საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-56(კ-23) 10 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,, ...“
მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 05 აგვისტოს სს ,,...ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №დად-107/09 დადგენილების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის №1-1/307 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის თანახმად, სს „...ამ" სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N56-04 ბრძანების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ...ის „ ...”-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით განახორციელა 220 კვ ...ის „ ...ის“ ...ის მშენებლობა. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით, სს „...ას“ დაევალა სანებართვო პირობით დადგენილი სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ, მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმის (წერილობითი სახით) სააგენტოში წარდგენა.
სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N56-04 ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის გამო, სააგენტომ 2021 წლის 18 მაისს გამოსცა N107/09 დადგენილება და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „...“ დააჯარიმდა 20 000 (ოცი ათასი) ლარით.
სარჩელის თანახმად, სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის Nდად-107/09 დადგენილება სს „...ას" მიერ ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. სამინისტროს 2021 წლის 08 ივლისის N1-1/307 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ზედამხედველობის სააგენტოს „...ას" მიმართ უნდა გაეცა მითითება, განესაზღვრა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად და მითითებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მიეღო დაჯარიმების შესახებ დადგენილება. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ 2021 წლის 26 აპრილის შემოწმების აქტი არ არის ხელმოწერილი დამკვეთი ორგანიზაციის, კერძოდ ...-ს მიერ. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სადავო ბრძანების ნორმატიული საფუძვლის - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 96-ე მუხლის მე-6 პუნქტის ჩანაწერს და განმარტავს, რომ თუ შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი შენობა - ნაგებობის (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე II, III და IV კლასის შენობა - ნაგებობებისა) მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, სს ,,...ამ“ 2021 წლის 17 მარტის N936/07 და 2021 წლის 20 აპრილის N1542/07 წერილებს დაურთო შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, ასევე სხვა მტკიცებულებები და მოითხოვა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. აპელირებს შპს „მ...ის“ 2021 წლის 17 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის იმ შინაარსზე სადაც აღნიშნულია, რომ გარდაბნის „...”-ის ...-ს ქსელთან მიერთების პროექტის ფარგლებში, 220 კვ ეგხ „...ის” ...ის შესრულებული სამუშაოები შეესაბამება წარმოდგენილ პროექტს, საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციას და ეძლევა დადებითი შეფასება. აღნიშნულით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასტურდება როგორც მთლიანად შესრულებული სამუშაოების, ისე მშენებლობის ცალკეული ეტაპების შესაბამისობა პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან. განმარტავს, რომ შეუძლებელია მთლიანად შესრულებული სამუშაოები შეფასდეს დადებითად, თუ მისი რომელიმე ეტაპი ფასდება უარყოფითად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის N1-1/307 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-15, მე-16, მე-18.1 მე-20, 25-ე, 45.1 მუხლები, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმებზე და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სს ,,...ის“ მიერ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ...ის ,, ...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით, 220 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ის მშენებლობის ეტაპის სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად და დადასტურებულია მშენებლობის ათივე ეტაპის დასრულება. ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №დად-107/09 დადგენილებით, სს ,,...“ სწორედ ზემოხსენებული მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმების წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა 20 000 ლარით და შპს ,,მ...ის“ მიერ 2021 წლის 17 თებერვალს შესრულებული ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზის დასკვნის) საფუძველზე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 27 სექტემბრის N46-04/05 ბრძანებით ობიექტი მიღებული იქნა ექსპლუატაციაში მიუხედავად მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმებისა და შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარუდგენლობისა.
მითითებული მტკიცებულებებისა და საკანონმდებლო ნორმათა საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის N1-1/307 ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №დად-107/09 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის N1-1/307 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა სს ,,...ას“ საჩივრთან დაკავშირებით, აღნიშნული ამ ეტაპზე გამორიცხავს ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე არსებით მსჯელობას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მიუთითა სადავო აქტის მიღების დროისთვის მოქმედ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 82-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს V კლასის შენობა - ნაგებობების სანებართვო პირობებს, ასევე ყურადღება გაამახვილა დადგენილების 96-ე მუხლის მე-6 პუნქტზე და განმარტა, რომ თუ შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი შენობა - ნაგებობის (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე II, III და IV კლასის შენობა - ნაგებობებისა) მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ყურადღება გაამახვილა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №56-04 „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ბრძანების შინაარსზე, ბრძანებით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე, მიუთითა სს ,,...ის“ მიერ სააგენტოში წარდგენილ 2021 წლის 17 მარტის განცხადების შინაარსზე, ასევე სააგენტოს პასუხზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,...ას“ მიერ, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში, მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმები ვერ იქნა წარდგენილი, თუმცა მათ მიერ წარდგენილი იქნა შპს ,,მ...ის“ 2021 წლის 17 თებერვლის ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზის დასკვნა), რომლის თანახმად, გარდაბნის ,,...“-ს სს ,,...ის“ ქსელთან მიერთების პროექტის ფარგლებში, 220 კვ.ეგხ. ,,...ის“ ...ის შესრულებული სამუშაოები შეესაბამება წარდგენილ პროექტს და საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციას, რის გამოც მიეცა მას დადებითი შეფასება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლზე რომლითაც განისაზღვრა, შენობა - ნაგებობის მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი. მიუთითა, რომ ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შენობა - ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (№ბს-785-771 (კ-14) 05.05.2016 წელი) და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ის განმარტებას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოებაა და სახდელის დაკისრებას სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა განაპირობებს. მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. ამდენად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორის მსჯელობით, გარდაბნის „...-ის სს ,,...ის“ ქსელთან მიერთების მიზნით, 220 კვ.მ ...ის „...ის“ ... I-IV კლასის შენობა - ნაგებობას არ წარმოადგენს. აკონკრეტებს, რომ 220 კვ.მ ..., ძველი მოქმედი ნორმით მე-5 კლასის შენობა - ნაგებობას წარმოადგენდა და დღეის მდგომარეობით აღნიშნული კატეგორიის (მე-5 კლასის) შენობა - ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემა და პირობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილებით, ეს უკანასკნელი კი ადრე მოქმედი - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების წესის შესაბამისად, მშენებლობის ეტაპების დასრულებას - საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება. მიუთითებს, რომ წინამდებარე დავაში გამოსაყენებელ სამართლებრივ ნორმას წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება, ვინაიდან „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის შესახებ„ კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, 2019 წლის 3 ივნისამდე გაცემული მშენებლობის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამასთანავე, მის საფუძველზე აშენებული შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ ნებართვის გაცემის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და წესები. შესაბამისად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 25 მარტს, სააგენტოს მიერ გაცემული „გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის „...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით, 220 კ.მ ...ის „...ის“ ...ის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ N56-04 ბრძანებასთან დაკავშირებით გამოსაყენებელ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველო მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მსჯელობით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 89-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმზე ხელმომწერ პირებს. მიუთითებს, რომ V კლასს მიკუთვნებული შენობა - ნაგებობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი. ნორმის გათვალისწინებით, კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და საკანონმდებლო ჩანაწერით გაუთვალისწინებელ დოკუმენტზე დაყრდნობის პირობებში, დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას.
კასატორი მიუთითებს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 96-ე მუხლის იმ ჩანაწერზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: თუ შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი შენობა - ნაგებობის (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე II, III და IV კლასის შენობა ნაგებობებისა) მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. კასატორის მსჯელობით, აღნიშნული ჩანაწერი სამართალდარღვევის გამოსწორებად არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ამას ქვედა ინსტანციის სასამართლოები მიუთითებს. თვლის, რომ სამართალდარღვევა თავისთავად ცხადია საექსპერტო დასკვნის მიუხედავად არსებობს, რადგან მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმები წინამდებარე საქმეში სათანადო წესით არ შედგენილა. კასატორის მსჯელობით, თუკი საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევდა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმები, სასამართლო თავად შეაფასებდა სს „...ის“ დაჯარიმების შესახებ სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის Nდად-107/09 დადგენილების კანონიერებას და არა აღნიშნული დადგენილების გასაჩივრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას. გასათვალისწინებლად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141.5 მუხლზე აპელირებას, სადაც მითითებულია შენობა - ნაგებობის მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი. წარმომადგენლის მსჯელობით, საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული ნორმა არ შეაფასა სხვა ნორმებთან მიმართებაში, კერძოდ ამავე კანონის 132-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხოლოდ I-IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისათვის, წინამდებარე საქმეზე კი სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარდაბნის „...-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ ...ის „...ის“ ... V კლასის შენობა - ნაგებობაა და მისი მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმებთან მიმართებით სწორედ V კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობის მომწესრიგებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული. ამასთან, მიიჩნევს, რომ თუკი საკანონმდებლო ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს, აღნიშნული ნორმა სწორედ კონკრეტული საფუძვლის არსებობისას უნდა იქნეს გამოყენებული და არა ნებისმიერ შემთხვევაში. ამდენად, უსაფუძვლოდ მიიჩნევს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №5604 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ,,...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ზე შემდეგი პირობებით: ა) 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით სსიპ ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარდგენილი იქნას ამ ბრძანების დანართ N1-ში მოცემულ, სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებლად ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების) კოორდინატებში მითითებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი. ბ) სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს იმ მიწის ნაკვეთი/ნაკვეთებზე, რომლებზეც სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარდგენილი იქნება საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი. ამავე ბრძანებით გაიწერა მშენებლობის განხორციელების შემდეგი ეტაპები: ა) მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი რიგის სამუშაოები: ა.ა) ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება. ბ) მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები: ა.ბ. ნაგებობების მიწის (თხრილების მოწყობა) სამუშაოები; ბ.ბ. ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები; ბ.გ. ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; ბ.დ. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; ბ.ე. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან (ანძების მონტაჟი). ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებული იყო მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი, სანებართვო პირობით დადგენილი სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ, წერილობითი სახით წარედგინა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში. მშენებლობის ნებართვის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 23 დეკემბრის №206-04 ბრძანებით, შეტანილი იქნა ცვლილება სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №56-04 ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ა) 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით სსიპ ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარდგენილი იქნას ამ ბრძანების დანართ N1-ში მოცემულ, სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებლად ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების) კოორდინატებში მითითებულ მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი.
სს ,,...ას“ დაკვეთით, 2021 წლის 17 თებერვალს შპს ,,...ის“ მიერ შესრულებული იქნა ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზის დასკვნა), რომლის თანახმად, გარდაბნის ,,...“-ს ...-ს ქსელთან მიერთების პროექტის ფარგლებში, 220 კვ.ეგხ. ,,...ის“ ...ის შესრულებული სამუშაოები შეესაბამება წარმოდგენილ პროექტს და საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციას, ეძლევა დადებითი შეფასება.
2021 წლის 17 მარტს სს ,,...ის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და იმის გათვალისწინებით, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ,,...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ის მშენებლობა დასრულებული იყო, მოითხოვა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. დანართის სახით წარადგინა საბოლოო საექსპერტო დასკვნა და გამოცდის აქტები.
2021 წლის 23 მარტის სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილით ირკვევა, რომ სააგენტომ განიხილა სს ,,...ის“ 2021 წლის 17 მარტის წერილი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ და კომპანიას აცნობა, რომ დამატებით საჭირო იყო წარედგინათ სანებართვო პირობებით განსაზღვრული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 89-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმები და ამავე დადგენილების 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ხსენებული დოკუმენტაციის წარსადგენად მოსარჩელეს განესაზღვრა 15 დღიანი ვადა.
დადგენილია, რომ სს ,,...ას“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ 2021 წლის 20 აპრილს წერილით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და აცნობა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 89-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმები და ამავე დადგენილების 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიის მიერ ვერ განხორციელდა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო. ამავე განცხადებით, კომპანიამ სააგენტოს გაუგზავნა ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ,,...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ. ...ის ,,... 1-2“-ს ...ის მშენებლობის პროექტის საბოლოო საექსპერტო დასკვნა და მოითხოვა სააგენტოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, რათა შემდგომში მომხდარიყო აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება.
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვისა და ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მიერ, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 23-ე პუნქტის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, 2021 წლის 26 აპრილს შედგა ,,არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ“ შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, სს ,,...ას“ მიერ დარღვეული იყო სანებართვო პირობა. კერძოდ, სააგენტოში არ წარდგენილა ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ...ის ,,...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №56-04 ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპების დასრულების შესახებ შედგენილი ოქმები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №დად107/09 დადგენილებით, ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ,,...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №56-04 ბრძანებით შეთანხმებული სანებართვო პირობის შეუსრულებლობისთვის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ,,... დაჯარიმდა 20 000 ლარით.
დადგენილია, რომ 2021 წლის 1 ივნისს სს ,,...ას“ წარმომადგენელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №დად107/09 დადგენილების ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის №1-1/307 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,...ას“ 2021 წლის 01 ივნისის №7006/21 ადმინისტრაციული საჩივარი.
2021 წლის 17 აგვისტოს სს ,,...ას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა N3489/107 წერილით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და წარუდგინა 2020 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ის პროექტის ანძის პოლიგონების საკადასტრო მონაცემები და ...ის მიმართულების და ანძის პოლიგონების ვიზიო ფორმატი. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვა პროექტის ექსპლუატაციაში მიღება.
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 27 სექტემბრის N46-04/05 ბრძანებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსპლუატაციაში იქნა მიღებული მშენებლობა, დასრულებული ობიექტი.
ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარდგენილ მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმებში მითითებულია, რომ სს ,,...ას“ მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ,,...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ის მშენებლობის ეტაპის სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. თითოეულ ოქმში მითითებულია შესაბამისი ეტაპის დასრულება. ხსენებულ ოქმებს სს ,,...ას“ გენერალურ დირექტორთან ერთად ხელს აწერს ამავე საზოგადოების ...ების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი ვახტანგ კვარაცხელია.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის N1-1/307 ბრძანების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სწორედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის N1-1/307 ბრძანება. როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №დად107/09 დადგენილებით, ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ,,...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №56-04 ბრძანებით შეთანხმებული სანებართვო პირობის შეუსრულებლობისთვის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ,,..“. დაჯარიმდა 20 000 ლარით. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს მუხლის საკანონმდებლო ჩანაწერზე რომლის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეხუთე კლასის შენობა - ნაგებობისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას – 20 000 ლარით.
პალატა მიუთითებს სადავო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისის N1-1/307 ბრძანებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,...ას“ 2021 წლის 01 ივნისის №7006/21 ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №დად107/09 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე. მითითებული ბრძანებით სამინისტრომ არ გაიზიარა მხარის ის პოზიცია, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 96-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული საბოლოო საექსპერტო დასკვნის წარდგენა პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს სამართალდამრღვევს. სამინისტრომ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია მასზე, რომ მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენა და სააგენტოში წარდგენა წარმოადგენს სანებართვო პირობას და დაკავშირებულია მშენებლობის პროცესთან, ხოლო საბოლოო საექსპერტო დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენა ხორციელდება ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად - მშენებლობის ეტაპის დასრულების შემდგომ. ამასთან, N57 დადგენილების 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოქმის შემდგენელს. ოქმის შეუდგენლობა ან ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა გამოიწვევს საქართველოს კანონით - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“. სამინისტრომ ასევე ვერ გაიზიარა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის ის მოსაზრება, რომ სააგენტო ვალდებული იყო პირველ რიგში ...-ს მიმართ გაეცა შესაბამისი მითითება და განესაზღვრა ვადა მითითებაში აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის, არეგულირებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’. კოდექსის მე-15 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები, კერძოდ, ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა - ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. მე-14 მუხლის 12 პუნქტში ცალსახად არის მითითებული, რომ ამ თავში გამოყენებული ტერმინები და მარეგულირებელი ნორმები გამოიყენება V კლასის შენობა - ნაგებობის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის „...“-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ. ...ის „...ის“ ...ის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები განეკუთვნება V კლასის შენობა - ნაგებობას. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და მახასიათებლები/ პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით: ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით; ბ) პერიოდული ინსპექტირებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე: ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება; ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობა.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე ნათელია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა, ასევე სამშენებლო საქმიანობის პროცესში დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება. ამავე კანონის 25-ე მუხლით დარეგულირებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, კერძოდ 23-ე პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულია, რომ საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობის შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით, ასევე შემოწმების აქტის შედგენით იწყება, თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევას და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემული დავის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმას, კერძოდ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებას, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. ნორმა არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული N57 დადგენილება 24.03.2009) ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის N139 (03.02.2020) დადგენილებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის (გარდამავალი დებულებები) პირველი ნაწილით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 ივნისამდე გაცემული მშენებლობის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამასთანავე, მის საფუძველზე აშენებული შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ ნებართვის გაცემის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და წესები. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს №56-04 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვა გაიცა 2019 წლის 25 მარტს, შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმას წარმოადგენს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება. მითითებული დადგენილების 82-ე მუხლში გაწერილია V კლასის შენობა - ნაგებობების სანებართვო პირობები, კერძოდ V კლასის შენობა - ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის გამოყენების სამშენებლოდ პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე; გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით; ე) მშენებლობის დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი; ვ) შეასრულოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ყველა სამშენებლო სამუშაო; ზ) მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 1 წლის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა - ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის. თ) შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება „არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამავე დადგენილების 89-ე მუხლით გათვალისწინებულია მშენებლობის ეტაპის დასრულება. მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმი სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია, რომ მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერენ დამკვეთი და მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო V კლასს მიკუთვნებული შენობა - ნაგებობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერს ასევე სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი. მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებულია, რომ V კლასს მიკუთვნებული შენობა - ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი უნდა წარედგინოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს, სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ. მხოლოდ ამ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ არის იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. დადგენილების 96-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი შენობა - ნაგებობის (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე II, III და IV კლასის შენობა - ნაგებობებისა) მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №56-04 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის ,,...“ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ.მ. ...ის ,,...ის“ ...ზე. ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებული იყო მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი, სანებართვო პირობით დადგენილი სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ, წერილობითი სახით წარედგინა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა 2021 წლის 17 მარტს სს ,,...ას“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და მოითხოვა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. ამ უკანასკნელმა კომპანიას აცნობა, რომ დამატებით წარსადგენი იყო მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმები. დადგენილია, რომ ს.ს. ,,...ას“ მიერ, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმები ვერ იქნა წარდგენილი. წარდგენილი იქნა 2021 წლის 17 თებერვლის შპს ,,მ...ის“ ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზის დასკვნა), რომლის თანახმად, გარდაბნის ,,...“-ს ...-ს ქსელთან მიერთების პროექტის ფარგლებში, 220 კვ.ეგხ. ,,...ის“ ...ის შესრულებული სამუშაოები შეესაბამება წარმოდგენილ პროექტს და საქართველოში მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციას, რის გამოც მიეცა მას დადებითი შეფასება.
მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დასაბუთებისათვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები (შემდგომში – წესი), რომლის მოწესრიგების სფეროში, კერძოდ მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ცალსახად არის მითითებული, რომ ეს წესი განსაზღვრავს იმ შენობა - ნაგებობათა კლასებს და მშენებლობის სახეებს, რომელიც ექვემდებარება მშენებლობის ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას, გარდა V კლასის შენობა - ნაგებობისა. ამდენად, მითითებული ნორმის - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობების" გამოყენება მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, კერძოდ, იმ მოცემულობაში, როდესაც სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის „...”-ის ...-ს ქსელთან მიერთების მიზნით განხორციელებული 220 კვ ...ის „...ის“ ...ის მშენებლობა წარმოადგენს V კლასის შენობა - ნაგებობას, ცალსახად არარელევანტურია.
საკასაციო პალატა ასევე არარელევანტურად თვლის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლზე მითითებას, რომელიც არეგულირებს შენობა - ნაგებობის მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმის გამოყენებით მიიჩნია, რომ „შენობა - ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“. აქვე მიუთითა, რომ „სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს“. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და სწორედ კოდექსის 132-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საშეღავათო პირობაში (1415 მუხლი) კანონმდებელი არ უთითებს და შესაბამისად არ მოიაზრებს V კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებს, არამედ ჩანაწერი ცალსახად მიუთითებს I-IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებზე.
საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების საშუალება და ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში, რა დროსაც უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით, რისი საშუალებითაც ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.
"საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 1415 მუხლთან მიმართებაში, კანონმდებლის მიზნის დადგენისათვის, საკასაციო პალატა მოიხმობს შესაბამის ამონარიდებს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან, რომელშიც საკანონმდებლო ნოვაციის მიზეზად სახელდება საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარდგენის პროცედურის დახვეწა და შესაბამისი პრაქტიკის შემუშავება. ცვლილებათა შემუშავების მიზეზია კოდექსით გათვალისწინებული დებულებების აღსრულების ხელშეწყობა, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საჯარო კონტროლის განხორციელების პროცესის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა. მითითებულია, რომ ცვლილებით შეღავათი დადგინდა მხოლოდ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე-132-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე-132-ე მუხლები არ მოიცავს V კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისასა სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევას არამედ, ნორმა ცალსახად მიუთითებს I-IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობისას სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევას. მეტი თვალსაჩინოებისთვის საკასაციო პალატა მიუთითებს კანონპროექტში სტატისტიკურად წარმოდგენილ მონაცემებზე, სადაც კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე პროექტის გავლენას ასაბუთებს და აქვე აკონკრეტებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 900 ნებართვაა გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. მათგან დაახლოებით 40 არის III კლასის, ხოლო დანარჩენი II კლასის. მითითებულია, რომ თითოეული ამ მშენებლობის პროცესში, კანონპროექტის წარდგენის პერიოდისათვის საშუალოდ დარღვეულია ორი საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად ამ სამართალდარღვევის გამო დაახლოებით 7 680 000 ლარი უნდა იყოს გამოწერილი ჯარიმა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საკითხს, რომლის მიხედვით შენობა - ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მფლობელები გათავისუფლდებიან საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული ჯარიმისაგან 2022 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად იმ სამართალდარღვევისათვის, კერძოდ საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის, რომელიც ჩადენილი იქნა მითითებულ პერიოდამდე. აქვე მოცემულია სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 207 ნებართვა არის გაცემული მშენებლობისთვის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა), რომლებიც ექვემდებარებიან საეტაპო ოქმების წარდგენას (გაცემული ნებართვები დაახლოებით ასე ნაწილდება: II კლასი - 73, III კლასი -77, IV კლასი - 57 ობიექტი). მითითებულია, რომ თითოეულ ამ მშენებლობის პროცესში, კანონპროექტის წარდგენის პერიოდისათვის საშუალოდ დარღვეულია ორი საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულება და დაახლოებით 3 834 000 ლარი უნდა იყოს გამოწერილი ჯარიმა. ყოველივე ზემოაღნიშნულით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, მითითებული ნორმა - საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა შენობა - ნაგებობის მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი, არ ვრცელდება V კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევაზე რაზედაც მიუთითებს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიც და შესაბამისად, მოცემული დავის პირობებში აღნიშნული ნორმის გამოყენება არარელევანტურია. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით, V კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობები რეგულირდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილებით. ადრე მოქმედი წესის ანალოგიურად N257 (31.05.2019 წელი) დადგენილების მე-60 მუხლში მითითებულია, რომ მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერს დამკვეთი, მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ, სადაც რეგისტრაციის შემდეგ არის იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80).
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში, კერძოდ იმ მოცემულობაში როდესაც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დასაბუთებისათვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები, რომლის მოწესრიგების სფეროში მითითებულია, რომ ეს წესი განსაზღვრავს იმ შენობა - ნაგებობათა კლასებს და მშენებლობის სახეებს, რომელიც ექვემდებარება მშენებლობის ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას გარდა V კლასის შენობა - ნაგებობისა, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საშეღავათო - საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის რეგულაცია არ მოიაზრებს V კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებს, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში გაკეთებული ჩანაწერების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის პირობებში, რელევანტურ საკანონმდებლო ნორმათა გამოყენებით უნდა დაადგინოს, არის თუ არა სახეზე ...ის ,,...ის“ ...ის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის №56-04 ბრძანებით შეთანხმებული სანებართვო პირობის შეუსრულებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია, ის მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი გათვალისწინებული დარღვევა, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1’’ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლოს ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე