Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-985(კ-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ე. ჭ-ი (თ. ჭ-ის უფლებამონაცვლე), ნ. პ-ი (ა. პ-ის უფლებამონაცვლე), ლ. წ-ე და რ. წ-ე (ო. წ-ეის უფლებამონაცვლეები

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 9 მარტს წარდგენილი სარჩელის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იმყოფებოდა მ. ა-იმა, ი. ა-ის, მა. ა-ის, რ. ბ-ის, ნ. ბ-ის, დ. ბ-ეის უფლებამონაცვლე ე. ბ-ეის, ც. ბ-ეის, კ. ბ-ის, ე. ბ-ის, ნუ. გ-ის, ი. გ-ას, დ. გ-ის, ს. გ-ის, ნ. გ-ის, უ. გ-ეის, მ. გ-ეის, კ. გ-ის, ნ. გ-ეის, ჟ. გ-ეის, ნა. გ-ის, გ. გ-ის, ს. დ-ას, ნ. ე-ეის, ნ. ვ-ას, ზ. თ-ეის, ნ. თ-ეის, ვ. თ-ეის, მ. თ-ეის, გ. ი-ეის, მ. კ-ეის, ტ. კ-ას, ა. კ-ას, დ. კ-ეის, ტ. კ-ას, გ. კ-ეის, ნ. ლ-ეის, ი. ლ-ის, ჯ. ლ-ეის, ც. მ-ის, გ. მ-ის, ლ. მ-ის, ტ. მ-ის, მ. მ-ის, ი. მ-ეის, ნ. მ-ეის, რ. მ-ეის, რ. მ-ის, ლუ. მ-ის, ი. მ-ას, ვ. მ-ეის, ე. მ-ეის, ლ. მ-ეის, ლი. მ-ეის, ს. მ-ის, ვ. ნ-ეის, ა. ნ-ის, გ. ნ-ეის, თ. ნ-ეის, ვ. ო-ის, გ. ო-ეის, ს. ო-ეის, ნა. პ-ის, ე. ს-ეის, პ. ს-ის, თ. ს-ას, გ. ტ-ეის, ლ. ტ-ის, გ. ფ-ეის, შ. ქ-ის უფლებამონაცვლე ი. ქ-ის, ნ. ქ-ეის, ჯ. ღ-ის, ო. ყ-ის, შ. ყ-ის, ზ. ყ-ის, თ. შ-ის, თ. ჩ-ის, ვ. ჩ-ეის, გ. ჩ-ეის, ტ. ც-ას, ც. წ-ის, ო. წ-ეის, დ. ჭ-ას, ე. ხ-ის, ც. ხ-ის, გ. ხ-ეის, ნ. ხ-ის, თ. ხ-ეის, ჯ. ხ-ის, ს. ხ-ას, გ. ხ-ის, თ. ჯ-ეის, თი. ჯ-ეის, ლ. ბ-ის უფლებამონაცვლე ო. ს-ის, რ. გ-ეის, ლ. ზ-ის უფლებამონაცვლე ი. ზ-ის, ლ. კ-ის, ნ. კ-ეის, ა. პ-ის, ა. ჭ-ეს, თ. ჭ-ის, ვ. კ-ის, ა. მ-ის, თ. ბ-ეის უფლებამონაცვლე კ. ბ-ეს, ტ. მ-ეის, ნ. ს-ის, ჯ. ხ-ის, შ. მ-ის, ო. ყ-ის, ვ. გ-ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წლების განმავლობაში მსახურობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „...ში“, რომლებიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებდნენ სოციალურ პაკეტს, ნაწილი იღებდა ასაკობრივ პენსიას, ნაწილი კი სახელმწიფო კომპენსაციას. მოსარჩელეების დიდ ნაწილს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო გასაცემელი, ზოგს კი 2014, 2015, 2016 წლებში შეუწყდათ შესაბამისი პაკეტი. მოსარჩელეების მითითებით, სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გამოუცია წერილობით და მოსარჩელეებისთვის არ ჩაუბარებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, №3/2343-22 ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო თ. ჭ-ის, ა. პ-ისა და ო. წ-ეის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის ო. წ-ეის ნაწილში. ხოლო, საქმეზე საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912, 2016 წლის 29 მარტის №04/23292 და 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912 გადაწყვეტილებების, აგრეთვე მოსარჩელეების მიმართ შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააგენტოსთვის კომპეტენტური ორგანოს უკანონო ქმედების გამო მიყენებული ზიანი კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, კერძოდ თ. ჭ-ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 1 დეკემბრამდე, ა. პ-ისთვის 2016 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისამდე, ო. წ-ეისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა №3/9474-23 ადმინისტრაციული საქმეზე წარმოება მოსარჩელეების თ. ჭ-ის, ა. პ-ისა და ო. წ-ეის უფლებამონაცვლის დადგენამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით №3/9474-23 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა წარმოება; საქმეში მოსარჩელე - თ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე. ჭ-ი; მოსარჩელე - ო. წ-ეის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ლ. წ-ე და რ. წ-ე; მოსარჩელე - ა. პ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. პ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის უფლებამონაცვლის - ე. ჭ-ის, ა. პ-ის უფლებამონაცვლის - ნ. პ-ის, ო. წ-ეის უფლებამონაცვლეების - ლ. წ-ეისა და რ. წ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: 1. თ. ჭ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912; 2. ა. პ-ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება №04/23292; 3. ო. წ-ეის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება №04/105912; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება №04/29 მოსარჩელეების მიმართ შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ; მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის - კომპენსაციის/პენსიის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის/მათ უფლებამონაცვლეებისთვის შემდეგი პერიოდისთვის: 1. თ. ჭ-ისთვის 01.12.2013-დან 01.12.2019-მდე; 2. ა. პ-ისთვის 01.04.2016-დან 01.05.2018-მდე; 3. ო. წ-ეისთვის 01.12.2013-დან 01.08.2016-მდე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ ზემოთ მითითებულ მოსარჩელეებს შეუწყდათ სოციალური პაკეტით/პენსიით სარგებლობის უფლება. გადაწყვეტილებების თანახმად, შეწყვეტის საფუძველი გახდა საჯარო საქმიანობის განხორციელება. მოსარჩელეებმა 2020 წლის 21 და 22 სექტემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტს და სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდის მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურება მოითხოვეს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, თუ როდის მოხდა მოსარჩელეებისთვის სახელმწიფო გასაცემლის, პენსიის შეწყვეტა და როდის მოხდა მისი აღდგენა (თითოეულ პირზე კონკრეტული თარიღების მითითებით, შეწყვეტა - აღდგენა). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 8 სექტემბრის მომართვით წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელეების შესახებ მათ მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტისა და აღდგენის პერიოდების დეტალური მითითებით: თ. ჭ-ი 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 1 დეკემბრამდე, ა. პ-ი 2016 წლის 2016 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისამდე, ო. წ-ეე 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე.

საქალაქო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს შეუწყდათ დანიშნული სახელმწიფო გასაცემელი - კომპენსაცია/პენსია. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდის მიუღებელი თანხის ანაზღაურება. სასამართლოს მითითებით მოსარჩელეებს რეალურ დროში დანიშნული ჰქონდათ და იღებდნენ სახელმწიფო კომპენსაციას/პენსიას, თუმცა მათ ადმინისტრაციული ორგანოსგან არ მიუღიათ უკანონოდ შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდის მიუღებელი თანხა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოსარჩელისათვის დანიშნული სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტისა და სოციალური პაკეტის/პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლების თაობაზე და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროდან, ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. მისი ფუნქციები და ამოცანები დაკავშირებულია კვლევასთან და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-77-75(კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა საქმიანობა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „...ში“ არ წარმოადგენდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, მათ კანონის საფუძველზე არ ეზღუდებოდათ უფლება მიეღოთ სახელმწიფო გასაცემელი კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, რის გამოც მათთვის სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის/პენსიის მიღების შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა კანონს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ თუ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და მოქალაქისთვის მიყენებულ ზიანს შორის, იგი უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფოს მიერ, მისივე ხარჯებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს შეუწყდათ სახელმწიფო გასაცემელის ჩარიცხვა. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი, კერძოდ, მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, რომ არა სახელმწიფო ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო ქმედება.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „...ში“, რომელიც მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროდან, ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. მისი ფუნქციები და ამოცანები დაკავშირებული იყო კვლევასთან და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეთა საქმიანობა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „...ში“ არ წარმოადგენდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, მათ კანონის საფუძველზე არ ეზღუდებოდათ უფლება მიეღოთ სახელმწიფო გასაცემელი კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, რის გამოც მათთვის სახელმწიფო გასაცემლის სოციალური პაკეტის/პენსიის მიღების შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა კანონს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №ბს-864(კ-23), 2015 წლის 2 ივლისის №ბს-77-75(კ-15) და 2019 წლის 10 ოქტომბრის №ბს-29(კ-19) განჩინებებზე, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 180-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს 2013-2023 წლამდე არ დაუყენებიათ მოთხოვნა შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, კასატორის მითითებით, მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართათ სასამართლოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ქმედების განხორციელების თაობაზე, რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის №ბს-1122-1111(კ-კს-11) განჩინებასა და 2022 წლის 10 მაისის №ბს-1023(კ-21) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეებმა სასამართლო გადაწყვეტილებებით მოიპოვეს დღეის მდგომარეობით სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნის უფლება, ასევე მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო იყო ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ ისინი ვერ სარგებლობდნენ სახელმწიფოს ბენეფიტებით/გასაცემლებით, შესაბამისად, გასული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. სააგენტოს მოსაზრებით, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი იმსჯელოს 2013, 2016, 2018 წლების მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურების საკითხზე, ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ, მოსარჩელეებს შეუწყდათ სოციალური პაკეტით/პენსიით სარგებლობის უფლება, რისი საფუძველიც გახდა საჯარო საქმიანობის განხორციელება. მოსარჩელეებმა 2020 წლის 21 და 22 სექტემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტს და სოციალური პაკეტის/პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდში მიუღებელი გასაცემლის ანაზღაურება მოითხოვეს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 8 სექტემბრის მომართვით წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელეების შესახებ, მათ მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტისა და აღდგენის პერიოდების დეტალური მითითებით: თ. ჭ-ი 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 1 დეკემბრამდე, ა. პ-ი 2016 წლის 2016 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისამდე, ო. წ-ეე 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე. ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს შეუწყდათ დანიშნული სახელმწიფო გასაცემელი - კომპენსაცია/პენსია. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელეებს არ ჩაბარებიათ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებს დანიშნული ჰქონდათ და იღებდნენ სახელმწიფო კომპენსაციას/პენსიას, თუმცა მათ ადმინისტრაციული ორგანოსგან არ მიუღიათ შეწყვეტიდან აღდგენამდე პერიოდის მიუღებელი თანხა.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912, 2016 წლის 29 მარტის №04/23292 და 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912 გადაწყვეტილებების, აგრეთვე მოსარჩელეების მიმართ შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების კანონიერება და სააგენტოსთვის მიყენებული ზიანის კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამასთან, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად კი განსაზღვრულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის უფლება ექცევა ადამიანის სოციალურ უფლებებში და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მისი ვალდებულების აღიარებას ხანდაზმულ მოქალაქეთა მიმართ. აღნიშნული უფლებების სრულყოფილი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან როგორც პენსიის დანიშვნა/გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი, ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული უფლების შეზღუდვისგან თავის შეკავება და შეზღუდვის დაშვება მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როდესაც გამოყენებული საშუალება წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი). დასახელებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლად განსაზღვრავს საპენსიო ასაკის, კერძოდ 65 წლის მიღწევას. ამასთან, დაკონკრეტებულია, რომ პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი პენსიის შეწყვეტის (მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდს. იმავე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (4.3 მუხ., 9.1 „ბ“ ქვეპ.). პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონის მიზნებისთვის საჯარო საქმიანობის ცნებას და იგი განმარტებულია, როგორც საჯარო საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროდან, ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. მისი ფუნქციები და ამოცანები დაკავშირებულია კვლევასთან და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც, რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ „სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „...ს“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას“. (სუსგ 02.07.2015წ., №ბს-77-75(კ-15)) ამდენად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად.

თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, საკმარისი არ არის მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ დასაქმებული საჯარო დაწესებულებაში, მოცემული სარჩელის პერსპექტივის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია შეფასებულ იქნეს კასატორის მიერ მითითებული, ხანდაზმულობის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული დავების მიმართ უფლება სამართლიან სასამართლოზე, უპირველესად, გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რის შედეგადაც განსახილველი უფლების ჭრილში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ინარჩუნებს.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი მსჯელობა, სადაც განიმარტა, რომ „…საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“ (სუსგ 30.10.2014წ., საქმე №ბს-312-308(კ-14)) თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს (სუსგ 13.09.2021წ., საქმე №ბს-1320(კ-19)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრისთვის, გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკა. კერძოდ, „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისს კანონმდებლობა უსაფუძვლოდ არ უკავშირებს დაინტერესებული მხარის მიერ აქტის გაცნობის ფაქტს. ბუნებრივია, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის გასაჩივრება. აქტის არცოდნა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს. თუმცა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული მხარისათვის გაცნობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ამ აქტით მიღებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტისა და გადაწყვეტილების შინაარსის მხარისათვის გაცნობას და არა მარტო იმას, რომ პირმა მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურად ჩაიბაროს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას“ (სუსგ 30.10.2021წ., №ბს-312-308(კ-14)), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის სათანადო წესით ჩაბარების მნიშვნელობა გამოიხატება, ერთი მხრივ, ადრესატის მიერ აქტის შესრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში, მეორე მხრივ, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი რეალიზაციის მიზნის მიღწევაში (სუსგ 10.04.2025წ., №ბს-1324(კ-24)).

განსახილველ შემთხვევაში, პროცესის მონაწილე მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა სოციალური ხასიათისაა, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული მოქმედება, ფიზიკური პირების პენსიით უზრუნველყოფის შეზღუდვის შესახებ, აღნიშნულ პირებს უზღუდავს უფლებას, მიიღონ შესაბამისი სარგებელი სახელმწიფოსგან. ამ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა განისაზღვროს რა პერიოდიდან იყო მოსარჩელეებისთვის ცნობილი სადავო გადაწყვეტილებების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდა მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი კი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი სუბიექტებია უშუალოდ აქტის გამომცემი ორგანო, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო გასაცემლის/პენსიის უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად.

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როდესაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო (სუსგ 20.11.2024წ., №ბს-523(კ-24).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართ მოქმედებს სამწლიანი ხანდაზმულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა 2013 და 2016 წლებში, ხოლო მოსარჩელეებმა ადმინისტრაციულ ორგანოში ზემოაღნიშნული აქტების გაუქმება 2020 წლის სექტემბერში მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავო ურთიერთობა მიეკუთვნება ფიზიკური პირების სახელმწიფოს მიერ სოციალური გარანტიებით, კერძოდ პენსიით აღჭურვას. სოციალური პაკეტი/პენსიის სარგებლობა დაკავშირებულია ყოველთვიურ სარგებელთან. მოსარჩელეებს 2013 და 2016 წლებში შეუწყდათ რა სახელმწიფო პენსია, აღნიშნული მათთვის იმთავითვე ცხადი იყო, რადგან აღარ ერიცხებოდათ საპენსიო თანხა (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელეები არ უთითებენ რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარების სავალდებულოობაზე, თუმცა იმავდროულად განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება, ასეთი ვითარება ხელყოფს სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და სტაბილური მართლწესრიგის შენარჩუნების მიზნებს. ამდენად, აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს არა ადრესატისთვის აქტის მატერიალური სახით გადაცემას, არამედ იმ მომენტს, როდესაც მან შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევისა და იმ კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე, რაც მისი სოციალური უზრუნველყოფის შეწყვეტის საფუძველი გახდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები აღსრულებულია, რამეთუ წარმოშვა თანმდევი იურიდიული შედეგი (პენსიის მიუღებლობა), რაც მოსარჩელეებს არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართული ადმინისტრაციული საჩივრით და სასამართლოში სარჩელის შეტანით კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდიათ. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ პენსიის შეწყვეტის დღიდან მოსარჩელეებს შეეზღუდათ სახელმწიფოსგან კონკრეტული სარგებლის მიღების უფლება, შესაბამისად, მათ უფლების დაცვა კანონით დადგენილ ვადაში უნდა უზრუნველეყოთ. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებს სარჩელში ან საჩივარში ასევე არ მიუთითებიათ საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების გამოყენების ხელშემშლელი ობიექტური მიზეზები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია (სუსგ 10.04.2025წ., №ბს-1324(კ-24)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით განსაზღვრული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, პენსიის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო, უსაფუძვლოა მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან მიმართებით წინააღმდეგობრივია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ამ საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ე. ჭ-ის (თ. ჭ-ის უფლებამონაცვლე), ნ. პ-ის (ა. პ-ის უფლებამონაცვლე), ლ. წ-ეის და რ. წ-ეის (ო. წ-ეის უფლებამონაცვლეები) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. ჭ-ის (თ. ჭ-ის უფლებამონაცვლე), ნ. პ-ის (ა. პ-ის უფლებამონაცვლე), ლ. წ-ეის და რ. წ-ეის (ო. წ-ეის უფლებამონაცვლეები) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა