებერვალს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ნ. კ-იის ხელმოწერით უკუგზავნილზე. საქმეში წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის, შპს „ს...“-ის დირექტორის - ჯ. ქ-ის მიერ ვ. კ-ის მიმართ გაცემულ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ მინდობილობა (ტ.1, ს.ფ. 266-267), რომლის თანახმად, წარმომადგენელს მინიჭებული აქვს, მარწმუნებელი წარმოადგინოს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და მისი სახელით შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. აპელანტის - შპს „ს...-ის“ მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული განჩინებაში მითითებული ხარვეზი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 368-ე მუხლის მ-5 ნაწილზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის - შპს „ს...“-ის მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით დადგენილ ვადაში, არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი, რის გამოც შპს „ს...“-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე, უნდა დარჩეს განუხილველად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ს...”-მა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2018 წელს შპს „ს...-მა“, სხვა ადვოკატების მეშვეობით, შეიტანა სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი, ხოლო შემდეგ ახალი გარემოების საფუძველზე, 2022 წლის 18 აგვისტოს ხელახლა დაიწყო დავა შემოსავლების სამსახურში - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 დეკემბრის ერთსა და იმავე შემოწმების აქტისა და 2017 წლის 22 დეკემბრის #... საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე. შემდეგ, მიმართა სასამართლოს შესაბამისი ადმინისტრაციული სარჩელით. 2024 წლის 15 მარტს პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარემ იშუამდგომლა, მოცემული ადმინისტრაციული საქმე გაერთიანებულიყო ამავე სასამართლოში მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის წარმოებაში არსებულ შპს „ს...“-ის ადმინისტრაციულ საქმესთან, რადგან ორივე საქმე ეხება ერთსა და იმავე მხარეებს, ორგანიზაციას, საგადასახადო შემოწმების პერიოდს, ასევე ერთსა და იმავე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 დეკემბრის შემოწმების აქტსა და 2017 წლის 22 დეკემბრის #... საგადასახადო მოთხოვნას. თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმის მიუხედავად, რომ ვალერიანე ფილიშვილის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმე თავდაპირველად მან მიიღო წარმოებაში.

მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა იმის გამო, რომ ორგანიზაცია პარალიზებულია და ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდა, ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და დაადგინა ხარვეზი, რომლის შეუსრულებლობის გამოც 2025 წლის 1 აპრილს გამოიტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, სასამართლომ აპელანტს (კერძო საჩივრის ავტორს) მოუსპო სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება, რაც უსამართლო, არაჰუმანური და უკანონოა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინებით შპს „ს...”-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩმევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „ს...“-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით პალატამ მიუთითა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ახლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ არ იყო წარდგენილი შპს „ს...-ის“ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე მტკიცებულება (შპს „ს...-ის“ სახელზე რეგისტრირებული იყო თუ არა უძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშუალება, ამონაწერები საბანო ანგარიშებიდან, სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომპანიის მიერ ფულადი სახსრების განთავსება/გატანის თაობაზე დოკუმენტი, კომპანიის სალაროს ანგარიშზე არსებული თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მიიჩნია დაუსაბუთებლად და შპს „ს...-ის“ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, შპს „ს...“-ის წარმომადგენლის, ვ. კ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტ შპს „ს...-ს“ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სახელმწიფო ბაჟის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე მტკიცებულების სასამართლოსთვის წარსადგენად დაუდგინდა საპროცესო ვადა, სააპელაციო პალატის განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე. აპელანტს მიეთითა ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოეხდინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინება გაეგზავნა შპს „ს...-ის“ წარმომადგენელს - ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარში (ტ.2, ს.ფ 26) მითითებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა #... და ჩაბარდა შვილს - ნ. კ-ის 2025 წლის 19 თებერვალს (ტ.2, ს.ფ. 55). შეტყობინების ბარათზე მითითებულია გზავნილის მიმღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, გზავნილის ჩაბარების თარიღი.

საქმეში წარმოდგენილია შპს „ს...“-ის დირექტორის, ჯ. ქ-ის მიერ ვ. კ-ის სახელზე გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა (ტ.1, ს.ფ. 266-267), რომლის თანახმად, წარმომადგენელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მარწმუნებელი წარმოადგინოს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და მისი სახელით შეასრულოს ყველა ფორმალობა და კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი პროცედურა, რაც საჭირო იქნება მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებასთან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები კი, მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. იმავე წესზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ მისთვის ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინების გაგზავნას მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №.... ასევე არ არის სადავოდ გამხდარი უწყების ჩაბარების საკითხიც. ამდენად, დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2025 წლის 19 თებერვალს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა 2025 წლის 19 თებერვალს, ამავე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 20 თებერვლიდან და ამოიწურა 2025 წლის 4 მარტს (შაბათ-კვირისა და უქმე დღის გათვალისწინებით, მე-10 დღე 2025 წლის 1 მარტი შაბათი დღეა, ორშაბათი კი - 2025 წლის 3 მარტი (დედის დღე)) 24:00 საათზე. აღნიშნულ ვადაში კი, შპს „ს...-ს“ არ შეუვსია დადგენილი ხარვეზი და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივარზე 20.05.2025წ. №... საგადასახადო დავალებით კ-ი ვ.-ს (პ/ნ ...) მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, შპს „ს...-ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი (300-50) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას, კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლი სასამართლოს აძლევს კერძო საჩივრის გადაწყვეტის ფორმის არჩევის შესაძლებლობას, კონკრეტული საქმის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზეპირი განხილვის საჭიროება. ამდენად, არ არსებობს მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60-61-ე, 70-74-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორს - შპს „ს...-ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 20.05.2025წ. №... საგადასახადო დავალებით კ-ი ვ.-ს (პ/ნ ...) მიერ კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა