საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1065(კ-24) 30 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. დ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - ბათილად იქნეს ცნობილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 დეკემბრის №01-06/760 დადგენილება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ა. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 დეკემბრის №01-06/760 დადგენილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 დეკემბრის №01-06/760 დადგენილება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილება 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ, ფოსტის საშუალებით ჩაბარდა ა. დ-ის მეუღლეს - ჟ. დ-ეს 2019 წლის 27 აგვისტოს. აღნიშნული დადგენილება ა. დ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 იანვრის №2 ბრძანებით ა. დ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანება 2020 წლის 25 აგვისტოს ჩაბარდა ა. დ-ის მეუღლეს - ჟ. დ-ეს. 2020 წლის 27 ნოემბერს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა შემოწმების აქტი №783 და დადგენილ ვადაში ა. დ-ის მიერ 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 2020 წლის 2 დეკემბრის №01-05/4002 უწყებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ა. დ-ეს ეცნობა საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. 2020 წლის 10 დეკემბერს საქმის განხილვაზე გამოცხადდა ა. დ-ე, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით დააფიქსირა თავისი პოზიცია, თუმცა მის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება, რაც გამორიცხავდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, არ განხორციელებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 18 დეკემბერს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიცა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, საურავის დაკისრების შესახებ“ №01-06/760 დადგენილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, 2020 წლის 18 დეკემბრის №01-06/760 დადგენილების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობოთ დადგენილი მოთხოვნები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №71 მითითებით, ა. დ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №160-ში, საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობის გამო (ს.ფ. 14); 2019 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ მოსმენა (ს.ფ. 15-16); ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №160-ში, უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო ა. დ-ე დაჯარიმდა 3 000 ლარით და დადგინდა - შეჩერებულიყო ა. დ-ის მიერ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №160-ში, უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა; განხორციელებულიყო ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი) (ს.ფ. 17-19); ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილება ა. დ-ის მიერ გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2020 წლის 10 იანვრის №2 ბრძანებით, ა. დ-ის №23809/25 ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 20-22); გ) 2020 წლის 24 იანვარს, ა. დ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებისა და 2020 წლის 10 იანვრის №2 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით (ს.ფ. 23-32); დ) ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ ა. დ-ის მიმართ, 2020 წლის 27 ნოემბერს შედგა №783 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, არ არის შესრულებული 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები (ს.ფ. 73); ე) 2020 წლის 27 ნოემბერს, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციის“ მიერ, №288 დადგენილების აღსრულების მიზნით, გაიცა №288/19-1 და №288/19-2 სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ. 67, 68); ვ) 2020 წლის 10 დეკემბერს ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში“ ჩატარდა ადმინისტრაციული მოსმენა №288 დადგენილების შესრულების პირობებთან დაკავშირებით. სხდომაზე გამოცხადებულმა ა. დ-ემ განმარტა, რომ წარმოებული მშენებლობის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად მას უკვე შეტანილი ჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, ხოლო რაც შეეხებოდა საურავის დაკისრებას, არ მიაჩნდა სწორად და თუ მაინც დაეკისრებოდა, მას სადავოდ გახდიდა. ამასთან, ა. დ-ემ სხდომაზე დააფიქსირა, რომ მოითხოვდა გონივრულ ვადის მიცემას, მშენებლობის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად (ს.ფ. 60-61); ზ) ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 18 დეკემბერს მიღებულ იქნა №01-06/760 დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ და ა. დ-ეს (ქ. ბათუმში, ...ის ქ. №160-ში) დაერიცხა საურავი 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126.1 მუხლის შესაბამისად, ა. დ-ეს განესაზღვრა დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადა (ს.ფ. 35-37); თ) 2021 წლის 22 ივნისს ა. დ-ემ №1421173104-06 განცხადებით მიმართ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. №54-ში, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში (ს/კ ...) არსებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, წარდგენილი ესკიზური პროექტის შეთანხმება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 29.06.2021წ. წერილით ა. დ-ის №1421173104-06 განცხადება დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილი მშენებლობა განეკუთვნებოდა I კლასის ობიექტს, შესაბამისად, მას არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა. ამავე წერილით, ა. დ-ეს დაუდასტურდა ქ. ბათუმში, ... ქ. №54-ში, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...) არსებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, წარდგენილი ესკიზური პროექტის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და მოთხოვნილი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა (ს.ფ. 136);
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომელთა თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა სამშენებლო სამართალდამრღვევმა უნდა გადაიხადოს სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჯარიმო თანხა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში (1); ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (1); მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში (3).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 24 იანვარს, ა. დ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილება და ბ) ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 10 იანვრის №2 ბრძანება. ამდენად, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, 18.12.2019წ. №288 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ა. დ-ის მიერ სარჩელის აღძვრამ, ავტომატურად შეაჩერა გასაჩივრებული აქტის მოქმედება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №288 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 დეკემბრის №01-06/760 დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი მიღების მომენტისთვის (18.12.2020 წელი) 26.08.2019 წლის №288 დადგენილება არ იყო ძალაში შესული, შესაბამისად, აქტის ადრესატს არ წარმოშობია მისი შესრულების ვალდებულება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია