6I-15 ქ. თბილისი
ს-ი ა., 6I-15 3 აპრილი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორების _ ნ. ზ-ის, ნ. ჭ-ის
ადვოკატ _ მ. ს-ას
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. ს-ის
თარჯიმან _ მ. ფ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2010 წლის 8 ივლისს აშშ–ს კალიფორნიის შტატის ორენჯის საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა სარჩელი №10HF1185, რომლითაც ა. ს-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა სხეულის დაზიანებით, გატაცება, მუქარა, თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებებში, უკანონო თავისუფლების აღკვეთა ძალადობით/მოტყუებით, მოწმის გადარწმუნება, განაცხადოს დანაშაულის შესახებ და მომაკვდინებელი იარაღის გამოყენება მის მიერ მუქარის განხორციელების დროს. 2010 წლის 4 ნოემბერს ჩატარდა საქმის წინასწარი განხილვა და მაგისტრატმა მოსამართლემ დაადგინა, რომ არსებობდა არსებითი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდებოდა ა. ს-ს მიერ მის მიმართ წაყენებული ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. 2010 წლის 5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ორენჯის საოლქო სასამართლოში შევიდა ინფორმაცია ა. ს-ს ბრალდების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციაში წარმოდგენილია იგივე ბრალდებები, რომლებსაც მოიცავს 2010 წლის 8 ივლისის №10HF1185 სარჩელი. 2010 წლის 15 ნოემბერს მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ა. ს-ს დაევალა 48 საათის განმავლობაში თავისი პასპორტის საოლქო პროკურორის ოფისში ჩაბარება, რაც მან არ შეასრულა. 2010 წლის 18 ნოემბერს ორენჯის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ გასცა ა. ს-ს დაპატიმრების ორდერი.
3. ამერიკის შეერთებულ შტატებში ა. ს-ს მიმართ 2010 წლის 5 ნოემბერს აშშ-ს კალიფორნიის შტატის ორენჯის საოლქო სასამართლოში შეტანილი ბრალდების შესახებ ინფორმაციას საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4. 2010 წლის 6 ივლისს, საღამოს 6-7 საათისათვის, აშშ-ს კალიფორნიის შტატში, ლეიკ ფორესტში მდებარე სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა. ს-მა თავის მეუღლეს – ა. ს-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და ძალის გამოყენებით მისაღები ოთახიდან გადაიყვანა საპირფარეშოში, სადაც წებოვანი ლენტით შეუკრა ხელ-ფეხი და დაუხშო პირი, ხოლო საპირფარეშოდან გამოსასვლელ კარს მოაძრო სახელური, რათა მას ვერ მოეხერხებინა იქიდან გამოსვლა. ასეთ მდგომარეობაში ა. ს-ი იმყოფებოდა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ა. ს-მა მიუტანა მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ დალაპარაკებოდა მამას და შემდეგ – დედას, მაგრამ არ ეთქვა მომხდარის შესახებ. დედასთან საუბრის დროს ა. ს-მა სცადა, მიენიშნებინა დედისათვის თავისი მდგომარეობის შესახებ და სთხოვა, რომ დაერეკა მისი თანამშრომლის – ნ. ფ-სათვის. როგორც კი ა. ს-ი მიხვდა, რომ თავისი მეუღლე ცდილობდა დახმარების მიღებას, გაუთიშა ტელეფონი, გავიდა სამზარეულოში და შემოიტანა სამზარეულოს დანა. ა. ს-ი დაემუქრა მეუღლეს, რომ, თუკი პოლიცია მივიდოდა, იგი მას მოკლავდა. დაახლოებით საღამოს 11 საათისათვის ა. ს-ი კვლავ შევიდა საპირფარეშოში, ა. ს-ს გაუხსნა ხელ-ფეხი და უბრძანა, წასულიყო საძინებელში და არავის დაკავშირებოდა. ა. ს-მა მთელი ღამე საძინებელში გაატარა, რადგან ეშინოდა, რომ ა. მას ფიზიკურ ზიანს მიაყენებდა და ამავდროულად იცოდა, რომ სახლში დაყენებული იყო სათვალთვალო კამერები. საძინებელ ოთახში არ იყო ტელეფონი, ხოლო მისი მობილური წაიღო ა. ს-მა.
5. 2010 წლის 7 ივლისს, დილის საათებში, ა. ს-ი შევიდა საძინებელში და უთხრა მეუღლეს, დაერეკა სამსახურში და ეთქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და ვერ გამოცხადდებოდა. ა. ს-მა აღნიშნულზე უარი განაცხადა, რის გამოც ა. ს-მა თმაში ჩაავლო ხელი და ლოგინზე დაანარცხა. ა. დასთანხმდა და დარეკა სამსახურში. დაახლოებით დილის 10 საათისათვის ა. ს-ი გავიდა სახლიდან და თან წაიღო ა. ს-ს მობილური ტელეფონი, საფულე და გასაღებები, ხოლო მას უბრძანა, რომ არ დაეტოვებინა სახლი. იმავე დღეს, დილის 11-ის ნახევარზე, ა. ს-ს სახლში მივიდა თანამშრომელი ნ. ფ-ი და მისი მეგობარი, რის შემდეგაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.
6. აღნიშნული ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია: ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 273.5-ე მუხლის „ა“ ნაწილით (ოჯახური ძალადობა სხეულის დაზიანებით), რისთვისაც გათვალისწინებულია 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლის „ა“ ნაწილით (გატაცება), რისთვისაც გათვალისწინებულია 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის „ა“ ნაწილით (მუქარა), რისთვისაც გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 245-ე მუხლის „ა“ ნაწილის „1“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავდასხმა), რისთვისაც გათვალისწინებულია 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ძალადობით/მოტყუებით), რისთვისაც გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 136.1-ე მუხლის „ბ“ ნაწილის „1“ ქვეპუნქტით (მოწმის გადარწმუნება, განაცხადოს დანაშაულის შესახებ), რისთვისაც გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 12022-ე მუხლის „ა“ ნაწილის „1“ ქვეპუნქტით (მომაკვდინებელი იარაღის გამოყენება, ჩადენილი მუქარის დროს), რისთვისაც გათვალისწინებულია 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
7. 2015 წლის 22 იანვარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაიდო ერთობლივი დეკლარაცია ა. ს-ს ექსტრადიციის შესახებ.
8. 2015 წლის 23 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს-ი.
9. 2015 წლის 26 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა. ს-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
10. 2015 წლის 6 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის 2015 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
11. 2015 წლის 11 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა ა. ს-ს ექსტრადიციის თაობაზე აშშ–ს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი საექსტრადიციო მასალების ასლები. აღნიშნული დოკუმენტების ორიგინალები მიღებულ იქნა 2015 წლის 17 თებერვალს.
12. 2015 წლის 9 და 14 მარტს ელფოსტის მეშვეობით შევიდა დამატებითი ინფორმაცია ა. ს-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
13. 2015 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა სტაჟიორ-პროკურორმა ნ. ზ-მა და ითხოვა, დასაშვებად ყოფილიყო ცნობილი ა. ს-ს ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლის 5 ნოემბრის ბრალდების შესახებ ინფორმაციაში მითითებულ დანაშაულთა ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა სტაჟიორ-პროკურორ ნ. ზ-ის შუამდგომლობა: დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ს-ს ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლის 5 ნოემბრის ბრალდების შესახებ ინფორმაციაში მითითებულ დანაშაულთა ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
15. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ა. ს-ი და მისი ადვოკატი მ. ს-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
16. ა. ს-ს არ გადასცემია ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოგზავნილი, მისთვის გასაგებ – სპარსულ ენაზე ნათარგმნი მასალები და არ განუმარტავთ მისი უფლებები, რის გამოც დაცვის მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება 2 კვირით, რათა ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს მისცემოდა მასალების სრულფასოვნად გაცნობის შესაძლებლობა, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა; ა. ს-ს დაკავებიდან დღემდე ქართულმა მართლმსაჯულებამ ვერ უზრუნველყო საერთაშორისო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციებითა და დეკლარაციებით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი – თითოეულმა თავისუფლებააღკვეთილმა და თავისუფლებაშეზღუდულმა ადამიანმა იცოდეს და მისთვის გასაგებ მშობლიურ ენაზე მიიღოს სამართალწარმოების დოკუმენტები, რათა სრულყოფილად შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა.
17. გარდა ამისა, არც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოგზავნილ მასალებსა და არც სასამართლოს განჩინებაში არ არის მითითებული, ა. ს-ს ბრალდების რომელიმე მუხლს მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხო თუ არა ამნისტია, თანახმად ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის 1987 წლის 17 მარტის მეორე დამატებითი ოქმის მე-4 თავის მე-4 მუხლისა.
18. საკასაციო პალატის სხდომაზე ა. ს-მა დამატებით განმარტა, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები; მან ასევე განაცხადა, რომ სურვილი აქვს მიმართოს იუსტიციის სამინისტროს, მიიღოს ბინადრობის მოწმობა და იცხოვროს საქართველოში. ხოლო ადვოკატმა მ. ს-ამ აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების გეოგრაფიული მისამართი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა უსაფრთხო ქვეყანაა და ა. ს-ს მიმართ დაცული იქნება ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები იმ ფონზე, როდესაც ,,გუანტანამოს“ ციხე, სადაც პატიმრების წამებას ჰქონდა ადგილი, სწორედ ამერიკაში მდებარეობს.
19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა მ. ს-მ ითხოვა ა. სა-ს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2015 წლის 23 იანვარს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ა. ს-ს უფლებების დარღვევის თაობაზე იმ კონტექსტში, რომ მას მისთვის გასაგებ მშობლიურ ენაზე არ განუმარტეს ბრალდების არსი და უფლებები, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ა. ს-ს ინგლისურ ენაზე გადაეცა საექსტრადიციო მასალები, რომელზეც მან თვითონ შეასრულა მინაწერი ამავე ენაზე და მიუთითა, რომ ესმის ინგლისური ენა, განემარტა უფლებები და მოვალეობები და მიიღო აღნიშნული განმარტებების ასლი; გასაუბრების ოქმზე, რომელიც შედგა მასა და პროკურორ ნ. ზ-ს შორის, მან კითხვებზე წერილობით უპასუხა ინგლისურ ენაზე; ასევე, მისთვის აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს 2015 წლის 9 მარტით დათარიღებული დოკუმენტის გადაცემასთან დაკავშირებით საქმეში მოთავსებულია მისი ხელწერილი, რომელიც მან შეადგინა ინგლისურ ენაზე და სადაც განმარტავს, რომ მას გადაეცა 2015 წლის 9 მარტით დათარიღებული დოკუმენტი და იცის ინგლისური ენა (საექსტრადიციო წარმოების მასალების ასლები ტ.2).
5. აღნიშნულისა და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ს-ი აშშ-ს მოქალაქეა, ფლობს აშშ-ს პასპორტსა და მართვის მოწმობას, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა. ს-ს ესმის ინგლისური ენა და მისი განცხადებები ენის არცოდნის შესახებ მოგონილია პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით.
6. რაც შეეხება ა. ს-ს განმარტებას, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედებები, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი არ იხილავს ა. ს-ს ბრალეულობის საკითხს და მსჯელობს მხოლოდ იმის თაობაზე, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილების მიზნით. პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ა. ს-ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების უტყუარობა და საკმარისობა.
7. კასატორის მიერ მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მას სურვილი აქვს მიიღოს ბინადრობის მოწმობა და იცხოვროს საქართველოში, პალატა მიუთითებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სურვილი. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
8. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ასევე არ დგინდება ის გარემოებები, რომ ა. ს-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მის მიმართ აშშ-ში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
9. საქმეზე სოერინგი (Soering) გაერთინებული სამეფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირის ექსტრადირების თაობაზე, შესაძლოა წარმოშვას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ იქნა არსებითი დასაბუთება მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადირების შემთხვევაში პირის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საფრთხის შესახებ.[1]
10. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადება აშშ-ში ,,გუანტანამოს“ ციხის არსებობის შესახებ, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.
11. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და მისი ადვოკატის პოზიციას ამნისტიასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით“. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ ააქვს იურისდიქცია ა. ს-ს მიმართ, მსჯელობა ამნისტიის კანონის შესაძლო გამოყენების თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
12. ადვოკატის მიერ მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით კი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოგზავნილ მასალებში არ არის მითითებული, შეეხო თუ არა ამნისტია ა. ს-ს ბრალდების რომელიმე მუხლს მთლიანად ან ნაწილობრივ თანახმად ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის 1987 წლის 17 მარტის მეორე დამატებითი ოქმის მე-4 თავის მე-4 მუხლისა, პალატა მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, რამაც განაპირობა ის გარემოება, რომ წარმოდგენილ მასალებში არ არის მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, ცნობს და აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ს-ს ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლის 5 ნოემბრის ბრალდების შესახებ ინფორმაციაში მითითებულ დანაშაულთა ჩადენის გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21ივლისის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე
[1] სოერინგი (Soering) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადი no. 14038/88, 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, 91-ე პუნქტი. იხ. აგრეთვე შამაევი და სხვები (Shamayev and others) საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი no. 36378/02, 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, 335-ე პუნქტი. კრუზ ვარასი და სხვები (Cruz Varas and others) შვედეთის წინააღმდეგ, განაცხადი no. 15576/89, 1991 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, 69-70-ე პუნქტები. ჩაჰალი (Chahal) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადი no. 22414/93, 1996 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, 74-ე პუნქტი.