საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1131(კ-24) 6 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორები (მოსარჩელეები) - ნ.გ-ი, მ.გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 14 დეკემბერს ნ.გ-მა და მ.გ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ნ.გ-ისა და მ.გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის №1000823522 და 2022 წლის 18 ნოემბრის №1000823533 დასკვნების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მოსარჩელეთა საკითხის განმეორებით განხილვისა და მოსარჩელეთათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (დადებითი დასკვნა) გამოცემის დავალება.
მოსარჩელეების განმარტებით, ნ.გ-ი ... წელს დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში. 1992 წელს, ოჯახისათვის მატერიალური დახმარების მიზნით, იგი სასწავლებლად და სამუშაოდ წავიდა რუსეთში, სადაც იქორწინა და დარჩა საცხოვრებლად. ნ.გ-ი თავის შვილთან - მ.გ-ისთან ერთად ხშირად ჩამოდის საქართველოში დედისა და დის სანახავად, რომელთაც ფინანსურად ეხმარება. მათ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნიათ. მოსარჩელე ნ.გ-ის განმარტებით, მან წარმატებით გაიარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ტესტირება და გასაუბრება. მიუხედავად ამისა, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ მიიღო უარყოფითი დასკვნები მოსარჩელეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, რასაც მოსარჩელეები არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ უკანონოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.გ-ისა და მ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა - ნ.გ-იმა და მ.გ-იმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსადმი საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 21 სექტემბრის №00005051 წერილებით დადგენილ იქნა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს მითითებული პირების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის MIA 1 22 02644187 წერილით დადგენილ იქნა, რომ ნ.გ-ისა და მ.გ-ის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში არ მიმდინარეობდა გაძევების პროცედურა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ოქტომბრის №SSG 3 22 00205159 და 2022 წლის 3 ნოემბრის №SSG 5 22 00211361 წერილებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მ.გ-ისა და ნ.გ-ის შესახებ ინფორმაციის არქონის შესახებ.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინფორმაციით ნ.გ-ისა (დაბ. ... ... ...წ.) და მ.გ-ის (დაბ. ... ... ...წ.) შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მოიპოვება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 14 ნოემბრის №22409 სხდომის ოქმით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნ.გ-ი დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში, აქვე მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება, დასაქმებული იყო ქ. პეტერბურგში ...ში ...ად, ამჟამად დასაქმებულია საერთაშორისო კომპანიაში. დაოჯახდა რუსეთში, მეუღლე და შვილები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მეუღლე დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით რუსეთში. ერთი შვილი უმაღლეს განათლებას გერმანიაში იღებს, მეორე შვილი საშუალო განათლებას იღებს რუსეთის ფედერაციაში. ნ.გ-ას საქართველოში ჰყავს დედა და და, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას.
ნ.გ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საკითხის განხილვისას კომისიამ, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა, რომ ნ.გ-ის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა).
დადგენილია, რომ გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციისა და ნ.გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობაზე და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ნ.გ-ის (საქმის №1000823522) მიმართ არ არსებობდა დასახელებული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
მ.გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 14 ნოემბრის №22408 სხდომის ოქმით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დაბადებულია რუსეთში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ. პეტერბურგში, სადაც იღებს საშუალო განათლებას. მიხაილის მამა ეწევა ბიზნესსაქმიანობას რუსეთში, უძრავი ქონების სფეროში, ხოლო დედა დასაქმებულია საერთაშორისო კომპანია ...ში, საქართველოში ჰყავს ბებია და ნათესავები, ოჯახთან ერთად პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, სადაც ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - მ.გ-ის (საქმის №1000823533) მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ნ.გ-ისა და მ.გ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე გასცა 2022 წლის 14 ნოემბრის №1000823522 და 2022 წლის 18 ნოემბრის №1000823533 უარყოფითი დასკვნები იმ საფუძვლით, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესი და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები - ნ.გ-ი და მ.გ-ი ოჯახით, საქმიანობით მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან სხვა სახელმწიფოსთან, ნ.გ-ის საქართველოსთან აკავშირებს მხოლოდ ბავშვობა და ნათესავები, ხოლო მ.გ-ის - ნათესაური კავშირი, რაც ამ ეტაპზე არ შეიძლება გახდეს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქ. თბილისში მხოლოდ უძრავი ქონების არსებობა არ არის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძველს არ წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პირს გააჩნია საქართველოში ქონება და ჰყავს ნათესავები. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი ეკისრება თავად საქართველოს მოქალაქეობის მსურველ პირს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც იგი ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნებს. მოსარჩელის მიერ არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არ იქნა წარდგენილი წერილობითი დოკუმენტი ან შესაბამისი დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, გაამყარებდა მისი მოთხოვნისა და ახსნა-განმარტების საფუძვლიანობას.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ პირისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი (სააგენტოს მხრიდან დასკვნის მომზადება) განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიენიჭა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, ასევე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ნ.გ-ისა და მ.გ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.გ-იმა და მ.გ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით ნ.გ-ისა და მ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მისი დასკვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, თუ რა შემთხვევებში ენიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით და აღნიშნა შემდეგი: მოსარჩელე ნ.გ-ი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ დაბადებულია საქართველოში, თუმცა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. მოსარჩელეს საქართველო მიაჩნია საკუთარ სამშობლოდ. ასევე, მას საქართველოში აქვს უძრავი ქონება. რაც შეეხება მ.გ-ის, მას სურს მომავალში საქართველოში ცხოვრება. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საფუძვლად მხოლოდ საქართველოში უძრავი ქონების ფლობა და ნ.გ-ის შემთხვევაში - დედის და დის, ხოლო მ.გ-ის შემთხვევაში დეიდის და ბებიის ყოლა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მისანიჭებლად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ოჯახით, საქმიანობით მჭიდროდ არიან დაკავშირებულები მოქალაქეობის მქონე სახელმწიფოსთან. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ნინა და მ.გ-ების საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.გ-იმა და მ.გ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.გ-ისა და მ.გ-ის საკასაციო საჩივარი.
კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში არ მიუთითებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელ კონკრეტულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ მოსარჩელეები საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ.გ-იმა მიიღო სხვა ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, დასაქმდა რუსეთში და ჰყავს ამავე ქვეყნის მოქალაქე მეუღლე. კასატორებისთვის გაუგებარია, აღნიშნული გარემოებები, რატომ გახდა მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი მაშინ, როდესაც ამ სტატუსის მოპოვება სწორედ ამ გარემოებების მქონე პირებისთვის არის გამიზნული. კასატორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოსარჩელეების მჭიდრო კავშირი გასაგებიც უნდა იყოს, რადგან ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობა სწორედ ასეთ ადამიანებს ანიჭებს უფლებამოსილებას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პარალელურად მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, რაც, საბოლოო ჯამში, მათ სამშობლოსთან სამართლებრივი კავშირის აღდგენის საშუალებას აძლევს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კი არასწორად შეაფასეს სააგენტოს როლი მოცემულ პროცესში, ასევე გარემოებები, რომელთა სწორად შეფასების შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სხვა ქვეყანასთან კავშირი არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი მიზეზი საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად. სასამართლოებს მხედველობიდან გამორჩათ, რომ ნ.გ-ი რუსეთში შემოსავლის მიღების მიზნით გაემგზავრა. კასატორებს არა მარტო ბავშვობა, უძრავი ქონება და ნათესავები აკავშირებენ საქართველოსთან, არამედ მათი ოჯახის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის უგულებელყოფით განიხილა. საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირობების არარსებობა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ.გ-ისა და მ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.გ-ისა და მ.გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.გ-ისა და მ.გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის №1000823522 და 2022 წლის 18 ნოემბრის №1000823533 დასკვნები, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნ.გ-ისა და მ.გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს უარყოფითი შეფასება მიეცა და საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით (საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი). „დაბადებით მოქალაქეობის მოპოვებისას, პირი, როგორც წესი, მოქალაქეობას მოიპოვებს კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბადებით ან ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირის შთამომავლობით. რაც შეეხება ნატურალიზაციას, იგი გულისხმობს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირის ამ ქვეყნის მოქალაქედ აღიარებას. ნატურალიზაცია, ერთი მხრივ, ინდივიდისთვის წარმოადგენს კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების და, შესაბამისად, ამ სახელმწიფოში სრულფასოვანი ინტეგრირების მექანიზმს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად სახელმწიფოსათვის ქმნის შესაძლებლობას, მოქალაქის უფლებებითა და ვალდებულებებით აღჭურვოს და საკუთარი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აქციოს პირები, რომლებიც ამ სტატუსს იმსახურებენ, უშუალოდ ამ სახელმწიფოს მიერ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით, ხოლო კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა - ნ.გ-იმა და მ.გ-იმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით.
საკასაციო პალატა მოიხმობს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულებას, რომელიც ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს. დებულების მე-3 თავით რეგულირებულია საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცედურა. დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის („საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი) მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 პუნქტი (ამჟამინდელი რედაქციის მე-7 პუნქტი) კი განსაზღვრავს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე, ხოლო დასახელებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 პუნქტის (ამჟამინდელი რედაქციის მე-8 პუნქტი) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ პირთა კანონმდებლობით განსაზღვრული ცოდნის დონის შემოწმებას ასევე ითვალისწინებს ზემოთ დასახელებული ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია.
აღსანიშნავია, რომ მითითებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. დასახელებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, ნატურალიზაციის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, რომელიც მოწესრიგებულია დასახელებული კანონის მე-17 მუხლით. კერძოდ, ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ანალოგიური შინაარსის რეგულირებას მოიცავს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, ხოლო მე-3 პუნქტი დამატებით განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ, სხვებს შორის, მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა სხვა ქვეყნის მოქალაქის შეფასების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთან მისი კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, ან/და სხვა ისეთი გარემოება ან ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის განსაკუთრებული დამსახურების და/ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სახელმწიფო ინტერესის არსებობის დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების გამომრიცხველ გარემოებებსაც და ასეთად ასახელებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა. კანონის დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ.გ-ისა და მ.გ-ის განცხადებების განხილვისას, მოპასუხემ გამოიკვლია საქართველოსთან მათი სამართლებრივი კავშირი, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. ამასთან, სააგენტომ საჭირო ინფორმაციები გამოითხოვა უფლებამოსილი ორგანოებიდან. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულ წერილებში, ნ.გ-ისა და მ.გ-ის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლების შემცველი ინფორმაცია მითითებული არ ყოფილა, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსადმი საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 21 სექტემბრის №00005051 წერილებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურს მითითებული პირების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის MIA 1 22 02644187 წერილით დადგენილ იქნა, რომ ნ.გ-ისა და მ.გ-ის მიმართ შს მიგრაციის დეპარტამენტში არ მიმდინარეობდა გაძევების პროცედურა. ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ოქტომბრის №SSG 3 22 00205159 და 2022 წლის 3 ნოემბრის №SSG 5 22 00211361 წერილების მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მ.გ-ისა და ნ.გ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინფორმაციით ნ.გ-ისა (დაბ. ... ... ...წ.) და მ.გ-ის (დაბ. ... ... ...წ.) შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 14 ნოემბრის №22408 და №22409 სხდომის ოქმების თანახმად, კომისიამ განიხილა ნ.გ-ისა და მ.გ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საკითხი. კომისიამ, 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-19 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების გზით შეაფასა ნ.გ-ის ცოდნის დონე და დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა). მიღებული ინფორმაციისა და ნ.გ-ისა და მ.გ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირების მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქეების - ნ.გ-ისა და მ.გ-ის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე მოემზადებინა უარყოფითი დასკვნები, რის შემდეგაც, 2022 წლის 14 და 18 ნოემბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების - ნ.გ-ისა და მ.გ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნები №1000823522 და №1000823533. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2022 წლის 17 ნოემბრის №8725 და 2022 წლის 22 ნოემბრის №8828 წერილებით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ უარყოფით დასკვნებზე, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ხოლო მეორე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი (სუსგ №ბს-1219(კ-23), 19.02.2024წ.). სადავო შემთხვევაში, ნ.გ-იმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება სწორედ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიჩნევის საფუძვლით მოითხოვა. მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განაცხადის ფორმაში განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ იგი ემიგრაციაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო წასული პირია.
აღსანიშნავია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება გასაჩივრებული დასკვნების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებაზე. ნ.გ-ისა და მ.გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მიღებული სადავო დასკვნები არ არის დასაბუთებული, დასკვნებში არ არის მითითებული მოსარჩელეების მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები. დასკვნები, თავის მხრივ, ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასა და ჩატარებული გასაუბრების შედეგებს. კომისიის სხდომის ოქმით №22409 დასტურდება მოსარჩელე ნ.გ-ის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდების წარმატებით დაძლევა. მოსარჩელის მიერ გავლილი ტესტირების შედეგებით კი დასტურდება, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მოსაპოვებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. კომისიის სხდომის ოქმებით დადგენილია ასევე, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნ.გ-ი დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში, აქვე მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება, დასაქმებული იყო ქ. პეტერბურგში ...ში ...ად, ამჟამად დასაქმებულია საერთაშორისო კომპანიაში. დაოჯახდა რუსეთში, მეუღლე და შვილები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ნ.გ-ის საქართველოში ჰყავს დედა და და, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, სადაც საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება; რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ.გ-ი დაბადებულია რუსეთში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ. პეტერბურგში, სადაც იღებს საშუალო განათლებას. საქართველოში ჰყავს ბებია და ნათესავები, ოჯახთან ერთად პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, სადაც ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებების მითითებისა, კომისიამ დაადგინა, მომზადებულიყო უარყოფითი დასკვნები, თუმცა კომისიის სხდომის ოქმებში არ იყო შეფასებული, თუ რა გარემოებებს დაეფუძნა უარყოფითი დასკვნების მომზადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებები. მოსარჩელეების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და კომისიის მხრიდან მოსარჩელე ნ.გ-თან გასაუბრების მიუხედავად, გადაწყვეტილებების (დასკვნების) მიღების პროცესში არ მომხდარა მიღებული ინფორმაციის სათანადო ანალიზი და კანონიერი ინტერესების ურთიერთშეჯერება. აღსანიშნავია, რომ კომისიის განსხვავებული პოზიციის მქონე ორმა წევრმა, რომლებმაც ორივე მოსარჩელის შემთხვევაში დააფიქსირეს დადებითი პოზიცია, ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ნ.გ-ი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, სადაც ჰყავს საქართველოს მოქალაქე დედა და ნათესავები, საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას. შესაბამისად, აღნიშნულმა პირებმა მიიჩნიეს, რომ ნინა და მ.გ-ების მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ქონა დაკავშირებულია აღნიშნული სტატუსის მატარებელი პირებისთვის კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით მთელი რიგი უფლებების მინიჭებასთან, შესაბამისად, პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა მას ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის უზრუნველყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის ან მისი ჩამორთმევის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია იგი განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების შედეგად, ემსახურებოდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს, იყოს მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება (სუსგ №ბს-675(კ-24), 21.01.2025წ.). იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების მიმართ არც ერთი ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არ ყოფილა უარყოფითი დასკვნა/ინფორმაცია გაცემული, ნ.გ-მა ცოდნის დონის შეფასებისას მიიღო უმაღლესი ქულები, მისი ოჯახის წევრები/ნათესავები საქართველოს მოქალაქეები არიან, გააჩნია უძრავი ქონება საქართველოში, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე განცხადების ფორმაში ნ.გ-ი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა, რომ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და იგი ემიგრაციაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო წასული პირია, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობით დადგენილი მიზნების შესაბამისად და ფიზიკური პირისთვის მოქალაქეობის მინიჭების წინაპირობების გათვალისწინებით, არ არსებობდა მოსარჩელეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ 1985 წელს აღიარა პირსა და მისი დაბადების ქვეყანას შორის კავშირის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მის მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის საფუძვლიანობა ამგვარი კავშირის გამო (Abdulaziz, Cabales and Balkandali v. the UK; №9214/80, №9473/81 და №9474/81; §88; 28 მაისი, 1985).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (სუსგ №ბს-1261(კ-24), 18.02.2025წ.; სუსგ №ბს-1136(კ-24), 18.02.2025წ.).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს და, ამავდროულად, რომელთან მიმართებითაც არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ნატურალიზაციით მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები, კანონი აღჭურავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელეთა კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობები.
საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი. საკასაციო შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ერთპიროვნულად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო პრეზიდენტის მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საკასაციო შესაგებლის ავტორის განმარტებით, სააგენტოს დასკვნაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება გულისხმობს პრეზიდენტის ჩანაცვლებას ამ პროცესში, რამეთუ სწორედ პრეზიდენტმა უნდა შეაფასოს სააგენტოს დასკვნა. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ სააგენტოს დასკვნა ცალკე, სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტზე და განმარტავს, რომ მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება პრეზიდენტს. პრეზიდენტი აღნიშნული დასკვნისა და საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით თავად წყვეტს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. მართალია, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საქმიანობას და ამ სახის აქტის მიღება არის პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება, რომელიც ფართო დისკრეციის პირობებში ხორციელდება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მოპასუხე სააგენტოს დასკვნებს, რომლითაც ნინა და მ.გ-ების საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს უარყოფითი შეფასება მიეცა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა, და რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მართალია, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს პრეზიდენტის უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და, შესაბამისად, ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას, თუმცა საკასაციო სასამართლო მოიხმობს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას კი ახდენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. დასახელებული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის №1000823522 და 2022 წლის 18 ნოემბრის №1000823533 დასკვნები წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლებისათვის უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგები, რის გამოც აღნიშნული დასკვნები დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (სუსგ №ბს-521(კ-23), 18.09.2023წ.). მართალია, „საქართველოს პრეზიდენტი არ არის შებოჭილი სააგენტოს დასკვნით დადგენილი გარემოებებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს შეუძლია ნატურალიზაციის საფუძველზე, პირს მიანიჭოს მოქალაქეობა სააგენტოს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში და პირიქით, უარი თქვას პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე მაშინაც კი, როდესაც სააგენტოს დასკვნა დადებითია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30), თუმცა აღსანიშნავია, რომ სააგენტო, პრეზიდენტისგან განსხვავებით, საკითხის შესწავლისას, სხვადასხვა უწყებებისა და კომისიის დახმარებით, უშუალოდ შეისწავლის კონკრეტული პირის საქმის მასალებს და ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული აქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოებისას დადგა სამართლებრივი შედეგი - უარყოფითი დასკვნა, რომელიც უფლების მზღუდავი შინაარსისაა, პირს წარმოეშობა უფლება, მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული დასკვნები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რაც ქმნის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის №1000823522 და 2022 წლის 18 ნოემბრის №1000823533 დასკვნების ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ნ.გ-ისა და მ.გ-ის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების გამოცემის დავალების საფუძველს. შესაბამისად, ნ.გ-ისა და მ.გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.გ-ისა და მ.გ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1100 (200+300+600) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე და 411-ე მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ.გ-ისა და მ.გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ.გ-ისა და მ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის №1000823522 და 2022 წლის 18 ნოემბრის №1000823533 დასკვნები;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ნ.გ-ისა და მ.გ-ის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების გამოცემა;
6. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს ნ.გ-ისა და მ.გ-ის სასარგებლოდ მათ მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1100 (ათას ასი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე