საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-976(კ-24) 6 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ.კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 27 თებერვალს ზ.კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის №1000828269 დასკვნის ბათილად ცნობა და ზ.კ-ისთვის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადებითი დასკვნის გამოცემის სააგენტოსათვის დავალება.
მოსარჩელე ზ.კ-ის განმარტებით, იგი დაბადებულია საქართველოში, ქ. ქუთაისში. საბჭოთა კავშირის პერიოდში, იგი სასწავლებლად წავიდა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, სადაც მოგვიანებით დაიწყო მუშაობა. დაოჯახებულია საქართველოს მოქალაქეზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან წარმატებით გაართვა თავი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის კანონით განსაზღვრულ ტესტირებას და მიიღო უმაღლესი ქულები. მას საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნებისა და ცხოვრების სურვილი აქვს. ამასთან, მის მიმართ არ არსებობს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების უარყოფითი დასკვნები. მიუხედავად ამისა, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ მიიღო უარყოფითი დასკვნა ზ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, რაც მოსარჩელეს მიაჩნია უკანონოდ. მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტი არ შეიცავს მოსარჩელისათვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის დასაბუთებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთის მოქალაქე ზ.კ-იმა (დაბადების თარიღი - ... ... ...წ.) განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსადმი საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 11 ოქტომბრის №00005441 წერილით დადგენილ იქნა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს, №1000828269 საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ოქტომბრის №MIA 6 22 02981368 წერილით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ზ.კ-ის მიმართ არ მიმდინარეობდა გაძევების პროცედურები.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №SSG 2 22 00228351 წერილის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ზ.კ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინფორმაციით ზ.კ-ის (დაბ.: ... ... ...წ.) შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 16 იანვრის №2120 სხდომის ოქმით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.კ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საკითხის განხილვისას კომისიამ, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა, რომ ზ.კ-ის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა).
დადგენილია, რომ მიღებული ინფორმაციისა და ზ.კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ზ.კ-ის (საქმის №1000828269) მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და მითითებული დადგენილების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე მოემზადებინა უარყოფითი დასკვნა. აღნიშნულის შემდგომ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2023 წლის 18 იანვრის №1000828540/1 მიმართვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნა ზ.კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით №1000828269 დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 23 იანვრის №334 წერილით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №1000828269 უარყოფით დასკვნაზე „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ პირისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს, რამდენადაც კანონმდებელი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ - განცხადების განხილვისას გამოკვლეულია, ერთი მხრივ, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი. სასამართლოს მითითებით, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან, რა დროსაც დადგინდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობა. 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №2120) მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა და შეაფასა ზ.კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, ცოდნის დონე და დაადგინა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, ასევე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ზ.კ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით ზ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მისი დასკვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, თუ რა შემთხვევებში ენიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით და აღნიშნა შემდეგი: მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელთან გასაუბრების შედეგად დაადგინა, რომ ზ.კ-ი დაიბადა საქართველოში (ქ. ქუთაისში), საშუალო განათლება მიიღო საქართველოში, ხოლო უმაღლესი განათლება - რუსეთში (ქ. პეტერბურგში), დასაქმდა და ცხოვრობს რუსეთშივე. მისი ორივე შვილი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ცხოვრობენ რუსეთში. ზ.კ-ის საქართველოში ჰყავს ძმა და ნათესავები, ფლობს მამისეულ ქონებას ქ. ქუთაისში, საქართველოში ჩამოდის იშვიათად, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ უნდა მომზადებულიყო უარყოფითი დასკვნა (იხ: კომისიის №2120 ოქმი - ს.ფ.18-20). ხოლო სააგენტომ, კომისიის მასალების, აგრეთვე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით გამოსცა სადავო აქტი.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში განმარტა, რომ სადავო შემთხვევაში არ დასტურდება საქართველოს სახელმწიფოსთან მოსარჩელის ისეთი მყარი და სისტემატური კავშირის არსებობა, რომ საქართველო მოსარჩელისთვის საკუთარ სამშობლოდ იქნეს მიჩნეული და საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მისთვის მინიჭება საქართველოს სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენდეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტოს მხრიდან სადავო საკითხთან მიმართებით დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-მე-7 მუხლებით დადგენილი წესით, აპელანტის კერძო და საქართველოს სახელმწიფოს საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე საქმის ყოველმხრივი და საფუძვლიანი გამოკვლევა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი დოკუმენტების ან მოსაზრებების შეფასება როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური ნორმების საფუძველზე. სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე მხოლოდ მითითება ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებულ ამ უფლებამოსილებას აბსოლუტურ უფლებად მოიაზრებს, რაც, მისი გამოყენების შემთხვევაში, გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას რა ზიანი მიადგა მოქალაქის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე, თანაფარდობაშია თუ არა იმ საჯარო ინტერესების დაცვასთან, რომელიც გასათვალისწინებელია ამ ინსტიტუტის გამოყენების პროცესში.
კასატორის მითითებით, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, შესაძლებლობა აქვს ზემოქმედება მოახდინოს მმართველობის ამ ფორმაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება მისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირობების არარსებობა. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზ.კ-ი დაბადებულია საქართველოში, მისი მშობლები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები; იგი უმაღლესი განათლების მისაღებად წავიდა რუსეთში, სადაც მოგვიანებით დაიწყო პროფესიული საქმიანობა; ზ.კ-ი დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე; ქორწინების პერიოდში ეყოლათ ორი შვილი, მოსარჩელის შვილები კარგად ფლობენ ქართულ ენას, იციან საქართველოს ისტორია, ოჯახი პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, სადაც ჰყავთ ნათესავები; მოსარჩელეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია, აქვს საქართველოში დაბრუნებისა და ცხოვრების სურვილი. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიმართ არ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების უარყოფითი დასკვნები. გარდა ამისა, ზ.კ-იმა საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად კანონით განსაზღვრული ტესტირება გაიარა წარმატებით და სამივე კომპონენტში (საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია, სამართლის ძირითადი საფუძვლები) მიიღო უმაღლესი - 10 ქულა. კასატორის მოსაზრებით, მართალია, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, რაც უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით ზ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.კ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის №1000828269 დასკვნა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს უარყოფითი შეფასება მიეცა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით (საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი). „დაბადებით მოქალაქეობის მოპოვებისას, პირი, როგორც წესი, მოქალაქეობას მოიპოვებს კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბადებით ან ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირის შთამომავლობით. რაც შეეხება ნატურალიზაციას, იგი გულისხმობს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირის ამ ქვეყნის მოქალაქედ აღიარებას. ნატურალიზაცია, ერთი მხრივ, ინდივიდისთვის წარმოადგენს კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების და, შესაბამისად, ამ სახელმწიფოში სრულფასოვანი ინტეგრირების მექანიზმს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად სახელმწიფოსათვის ქმნის შესაძლებლობას, მოქალაქის უფლებებითა და ვალდებულებებით აღჭურვოს და საკუთარი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აქციოს პირები, რომლებიც ამ სტატუსს იმსახურებენ, უშუალოდ ამ სახელმწიფოს მიერ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით, ხოლო კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ.კ-იმა (დაბ. ... ... ...წ.) განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით.
საკასაციო პალატა მოიხმობს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებას, რომელიც ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს. დებულების მე-3 თავით რეგულირებულია საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცედურა. დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის („საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი) მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 პუნქტი (ამჟამინდელი რედაქციის მე-7 პუნქტი) კი განსაზღვრავს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე, ხოლო დასახელებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 პუნქტის (ამჟამინდელი რედაქციის მე-8 პუნქტი) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ პირთა კანონმდებლობით განსაზღვრული ცოდნის დონის შემოწმებას ასევე ითვალისწინებს ზემოთ დასახელებული ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია.
აღსანიშნავია, რომ მითითებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ხოლო დასახელებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, ნატურალიზაციის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, რომელიც მოწესრიგებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ანალოგიური შინაარსის რეგულირებას მოიცავს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, ხოლო მე-3 პუნქტი დამატებით განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ, სხვებს შორის, მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა სხვა ქვეყნის მოქალაქის შეფასების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთან მისი კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, ან/და სხვა ისეთი გარემოება ან ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის განსაკუთრებული დამსახურების და/ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სახელმწიფო ინტერესის არსებობის დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების გამომრიცხველ გარემოებებსაც და ასეთად ასახელებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა. კანონის დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ.კ-ის განცხადების განხილვისას, მოპასუხემ გამოიკვლია საქართველოსთან მისი სამართლებრივი კავშირი, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. ამასთან, სააგენტომ საჭირო ინფორმაციები გამოითხოვა უფლებამოსილი ორგანოებიდან. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულ წერილებში, ზ.კ-ის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლების შემცველი ინფორმაცია მითითებული არ ყოფილა, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსადმი საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 11 ოქტომბრის №00005441 წერილის შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სამსახურს №1000828269 საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ოქტომბრის №MIA 6 22 02981368 წერილით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ზ.კ-ის მიმართ არ მიმდინარეობდა გაძევების პროცედურები. ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №SSG 2 22 00228351 წერილის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ზ.კ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინფორმაციით, ზ.კ-ის (დაბ. ... ... ...წ.) შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 16 იანვრის №2120 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ზ.კ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საკითხი. კომისიამ, 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-19 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 პუნქტის საფუძველზე ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა, რომ ზ.კ-ის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა). მიღებული ინფორმაციისა და ზ.კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ.კ-ის (საქმის №1000828269) მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე მოემზადებინა უარყოფითი დასკვნა, რის შემდეგაც, 2023 წლის 18 იანვარს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - ზ.კ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნა №1000828269. საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2023 წლის 18 იანვრის №1000828540/1 მიმართვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნა ზ.კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ №1000828269 დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 23 იანვრის №334 წერილით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ უარყოფით დასკვნაზე, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ხოლო მეორე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი (სუსგ №ბს-1219(კ-23), 19.02.2024წ.). სადავო შემთხვევაში, ზ.კ-იმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება სწორედ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიჩნევის საფუძვლით მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება გასაჩივრებული დასკვნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებაზე. მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მიღებული სადავო დასკვნა არ არის დასაბუთებული, მასში არ არის მითითებული მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები. დასკვნა, თავის მხრივ, ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასა და მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების შედეგებს. კომისიის სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ წარმატებით იქნა დაძლეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდები. მოსარჩელის მიერ გავლილი ტესტირების შედეგებით დასტურდება, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მოსაპოვებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. კომისიის სხდომის ოქმით დადგენილია ასევე, რომ ზ.კ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში - ქ. ქუთაისში. საშუალო განათლება მიიღო საქართველოში, ხოლო უმაღლესი განათლება - ქ. პეტერბურგში. რუსეთში დასაქმებული იყო ...ის სამმართველოში. განმცხადებელს საქართველოში ჰყავს ძმა და სხვა ნათესავები, ფლობს მამისეულ ქონებას ქ. ქუთაისში, საქართველოში ჩამოდის იშვიათად.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებების მითითებისა, კომისიამ დაადგინა, მომზადებულიყო უარყოფითი დასკვნა, თუმცა ოქმში არ იყო შეფასებული, თუ რა გარემოებებს დაეფუძნა უარყოფითი დასკვნის მომზადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება. მოსარჩელის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და კომისიის მხრიდან მოსარჩელესთან გასაუბრების მიუხედავად, გადაწყვეტილების (დასკვნის) მიღების პროცესში არ მომხდარა მიღებული ინფორმაციის სათანადო ანალიზი და კანონიერი ინტერესების ურთიერთშეჯერება. აღსანიშნავია, რომ კომისიის განსხვავებული პოზიციის მქონე ორმა წევრმა, რომლებმაც სადავო საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირეს დადებითი პოზიცია, ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ზ.კ-ი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ჰყავს საქართველოს მოქალაქე ძმა და ნათესავები. საქართველოში ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას, გეგმავს საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას. შესაბამისად, აღნიშნულმა პირებმა მიიჩნიეს, რომ ზ.კ-ის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ქონა დაკავშირებულია აღნიშნული სტატუსის მატარებელი პირებისთვის კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით მთელი რიგი უფლებების მინიჭებასთან, შესაბამისად, პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა მას ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის უზრუნველყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის ან მისი ჩამორთმევის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია იგი განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების შედეგად, ემსახურებოდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს, იყოს მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება (სუსგ №ბს-675(კ-24), 21.01.2025წ.). იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ არც ერთი ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არ ყოფილა უარყოფითი დასკვნა/ინფორმაცია გაცემული, ზ.კ-იმა ცოდნის დონის შეფასებისას მიიღო უმაღლესი ქულები, მისი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, გააჩნია მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება საქართველოში, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე განცხადების ფორმაში ზ.კ-ი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა, რომ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და სურდა საქართველოში მუდმივად ცხოვრება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობით დადგენილი მიზნების შესაბამისად და ფიზიკური პირისთვის მოქალაქეობის მინიჭების წინაპირობების გათვალისწინებით, არ არსებობდა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ 1985 წელს აღიარა პირსა და მისი დაბადების ქვეყანას შორის კავშირის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მის მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის საფუძვლიანობა ამგვარი კავშირის გამო (Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the UK; №9214/80, №9473/81 და №9474/81; §88; 28 მაისი, 1985).
ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტსა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაზე - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (სუსგ №ბს-1261(კ-24), 18.02.2025წ.; სუსგ №ბს-1136(კ-24), 18.02.2025წ.).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს და, ამავდროულად, რომელთან მიმართებითაც არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ნატურალიზაციით მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები, კანონი აღჭურავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი. საკასაციო შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ერთპიროვნულად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო პრეზიდენტის მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 29.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საკასაციო შესაგებლის ავტორის განმარტებით, სააგენტოს დასკვნა მხოლოდ შუალედურ წერილს წარმოადგენს, რომელიც ცალკე, სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, გაუგებარია, რამდენად იქნება შესაძლებელი მოსარჩელის მიმართ დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლა იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მოქალაქეობის მინიჭებაზე პრეზიდენტის უარი, რომელიც არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტზე და განმარტავს, რომ მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება პრეზიდენტს. პრეზიდენტი აღნიშნული დასკვნისა და საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით თავად წყვეტს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. მართალია, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საქმიანობას და ამ სახის აქტის მიღება არის პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება, რომელიც ფართო დისკრეციის პირობებში ხორციელდება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ სააგენტოს დასკვნას, რომლითაც ზ.კ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს უარყოფითი შეფასება მიეცა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა, და რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მართალია, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს პრეზიდენტის უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და, შესაბამისად, ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას, თუმცა საკასაციო სასამართლო მოიხმობს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას კი ახდენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. დასახელებული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის №1000828269 დასკვნა წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგები, რის გამოც აღნიშნული დასკვნა დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (სუსგ №ბს-521(კ-23), 18.09.2023წ.). მართალია, „საქართველოს პრეზიდენტი არ არის შებოჭილი სააგენტოს დასკვნით დადგენილი გარემოებებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს შეუძლია ნატურალიზაციის საფუძველზე, პირს მიანიჭოს მოქალაქეობა სააგენტოს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში და პირიქით, უარი თქვას პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე მაშინაც კი, როდესაც სააგენტოს დასკვნა დადებითია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30), თუმცა აღსანიშნავია, რომ სააგენტო, პრეზიდენტისგან განსხვავებით, საკითხის შესწავლისას, სხვადასხვა უწყებებისა და კომისიის დახმარებით, უშუალოდ შეისწავლის კონკრეტული პირის საქმის მასალებს და ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული აქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოებისას დადგა სამართლებრივი შედეგი - უარყოფითი დასკვნა, რომელიც უფლების მზღუდავი შინაარსისაა, პირს წარმოეშობა უფლება, მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული დასკვნა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, რაც ქმნის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის №1000828269 დასკვნის ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ზ.კ-ის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემის დავალების საფუძველს. შესაბამისად, ზ.კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.კ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს ზ.კ-ის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე და 411-ე მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ.კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის №1000828269 დასკვნა;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ზ.კ-ის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემა;
6. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს ზ.კ-ის სასარგებლოდ მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე