Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1216(კ-24) 11 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ მ.ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სს „ ...“

მესამე პირი - ა.ქ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა.ქ-ემ სასარჩელო განცხადებით (დაზუსტებული სარჩელი) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სს „...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 9 აგვისტოს №972 განკარგულება; ბ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ქ-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მისამართზე ქ. თბილისი, ... ... გასასვლელი, №11-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 558 კვ.მ; გ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2021 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულება სს „...სთვის“ ... საკადასტრო კოდით 558 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში; დ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი (558 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 სექტემბერის №... გადაწყვეტილება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე ა.ქ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ა.ქ-ის სათანადო მოსარჩელით შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელე ა.ქ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ქ-ე (პ/ნ...). ამავე განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა.ქ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ.ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ქ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით მ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ქ-ემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ქ-ის საკასაციო საჩივარი.

მ.ქ-ის წარმომადგენელმა - გ.ფ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ქ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება მ.ქ-ის საკასაციო საჩივარზე. ამასთან, მ.ქ-ეს უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.ქ-ის საკასაციო საჩივარზე 16.12.2024წ. №... საგადასახადო დავალებით გ.ფ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, მ.ქ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. მ.ქ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. მ.ქ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.12.2024წ. №... საგადასახადო დავალებით გ.ფ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია