№21აგ-15 3 აპრილი, 2015 წელი
ბ-ი შ, 21აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ს. კ-ა და შ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. შ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 141–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და მოსახდელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 141–ე მუხლით (2013 წლის 27 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), (2013 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 141–ე მუხლით (2014 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) –6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ–ის 63–64–ე მუხლების გამოყენებით პირობით არ იქნა გამოყენებული, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ–ის 63-64–ე მუხლების გამოყენებით პირობით არ იქნა გამოყენებული, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ შ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 12 იანვრიდან.
2015 წლის 16 თებერვალს მსჯავრდებულმა შ. ბ-ა შუამდგომლობით (განცხადებით) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მისი მსჯავრდების შესახებ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობაში მსჯავრდებული მიუთითებს, რომ მის მიმართ დაირღვა კანონი, რომ გამოძიება იყო ცალმხრივი და რომ აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს მოტყუებით, მაშინ, როდესაც არავინ იცოდა საქართველოს სსკ–ის 141–ე მუხლის ცვლილების შესახებ და იგივე გაიმეორეს მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა და მისმა ადვოკატმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა შ. ბ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული მოტივების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოთხოვნა, რომ პროკურატურამ მოტყუებით შეძლო მისი დაყოლიება საპროცესო შეთანხმებაზე, ვინაიდან განაჩენის გამოტანისას სრულად იქნა დაცული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. ამავდროულად შ. ბ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია, რადგან მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ პროკურორმა, გამომძიებელმა, მოსამართლემ და ადვოკატმა მის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული გარემოება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა დასტურდებოდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა შ. ბ-ს მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ შ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ შ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი