საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-401(კ-25) 16 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ.მ-ნ, მ.ჰ.ნ-ი.ფ.მ-ღ.
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ.მ-ნმა და მ.ჰ.ნ-ი.ფ.მ-ღმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება ბ.მ-ნისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 15 სექტემბრის MIA 0 22 02579549 წერილი მ.ჰ.ნ-ი, ფ.მ.ღ-ისა და ბ.მ-ნისათვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ბ.მ-ნის და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება ბ.მ-ნისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება მ.ჰ.ნ-ი.ფ.მ.ღ-ისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის MIA 0 22 02579549 გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ბ.მ-ნი (დაბ.: ... ... ...წელს) და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ი (დაბ.: ... ... ...წელს) არიან ირანის მოქალაქეები; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებებით ბ.მ-ნსა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე. გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ პირი არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებები ბ.მ-ნმა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-მა 2022 წლის 19 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს; დ) ბ.მ-ნისა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის წარმომადგენელმა 2022 წლის 23 აგვისტოს კვლავ მიმართა განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და 2022 წლის 19 ივლისის საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოითხოვა. მოსარჩელეებს 2022 წლის 23 აგვისტოს №2346682 განცხადების პასუხად საქართველოს შინაგან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 15 სექტემბრის MIA 0 22 02579549 წერილით გაეგზავნათ საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის 2024 წლის 1 თებერვლის MIA 0 24 00303896 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მ.ბ-ის M.B-H (დაბ.:...წ. პასპორტის №...), და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის N.F.M.H.N (დაბ.: ... ... ...წ. №...) სარჩელის განხილვა აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოდან -ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს 2022 წლის 7 ივლისს „უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის რომელი ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვათ უარი სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე და რომელი უწყების მიერ იქნა აღნიშნული პიროვნებების საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა გადმოცემული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 2024 წლის 7 თებერვლის MIA 0 24 00360325 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ 2022 წლის 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...ის აეროპორტი) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს M.B-H (დაბ.: ...წ. პასპორტის №...), N.F.M.H.N (დაბ.:... ... ... წ. №...) უარი ეთქვათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტზე (შემოსვლა) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 7 თებერვლის MIA 0 24 00360325 წერილი, თავისი შინაარსით არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც შესაძლოა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევად განხილულიყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში ასახული, უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები სახეზე არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებები ბ.მ-ნის და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია არასწორი სამართლებივი შეფასების შედეგად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესის გათვალისწინებით, დაშვების არმქონე პირებს არ გადაეცემათ. შესაბამისად, დოკუმენტი მხარეებს არ გაეცნოთ და გადაწყვეტილებაში მისი შინაარსი არ აისახება. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში დაცული არცერთი დოკუმენტით არ დგინდება, თუ რა გახდა მოსარჩელეთათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით მოაზრებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მიეთითებინა ისეთ კანონით დადგენილ გარემოებაზე, რომელიც საქართველოს საზღვრის კვეთისას უნდა დააკმაყოფილოს უცხოელმა და რომელი პირობის დაუცველობაც გახდა მოსარჩელეთათვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს დავის საგანი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება ზუსტად უნდა პასუხობდეს იმ სამართლებრივ ნორმას, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას სადავო საკითხთან დაკავშირებით.
მოსარჩელეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს 2022 წლის 19 ივლისს. მოსარჩელეების წარმომადგენელმა 2022 წლის 23 აგვისტოს კვლავ მიმართა განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და 2022 წლის 19 ივლისის საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 15 სექტემბრის MIA 0 22 02579549 წერილით მოსარჩელეებს 2022 წლის 23 აგვისტოს №2346682 განცხადების პასუხად გაეგზავნათ საქართველოს საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს - ბ.მ-ნ-სა და მ.ჰ.ნ-ი.ფ.მ.ღ-ს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ მოსარჩელეები არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით. 2014 წლის 14 ოქტომბერს გაცემული ქორწინების მოწმობის მიხედვით, მოსარჩელეები - ბ.მ-ნ და მ.ჰ.ნ-ი.ფ.მ-ღ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელეები წარმოდგენილ სარჩელში ასევე უთითებენ, რომ 2011 წლიდან ცხოვრობენ საქართველოში, განხორციელებული აქვთ დიდი ინვესტიციები, აქვთ ტურისტული კომპანია, დასაქმებული ჰყავთ არაერთი ქართველი და ფლობენ უძრავ ქონებას საქართველოში. ასევე, ჰქონდათ მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ისინი პერიოდულად მიემგზავრებოდნენ საქართველოდან და ერთ-ერთი გასვლის დროს უკან დაბრუნებისას აღარ შემოუშვეს საქართველოში. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვისას განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების - ბ.მ-ნ-ისა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის ინსპექტირება და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის ასახვა გადაწყვეტილებაში, მისი საიდუმლოდ მიჩნევის გამო, არ მოხდა.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოში შემოსვლის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააპელაციო პალატამ გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაედო საფუძვლად მოსარჩელეების საქართველოში შემოსვლაზე უარს. მითითებული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და არ დაერთო საქმეს თუმცა, მოცემული მტკიცებულებების გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ, მის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, სადავო შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით. გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიცავს ისეთი შინაარსის გარემოებებს, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეების საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობას. შესაბამისად, გამოთხოვილი ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში ასახული, უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები სახეზე არ არის. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებები ბ.მ.ნ-ის და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დამატებით უნდა მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მიღებული ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები, თუმცა ეს გარემოებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მიუხედავად საჩივრის წარდგენისა, არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ფორმალურად გამოსცა 2022 წლის 15 სექტემბრის MIA 0 22 02579549 წერილი, მას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე უნდა ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ განუხორციელებია ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს შინაგან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 15 სექტემბრის MIA 0 22 02579549 წერილი და ამ ნაწილშიც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის გაზიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
კასატორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა 2022 წლის 19 ივლისს, მაგრამ ვინაიდან საჩივარი ელექტრონული ფოსტით იყო წარდგენილი, ეს არ იძლეოდა მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირების საშუალებას, რაც პერსონალურ მონაცემთა სხვისთვის ხელმისაწვდომობის რისკს ქმნიდა. შესაბამისად, მხარეს, 2022 წლის 2 აგვისტოს წერილით, განცხადების მატერიალური ფორმით წარდგინა მოეთხოვა, რისთვისაც წერილის ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა განესაზღვრა. 2022 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელეებმა ახალი განცხადება წარადგინეს, რომელზედაც შესაბამისი პასუხი იქნა გაცემული. ამდენად, დაუსაბუთებელია საჩივრის ვადის დარღვევასთან დაკავშირებული სასამართლოს არგუმენტაცია, ვინაიდან ორივე განცხადებას კანონით დადგენილ ვადაში გაეცა პასუხი.
კასატორის განმარტებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში. აღნიშნულ ინსპექტირებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო და იგი ინსპექტირების შედეგად უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან ეუბნება უარს. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა დაცვის წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის კვეთისას მოწმდებიან სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტების გამოცემას წინ უძღვოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად გამოკვლევა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელეთა სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ბ.მ-ნ (დაბ. ... წელს) და მ.ჰ.ნ-ი.ფ.მ.ღ (დაბ. ... ... ...წელს) არიან ირანის მოქალაქეები (ს.ფ. 20-21); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისს გადაწყვეტილებებით ბ.მ-ნსა და მ.ჰ.ნ-ი.ფ.მ.ღ-ს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე. გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ პირები არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს (ს.ფ. 45-46, 47-48); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებები ბ.მ-ნმა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს (ს.ფ. 18-19); დ) ბ.მ-ნისა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის წარმომადგენელმა 2022 წლის 23 აგვისტოს კვლავ მიმართა განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და 2022 წლის 19 ივლისის საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 15 სექტემბრის MIA 0 22 02579549 წერილით მოსარჩელეებს 2022 წლის 23 აგვისტოს №2346682 განცხადების პასუხად გაეგზავნათ საქართველოს საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები (ს.ფ. 17, 114-118); ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის 2024 წლის 1 თებერვლის MIA 0 24 00303896 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მ.ბ-ის M.B-H (დაბ.: ...წ. პასპორტის №...) და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის N.F.M.H.N (დაბ.:... ... ...წ. პასპორტის №...) სარჩელის განხილვა აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოდან, ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს 2022 წლის 7 ივლისს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის რომელი ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვათ უარი სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე და რომელი უწყების მიერ იქნა აღნიშნული პიროვნებების საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა გადაცემული (ს.ფ. 171); ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 2024 წლის 7 თებერვლის MIA 0 24 00360325 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ 2022 წლის 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...ის აეროპორტი) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს M.B-H (დაბ.:... ... ...წ. პასპორტის №...), N.F.M.H.N (დაბ.:... ... ...წ. პასპორტის №...) უარი ეთქვათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტზე (შემოსვლა) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ს.ფ. 178).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
ზემოხსენებული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება და უკან აბრუნებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას განისაზღვრება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით (მუხლი 33.3).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. ამავე წესის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.
აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო საზღვარზე ვიზას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, რომელიც ამავდროულად ზედამხედველობს სასაზღვრო-გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2022 წლის 7 ივლისს გადაწყვეტილებებით ბ.მ-ნსა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე. გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ პირები არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, უდავოდ მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გადაწყვეტილებაში მისი საიდუმლოობის გამო არ აისახა.
სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელსაც აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიერ, 2025 წლის 17 აპრილის №ბს-401(კ-25) წერილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელეებისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე (დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს). საკასაციო პალატა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილში მოცემული ინფორმაციის არსებობის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სამმართველოს სადავო გადაწყვეტილებების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნტზე მითითებით შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და არ დაკმაყოფილდეს ბ.მ-ნისა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით (ს.ფ 49, 76) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ.მ.ნ-ისა და მ.ჰ.ნ-ი ფ.მ.ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია