Facebook Twitter

საქმე №ბს-541(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ი...“

დავის საგანი - სახელმწიფო სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 17.08.2022 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „ი...ს“ მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2023 წლის 28 თებერვლამდე 228 170 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2024 წლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ი...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო 64 471 (სამოცდაოთხიათას ოთხას სამოცდათერთმეტი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „ი...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2024 წლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „ი...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2024 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა. ამავე მუხლის 13 პუნქტი კი ადგენს, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, შპს "ი..." მეწარმე პირად დარეგისტრირდა 2013 წლის 27 დეკემბრიდან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2021 წლის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ს/კ N...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს შპს "ი...". სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 01.02.2021 წლის N7/3749 და 11.02.2021 წლის N7/6676 წერილები გაეგზავნა შპს "ი...ს" და განემარტა, რომ ქ. თბილისში, ...ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (893. კვ.მ) შპს „ი...“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს მას სამეწარმეო საქმიანობისათვის. შესაბამისად, შპს „ი...ს“ უნდა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საბაზრო ღირებულების შესაბამისად, 2013 წლის 27 დეკემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. საქმეში დაცული 10.02.2021 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5000634321 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე არსებული ფართის (893.3 კვ.მ.) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1367 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1761 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1834 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1942 ლარს, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1962 ლარს, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 2185 ლარს, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 2409 ლარს, 2021 წლის იანვრიდან დღემდე - 2555 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში დაცულ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 იანვრის ადგილზე დათვალიერების აქტზე, მასზე თანდართულ სარგებლობის დამადასტურებელ ფოტოსურათებზე და აღნიშნა, რომ მითითებული დოკუმენტების თანახმად, საწარმოო მასალა და დანადგარები ნამდვილად იყო განთავსებული სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილ ფოტოებზე ჩანს გამოკრული ბანერი წარწერით „ავეჯი“, ობიექტზე გაკრული შპს "ი...ს" ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ასევე ოთახი, რომელიც მოწყობილია საოფისედ და ჩართულია გამათბობელი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმოეშვა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, მოითხოვოს სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერი და ამავდროულად, სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის სარგებლობაში გადაცემის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოითვლება ფაქტის გამოვლენის მომენტიდან. რაც შეეხება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციას, რომ თანხის დაკისრება განხორციელდეს შპს "ი...ს" დარეგისტრირების თარიღიდან (2013 წლის 27 დეკემბერი) და არა 2021 წლის 20 იანვრიდან (ფაქტის გამოვლენა), აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ იყო დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო დროის მონაკვეთში სახელმწიფო ქონებით, სამეწარმეო მიზნით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „ი...ს“ მიერ.

კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ორი წინაპირობა - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენება. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ორივე პირობა სახეზეა და დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ში მდებარე N... საკადასტრო კოდის შესაბამისი უძრავი ნივთი და მასზე განთავსებული N1 შენობა 2011 წლის 11 ოქტომბრიდან დღემდე წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. აღნიშნული ქონების მე-2 სართულზე არსებული 893.3 კვ.მ. ფართით არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს "ი..." 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2023 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მითითებული უძრავი ქონებით სარგებლობა 2013 წლის 27 დეკემბრიდან არ დასტურდება და აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანია მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2013 წლის 27 დეკემბრიდან. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს საქმეში დაცული ყველა მტკიცებულების ერთობლივი შეფასების შედეგად უნდა მიეღო სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2025 წლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2025 წლის განჩინებით შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ შპს „ი...ს“ მიერ საკასაციო საჩივარი წარდგენილი იყო სსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება მართალია გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „ი...ს“ მიერ, თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.), რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართებულობის შემოწმების პროცესუალურ შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ შპს "ი...სათვის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების დავალებაზე უარის თქმის ნაწილში და შეაფასოს უნდა დაკისრებოდა თუ არა შპს "ი...ს" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის გადახდა 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე პერიოდზეც.

საქმის მასალების თანახმად, შპს „ი...“ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 27 დეკემბრიდან. ქ. თბილისში, ...ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით 1795.56 კვ.მ. (მ.შ. I სართული - 902.26 კვ.მ., II სართული - 893.3 კვ.მ.) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას 2011 წლის 13 ოქტომბრიდან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2021 წლის აქტის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ N...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს შპს „ი...“. აღნიშნულ აქტს ერთვის ფოტოსურათები, რომლებშიც აღბეჭდილია, რომ შენობის ერთ ადგილას გამოკრულია ბანერი წარწერით „ავეჯი“, ფართში განთავსებულია ავეჯის მასალა და დანადგარები, ობიექტზე გაკრულია შპს „ი...ს“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. სურათებში ჩანს ასევე ოთახი, რომელიც მოწყობილია საოფისედ და ჩართულია გამათბობელი. საქმეში დაცულია აგრეთვე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.02.2023 წლის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მითითებული თარიღისათვის შპს „ი...“ აღარ სარგებლობს ქ. თბილისში, ...ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის სარგებლობის საფასურის დაკისრება მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამდენად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარმოდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული განჩინების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად და ფაქტობრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. ის გარემოება, რომ შპს „ი...“ 2013 წლის 27 დეკემბრიდან რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურდიულ პირთა რეესტრში, არ ადასტურებს რეგისტრაციის მომენტიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის ფლობა-სარგებლობის ფაქტს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო დროის მონაკვეთში სახელმწიფო ქონებით, სამეწარმეო მიზნით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით, რაც გაამართლებდა მის მიერ მოთხოვნილ პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებისათვის თანხის სრული მოცულობით დაკისრების მიზანშეწონილობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი. განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 27 დეკემბრიდან შპს „ი...ს“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტის დამდგენი მტკიცებულებები სააგენტოს არ წარმოუდგენია და მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც ცხადია, არ ქმნის აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით (იხ. სუსგ 16.12.2022წ. Nბს-585(კ-22)), ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს არ წარმოუდგენია, ხოლო შპს „ი...“ უარყოფს რეგისტრაციის მომენტიდან სახელმწიფო ქონებით სარგებლობის ფაქტს. სახეზე არ არის სსკ-ის 131-ე მუხლით (აღიარება) გათვალისწინებული წინაპირობა. ამდენად, საპირისპიროს დამტკიცებამდე აღნიშნული ფაქტი ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მხარის განმარტებებით არ დასტურდება, შპს "ი...ს" მიერ 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე სადავო ფართით არამართლზომიერი სარგებლობა (მფლობელობა), რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი აღნიშნულ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე