Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1360(კ-24) 9 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა.ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 2 ნოემბერს ა.ა-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისათვის საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის №1000909223 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის სახელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, ა.ა-ი წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, თუმცა წარმოშობით არის ქართველი და მინიჭებული აქვს თანამემამულის სტატუსი. 2023 წლის 27 სექტემბერს მან განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და თანამემამულის სტატუსის საფუძველზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვის მინიჭება მოითხოვა, თუმცა სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. მოსარჩელე უარყოფს მისი მხრიდან ისეთი კავშირების არსებობას თუ მოქმედებების განხორციელებას, რომლებიც მისთვის სპციალური ბინადრობის ნებართვის მინიჭების გამომრიცხველი გარემოება იქნებოდა და მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმით მას ეზღუდება არასრულწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ცხოვრების უფლება, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ თანამემამულის სტატუსის საფუძველზე სპეციალური ბინადრობის ნებართვები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის №1000909223 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.ა-ისთვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 სექტემბრის №1000813978 გადაწყვეტილებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ა-ის მიენიჭა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი.

ა.ა-ის არასრულწლოვან შვილებს, ნ.ა-ა და ფ.ა-ის თანამემამულის სტატუსის საფუძველზე, მინიჭებული აქვთ სპეციალური ბინადრობის ნებართვა, 2024 წლის 09 ოქტომბრამდე.

ა.ა-იმ 2023 წლის 27 სექტემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა, თუმცა უარი ეთქვა ნებართვის გაცემაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოსარჩელე ა.ა-ის განაცხადის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2023 წლის 28 სექტემბერს წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა ა.ა-ისთვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის SSG 5 23 00215429 წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ა.ა-ისთვის საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის №1000909223 გადაწყვეტილებით ა.ა-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის სახეებს. აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. რაც შეეხება ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტს, პალატამ მიუთითა, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად სასამართლომ მიიჩნია რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე და აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში სპეციალური ბინადორბის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა სადავო აქტის გამოცემის საფუძველი - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა კვლავაც დაადასტურა დასკვნის შინაარსი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის №SSG 6 18 00156602 წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად დაედო გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სამართალდაცვითი მიზნებისათვის. სასამართლომ უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გამოყენებით დასაბუთება შეესაბამებოდა კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ა-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობასა და დასაბუთებას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე საკვანძო საკითხზე, როგორიცაა კერძო და საჯარო ინტერესების კონკურენცია. სადავო აქტში საერთოდ არაა ნამსჯელი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს რა საჯარო და კერძო ინტერესი დაუპირისპირდა ერთმანეთს და რატომ გადაწყდა საკითხი ერთ-ერთის სასარგებლოდ. ამასთან, მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ოჯახის ერთიანობის პრინციპთან მიმართებით. კასატორი მიუთითებს, რომ ა.ა-ის შვილებსა და მეუღლეს გააჩნიათ ბინადრობის ნებართვა და მცირეწლოვანი შვილები სწავლობენ საქართველოში, შესაბამისად, კასატორისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმით მოხდება დედისა და შვილების განცალკევება, რაც უხეშად არღვევს ბავშვთა უფლებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ა.ა-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით ა.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 სექტემბრის №1000813978 გადაწყვეტილებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ა-ის მიენიჭა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი.

2023 წლის 27 სექტემბერს ა.ა-იმ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოსარჩელე ა.ა-ის განაცხადის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2023 წლის 28 სექტემბერს წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა ა.ა-ისთვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის SSG 5 23 00215429 წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ა.ა-ისთვის საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის №1000909223 გადაწყვეტილებით ა.ა-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის SSG 5 23 00215429 წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 26 ოქტომბერსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ 2023 წლის 23 ოქტომბერს გაცემული ცნობების თანახმად, ა.ა-ი არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.

ა.ა-ის არასრულწლოვან შვილებს - ნ.ა-ა და ფ.ა-ის მინიჭებული ჰქონდათ სპეციალური ბინადრობის ნებართვა 2024 წლის 09 ოქტომბრამდე, თანამემამულის სტატუსის საფუძველზე.

განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია, ა.ა-ისთვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, სააგენტომ სათანადოდ გამოიკვლია თუ არა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ამასთან უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის სახეებს. აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას. კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააგენტო სპეციალური ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკვლევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. დისკრეციის ფარგლებში გამოცემული აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სზაკ-ის 7.2 მუხ.). კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტება ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ კონკრეტული საიდუმლო ინფორმაციის დამუშავებას ემყარება, შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, თავის უფლებამოსილებათა კანონშესაბამისად შესასრულებლად, განახორციელოს სათანადო მოქმედებები შესაბამისი დასკვნის შინაარსთან დაშვების უზრუნველყოფის მიზნით, რადგან საკითხის კანონშესაბამისად გადასაწყვეტად მას ამ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არამართლზომიერი იქნება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელ დასკვნას მიიღებს. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის თანახმად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიღებას. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების დასადასტურებლად სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ-ნორმატიული საფუძველი და აბსტრაქტულად დასახელებული ლეგიტიმური მიზანი, არამედ საკმარისად იდენტიფიცირებადი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა დადასტურდეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის პროპორციულობა (სუსგ 26.01.2023წ. №ბს-1190(კ-21), 26.01.2023წ. №ბს-115(კ-22), 06.04.2023 წ.№ბს-631(კ-21)). ამავდროულად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, ვინაიდან, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ისეთი გარემოებების არსებობაზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

2024 წლის 12 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის №1000909223 გადაწყვეტილებით ა.ა-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის SSG 5 23 00215429 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ა.ა-ისთვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის SSG 5 23 00215429 წერილის გაცემას, მოსარჩელისათვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო პალატა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. ამასთანავე, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის საკითხთან მიმართებით საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების, აგრეთვე, წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და ერთობლივი შეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში განხილვა არ დასტურდება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ისე უთხრა უარი მოსარჩელეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რომ მხედველობაში არ მიუღია და არ გაუთვალისწინებია მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილების არსებობა, რომლებიც საქმეში წარმოდგენილი მასალების (ცნობების) შესაბამისად სწავლობენ საქართველოში და მათ სახელზე გაცემული იყო საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვები (2024 წლის 9 ოქტომბრამდე). ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო აქტი, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, სრულად ვერ აქარწყლებს და პასუხობს კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, მისი ოჯახის ერთიანობისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შესაძლო დარღვევის შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა.ა-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად, მის შვილსა (ნ.ა-ა) და მეუღლეს ( ა.ა-ის) გაუგრძელდათ საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვები. აღნიშნულის დასადასტურებლად, საკასაციო საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000974250 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ა-ის 2035 წლის 9 ოქტომბრამდე გაუგრძელდა საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000974263 გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ა-ის საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვა 2030 წლის 17 დეკემბრამდე გაუგრძელდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების სათანადოდ იდენტიფიცირებს და მათ პროპორციულობაზე მსჯელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ დავებში, რომელშიც არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის საჭიროება იკვეთება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, ოჯახის ერთიანობა უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ერთ-ერთი პრინციპთაგანია („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვ.პ.). მშობლებისა და მათი შვილის ერთმანეთთან ურთიერთობა ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს (19.01.2012წ. „Popov v France“ (§134)). ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განსაზღვროს და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელოს ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვის, ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის მხედველობაში მიღებით, მულტიდისციპლინური მიდგომით, ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასებით (ბავშვის უფლებების კოდექსის 5.5 მუხ.). ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს მათ შორის ისეთი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა: ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, ბავშვსა და მის მშობელს შორის ურთიერთობა, ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა და სხვ. (ბავშვის უფლებათა კოდექსის 81.3 მუხ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი განხილვის პირობებში მნიშვნელოვანია ერთმანეთს შეუპირისპიროს, ერთი მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, მათ შორის, შეაფასოს კასატორის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები - ბინადრობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებები, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის პირის ამ უფლებაში ჩარევის თანაზომიერება, აუცილებლობა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ა.ა-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა.ა-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა.ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის №1000909223 გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა.ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 (100+300) ლარის ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.მაკარიძე