Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-836 (კს-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2025 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2024 წლის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ეის (განქორწინების რეგისტრაციამდელი გვარი „ლ-ი“ (იხ. განქორწინების მოწმობის ასლი, ს.ფ.315)) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ მოპასუხის 09.08.2021 წლის №954 განკარგულების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2025 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2024 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი, კერძოდ, არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის დედანი ეგზემპლარი, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2025 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისას იხელმძღვანელა სასამართლოს ელექტრონულ გვერდზე - ecourt.ge განთავსებული რეკვიზიტებით და სახელმწიფო ბაჟიც გადახდილი იქნა აქ მითითებულ ანგარიშის ნომერზე, შესაბამისი სახაზინო კოდის მითითებით. ამდენად, არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის შეცდომით გადახდის საფუძვლით ხარვეზის დაწესების წინაპირობა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ სასამართლოს არ უმსჯელია თითქოსდა შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნების საკითხზე, რის შემდეგაც აპელანტს შესაძლებლობა ექნებოდა თავიდან გადაეხადა ბაჟი. იმ პირობებში, როდესაც აპელანტი სააპელაციო საჩივარში შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, სასამართლო არ დაინტერესდა, რამდენად შეძლებდა იგი ზედიზედ ორჯერ სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაწესებული ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.

9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ:

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ”ქვეპუნქტი; ამავე კოდექსის 368.5 მუხლი), ასევე დარღვეული იყო სსსკ-ის 368.3 მუხლის (სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი) მოთხოვნა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე შესრულებული აპელანტის ხელმოწერა იყო ასლი. აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით, ასევე - ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის დედანი ეგზემპლარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში (ს.ფ. 243-246). განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა აპელანტის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, შვილს 24.03.2025 წელს (ს.ფ. 251).

9.2. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადაში, 02.04.2025 წელს სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, ნ. კ-იმა ხარვეზის შევსების და მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე განცხადებით (ს.ფ. 252-256). განცხადება შეიცავდა მსჯელობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობასა და საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებასთან მიმართებაში. განცხადებას ერთვოდა ორდერი, რომლითაც ადვოკატი ნ. კ-იი უფლებამოსილი იყო დაეცვა აპელანტის ინტერესები სასამართლოში 02.04.2025 წლიდან, ასევე წარმოდგენილი იყო 13.03.2025 წლის ელექტრონული საგადახდო დავალება 200 ლარის სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე GE07TB7563236020100006 ჩარიცხვის შესახებ. საგადახდო დავალებაში დამატებითი ინფორმაციის გარაფა შეიცავდა შემდეგ მითითებას: “თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახაზინო კოდზე: 0077 3150, აპელანტ ი. ლ-ის სასამართლო სახელმწიფო ბაჟის საფასური” (ს.ფ.255).

9.3. სააპელაციო სასამართლოს 14.04.2025 წლის განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა ვადა ამავე სასამართლოს 17.02.2025 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად. სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ქვითრის შესაბამისად, თანხა გადახდილ იქნა არა განჩინებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტების მიხედვით, არამედ, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს არ წარუდგენია არც ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 257-260).

9.4. 14.04.2025 წლის განჩინება ჩაჰბარდა ნ. კ-ის 15.05.2025 წელს (ს.ფ. 262). სააპელაციო სასამართლოს 02.06.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით (ს.ფ. 272-275).

9.5. 13.06.2025 წელს სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ აპელანტი რეგიონში უვლის ავადმყოფ ნათესავს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება, როგორც კი შედგა კომუნიკაცია, აპელანტმა წარმომადგენელს გამოუგზავნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სამედიცინო დოკუმენტაცია (ს.ფ. 263-271). სააპელაციო სასამართლოს 17.06.2025 წლის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველად (ს.ფ. 276-280).

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017წ.; სუსგ №ას-1403-2023, 19.12.2023წ.). ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენების წესი სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დამოკიდებულია პროცესის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მთლიანად ეროვნული სამართალწარმოება და მასში სააპელაციო სასამართლოს როლი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება საქმეზე HERMI v. ITALY [დიდი პალატა], №18114/02, §60). კონვენცია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს უფლებები, რომლებიც არის პრაქტიკული და ეფექტიანი და არა თეორიული ან ილუზორული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20.10.2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Dvorski v. Croatia [დიდი პალატა], №25703/11, §82; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 28.03.2019 წლის (საბოლოო გახდა 28.06.2019) გადაწყვეტილება საქმეზე Kereselidze v. Georgia, №39718/09, §32).

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, განსაკუთრებით კი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი თავისი ბუნებით მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით სარგებლობს გარკვეული შეფასების ზღვარით (García Manibardo v. Spain, no. 38695/97, § 36, ECHR 2000-II, and Mortier v. France, no. 42195/98, §33, 31 July 2001). თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ ინდივიდისადმი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ ხარისხით, რომ მან შელახოს თავად უფლების არსი. ამასთან, შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუკი მას დასახული აქვს ლეგიტიმური მიზანი და თუკი დაცულია გონივრული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის ( Guérin v. France, judgment of 29 July 1998, Reports 1998-V, p. 1867, § 37) (ZVOLSKÝ AND ZVOLSKÁ v. THE CZECH REPUBLIC , no. 46129/99, §47), 12.11.2002, final 12.02.2003); (ასევე შდრ. სუსგ ბს-636(კს-24), 21.11.2024წ.).

12. სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებრივ ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. გასაჩივრების უფლება სამართლიანი სასამართლოს უფლების, უფრო ზუსტად კი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შეუძლებლობის პირობებში, სასამართლოსათვის მიმართვა არ იქნებოდა სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება. სამართლიანი სასამართლოს უფლება პირს აღჭურავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის კონსტიტუციური შესაძლებლობით და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად უფლების დარღვევისაგან (სუსგ №ბს-1508(კს-22), 16.03.2023წ.).

13. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დროს დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის - დაამტკიცოს თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით.

14. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტმა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს წარუდგინა ელექტრონული საგადახდო დავალება 200 ლარის სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ. საგადახდო დავალებაში დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია თანხის გადახდის მიზანი და მისი დანიშნულება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახაზინო კოდზე აპელანტის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ.255). გათვალისწინებით იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფო ბაჟის გადახდისას, 13.03.2025 წელს, აპელანტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩაბარებული ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს 17.02.2025 წლის განჩინება (განჩინება ჩაჰბარდა მხოლოდ 24.03.2025 წელს (ს.ფ.251)), საყურადღებოა კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ თავად მოიძია საბანკო რეკვიზიტები სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და ბაჟი გადაიხადა საქმის რეგისტრაციის სერვისზე - ecourt.ge - მოცემულ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე სააპელაციო სასამართლოს სახაზინო კოდის მითითებით (იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ.289-291).

15. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო საქმის რეგისტრაციის სერვისზე - ecourt.ge - მართლაც არის მოცემული ინფორმაცია სახაზინო კოდებისა და სადეპოზიტო ანგარიშების შესახებ, სადაც მითითებულია სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში - №:GE07TB7563236020100006 GEL, ანუ ის ანგარიში, რომელზეც აპელანტმა ჩარიცხა თანხა და სახაზინო კოდები სასამართლოების შესაბამისად (ს.ფ. 329-332).

16. ისეთ პირობებში, როცა დასტურდება სააპელაციო საჩივრის განსახილველად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნება და თანხის ჩარიცხვა, თუნდაც სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე დანიშნულებაში სააპელაციო სასამართლოს სახაზინო კოდის მითითებით (რა დროსაც არ ირკვევა, რამდენად იყო შესაძლებელი საბოლოოდ თანხის ასახვა მართებულ რეკვიზიტებზე), სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება ყოფილიყო მისი დაბრუნების გარეშე მხარისთვის თანხის მოკლე დროში მეორედ გადახდის ეკონომიკური ტვირთი, რაზეც აპელირებს კერძო საჩივრის ავტორი (იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ. 289-291; 13.03.2025 წლის ელექტრონული საგადახდო დავალება, ს.ფ.255; 30.05.2025 წლის საგადახდო დავალება, ს.ფ. 264 (ასლი), ს.ფ. 293 (დედანი)).

17. რაც შეეხება სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზს სასამართლოში ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის დედნის წარუდგენლობის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხარვეზის შევსების ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს აპელანტის სახელით ხელმოწერილი განცხადებით მიმართა ორდერით წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა ვრცელი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობისა და სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებასთან მიმართებაში (ს.ფ.253-254; ს.ფ.256). შესაბამისად, ამ მოცემულობის პირობებში სააპელაციო სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა საკითხისთვის, კვლავ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დედანი ეგზემპლარის წარუდგენლობის გამო დაწესებული ხარვეზის ვადის გაგრძელების საფუძველი, თუ ხარვეზის შევსების მიზნებისთვის საჭირო იყო ისეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომელშიც მითითებული იქნებოდა წარმომადგენლისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სსსკ-ის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა (გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში) (შდრ. სუსგ Nას-1614-1608-2011, 21.05.2012წ., სუსგ Nას-1226-2019, 23.12.2019წ.; სუსგ Nას-1086-2020, 12.04.2022წ.). აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს 14.04.2025 წლის განჩინება, რომლითაც აპელანტს გაუგრძელდა ვადა ამავე სასამართლოს 17.02.2025 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად. ამასთან, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება გაეგზავნა და ჩაჰბარდა არა აპელანტს, არამედ მის წარმომადგენელს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2025 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჯ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2025 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე