Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-887(კ-25) 9 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...-მა“ 2022 წლის 30 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 08 მარტის №000957 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 აპრილის №340 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, 2022 წლის 22 თებერვალს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000957 შემოწმების აქტი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ იმ დასაბუთებით, რომ არ იყო შესრულებული 2021 წლის 2 ივნისის დადგენილებით გათვალისწინებული მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა და განხორციელდა დამატებითი სამშენებლო სამუშაოები.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...-ის“ მიერ ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები შესრულებულ იქნა: შესაბამისი პროექტის საფუძველზე განხორციელდა ქვაბულის ფერდის გამაგრება და მომზადდა სათანადო საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დადასტურდა შესრულებული სამუშაოებისა და ქვაბულის ფერდის მდგრადობა, რის შესახებაც მუნიციპალური ინსპექცია ინფორმირებული იყო სადავო დადგენილების გამოცემამდე, რა გარემოებებიც არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებლობა შეჩერებული იყო და შესაბამისი დადგენილება ჩაბარებული ჰქონდა მოსარჩელეს, თუმცა საქმის მასალებით, მათ შორის, ფოტოსურათებით, დასტურდებოდა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ფაქტი, რასაც მოსარჩელე მხარეც არ უარყოფდა. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს „...“ მართებულად დაჯარიმდა 50 000 ლარით სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ მიღებული დადგენილების შეუსრულებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 2 მარტს, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციაში გამართულ საქმის განხილვაზე, შპს ,,...-ის“ დირექტორმა რ.წ-იმა, დაადასტურა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარება და განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა შპს ,,...-ის“ მიერ, რაც ასევე დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, შესაბამისად, პალატის შეფასებით, მშენებლობის გაგრძელების ფაქტის დადასტურების პირობებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 2 მარტის №000957 დადგენილება შპს ,,...“-ის დაჯარიმების შესახებ იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ ...-მა“, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: „მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისა, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში“. განსახილველ შემთხვევაში, რადგანაც წარდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა მშენებლობის შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის შესახებ, კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე რომლის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 000 ლარის ოდენობით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 ნოემბრის №4266273 ბრძანებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში, ...ის ქუჩა I შესახვევის №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 2 ივნისის №შ-138/21 დადგენილებით, შეჩერდა შპს ,,...“-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში, ...ის ქუჩა I შესახვევის №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტში მიეთითა, რომ დადგენილება ძალაში იყო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ობიექტზე (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე (შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე ქვაბულის ფერდის გამაგრებამდე და გამაგრების დასრულების შემდეგ სათანადო საექსპერტო დასკვნის წარმოდგენამდე, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა განხორციელებული სამუშაოებისა და ქვაბულის ფერდის მდგრადობა), ხოლო ამავე დადგენილების მე-3 პუნქტით შპს ,,...“-ს განემარტა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაჯარიმდებოდა 50 000 ლარით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2022 წლის 22 თებერვალს შპს ,,...-ის“ მიმართ შეადგინა №000957 შემოწმების აქტი. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,...“-ის მიერ დაირღვა 2021 წლის 2 ივნისის №შ-138/21 დადგენილებით გათვალისწინებული პირობა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ. კერძოდ, გაგრძელებული იქნა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამსახურის მიერ შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები, რაც გამოიხატა დამატებით სამი სართულის დონეზე მონოლითური კარკასის მოწყობაში და მეოთხე სართულის დონეზე კოლონებისთვის და დიაფრაგმული კედლისთვის განკუთვნილი ქარგილებით მოწყობაში.

2022 წლის 2 მარტს ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციაში გამართულ საქმის განხილვაზე შპს ,,...“-ის დირექტორმა განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა შპს ,,...“-ის მიერ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებამდე, შესაბამისი პროექტის საფუძველზე ქვაბულის ფერდის გამაგრებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენის შემდეგ.

ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 2 მარტის №000957 დადგენილებით შპს ,,...“ დაჯარიმდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით, 2021 წლის 2 ივნისს მიღებული №4-1/დ717-21 №შ-138/21 დადგენილებით გათვალისწინებული მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას შპს ,,...“-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 2 ივნისის №შ-138/21 დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ, რაც გამოიხატა დამატებით სამი სართულის დონეზე მონოლითური კარკასის და მეოთხე სართულის დონეზე კოლონებისთვის და დიაფრაგმული კედლისთვის განკუთვნილი ქარგილებით მოწყობაში. ქვაბულის ფერდის გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით ექსპერტის დასკვნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა კი, სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების უფლების ნებართვის მიცემის გარეშე, ვერ განიხილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 2 ივნისის №შ-138/21 დადგენილების შესრულებად და შესაბამისად, დარღვევის გამოსწორებად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარზე 18.08.2025წ. ნ.გ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - შპს „...-ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 18.08.2025წ. №... გადახდის ქვითრით ნ.გ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მიქაუტაძე

ბ. სტურუა