Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-16(კ-24) 15 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საპენსიო სააგენტო (ამჟამად სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ლ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საპენსიო სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №885-შ-201910311604 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) დაევალოს მოპასუხე - სსიპ საპენსიო სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2019 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემიდან გასვლის მოთხოვნით. სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძველზე მითითებით, რომ მან საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე სააგენტოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მიმართა, კერძოდ, მას სააგენტოსათვის 2019 წლის 07 აგვისტოდან 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიემართა, ხოლო მისი განცხადება წარდგენილი იყო 2019 წლის 24 ოქტომბერს.

მოსარჩელის განმარტებით, ის არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას, შესაბამისად, არის თვითდასაქმებული პირი, რადგან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ პუნქტის თანახმად, თვითდასაქმებული არის ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას. შესაბამისად, მას, როგორც თვითდასაქმებულ პირს არ განუხორციელებია საპენსიო შენატანი და არ დაუფიქსირებია საპენსიო სქემაში გაწევრიანების სურვილი.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე ხდება ნებაყოფლობით, მას შემდეგ რაც იგი კანონის ამოქმედების შემდეგ განახორციელებს პირველ საპენსიო შენატანს. შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან, როდესაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი ამოქმედდა, მას ხელფასი აღნიშნული კანონის მიზნებისათვის არ ერიცხებოდა. 2019 წლის 23 აპრილს ხელშეკრულების საფუძველზე ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ...ში. ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, სამუშაოს შესრულებისათვის განკუთვნილი ანაზღაურება შეადგენდა ჰონორარს 300 ლარის ოდენობით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარი საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 2019 წლის 24 აპრილს, ხოლო ადვოკატთა ასოციაციამ მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანი განახორციელა 2019 წლის 07 მაისს, ისე, რომ პირს, რომელიც არ წარმოადგენდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში დასაქმებულ პირს და ერთჯერადად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ აცნობა მისი საპენსიო სქემაში გაწევრიანების შესახებ.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსის მიხედვით, დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში – 55 წელი), საპენსიო სქემის მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე. მითითებული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.

მოსარჩელის განმარტებით, ის სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ გააჩნდა ვალდებულება, რომ მოეხდინა საპენსიო შეტანის განხორციელება, თუმცა მას, რომელიც არ წარმოადგენდა ასოციაციაში დასაქმებულ პირს და სტაბილურად არ ერიცხებოდა ყოველთვიური შემოსავალი, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ხელფასად განიხილებოდა ერთჯერადად თანხის ჩარიცხვა და ასეთი შემოსავალზეც დამსაქმებელს უნდა განეხორციელებინა საპენსიო შენატანი. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას არ მოუხდენია მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარიდან - 300 ლარიდან, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე უნდა მიეღო, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული 2%-ის გამოქვითვა და როგორც სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან“ გამოთხოვილი მასალებით ირკვევა მან ბუღალტრულად იმდაგვარად განახორციელა დასაბეგრი თანხის დარიცხვა, რომ თავად განახორციელა საპენსიო შენატანის მთლიანი 4% გადახდა, მაშინ როდესაც ხელშეკრულება თანხის - 300 ლარის დარიცხვას ითვალისწინებდა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე და არა საპენსიო შენატანის გარეშე, რომელიც საგადასახადო კანონით გათვალისწინებულ გადასახადს არ წარმოადგენს.

მოსარჩელის განმარტებით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მართალია არ შეიცავს სიტყვა-სიტყვით მითითებას დასაქმებულისათვის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თაობაზე ინფორმირების შესახებ, თუმცა იმ პირობებში როდესაც ამ ინფორმაციის მიწოდებაზე დამოკიდებულია ვალდებულებასა და უფლებას შორის არჩევანის გაკეთება, კანონი უნდა განიმარტოს გონივრულად ადამიანის უფლების სასარგებლოდ. 2019 წლის 30 ივლისს სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის მიერ გამოცემული №02 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ინსტრუქცია „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ“. აღნიშნული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადასცეს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი სახელი და პაროლი. სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“, როგორც მისი 2021 წლის 17 მაისის წერილით ირკვევა, მოსარჩელისათვის ზემოთ მითითებული ინფორმაცია არ გადაუცია და შესაბამისად, არ მოუხდენია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თაობაზე მისი ინფორმირება.

მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საკითხი შეეხება მის მიერ მიღებულ

შემოსავლებიდან კანონით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გარდა, კიდევ დამატებით 4%-ის, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადახდას მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც ვერ შეძლებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა განხორციელდა ნების საწინააღმდეგოდ. მაშინ როდესაც, კანონი უფლებას აძლევდა საპენსიო სქემაში გაწევრიანებიდან გაეკეთებინა არჩევანი საპენსიო სქემაში დარჩენის თუ სქემიდან გასვლის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მას არ ეცნობა საპენსიო სქემაში გაწევრიანების თაობაზე და შესაბამისად, წაერთვა არჩევანის გაკეთების თავისუფლება. ამდენად, დარღვეულ იქნა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის, ამავე კანონის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №885-შ-201910311604 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ საპენსიო სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საპენსიო სააგენტოს და მოითხოვა საპენსიო სქემიდან ამოღება. ლ. ლ-იმა განცხადებაში მიუთითა, რომ: არის ადვოკატი და შესაბამისად, ითვლება თვითდასაქმებულ პირად. 2019 წლის ივლისის თვეში კომპანიიდან - შპს ,,ბ...ში“ დაერიცხა ანაზღაურება და ამასთან, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანი დაუკავდა. შესაბამისად, ამ პერიოდიდან იგი საპენსიო ფონდში ჩაერთო. თუმცა, სააგენტოს ოპერატორთან საუბრისას, მან გაარკვია, რომ მისი სქემაში ჩართვა განხორციელდა 2019 წლის 07 მაისს, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, რაც მისთვის არ იყო ცნობილი, ვინაიდან, ასოციაციამ მას სრულად ჩაურიცხა შეთანხმებული ანაზღაურება, 2%-ს დაკავების გარეშე. აღნიშნული თანხა, როგორც ჩანს სრულად გადაიხადა დამსაქმებელმა, ისე, რომ არ მოახდინა მისი ინფორმირება. შესაბამისად, საპენსიო ფონდში ჩართვა განხორციელდა მისი ნების გათვალისწინების გარეშე; ბ) სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-01-003691 წერილის თანახმად, ლ. ლ-ის, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით სარგებლობა შეეძლო 07/08/2019 წლის - 07/10/2019 წლის ჩათვლით პერიოდში; მითითებული წერილის თანახმად, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განთავსებული საპენსიო შენატანების მიმდინარე ჯამური მოცულობა შეადგენდა 363.90 ლარს, რაც მოიცავდა: სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატან(ებ)ს 121.30 ლარის ოდენობით; დამსაქმებლ(ებ)ის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატან(ებ)ს 121.30 ლარის ოდენობით; დასაქმებულის სახელით, დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატან(ებ)ს 121.30 ლარის ოდენობით; გ) სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №885-შ-2-201910311604 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის 2019 წლის 24 ოქტომბრის №შ/2050 განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი არის პირი, რომელიც აანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს; კანონის ამავე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც: ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით რეგულირდება; ბ) ასრულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში ამ პირის სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, თვითდასაქმებული არის ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, ასევე საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 და მე-6 მუხლების გათვალისწინებით, საპენსიო სააგენტოსათვის უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც განმცხადებელი უთითებდა განცხადებაში. ლ. ლ-ი საპენსიო სქემაში გაწევრიანდა 2019 წლის 07 მაისს. კანონის 22-ე მუხლის თანახმად, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან, ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა. შესაბამისად, ის უფლებამოსილი იყო გასულიყო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან 2019 წლის 07 აგვისტოდან - 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით არსებულ პერიოდში. გაწევრიანების თარიღის გადამოწმება და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის ვადის შემოწმება ნებისმიერ დროს შეეძლო ლ. ლ-ის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში არსებულ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მოსარჩელემ კანონის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ ისარგებლა კანონის 22-ე მუხლით მიცემული უფლებამოსილებით, ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის დადგენილი ვადის გახანგრძლივებას, ის დარჩა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ; დ) 2019 წლის 23 აპრილის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და ლ. ლ-ის შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, შემსრულებელი, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისთვის იღებდა ჰონორარს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე; ე) 2019 წლის 23 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა, ერთი მხრივ, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (საიდენტიფიკაციო №202255692), წარმოდგენილი ...ის დირექტორის ქ. თ-ის სახით (შემდგომში „დამკვეთი“) და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირი ლ. ლ-ი (პ/ნ.:..., დაბადების თარიღი: ...) (შემდგომში „შემსრულებელი“), დაადასტურეს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად სრულად და ჯეროვნად შესრულდა მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შემსრულებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრული შეთანხმების პირობების შესაბამისად უზრუნველყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ერთი ტრენინგის ჩატარება 2019 წლის 23 აპრილს. დამკვეთმა აიღო ვალდებულება, შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემსრულებლისათვის გადაეხადა მომსახურების გაწევისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰონორარი (უნაღდო ანგარიშსწორებით) 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე; ვ) შპს ,,ბ...ს“ 2020 წლის 03 თებერვლის ცნობის თანახმად, ლ. ლ-ი (პ/ნ ...) მუშაობს 2019 წლის ივნისიდან შპს „ბ...ში“ (ს/კ ...). თანამდებობა - ადვოკატი, მისი ხელფასი შეადგენს 1200 ლარს, საიდანაც ექვითება საშემოსავლო გადასახადი - 20% (235.20 ლარი), საპენსიო შენატანი - 2% (24 ლარი), ხელზე ასაღები თანხა 940.80 ლარი. კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის 4%-დან 2%-ს რიცხავს დამსაქმებელი; ზ) სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2021 წლის 17 მაისის №11873 წერილის თანახმად, ლ. ლ-ის მისი 2021 წლის 12 აპრილის წერილის პასუხად ეცნობა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორგანიზაცია ვალდებულია, ნებისმიერი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს მოახდინოს დამსაქმებლის და დასაქმებულის 2%+2% საპენსიო შენატანის გადარიცხვა საპენსიო სააგენტოში და დეკლარირება საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში. საპენსიო შენატანის განხორციელებისას ორგანიზაციას არ აქვს წვდომა დასაქმებულის სხვა შემოსავლებზე და შესაბამისად, ვერ განსაზღვრავს მის მიერ გადახდილი საპენსიო შენატანის რიგითობას. ამასთან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, ანგარიშსწორების პერიოდისათვის არ ავალდებულებდა დამსაქმებელს, მიეწოდებინა დასაქმებულისთვის საპენსიო სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ლ. ლ-ისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის, პაროლის და საპენსიო სქემაში გაწევრიანების თაობაზე;

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლზე, ასევე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე და განმარტა, რომ საპენსიო სააგენტო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებულ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს აღრიცხავს დაგროვებით საპენსიო სქემაში და თითოეული მონაწილისთვის ქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს. საპენსიო სააგენტო საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. საპენსიო სააგენტო აანალიზებს დაგროვებით საპენსიო სქემას, აფასებს რისკებს, აყალიბებს დაგროვებითი საპენსიო სქემის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ხედვას, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს მათ სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, საპენსიო სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ახორციელებს კომუნიკაციას და აწარმოებს კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, მუდმივად ზრუნავს მონაწილეთა ინტერესებსა და მათი რაოდენობის ზრდაზე.

,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), ხდება მონაწილე ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), და თვითდასაქმებული მონაწილეები ხდებიან ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), და თვითდასაქმებული მონაწილეები ხდებიან ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მათ მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.

,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი განსაზღვრავს, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმაზე უფლებამოსილ სუბიექტებს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.

სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2019 წლის 23 აპრილის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ჩარიცხული ჰონორარი (300 ლარი) წარმოადგენდა ხელფასს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ეს იყო ერთჯერადი ხასიათის, კერძოდ, კონკრეტული მომსახურების (ტრენინგის ჩატარების) საფასური და მოსარჩელე არ წარმოადგენდა ასოციაციაში დასაქმებულ პირს, რომელსაც სტაბილურად ერიცხებოდა ყოველთვიური შემოსავალი. ასევე, სადავო გარემოებას, არ წარმოადგენდა, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მოსარჩელის სასარგებლოდ განახორციელა სსიპ ,,საპენსიო სააგენტოს“ ანგარიშზე პირველი საპენსიო შენატანი. აღნიშნულმა კი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განაპირობა მოსარჩელის საპენსიო სქემაში გაწევრიანება.

სასამართლომ მიუთითა, საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, თითოეული დასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანდება დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების საფუძველზე. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში გაწევრიანება ხდება სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეული დასაქმებულის რეგისტრირებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს და დროებით პაროლს, რომელიც ელექტრონული ფორმით გადაეცემა დამსაქმებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს დამსაქმებლის გვერდზე. დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია დასაქმებულს პირადად ან დასაქმებულის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს. დასაქმებულის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს.

სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ლ. ლ-ისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის, პაროლის და საპენსიო სქემაში გაწევრიანების თაობაზე, ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ვადა ვერ გავრცელდება 2019 წლის 07 აგვისტოდან - 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე. ვინაიდან იმისათვის, რომ პირს წარმოეშვას მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, ჯერ აღნიშნული უფლების შესახებ პირი უნდა იყოს ინფორმირებული. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილ შპს ,,ბ...ს“ 2020 წლის 03 თებერვლის ცნობის გათვალისწინებით, მოსარჩელემ სწორედ 2019 წლის ივნისის შემდეგ, 2019 წლის 24 ოქტომბერს მიმართა სააგენტოს და კანონით განსაზღვრულ ვადაში მოითხოვა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით, სსიპ საპენსიო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დამსაქმებელი არის პირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს, ხოლო დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც: ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით რეგულირდება; ასრულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში ამ პირის სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი; დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითდასაქმებული არის ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას.

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემა არის განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), ხოლო მე-4 ნაწილი ადგენს, რომ დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა ზემოხსენებული კანონის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), ხდება მონაწილე ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.

ხსენებული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ადგენს, რომ თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 და მე-5 მუხლებზე მითითებით, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის შეფასება, რომ ვინაიდან, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ლ. ლ-ისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის, პაროლის და საპენსიო სქემაში გაწევრიანების თაობაზე და ამასთან, ასოციაციამ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების თანხა სრულად ჩაურიცხა, საპენსიო შენატანით განსაზღვრული 2%-ის (მოცემულ შემთხვევაში 6 ლარის) დაქვითვის გარეშე, ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ვადა ვერ გავრცელდება 2019 წლის 07 აგვისტოდან - 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით. იმისათვის, რომ პირს წარმოეშვას მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, ჯერ აღნიშნული უფლების შესახებ პირი უნდა იყოს ინფორმირებული. შპს ,,ბ...ს“ 2020 წლის 03 თებერვლის ცნობის გათვალისწინებით, მოსარჩელემ სწორედ 2019 წლის ივნისის შემდეგ, 2019 წლის 24 ოქტომბერს მიმართა სააგენტოს და კანონით განსაზღვრულ ვადაში მოითხოვა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საპენსიო სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქართველოს კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, რამაც გავლენა იქონია შედეგზე და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომელიც არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს მიერ მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა მოსარჩელის მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემაში გაწევრიანების ცოდნა/არ ცოდნის საკითხს, თუმცა ასეთის შემთხვევაშიც, ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ არ იცოდა სქემაში გაწევრიანების შესახებ. ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი ინფორმირების ვალდებულებას დამსაქმებელს ანიჭებს, იგი ასევე ადგენს კონკრეტულ პირობასა და ვადას, როდესაც შესაძლებელია სქემიდან გასვლა, მათ ინტერპრეტაცია კი, დაუშვებელია. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე გადაწყვეტილების აღსრულების შედეგიც.

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლ. ლ-ის მიმართ არსებობდა კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, კანონის ძალაში შესვლამდე შესრულებული ჰქონდა 40 წელი, მაგრამ არ იყო 55 წელს გადაცილებული, ამასთან მიიღო ხელფასის სახით შემოსავალი, რაც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, საფუძვლად დაედო მის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებას. სასამართლოს მიდგომა, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ან ამ სქემიდან გასვლის უფლების წარმოშობა პირის ინფორმირებულობასთანაა დაკავშირებული - არასწორია. კანონი არ ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან პირის ინფორმირების ვალდებულებას სქემაში გაწევრიანების შესახებ. პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება და საპენსიო შენატანის განხორციელება დამსაქმებლის ვალდებულებაა. ავტომატურ პრინციპზე აწყობილ ელექტრონულ სისტემაში, საპენსიო სააგენტოს არ ევალება და ამავდროულად მის უფლებამოსილებას სცდება გადაამოწმოს თითოეული დამსაქმებლისა და დასაქმებულის სამართლებრივი ურთიერთობის დეტალები, მათ შორის, რა სახის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა საპენსიო შენატანის განხორციელება, ან დამსაქმებელმა თავად აიღო ვალდებულება დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანები განეხორციელებინა სრულად (2%+2%), თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლას თავდაპირველად მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ის წარმოადგენს თვითდასაქმებულს და მისი სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, შესაბამისად შეცდომით მოხდა მისი სქემაში გაწევრიანება. მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტომ კანონის შესაბამის ნორმათა განმარტებით ნათლად დაადასტურა, რომ ლ. ლ-ის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება არ განხორციელებულა თვითდასაქმებულის სტატუსით და, რომ მოსარჩელე სსიპ ადვოკატთა ასოციაციისაგან მიღებული თანხის ფარგლებში არ წარმოადგენს თვითდასაქმებულს, სწორედ აღნიშნულის შემდგომ დაიწყო მოსარჩელემ აქტიურად მტკიცება, რომ ის ინფორმირებული არ იყოს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების თაობაზე. მოცემულ დავაში განხილვის მთავარი საგანი არ უნდა იყოს, მოსარჩელემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ ის დაგროვებით საპენსიო სქემაში იყო გაწევრიანებული და როდიდან ჰქონდა მას სქემიდან გასვლის ვადები. აღნიშნული თარიღები/ვადები კანონითაა მოწესრიგებული და ინფორმირებულობის კომპონენტს არ მოიცავს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტება, რომ საპენსიო სააგენტომ ვერ დასძლია მასზედ კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, არასწორია. საყურადღებოა, რომ საქმეში არსებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ ადასტურებს, რომ მოსარჩელემ სწორედ შპს ,,ბ...ში’’ დასაქმების შემდგომ შეიტყო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების შესახებ.

კასატორი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ საპენსიო შენატანი მოსარჩელის სახელზე პირველად 2019 წლის 30 ივლისს განახორციელა. შესაბამისად გაუგებარია რატომ ივარაუდა სასამართლომ, რომ მოსარჩელისათვის საპენსიო სქემაში გაწევრიანების შესახებ ივნისის თვეში გახდა ცნობილი. ამასთან, გაუგებარია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ რატომ აღიქვამს სასამართლო მნიშვნელოვნად, რომ უწყებამ საპენსიო შენატანის გამოკლების გარეშე ჩაურიცხა ხელფასი დასაქმებულს, ხოლო, მეორე მხრივ, არ აფასებს იმას, თუ რა თანხა ჩაერიცხა შპს ,,ბ...დან’’. გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა თანხა ჩაურიცხა მოსარჩელეს შპს ,,ბ...მ’’.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სზაკ-ის 94-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ წარმოებაში გაშვებული ვადის აღდგენის საკითხს. მოცემულ საქმეში, ლ. ლ-იმა გაუშვა ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა, თუმცა მისი აღდგენისათვის არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საპენსიო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ საპენსიო სააგენტოს საკასაციო საჩივარი, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საპენსიო სააგენტოს (ამჟამად სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 24 ოქტომბერს ლ. ლ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საპენსიო სააგენტოს და მოითხოვა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა. ლ. ლ-იმა განცხადებაში მიუთითა, რომ: არის ადვოკატი და შესაბამისად, ითვლება თვითდასაქმებულ პირად. 2019 წლის ივლისის თვეში კომპანიიდან - შპს ,,ბ...ში“ დაერიცხა ანაზღაურება და ამასთან, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანი დაუკავდა. შესაბამისად, ამ პერიოდიდან იგი საპენსიო ფონდში ჩაერთო. თუმცა, სააგენტოს ოპერატორთან საუბრისას, მან გაარკვია, რომ მისი სქემაში ჩართვა განხორციელდა 2019 წლის 07 მაისს, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, რაც მისთვის არ იყო ცნობილი, ვინაიდან, ასოციაციამ მას სრულად ჩაურიცხა შეთანხმებული ანაზღაურება, 2%-ს დაკავების გარეშე. აღნიშნული თანხა, როგორც ჩანს სრულად გადაიხადა დამსაქმებელმა, ისე, რომ არ მოახდინა მისი ინფორმირება. შესაბამისად, საპენსიო ფონდში ჩართვა განხორციელდა მისი ნების გათვალისწინების გარეშე (ს.ფ. 17-18); ბ) სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-01-003691 წერილის თანახმად, ლ. ლ-ის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით სარგებლობა შეეძლო 07/08/2019 წლის - 07/10/2019 წლის ჩათვლით პერიოდში; დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განთავსებული საპენსიო შენატანების მიმდინარე ჯამური მოცულობა შეადგენდა 363.90 ლარს, რაც მოიცავდა: სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატან(ებ)ს 121.30 ლარის ოდენობით; დამსაქმებლ(ებ)ის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატან(ებ)ს 121.30 ლარის ოდენობით; დასაქმებულის სახელით, დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატან(ებ)ს 121.30 ლარის ოდენობით (ს.ფ. 20); გ) სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №885-შ-2-201910311604 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის 2019 წლის 24 ოქტომბრის №შ/2050 განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი არის პირი, რომელიც აანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს; კანონის ამავე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც: ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით რეგულირდება; ბ) ასრულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში ამ პირის სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის (ი) პუნქტის თანახმად, თვითდასაქმებული არის ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, ასევე საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 და მე-6 მუხლების გათვალისწინებით, საპენსიო სააგენტოსათვის უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც განმცხადებელი უთითებდა განცხადებაში. ლ. ლ-ი საპენსიო სქემაში გაწევრიანდა 2019 წლის 07 მაისს. კანონის 22-ე მუხლის თანახმად, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან, ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა. შესაბამისად, ის უფლებამოსილი იყო გასულიყო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან 2019 წლის 07 აგვისტოდან - 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით არსებულ პერიოდში. გაწევრიანების თარიღის გადამოწმება და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის ვადის შემოწმება ნებისმიერ დროს შეეძლო ლ. ლ-ის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში არსებულ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, ლ. ლ-იმა კანონის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ ისარგებლა კანონის 22-ე მუხლით მიცემული უფლებამოსილებით, ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის დადგენილი ვადის გახანგრძლივებას, ის დარჩა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ (ს.ფ. 21-22); დ) 2019 წლის 23 აპრილის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და ლ. ლ-ის შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, შემსრულებელი, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისთვის იღებდა ჰონორარს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე (ს.ფ. 23-26); ე) 2019 წლის 23 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა, ერთი მხრივ, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (საიდენტიფიკაციო №202255692), წარმოდგენილი ...ის დირექტორის ქ. თ-ის სახით (შემდგომში „დამკვეთი“) და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირი ლ. ლ-ი (პ/ნ.:..., დაბადების თარიღი: ...) (შემდგომში „შემსრულებელი“), დაადასტურეს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად სრულად და ჯეროვნად შესრულდა მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შემსრულებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრული შეთანხმების პირობების შესაბამისად უზრუნველყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ერთი ტრენინგის ჩატარება 2019 წლის 23 აპრილს. დამკვეთმა აიღო ვალდებულება, შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემსრულებლისათვის გადაეხადა მომსახურების გაწევისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰონორარი (უნაღდო ანგარიშსწორებით) 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე (ს.ფ. 27); სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2019 წლის 24 აპრილს ლ. ლ-ის სს „ვ...ს“ ანგარიშზე დაერიცხა თანხა 300 ლარი, დანიშნულებით ,,ხელფასი თანახმად ხელშეკრულებისა (ს.ფ.87); სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2019 წლის 24 აპრილს სს „ვ...ს“ მეშვეობით ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადახდილი იქნა 75 ლარი, დანიშნულებით ,,საშემოსავლო გადასახადი’’ (ს.ფ. 88); სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2019 წლის 24 აპრილს სს „ვ...ს“ მეშვეობით სსიპ საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე გადახდილ იქნა 15,31 ლარი, დანიშნულებით ,,საპენსიო შენატანი’’ (ს.ფ. 89); ვ) შპს ,,ბ...ს“ 2020 წლის 03 თებერვლის ცნობის თანახმად, ლ. ლ-ი (პ/ნ ...) მუშაობს 2019 წლის ივნისიდან შპს „ბ...ში“ (ს/კ ...). თანამდებობა - ადვოკატი. მისი ხელფასი შეადგენს 1200 ლარს, საიდანაც ექვითება საშემოსავლო გადასახადი - 20% (235.20 ლარი), საპენსიო შენატანი - 2% (24 ლარი), ხელზე ასაღები თანხა 940.80 ლარი. კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის 4%-დან 2%-ს რიცხავს დამსაქმებელი (ს.ფ. 77); ზ) სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2021 წლის 17 მაისის №11873 წერილის თანახმად, ლ. ლ-ის მისი 2021 წლის 12 აპრილის წერილის პასუხად ეცნობა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორგანიზაცია ვალდებულია, ნებისმიერი დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს მოახდინოს დამსაქმებლის და დასაქმებულის 2%+2% საპენსიო შენატანის გადარიცხვა საპენსიო სააგენტოში და დეკლარირება საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში. საპენსიო შენატანის განხორციელებისას ორგანიზაციას არ აქვს წვდომა დასაქმებულის სხვა შემოსავლებზე და შესაბამისად, ვერ განსაზღვრავს მის მიერ გადახდილი საპენსიო შენატანის რიგითობას. ამასთან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, ანგარიშსწორების პერიოდისათვის არ ავალდებულებდა დამსაქმებელს, მიეწოდებინა დასაქმებულისთვის საპენსიო სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ლ. ლ-ისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის, პაროლის და საპენსიო სქემაში გაწევრიანების თაობაზე (ს.ფ. 116).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა (ძირითადი ნორმები), რომელიც მონაწილეთა რაოდენობის და ხარჯების გათვალისწინებით, ყველაზე დიდი სოციალური პროგრამაა. მისი მიზანი არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებაა, რაც გულისხმობს სოციალური პენსიის ზრდას საშუალო ხელფასის ზრდის პარალელურად. დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს შექმნან დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ავტონომიური პროცესია, რომელშიც სავალდებულო წესით ერთვება ყველა დასაქმებული, თვითდასაქმებულებს კი, აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ სქემაში მონაწილეობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეს არ ეზღუდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია ან სხვა სახის პენსია თუ დახმარება, რომელიც მას კანონით ეკუთვნის. (იხ. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე განმარტებითი ბარათი).

ზემოხსენებული კანონი საზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ კი, ქმნის დაგროვებითი საპენსიო სქემას, რომლის მართვის და ეფექტურად ფუნქციონირების პასუხისმგებლობაც სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდს ეკისრება. ფონდი მისი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას და იყენებს შემოსავლების სამსახურისა და სხვა დაკავშირებული მხარეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც საპენსიო ფონდის ეფექტურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქმე №2/13/1384, 19 ოქტომბერი 2019 წელი) განმარტა შემდეგი: ,,სადავო კანონით სახელმწიფო ახორციელებს საპენსიო რეფორმას და ქმნის დაგროვებითი პენსიის სქემას. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ხსენებულ მიზნად ისახავს, სამომავლოდ, მოქალაქეთა ასაკით პენსიის დაფინანსებისათვის ბიუჯეტისაგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსის შექმნას და ამ გზით საპენსიო ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტზე ზეწოლის შემცირებას. საპენსიო სქემის მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად, გარდა კერძო კონტრიბუციისა, კანონი ითვალისწინებს გარკვეული საბიუჯეტო რესურსის გაღებას. მათ შორის, სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადისაგან ათავისუფლებს დასაქმებულის, ისევე, როგორც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს (საგადასახადო შეღავათის არარსებობის პირობებში ხსენებული შენატანები 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრებოდა, რაც ჯამში დასაქმებულის მიერ მიღებული დაუბეგრავი ხელფასის 0.8%-ს შეადგენს) და, ამავე დროს, დასაქმებულის სასარგებლოდ, ასევე რიცხავს გარკვეულ თანხებს. ხსენებული საბიუჯეტო რესურსი მიმართულია საჯარო მიზნების მიღწევისკენ, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება ასაკით პენსიის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების შექმნას’’.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ამდენად, პირველი დამატებითი ოქმი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას არა მარტო არ ჩაერიოს საკუთრების თავისუფლად სარგებლობის უფლებაში, არამედ გაატაროს პოზიტიური ზომები საკუთრების უფლების დაცვისაკენ.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, პენსიის უფლება, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას ქმედითი სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.

სახელმწიფო პენსიის საკუთრების უფლებასთან მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია და იგი გულისხმობს მესაკუთრეთა თავისუფლებას განკარგონ საკუთრების უფლება, მიიღონ მისგან სარგებელი და ამ მიზნით გაითვალისწინონ, გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული მათი საკუთრების უფლების დაცვის შესაძლებლობები. ამასთან, საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ; საჩივრის №7975/06 გვ. 16). ,,საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება ,,არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა და ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და ,,კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, № 2527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII). საპენსიო ფონდში შენატანი, გარკვეულ შემთხვევებში საკუთრების უფლებას წარმოშობს, რაც დიდწილად იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ნაწილდება იგი (Skorkiewicz v. Poland (dec.), no. 39860/98, 1 June 1999).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) დამსაქმებლებზე; ბ) საქართველოს მოქალაქეებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემა არის განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დამსაქმებელი არის პირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს. ამავე მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტი კი, დასაქმებულს განმარტავს, როგორც ფიზიკურ პირს, რომელიც ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით რეგულირდება. ზემოხსენებული ჩანაწერი საკმაოდ ფართოა, რაც ერთგვარად კანონმდებლის ნებაზე მიანიშნებს, ნორმის მოქმედების ფარგლებში სუბიექტთა ფართო წრე მოაქციოს და აღნიშნულით მაქსიმალურად გაზარდოს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილე პირთა რიცხვი.

კანონმდებელი განსხვავებულად მიუდგა თვითდასაქმებულის სტატუსს, რომელიც ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას; აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულს საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით მონაწილეობა შეუძლია.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი). ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

საპენსიო სქემაში მონაწილეობის დაწყების საფუძველს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ადგენს (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), ხდება მონაწილე ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ (2019 წლის 1 იანვრიდან) მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.

ზემოხსენებული კანონის 22-ე მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია პირს უარი თქვას საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, კერძოდ, თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.

მოცემული დავა მოსარჩელის დაგროვებითი საპენსიო საქმიდან გასვლას შეეხება, რომელმაც მოპასუხის პოზიციით, საპენსიო სქემაში ჩარიცხვის შემდეგ გაუშვა კანონით განსაზღვრული ვადა, როცა მას შეეძლო სქემის დატოვება. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების მთავარი საგანია, რამდენად შეეძლო მოსარჩელეს საპენსიო სქემის დატოვება და იყო თუ არა მოპასუხის უარი სქემიდან გასვლასთან დაკავშირებით კანონიერი.

ზემოხსენებული კანონიდან გამომდინარე, მოსარჩელის სტატუსის განსაზღვრის მიზნით (იყო „დასაქმებული“ თუ „თვითდასაქმებული“) საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 23 აპრილს, ერთი მხრივ, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და, მეორე მხრივ, ლ. ლ-ის შორის გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, შემსრულებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისთვის იღებდა ჰონორარს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გარეშე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მხარეთა მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულდა. მოსარჩელეს მისსავე ანგარიშზე 300 ლარი ჩაერიცხა, საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი კი, თავად სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაფარა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლის რეგულირების საგანია. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ იყო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სტაბილურად დასაქმებული და მან მხოლოდ ერთჯერადი ტრენინგი ჩაატარა, მხარეთა შორის უდავოა, რომ ჩარიცხული ჰონორარი (300 ლარი) წარმოადგენდა ხელფასს. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ხელფასს განმარტავს, როგორც მომსახურების გაწევით მიღებულ იმ შემოსავალს, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა შემოსავლისა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლისა);

როგორც ზემოთ აღინიშნა, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პირის თვითდასაქმებულად მიჩნევისთვის აუცილებელია საქმიანობა, რომელსაც იგი ახორციელებს, არ ექვემდებარებოდეს გადასახადის წყაროსთან დაკავებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სსიპ ადვოკატთა ასოციაციასთან სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებდა, რომლით განსაზღვრული ჰონორარიც არ იყო გადასახადის წყაროსთან დაბეგვრისგან გათავისუფლებული. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი ხელფასი უნდა დაბეგრილიყო, რასაც ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა, შესაბამისად, მოსარჩელე აკმაყოფილებდა კანონით განსაზღვრულ „დასაქმებულის“ კრიტერიუმებს, რაც მის „თვითდასაქმებულად“ მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავს.

მოსარჩელისათვის დასაქმებულის სტატუსის განსაზღვრის და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელების პირობებში, მნიშვნელოვანია შეფასდეს რამდენად ჰქონდა საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ მოსარჩელისათვის შეტყობინებას მნიშვნელობა, რათა მისთვის სქემის დატოვების შესახებ კანონით განსაზღვრული ვადის ათვლის დენა დაწყებულიყო. საკასაციო პალატა არ იზიარებს წინა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომლებიც საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულია საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 05/07/2025 №02 დადგენილებით) მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე უთითებენ. ხსენებული პუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თითოეული დასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანდება დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების საფუძველზე. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში გაწევრიანება ხდება სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეული დასაქმებულის რეგისტრირებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს და დროებით პაროლს, რომელიც ელექტრონული ფორმით გადაეცემა დამსაქმებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს დამსაქმებლის გვერდზე. დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია დასაქმებულს პირადად ან დასაქმებულის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს. დასაქმებულის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს.

საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ზემოხსენებული ჩანაწერი ვალდებულს ხდის არა სსიპ საპენსიო სააგენტოს, არამედ დამსაქმებელს ელექტრონულ სისტემასთან წვდომისთვის დასაქმებულს შესაბამისი მონაცემები გადასცეს, რაც ბუნებრივია არაპირდაპირ საპენსიო სქემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის შეტყობინებასაც გულისხმობს, თუმცა აღნიშნული შეტყობინების არ არსებობის პირობებშიც, ვერ იქნება მიჩნეული, რომ დასაქმებული არ არის ვალდებული დაიცვას ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვის ვადა. კერძოდ, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, მასში მონაწილეობაზე უარის თქმასთან და დამსაქმებლის მხრიდან შეტყობინების ვალდებულებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა. სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფუნქცია არ გააჩნია, რის გამოც მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე Nბს-523(კ-24)). განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ობიექტური გარემოებები (მაგ.: კანონის გამოუქვეყნებლობა, ნორმის ტექსტის არსებითი ბუნდოვანება და სხვ.), რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოსარჩელისათვის კანონის გაცნობაში. მიუხედავად იმისა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად, დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებას ახდენდა დამსაქმებელი, რომელსაც ელექტრონული ფორმით გადაეცემოდა სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და დროებით პაროლი და რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული ინფორმაციას გადასცემდა დასაქმებულს (პირადად ან დასაქმებულის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს), თავად დასაქმებულსაც ჰქონდა კანონის ცოდნის ვალდებულება, რომ მის დასაქმებას და ხელფასის მიღებას, ავტომატურად მოჰყვებოდა საპენსიო სქემაში გაწევრიანების შედეგი. შესაბამისად, საპენსიო სქემაში გაწევრიანების შესახებ შეუტყობინებლობაზე მითითება ვერ აღუდგენს მოსარჩელეს საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის კანონით განსაზღვრულ ვადას. საყურადღებოა, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტმა მოგვიანებით ცვლილება განიცადა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - თითოეული მონაწილის რეგისტრირებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს (მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს) და დროებით პაროლს, რომელიც მონაწილეს შეუძლია მიიღოს საპენსიო სააგენტოში ან/და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით ამ ინსტრუქციის 5​1 მუხლით განსაზღვრული წესით; (25.12.2023 №010). ამავე ინსტრუქციის 51 მუხლის შესაბამისად კი, მონაწილე, პენსიის მიმღები პირი, ან/და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული პირი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით (შემდგომში – განმცხადებელი), უფლებამოსილია დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომისათვის/ავტორიზაციისათვის, მათ შორის რეგისტრაციისთვის დროებითი პაროლ(ებ)ის მიღების მიზნით, მიმართოს საპენსიო სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს მისამართზე ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცხადების გზით და ამ ინსტრუქციის შესაბამისად წარადგინოს შესაბამისი განცხადება. საპენსიო სააგენტოს მისამართი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება და მისამართ(ებ)ი) მითითებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.pensions.ge.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სსიპ ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოსარჩელის სახელზე განხორციელებული საპენსიო შენატანით საპენსიო სქემაში 2019 წლის 7 მაისს გაწევრიანდა, საკასაციო პალატა არ იზიარებს წინა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომლითაც, საპენსიო სქემიდან გასვლისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა მოსარჩელისათვის საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ შეტყობინების მომენტს დაუკავშირდა. მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ მომსახურების ხელშეკრულების განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას, რომლის სანაცვლოდაც მიიღო ანაზღაურება, მას დასაქმებულად აქცევდა, რაც ავტომატურად ხდიდა საპენსიო სქემის მონაწილეს.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციას“ გავავრცელებდით მოპასუხეზე, რომელიც ვალდებული გახდებოდა საპენსიო სქემაში მონაწილეობის შესახებ მოსარჩელისთვის ეცნობებინა და მის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ იქნებოდა შესრულებული, ეს მაინც არ გამორიცხავდა მოსარჩელის მიმართ კანონის ცოდნის პრეზუმფციის მოქმედებას და საპენსიო სქემის დატოვებისათვის განსაზღვრული ვადის დენა შეტყობინების მომენტიდან არ დაიწყებდა. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი პირდაპირ უთითებს, რომ სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა შესაძლებელია ავტომატურად გაწევრიანებიდან ხუთ თვეში, მაგრამ არა უადრეს სამი თვისა. აღნიშნული ჩანაწერით, კანონმდებელმა საპენსიო სქემის დატოვების შესაძლებლობა პირდაპირ დაუკავშირა სქემაში გაწევრიანების ფაქტს და არა აღნიშნულის შესახებ შეტყობინების მომენტს. შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც საპენსიო სქემაში 2019 წლის 7 მაისს ჩაირიცხა, შეეძლო გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის 2019 წლის 7 აგვისტოდან - 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მიემართა.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, „დაგროვებით პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითვლება დასაქმებულად, რომელიც პირველი ხელფასის აღების შემდგომ ავტომატურად ჩაირიცხა დაგროვებით საპენსიო სქემაში. მოსარჩელის ასაკის გათვალისწინებით (დაბადებული ...), მას შეეძლო ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საპენსიო სქემა დაეტოვებინა. აღნიშნული უფლებით სარგებლობისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა კი, უნდა დაწყებულიყო იმ მომენტიდან, როცა მოსარჩელე საპენსიო სქემაში ჩაირიცხა, რომელსაც კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა, რომ დასაქმების და ხელფასის ჩარიცხვის ავტომატური შედეგი საპენსიო სქემაში გაწევრიანება იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 ​და VII17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №885-შ-201910311604 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც მას უარი ეთქვა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლაზე. ამდენად, სარჩელი აღძრულია სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველი დავის ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. შესაბამისად, სსიპ საპენსიო სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (ს.ფ. 211) და 300 ლარი (ს.ფ. 323) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ საპენსიო სააგენტოს (ამჟამად სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდს (ს/ნ 205364407) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 10 ნოემბერს №06996 საგადასახადო დავალებით სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი №300773150;

5. სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდს (ს/ნ 205364407) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 2021 წლის 29 ივლისს №13314 საგადასახადო დავალებით სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე