Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1125(კ-24) 30 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ხ. ს-ი, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტი №... დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 5 აგვისტოს №968 ბრძანება ნაწილობრივ, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 10 მარტის დადგენილების №... ხ. ს-ისთვის დაკისრებული 8 000 ლარიანი ჯარიმის ძალაში დატოვების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილება, ხ. ს-ის 8 000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ხ. ს-ი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 5 აგვისტოს №968 ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილების ხ. ს-ის დაჯარიმების ნაწილში ძალაში დატოვების თაობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კასატორის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილებით ხ. ს-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს ...ს №11-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ კაპიტალურ შენობა-ნაგებობაზე (შენობა №11; ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, შეცვლილია შენობის ფორმა და გაზრდილია გაბარიტები, რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის ნაწილობრივ ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამ დადგენილებით ხ. ს-ის დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დემონტაჟი (ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების წესების დაცვით). დადგენილების გამოცემის შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მარტის №... ბრძანებით დაკმაყოფილდა ხ. ს-ის 2019 წლის 11 ნოემბრის №... განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ს ...ს №11-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (შენობა №11). 2020 წლის 5 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის №96 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხ. ს-ის 2020 წლის 23 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერ მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილება ჯარიმის ნაწილში.

კასატორის განმარტებით, სასამართლოების მიერ 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილების ჯარიმის ნაწილში ბათილად ცნობა არის დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოები, ერთი მხრივ, ეთანხმებიან პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს და, მეორე მხრივ, არ ასაბუთებენ, თუ რატომ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი დადგენილება ჯარიმის ნაწილში. გამომდინარე იქიდან, რომ ობიექტის ლეგალიზებულად მიჩნევა მხარეს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს მხოლოდ დემონტაჟის დავალების ნაწილში, რადგან შენობა-ნაგებობა ექცევა კანონიერ ჩარჩოში და მისი დემონტაჟი კანონს ეწინააღმდეგება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახდელის დაკისრების დროისთვის ობიექტი იყო კანონიერი. კასატორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (2022 წლის 17 ოქტომბრის №ბს-166(2კ-21)) და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახდელის დაკისრების შემდეგ ობიექტი ლეგალიზებულად ჩაითვალა, ჯარიმის დაკისრება არის სამართლებრივად სწორი და ამ ნაწილში ლეგალიზების საფუძვლით აქტი ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ჯარიმა იმთავითვე სწორად იყო დაკისრებული და შეიცვალა მხოლოდ ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა, აღნიშნული კი, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს არ გამორიცხავს, რადგან მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევას დასრულებული სახე აქვს.

კასატორის განმარტებით, ერთი მხრივ, სასამრთლომ აქტი უკანონოდ აღიარა ბათილად ცნობით და არ მიუთითა, რა მომენტიდან უნდა გახდეს აქტი ბათილი - ძალაში შესვლიდან თუ გადაწყვეტილების გამოტანიდან. მეორე მხრივ, სასამართლომ ჯარიმა შეცვალა სიტყვიერი შენიშვნით, რითაც დაეთანხმა სამართალდარღვევის შინაარსს და მცირე მნიშვნელოვნად მიიჩნია. მსგავს შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს, აქტი რა მომენტიდან უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, რადგან სასამართლოს მიერ აქტის ბათილად ცნობით უგულებელყოფილ იქნა 2020 წლის მარტის №... დადგენილების გამოტანის მომენტიდან წარმოშობილი სამართლებრივი მდგომარეობა, იმის მიუხედავად, რომ სიტყვიერი შენიშვნით შეიცვალა სახდელი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემული დავა გამომდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევიდან და დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტი №... დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 5 აგვისტოს №968 ბრძანების კანონიერების შეფასება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობა განიმარტება, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას (1); II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას (2). ამდენად, მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში (მშენებლობის მარტივ შეტყობინებაში), ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში.

ზემოდასახელებული კოდექსის 122.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით.

ამავე კოდექსის 123-ე მუხლის შესაბამისად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამართალდარღვევის ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზედამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება: ა) ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას; ბ) დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას; გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას; დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას; ე) უფლებამოსილი ორგანოსთვის იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია; ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას; ზ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან /და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ამავე კოდექსი 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 14 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ს ..., №11, შენობა №11, საცხოვრებელი ფართი 22.20 კვ.მ, ანტრესოლი 21.10 კვ.მ, ს/კ ..., რეგისტრირებულია ხ. ს-ის საკუთრების უფლება (ს.ფ. 18-19); ბ) ამხანაგობა „...ს ...“-ის 2020 წლის 20 იანვრის №8 კრების ოქმის მიხედვით, კრებამ დაადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 100%-ის დასწრება-მონაწილეობით მონაწილეთა 100%-ის დადებითი ნებელობა ცალსახად და ყოველგვარი პირობის გარეშე მასზედ, რომ №... მიწის ნაკვეთზე გადასული ობიექტის ლეგალიზება განხორციელდეს ზოგადად ამხანაგობის „...ს ...“-ის სახელზე (ს.ფ. 22-25); გ) 2019 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხ. ს-ის მიმართ შედგენილი იქნა №... მითითება, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ს ...ს, №11-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ კაპიტალურ შენობა-ნაგებობაზე (შენობა №11; ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, შეცვლილია შენობის ფორმა და გაზრდილია გაბარიტები. აღნიშნული შენობის ნაწილი გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, დ. ...ს ქ. №...). ზემოხსენებული მითითებით ხ. ს-ის, როგორც სამართალდამრღვევს, გამოსწორების მიზნით დაევალა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან მითითებული ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უსაფრთხოების წესების დაცვით (ს.ფ. 86-87); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 ნოემბრის №... შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე ინსპექციის 2019 წლის 3 ოქტომბრის №... მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა (ს.ფ. 92); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 2020 წლის 10 იანვრის №4-3/8-გ/20 ბრძანებით ამავე ინსპექციის 2019 წლის 3 ოქტომბრის №... მითითების საფუძველზე, ხ. ს-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 თვით, 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით (ს.ფ. 72-75); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის 2020 წლის 10 მარტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ხ. ს-ის მიერ არ შესრულდა 2019 წლის 3 ოქტომბრის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ს.ფ. 92); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილებით ხ. ს-ი, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნტით დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს ...ს, №11-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ კაპიტალურ შენობა-ნაგებობაზე (შენობა №11; ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, შეცვლილია შენობის ფორმა და გაზრდილია გაბარიტები. აღნიშნული შენობის ნაწილი გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ს ქ. №...). ხ. ს-ის დაევალა (დადგენილების მე-2 პუნქტი) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დემონტაჟი (ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უსაფრთხოების წესების დაცვით) (ს.ფ.72-75); თ) 2020 წლის 11 მარტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის №... ბრძანებით დაკმაყოფილდა ხ. ს-ის 2019 წლის 11 ნოემბრის №... განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ს ...ს №11-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, ს/კ ... (ს.ფ. 29-30); ი) 2020 წლის 5 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის №968 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხ. ს-ის 2020 წლის 23 მარტის №19/0120083990-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილება დანარჩენ ნაწილში (ს.ფ. 32-39).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტი №... დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით;

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულია ხ. ს-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რის საფუძველზეც, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის მიმართ შედგა მითითება, შემდგომ შემოწმების აქტი და დარღვევის გამოუსწორებლობის გამო, სადავო დადგენილებით მას შეეფარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქცია. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ლეგალიზების განხორციელების საჭიროება და ლეგალიზების ფაქტიც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათს. დადგენილია, რომ 2020 წლის 11 მარტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის №... ბრძანებით დაკმაყოფილდა ხ. ს-ის 2019 წლის 11 ნოემბრის №... განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ს ...ს №11-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (შენობა №11; ს/კ ...).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №ბს-320(2კ-21) საქმეზე განმარტა შემდეგი (2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება): საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ისინი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა. თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობები არ არის სხვაგვარად დარეგულირებული სპეციალურ, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-638-634(2კ-17) განჩინება; 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-926-922(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ წინამდებარე დავაზე, სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით (სუსგ 20.12.2019წ. №ბს-638-634(2კ-17); სუსგ 20.12.2019წ. №ბს-926-922(2კ-17)).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხ.). ამასთან, ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პრინციპების ყველა სახის სამართალდარღვევაზე გავრცელების შესახებ (თუ სპეციალური კანონით არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული) და დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი... აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: 1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება; 2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება; 3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო; 4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ; 5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მართალია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისთვის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აკრძალული ქმედება სახეზე იყო, თუმცა სახდელის დადების თაობაზე სადავო დადგენილების გამოტანის შემდეგ ამ ნორმით გათვალიწინებული დარღვევა აღმოფხვრილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 11 მარტის №... ბრძანების გამოცემით, რომლითაც უნებართვო მშენებლობა მოექცა კანონიერ ჩარჩოში - ჩაითვალა ლეგალიზებულად. შესაბამისად, მოსარჩელის აქტიური მოქმედების საფუძველზე შეცვლილი ვითარება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეფასებულიყო მცირემნიშვნელოვან დარღვევად და გამოყენებულიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს... ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე“ (სუსგ 19.10.2017წ. №ბს-360-357(2კ-17); სუსგ 13.07.2022წ. №ბს-504-504(3კ-18)).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ სადავო საკითხის განხილვის დროისთვის უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა ლეგალიზებული იყო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილების ბათილად ცნობა, მიუხედავად სარეზოლუციო ნაწილში ამგვარი ჩანაწერის არარსებობისა, მოხდა არა სადავო აქტის გამოცემის, არამედ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. აღნიშნულს ადასტურებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული მსჯელობა და სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ჩანაწერი ხ. ს-ის სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 5 აგვისტოს №968 ბრძანების კანონიერებას, რომლითაც ხ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 მარტის №... დადგენილება მისთვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში, დასახელებული დადგენილების გაუქმებისა და მოსარჩელისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების პირობებში, ასევე არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მიღებული ბრძანების გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველიც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია